სტუდ-ეტიკი

სტუდენტური ფესტივალი 2019

ფესტივალის გახსნა

7 მაისი, 5 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტების რაოდენობა თანდათან მატულობს. ისინი სტუდენტური ფესტივალის გახსნაზე თავიანთი უნივერსიტეტის საგულშემატკივროდ იკრიბებიან. დაახლოებით 6 საათისთვის კი ავტობუსებით დანიშნულების ადგილისკენ მიემართებიან.
წელს სტუდენტური დღეები დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ხალხური სიმღერა, მუსიკალური ბენდების კონკურსი - ეს ის აქტივობებია, რომლებშიც სხვადასხვა ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოს 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე სტუდენტი იბრძოდა. 
ოლიმპიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალის გახსნას ელოდებოდნენ. საყვირების ფონზე საგულშემატკივრო შეძახილები არ წყდებოდა.
თათა ჩუტკერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია. იგი ღონისძიებას უნივერსიტეტის გულშემატკივრის სტატუსით წელს პირველად ესწრებოდა: „იმდენად დიდი შთაბეჭდილება და ემოცია დამრჩა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ დავინტერესდები მსგავსი ტიპის ღონისძიებით. ჩემი აზრით, ასეთი აქტივობები არა მარტო სახალისო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, მათი განვითარებისთვის. მსგავსი შეჯიბრებები მოტივაციას აუმაღლებს როგორც სპორტსმენებს, ისე ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც სურთ, თავიანთი შემოქმედება ამა თუ იმ კუთხით წარმოაჩინონ“, - გვითხრა მან.
ღონისძიებაში სტუდენტების ჩართულობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე გაბაშვილმა. მისი თქმით, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სტუდენტებმა თავად გამოიჩინეს ინიციატივა - საგულშემატკივროდ წამოსულიყვნენ. 
ისეთი ღონისძიება, როგორიც სტუდენტური დღეებია, თითოეული უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ უნივერსიტეტისთვის, რომელიც კავკასიაში პირველია“, - თქვა ალექსანდრე გაბაშვილმა.
სტუდენტური ფესტივალის გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი სტუდენტი საყვირებით, დროშებითა და შეძახილებით შეუერთდა. 
შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ თვის ბოლომდე შეიქმნება ახალი ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც შესაძლებელს გახდის - მსგავსი ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდეს. 
სტუდენტური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ესწრებოდა. მან წარმატებები უსურვა ფესტივალში მონაწილეებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც. მან სტუდენტებს მსგავსი ტიპის აქტივობების ჩასატარებლად მხარდაჭერა აღუთქვა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად ჯგუფი „სახე“ და დიჯეი გიგა პაპასკირი აფორმებდა.


თსუ ფესტივალზე

სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში შეჯიბრი რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებულად ისაპარეზეს და რამდენიმე პრიზიც დაიმსახურეს.
ფესტივალზე თსუ-ის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა II ადგილი, ხოლო ფეხბურთში II ადგილი დაიკავეს. უნივერსიტეტს ასევე III ადგილი ერგო ქართულ ცეკვებში.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შოთა კეჟერაშვილის თქმით, „თსუ ამ ეტაპზე ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია, რადგან გახსნის ღონისძიებიდან მოყოლებული, საკმაოდ ბევრი სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას როგორც გულშემატკივრის, ისე მონაწილეს სტატუსით. სასიხარულოა, რომ ავიღეთ ყველაზე ორგანიზებული უნივერსიტეტის პრიზი. ფესტივალი გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით, ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა და იმედი გვაქვს, რომ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნა შოთა კეჟერაშვილმა.


ფესტივალის დახურვა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტი მოგებული კონკურსების ჯამური რაოდენობისა და გულშემატკივართა აქტიურობის მიხედვით 16 მაისს გამოვლინდა. 
ფესტივალის დახურვას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც სტუდენტური დღეების წარმატებით დასრულება მიულოცა მონაწილეებს: „მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, აუცილებლად გაგრძელდება და დედაქალაქის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერაც გექნებათ“, - მიმართა მან სტუდენტებს.
კახა კალაძემ გამარჯვებული უნივერსიტეტები დააჯილდოვა: 2019 წლის გამარჯვებულის თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა, II ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო III ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.
ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, წელს მეოთხედ გაიმართა.
ფესტივალის მიზანი სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მათი ნიჭის რეალიზაცია, მოტივაციის ამაღლება და სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის ჩამოყალიბებაა.

სალომე სამხარაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

ვრცლად

საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) ოფიციალური წევრი გახდა

საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) ოფიციალური წევრი გახდა. ESU-თან მოლაპარაკებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის სახელით აწარმოებდა. ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ბორდის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა, ევროპის სახელმწიფოებმა საქართველოს გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. 
„რუმინეთში შეხვედრის შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტი გავაგზავნეთ და ბორდის შეხვედრაზე სოფიაში წარმოვადგინეთ ჩვენი ნაციონალური სტუდენტური ორგანიზაცია (სოა), ავხსენით მისი მუშაობის სპეციფიკა და ვუპასუხეთ ევროპელი სტუდენტების მრავალ შეკითხვას. საბოლოოდ, ერთხმად დაგვიჭირა მხარი ევროპის ყველა სახელმწიფომ და საქართველო ამ ძალიან ძლიერი ორგანიზაციის ნაწილი გავხდით. ESU-სთან თანამშრომლობით დაიწყება ცვლილებების ტალღა ქვეყანაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებში, რომლებიც მეტად მობილურები და ინტერნაციონალურები გახდებიან, მიიღებენ უფრო მეტ გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებთან ორმხრივ პროექტებში ჩართვით და ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ყველა იმ რეფორმის სწრაფ გატარებას, რომლებიც მიიღება ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, - აცხადებს არჩილ ჯავახიშვილი. 
ESU 1982 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 40-ზე მეტ სახელმწიფოსა და 39 მილიონამდე სტუდენტს. გაერთიანების ძირითადი მიზნებია სტუდენტთა ხმის წარმოდგენა ისეთ ორგანოებში, როგორებიცაა – ევროკავშირი, ევროსაბჭო, ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოები, UNICEF და სხვ.

ვრცლად

ქვალონიდან პეკინამდე

როგორც ჩინელები ამბობენ, ყველა საოცარი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება. 3,632.77 მილის სიგრძეზე გადებულმა ჩინური ენის ხიდმა პირველად ჯერ ხუნანის პროვინციაში ჩაიყვანა. სამშობლოში ჩამოსულმა გააცნობიერა, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ხელმეორედ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, თანაც ამჯერად უფრო ხანგრძლივი დროით... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი გოგი ყურაშვილი უკვე ნახევარი წელია ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა და ჩინურ ენას, სამშობლოსგან მოშორებით, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში სწავლობს.

პირველად მამამ ურჩია ესწავლა ენა, რომელიც თანდათან გაცილებით მნიშვნელოვანი ხდებოდა მსოფლიოში. მამა იყო მისი პირველი გულშემატკივარიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ ეს როლი აქაურმა ლექტორებმა იტვირთეს და მერე უკვე მათი რჩევით მოჰკიდა ხელი ერთ-ერთი ურთულესი ენის შესწავლას. საკუთარი თავისთვის ნათქვამმა „რატომაც არა~, თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ და გულშემატკივართა მოტივაციამ მიიყვანა ბიჭი ხობის რაიონის სოფელ ქვალონიდან ჩინეთის დედაქალაქამდე. 
გოგი ყურაშვილის რთული, თუმცა საუცხოო მოგონებებით დატვირთული წარმატების გზა საკუთარი სამშობლოდან 6000 კილომეტრის დაშორებით შორეულ პეკინში, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გრძელდება. ორ ქვეყანას შორის არსებულმა სხვაობამ მალევე იჩინა თავი, თუმცა როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს აღმოჩენები, ამიტომ გარემოსთან დიდად შეგუება არ გასჭირვებია. 
„პროგრამის შესახებ იმ მეგობრებისგან გავიგე, რომლებიც უკვე გამოცდილები იყვნენ. გადავწყვიტე, მეც მეცადა და, როგორც ჩანს, ჩემი მცდელობა წარმატებული გამოდგა~. 
კითხვაზე, რატომ მაინც და მაინც ჩინეთი, გვპასუხობს, რომ ყოველთვის უყვარდა გამოწვევები და ხიბლავდა ეგზოტიკა, პეკინი კი სწორედ მათი ნაზავია. 
„ამ კითხვას ხშირად მისვამენ არა მარტო ქართველები ან ევროპელები, ჩინელებიც კი. რატომღაც უკვირთ. ყოველთვის მინდოდა, ქვეყნის საზღვრებს გავცდენოდი და სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. როცა გავიგე, რომ თსუ ორი ახალი უცხო ენის - ჩინურისა და იაპონურის შესწავლას მთავაზობდა, ჩინური ავირჩიე. მთავარი მოტივაცია, ალბათ, პეკინში სწავლის გაგრძელება იყო. გადავწყვიტე, მიმეღო ჯერ გამოწვევა და შემდეგ - გამოცდილება, არა მარტო სწავლის, ცხოვრებისაც~. 
სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრება გოგისთვის ნამდვილად დიდი შანსი აღმოჩნდა, შანსი, რომელიც, მისი თქმით, თსუ-მ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მისცა, როცა სხვა გაცვლითი პროგრამით 2 კვირით ეწვია ხუნანის პროვინციას. 
თუმცა, მეორე ვიზიტი სრულიად განსხვავებული და გაცილებით ხანგრძლივი გამოდგა. ამჯერად საკმარისი დრო აქვს ადგილობრივებისთვის საქართველოს გასაცნობად. ორ ნაწილად გაყოფილი ჩინეთის პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს შესახებ მეტს სმენია, ვიდრე პატარა პროვინციაში. აქ მსოფლიოს ცნობადობაც გაცილებით მაღალია და, პროვინციებისგან განსხვავებით, უცხოელებს „მუზეუმის ექსპონატებად~ არ აღიქვამენ. მაგრამ გოგის მაინც ხშირად უწევს პატარა ქვეყნის გაცნობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისა და მათი მასპინძელი ჩინელებისათვის. 
„აქაურების დიდმა ნაწილმა საქართველოს შესახებ არაფერი იცის, ზოგი კი პირიქით - გაგაოცებს, იმდენ რამეს მოგიყვება. ცნობადობა, ძირითადად, სტალინს უკავშირდება, რაც ახალი თაობისათვის არც ისე სასიამოვნოა - „ა, სტალინის ქვეყნიდან ხარ?!~ - ნამდვილად არაა ის, რის მოსმენასაც ისურვებდი, მაგრამ სტალინი აქაურებისთვის საკულტო ადამიანია, XX საუკუნის უძლიერესი მმართველი, ამიტომ კამათს აზრიც არ აქვს. ნაწილი ნამყოფია კიდეც საქართველოში და ხსენებისთანავე მაჩვენებს თბილისის, მცხეთისა თუ ბათუმის ფოტოებს. ასეთი რაღაცები გულს გითბობს, გიხარებს~.
მათთვის, ვინც ქვეყანას ჯერ არ იცნობს, პეკინის უნივერსიტეტში კულტურის ფესტივალი იმართება, როგორც ადგილობრივები მას უწოდებენ - „ვენხუაძიე~. აქ გამოფენილ სტენდებზე მილიონობით ადამიანს აქვს საშუალება - გაეცნოს ქართულ კულტურას და გაიგოს მეტი ამ ქვეყნის შესახებ. 
„ჩინელებისთვის ძალიან უჩვეულოა, როცა სახელმწიფო დაწესებულებები დილის 10 საათზე იწყებენ მუშაობას. აქ დილა გამთენიის 5-ზე იწყება და მთელი დღე პროდუქტიულ მუშაობაში გადის. ზედმეტად მოწესრიგებულებიც კი არიან, რობოტიზაციის დონემდე, რაც ჩვენთვის ცოტა უცხოა. მახსოვს, ერთხელ გზა ჩაინგრა უნივერსიტეტთან. საქართველოში მის აღდგენას თვეები დასჭირდებოდა, ჩვენ კი მეორე დღეს ვერც კი მივხვდით, ზუსტად სად ჩამოწვა მიწის მასა, კვალიც არსად იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქაურები ზედმეტად მატერიალისტები არიან. თუკი საქართველოში შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, აქ უსასყიდლოდ რაიმე დახმარების მიღება თითქმის გამორიცხულია. ცხადია, მარტივ რაღაცებს არ ვგულისხმობ, პირიქით, თუ, მაგალითად, გზა აგერია და იკითხე, შეიძლება გამოგყვნენ და მიგაცილონ კიდეც~. 
გარდა იმისა, რომ ხალხთა შორის ბევრი განსხვავება უკვე აღმოაჩინა, ახლა უნივერსიტეტებს ადარებს. სწავლა იქაც ჩვეული, გამოცდილი მეთოდებით მიმდინარეობს, განსხვავება სხვა აქტივობებში ვლინდება.
„აქაური უნივერსიტეტების გარშემო სტუდენტური ქალაქებია მოწყობილი საცხოვრებელი კამპუსებით, სასწავლო კორპუსებით, სპორტული მოედნებითა და ასე შემდეგ. დილაადრიან დაწყებული ლექციები დღის პირველ ნახევარშივე სრულდება. ამიტომ, ხშირად გვრჩება დრო გართობისთვის - პეკინში კი ყველაფერია გასართობად~. 
კითხვაზე - რა მისცა პეკინის უნივერსიტეტმა ახალი? - გვპასუხობს, რომ, გარდა განათლებისა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანური ურთიერთობები მიიღო. სირიელ, ინდონეზიელ, იაპონელ, ეგვიპტელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად, როგორც თავად ამბობს, მთავარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძენს. 
სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ 6 თვეა. მანამდე კი კილომეტრებით შორს, სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტს ყველაზე მეტად ქართული მთები და სამზარეულო ენატრება. ეს მონატრებაც 6 თვეს გასტანს. 
„პირველი შოკი იყო ჩემთვის, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩინელები არ ჭამენ პურს, ყველს, რძეს, მარილიანს - იმას, რაც ქართული სამზარეულოსთვის ასეთი ორგანულია. ზოგადად, შეგუების პროცესი რთული იყო. ძალიან დიდი სხვაობაა კულტურათა შორის, მაგრამ აქაურები ძალიან დამეხმარნენ. მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია მათი ენითა და კულტურით რომ ინტერესდება უცხოელი, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ უკეთ ინტეგრაციაში ხელშესაწყობად~.
საკუთარი ფესვებისგან შორს მყოფი გოგი ყურაშვილის სამომავლო გეგმები 10 და 15 წელს არ ითვლის, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცის, რომ კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს სწავლას ჩინეთში, ამჯერად სამაგისტრო პროგრამაზე. ჩინელები ამბობენ, მოგზაურობიდან ხომ არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც წასვლის წინ იყოო და მიღებული ცოდნით ახალგაზრდა სტუდენტი დაბრუნებას კვლავ სამშობლოში აპირებს, რათა საკუთარი გამოცდილება ახლა უკვე სხვებს გაუზიაროს.

თამარ ზარანდია, ნინო შუბითიძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები

ვრცლად

რას მოუტანს სტუდენტებს ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში (ESU) გაწევრიანების პროცედურა?

საქართველომ ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში (ESU) გაწევრიანების პროცედურა დაიწყო. მოლაპარაკებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით აწარმოებს. სამუშაო შეხვედრა, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საქართველოს ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს, რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში გაიმართა. შეხვედრაზე ევროპელი ახალგაზრდების პრობლემები განიხილეს და ამ პრობლემების გადასაჭრელად სარეკომენდაციო დოკუმენტი შეიმუშავეს. 
ევროპის სტუდენტთა გაერთიანება 1982 წელს დაფუძნდა. იგი ამ დროისთვის 39 ქვეყნის ნაციონალურ სტუდენტურ ორგანიზაციას და 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი წელს პირველად მონაწილეობდა. 
რა მნიშვნელობა აქვს და რა პერსპექტივას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს ESU-ში გაწევრიანება? - გვესაუბრება სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი.

- თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გასულ წელს დააანონსა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავდა. თქვენ იმყოფებოდით ევროპის სტუდენტთა გაერთიანების შეხვედრაზე, სადაც საქართველოს გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადეს. როგორ მოხდა მათთან დაკავშირება და რამდენად შედეგიანი იყო ეს ვიზიტი?
- თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ამ მოწვევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უფრო მეტად გაგვეღრმავებინა. პირველ რიგში ევროპის სტუდენტთა გაერთიანებას დავუკავშირდით. იდეა თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ მოგვაწოდა, რომელიც უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ერთ-ერთი რეკომენდაცია სტუდენტების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის გააქტიურებას ითვალისწინებდა. როგორც ხედავთ, უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ყველანაირად ვეცდებით, რომ საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების წევრი გახდეს.
- კონკრეტულად რას საქმიანობს ევროპის სტუდენტთა გაერთიანება?
- ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში 39 სახელმწიფოს ნაციონალური სტუდენტური ორგანიზაციაა გაწევრიანებული. თითოეულ მათგანს ამ ორგანიზაციაში თავისი წარმომადგენელი ჰყავს. იმართება სამუშაო შეხვედრები; განიხილება სტუდენტების, ზოგადად, ახალგაზრდების საკითხები; მუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც, შემდეგ, როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ეგზავნებათ. ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუდენტური ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის წახალისება. იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ჰქონდათ მსგავსი ორგანიზაციები ჩამოყალიბებული, ახალგაზრდული ცხოვრების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებს არ აძლევდნენ.
- გაწევრიანებისთვის ოფიციალური თანხმობა უკვე მიღებულია. რა ეტაპებია გასავლელი ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრობის სტატუსის მისაღებად?
- მათ საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით ვეკონტაქტებით. პირველ ეტაპზე საბუთებს გადავუგზავნით. ევროპის სტუდენტთა ასოციაციის მომდევნო შეხვედრაზე 3/4 ხმების ოდენობა გვჭირდება, რომ მეზობელი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭონ. მეორე ეტაპზე საქართველოში ESU-ს რამდენიმე შეხვედრა უნდა გაიმართოს. მათი წარმომადგენლები ჩამოვლენ ექსპერტების სტატუსით და შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება მათ სტანდარტებს საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის მუშაობა. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, გაწევრიანების პროცედურას დაიწყებენ. ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრობა გარკვეულ უფლებამოსილებასა და ვალდებულებებს გულისხმობს. აუცილებელია საწევროს გადახდაც. 
- კონკრეტულად რა უფლებამოსილება იგულისხმება?
- გაწევრიანების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ESU-ს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და, ასევე, ბორდის 5 წევრის არჩევის უფლება. მათ შორის ერთ-ერთი კავკასიის რეგიონის კოორდინატორია. წელს არჩევნებს მაისში გამართავენ და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წევრები არ ვართ, გამოცდილების მიღების მიზნით, არჩევნებზე დასწრების უფლება მოგვცეს. გაწევრიანების შემდეგ, ასევე, უფლება გვექნება ფინანსების განაწილების პროცესაა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. 
- თქვენ ახსენეთ, რომ ევროპის სტუდენტთა ასოციაცია სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებს ადგენს. რას შეეხება ეს რეკომენდაციები?
- მათი რეკომენდაციები ეხება უმაღლეს განათლებას, ასევე ახალგაზრდების სპორტულ და კულტურულ ცხოვრებას. აანალიზებენ - რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის განათლება, სპორტი, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.; ამა თუ იმ ქვეყანაში რამდენად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა; რამდენად აქცევს სახელმწიფო ახალგაზრდების ჯანმრთელობას ყურადღებას და რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სუიციდი ყველაზე ხშირად 16-დან 22 წლამდე ადამიანებში ხდება, ამიტომ რეკომენდაციებს აღნიშნული პრობლემის პრევენციის კუთხითაც გასცემენ. ამ თემაზე ჩვენც დაგვისვეს კითხვები – აინტერესებდათ, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 
- რეკომენდაციების ადრესატები არიან შესაბამის საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უნივერსიტეტი?
- დიახ! ზოგადად, დოკუმენტები, რომლის გადაგზავნასაც გვთხოვენ, შეეხება ისეთ საკითხებსა და სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უშუალოდ სამინისტროსგან უნდა გამოვითხოვოთ. ამითაც ხაზს უსვამენ, რომ სტუდენტური ორგანიზაციების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან მნიშვნელოვანია. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ საკუთარ რეკომენდაციებს წარმოგვიდგენენ.
- გარდა რეკომენდაციებისა, თვითონ თუ ახორციელებენ საგანმანათლებლო, სპორტულ ან კულტურულ პროექტებს?
- რა თქმა უნდა, ახორციელებენ საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებს. მათი ოფისი ბრიუსელშია, თუმცა პროექტები სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში კეთდება. ქვეყნების შერჩევა პროექტების შინაარსიდან გამომდინარე ხდება - რამდენად არის კონკრეტული პროექტი თემატურად ქვეყანასთან დაკავშირებული. რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარაც სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო ანტისაბჭოური გამოსვლები. ევროპის სტუდენტთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, მდგრადი განათლების თემაზე დებატებს და ა.შ.. მათ სურთ, რომ არაწევრი სახელმწიფოების სტუდენტებთანაც დაამყარონ კავშირები და საერთაშორისო სტუდენტური თანამშრომლობის ქსელი გააფართოონ. ღონისძიებების ბოლოს სპეციალური საღამოები იმართება, სადაც სტუდენტები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების კულტურას აცნობენ. 
- დაახლოებით რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანებას?
- ვვარაუდობთ, რომ წელიწადნახევარში, თუ ყველა კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, საქართველომ წევრის სტატუსი უნდა მიიღოს. 
- რა სარგებელს მოუტანს ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანება ქართველ სტუდენტებს?
- ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანება მოგვცემს კიდევ არაერთ გაცვლით პროგრამას. ახლანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, მსგავს პროგრამებში მონაწილეობის საფასური სტუდენტებისთვის იქნება მიზერული. თანამშრომლობას დავიწყებთ სხვადასხვა სახელმწიფოს სტუდენტურ ორგანიზაციებთან. მათთან მემორანდუმების გაფორმება და პროგრამების წამოღება ხელმისაწვდომი გახდება. სტუდენტი, რომელიც ამ ორგანიზაციაში იმუშავებს, მიიღებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, დაგეგმვისა და პროექტების განხორციელების დიდ გამოცდილებას, რასაც შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დანერგავს და სტუდენტური ორგანიზაციების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრები სისტემატურად ჩამოვლენ საქართველოში, შეისწავლიან არსებულ ვითარებას და რეკომენდაციებს მოგვცემენ. ეს ფაქტორიც, განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. მიმაჩნია, ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანება ნათელს გახდის ქართველი საზოგადოებისთვის, რომ სტუდენტური ორგანიზაციების გაუქმება კი არა, დახვეწა-გაუმჯობესებაა საჭირო.

ვრცლად

მარინე ტერრეტა: საქართველოში ყოფნა ძალიან ფერად და ლამაზ ოცნებას ჰგავს

შვეიცარიელი სტუდენტი მარინე ტერრეტა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სტაჟირებას გადის. მარინე ტერრეტამ ლოზანის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და ამჟამად ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური სწავლების ინსტიტუტის აღმოსავლეთის კვლევების სპეციალობით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. არის 24 წლის, თუმცა მისი გამოცდილება უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია - იმყოფებოდა კატმანდუსა და ნეპალში, სადაც ორ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, საბერძნეთის ჩიოსის რეგიონში ახალგაზრდა დევნილთა განათლებისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამაში მონაწილეობდა... თუ რატომ ჰგავს საქართველოში მისი ვიზიტი საინტერესო, ლამაზ და ფერად ოცნებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ვინ არის მარინე ტერრეტა?
- საქართველოში ჩამოსვლამდე, ჟენევის უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლების შემდეგ გაცვლითი პროგრამით თეირანში ვიმყოფებოდი. სტაჟირების პროგრამების დასრულების შემდეგ ვგეგმავ უნივერსიტეტის დამთავრებას და მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ერთი თვით ვაპირებ დარჩენას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სტაჟირება რამალაში, პალესტინაში მაქვს დაგეგმილი. 3 თვის განმავლობაში ჩემი მთავარი საქმიანობა ქალებისა და ბავშვების მიმართ გამოვლენილ, ძალადობის ყველანაირ ფორმასთან ბრძოლა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა იქნება.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 4 თვის მანძილზე კატმანდუში და ნეპალში ვმუშაობდი, სადაც ინგლისურ ენას ორ სკოლაში ვასწავლიდი და ვცდილობდი - მოსწავლეებს მხატვრული პროექტების შექმნაში დავხმარებოდი. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საბერძნეთში, ჩიოსის რეგიონში მემუშავა. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა დევნილთა განათლებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აქტიურად ვიყავი ჩართული. 
- რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი საქართველოს მიმართ და რატომ გადაწყვიტეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამით სარგებლობა?
- ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა საქართველოს მონახულება. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ბიძაჩემის ქართულმა წარმომავლობამაც დიდი როლი ითამაშა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მომცა შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი არა უბრალოდ ჩამოსული ტურისტი, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ საუნივერსიტეტო საქმიანობასა და ცხოვრების რიტმში აქტიურად არის ჩართული. აქამდე სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ მქონია. შესაბამისად, ეს ყოველივე ახალ გარემოში მოხვედრის კარგი შესაძლებლობა იყო, რამაც ამ მიმართულებით ჩემი კომპეტენციის დონე ერთმნიშვნელოვნად გაზარდა. 
- რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. რამდენად მოგეწონათ გარემო?
- იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, ქალბატონ თამარ ზარანდიასთან ურთიერთობა ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა. მან დეტალურად ამიხსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა, ამ საგანმანათლებლო პლატფორმის შესაძლებლობები, გამოწვევები და უპირატესობები. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დეტალურად ვიცნობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სამართლის სკოლას და აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას მას სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებში. ქართული სამართალი ევროპული სამართლის რეცეფციის შედეგია და ეს ბევრ სხვადასხვა საკითხში იგრძნობა. ერთთვიანი სტაჟირების ფარგლებში თსუ-ის სამართლის ჟურნალზე ვიმუშავე, ასევე გავეცანი და გავცვალეთ გამოცდილება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების განვითარების თვალსაზრისით, ვეხმარებოდი ფაკულტეტს უცხოელ პროფესორებთან დაკავშირებაში. 
გარდა ამისა, დიდი პატივი გახლდათ „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში~ მუშაობა. მედიაციის პროცესი და თავად დავის მედიაციის გზით მოგვარების კონცეფცია ჩემთვის ახალი მიმართულებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დახმარებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ნათია ჩიტაშვილსა და, ასევე, ყველა თანამშრომელს. ამ მიმართულებით ახალი ინტერესი გამიჩნდა და მომავალში ცოდნის გაღრმავებას ვგეგმავ.
- რამდენად მოგეწონათ ქართული კულტურა, წეს-ჩვეულებები, რა იყო თქვენთვის ყველაზე ახალი და უცხო?
- ქართული კულტურის შესახებ გამიგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საფუძვლიანად ვიცნობდი, ამიტომ ჩემთვის საქართველოში ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო. საქართველო ევროპული ქვეყანაა - ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილება გახლავთ. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ამავე დროს იგრძნობა აღმოსავლური გავლენაც. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მისი არქიტექტურა, გარკვეულწილად, ევროპისა და აზიის ნაზავია. იგრძნობა საბჭოთა პერიოდის გავლენაც, თუმცა არის ახალი შენობა-ნაგებობებიც. ამდენად, არქიტექტურა ცოტა ეკლექტური, მაგრამ უნიკალური და საინტერესოა. ჩემი ყურადღება მიიქცია ფართო ბულვარებმა, სიმწვანემ და ძველი თბილისის გასაოცარმა ხედებმა. საქართველოში გასაოცარი ბუნება და ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია. თბილისი ეთნიკურად მრავალფეროვანია, ერთმანეთის გვერდით გვხვდება ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი, შესაბამისად მულტიკულტურულ შთაბეჭდილებას ტოვებს. შთამბეჭდავია ღვინის კულტურა და იმის გააზრება, რომ ქართველები ღვინოს 8000 წლის წინ ქმნიდნენ. გარდა ამისა, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეროვნული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვნება და ქართული სუფრის ტრადიცია ჩემთვის სერიოზული სიახლე და აღმოჩენა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ყოფნა ძალიან ფერად და ლამაზ ოცნებას ჰგავს.

ვრცლად

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა

ფასკნარას ჩანჩქერი, ჯრუჭის მონასტერი, უზუნთის ტბა, უზუნთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რაჭის ქედი - „დევის ტბა“, მოხვის წმინდა გიორგის ეკლესია, სარეკის ღვთაების ეკლესია, ქვემოხევის მთავარანგელოზის ეკლესია, კურორტი კვერეთი, საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჭალის ციხე, ბახიოთის პანორამა, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ არგვეთში და კიდევ სხვა მრავალი ისტორიული ძეგლისა და ღირსშესანიშნაობების ვლევისა და გეოგრაფიული შეფასების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყვეს. 28 მარტს პირველი კორპუსის ფოიეში ფოტოსურათების გამოფენა და „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში მომზადებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ აქტუალური გახდა ჭიათურის მეზობელი მუნიციპალიტეტების კვლევა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საჩხერის მუნიცილაპიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სრულად ჯერ არ არის შესწავლილი. სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ის მიერ დაფინანსდა, რის შედეგადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ეწარმოებინათ საველე კვლევითი სამუშაოები. 
პროექტის კოორდინატორის, გეოგრაფიის დოქტორის, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის კვლევის მთავარი მიზანი იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა. სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ის გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯაფოშვილი (ხელმძღვანელი), სალომე თაბაგარი, მერი ჩიტიშვილი, დავით დალაქიშვილი, თათია ჩიქოვანი.
პროექტის - „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ - ფარგლებში გამოიცა წიგნი: „საჩხერის მუნიციპალიტეტი“, სადაც განხილულია როგორც ამ რეგიონის სოფლების, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლების, XX საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარების (მოსახლეობა გადაასახლეს: აფხაზეთში, კახეთში, მესხეთში) და ცალკეული ხეობების მიხედვით არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები.
პროექტის ხელმძღვანელის გიორგი დვალაშვილის თქმით, საკმაოდ პოპულარულია ტურისტებისთვის სა-ექსკურსიო მარშრუტები სხვადასხვა სახლ-მუზეუმის ჩათვლით. „ყველაზე პერსპექტიული არის აქ ტურიზმის განვითარება, როგორც ვიზიტორთა ფართო სპექტრისთვის, ასევე ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაც. აქტუალურია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და პასპორტიზაციის საკითხიც, შემდეგ კი მათი დაცვის თემაც“, - აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა. 
სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ის სტუდენტური პროექტების ფარგლებში დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების საველე კვლევა და მიღებული მასალების დამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი პროექტების განხორციელება, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობას და ამ რეგიონებში არსებული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას.

ვრცლად

სტუდენტების მიერ დაფინანსებულ ჟურნალში კარი ყველასთვის ღიაა

ეძებენ ყველგან... აკრავენ განცხადებებს თსუ-ის საინფორმაციო კედლებზე, ავრცელებენ სარეკლამო რგოლებს სოციალური ქსელების საშუალებებით... შემდეგ კი, ვინც გამოეხმაურება, მათ შორის საუკეთესოებს არჩევენ, საქმეში აბამენ და თავიანთი მოძიებული ფინანსებით ახერხებენ ჟურნალის გამოცემას... ჟურნალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედება იბეჭდება. ამ ეტაპზე, რაც შეძლეს, ის არის, რომ ორი ნომერი გამოუშვეს. თემატიკა მრავალფეროვანია: პოეზია, პროზა, თარგმანი, ესე, სამეცნიერო სტატიები და პუბლიცისტიკა... ჟურნალი „ანდამატი“ იზიდავს ყველას, ვინც არა მარტო წერს, არამედ ხატავს, გატაცებულია ფოტოგრაფიით... მოკლედ, კარი ყველასთვის ღიაა...

როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი თორნიკე კანდელაკი ამბობს: „სტუდენტური ჟურნალი „ანდამატი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურული ტრადიციის მოკრძალებული გაგრძელებაა. იგი იბეჭდება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერით და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება ჟურნალის მომდევნო ნომრის გამოცემას. ჟურნალის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების აღმოჩენა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ცოცხალი ლიტერატურული გარემოს შექმნა“.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაშიც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები (ილია ცეცხლაძე, გიორგი კახიშვილი და კონსტანტინე წოწორია) არიან. 
„ჟურნალის დაარსების იდეას წინა წლის მარტში ჩაეყარა საფუძველი. უნივერსიტეტში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერჯერობით, არ არსებობს ჟურნალი ან რაიმე სპეციალური გამოცემა, სადაც ამ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ - თავიანთი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ჟურნალი, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა“, - ამბობს თორნიკე კანდელაკი.
„ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სტუდენტების აზრი და გავიზიაროთ მათ მიერ შემოთავაზებული იდეები. „კომპეტენტური“ ჟიურიც არ გვყავს. რედკოლეგიის წარმომადგენლებიც პროფესიით ფილოლოგი სტუდენტები არიან. მათ კარგად ესმით მხატვრული შემოქმედების ფასი“, - ამბობს თორნიკე. 
ჟურნალის რედაქტორი თავადაც წერს ლექსებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად მისი შემოქმედება მან თავისივე ინიციატივით შექმნილი ჟურნალის საშუალებით გააცნო მკითხველს. 
ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ილია ცეცხლაძე ამბობს, რომ ჟურნალის შექმნის მთავარი მოტივაცია ისიც იყო, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ახალგაზრდებს მეტი ასპარეზი ჰქონოდათ და გარკვეული გამოცდილება შეეძინათ. „ჟურნალი თემატურად მრავალფეროვანია. მომავალში, შესაძლოა, სხვა რუბრიკებიც დაემატოს და საზოგადოებისთვის უფრო აქტუალურ პრობლემებსაც შევეხოთ“, - ამბობს ილია ცეცხლაძე. 
ჟურნალის რედაქტორის, თორნიკე კანდელაკის ინფორმაციით, ჟურნალი უკვე პოპულარულია სტუდენტებში და კარგადაც იყიდება. შემოსული თანხით კვლავ მომდევნო ნომერი დაიბეჭდება. „ჩვენ მთლიანად სტუდენტობაზე ვართ ორიენტირებულნი - რჩევებსაც მათგან ვიღებთ და ვცდილობთ, მათი ინტერესები გავითვალისწინოთ. მომდევნო ნომრის გამოცემა მასალების რაოდენობაზე და ფინანსებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სტუდენტს ფსევდონიმით სურს მისი შემოქმედება დაიბეჭდოს, რასაც სარედაქციო საბჭო ითვალისწინებს. გვიხარია, რომ ჟურნალის მიმართ ინტერესი სტუდენტების მხრიდან დღითი დღე იზრდება“, - ამბობს თორნიკე კანდელაკი.

ვრცლად

დათო ევგენიძის ექსპერიმენტი თსუ-ში

დათო ევგენიძის ხელოვნების საღამო გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მუსიკოსის ჩანახატების, ლექსების კრებულის პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი საფრანგეთში მოღვაწე მულტი ინსტრუმენტალისტ კამილ ჩალაევთან ერთად მოეწყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა დათო ევგენიძის შემოქმედების უცნობი მხარე გაიცნეს. მუსიკოსი მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა. მუსიკალური იმპროვიზაცია ფორტეპიანოსა და კამილ ჩალაევის მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით შესრულდა. მსმენელმა სრულიად ახალი ექსპერიმენტული მუსიკა მოისმინა.
„ქართული ენა არის მუსიკა. ქართულ სიტყვებში ბევრი საიდუმლოება დევს. მე ამ სიტყვების არქეოლოგი ვარ. მინდა, რასაც ვხედავ, სხვებსაც დავანახო. ჩემი მუზა მაინც სიყვარულია. რაც შეეხება მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, იმ აუდიტორიისთვის რომ გამეკეთებინა, რომელიც დათო ევგენიძის არქეტიპს არის მიჩვეული, დარწმუნებული ვარ, ასეთი გახსნილი ვერ იქნებოდა, როგორც ეს უნივერსიტეტელმა მსმენელებმა აჩვენეს. დღევანდელ საღამოს შესრულებული მუსიკა არ იყო მარტივად აღსაქმელი. დარბაზიდან ჯერ იყო ამ ექსპერიმენტის გაგების მცდელობა, შემდეგ კი ერთად ყოფნა, რაც ჩემი მთავარი მიზანიც იყო. ეს უნივერსიტეტია... ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა შედგეს ექსპერიმენტული მუსიკა“, - განაცხადა დათო ევგენიძემ. 
დათო ევგენიძემ და კამილ ჩალაევმა ერთობლივი მუსიკალური საღამო 30 წლის შემდეგ პირველად გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები ამ დროისთვის განსხვავებულ ჟანრში მოღვაწეობენ, როგორც დათო ევგენიძემ აღნიშნა, მათ მაინც ერთი საერთო მიზანი - ექსპერიმენტი აერთიანებთ. 
„დათოს მუსიკა უფრო სტაბილურია. მე სხვა ჟანრში ვმოღვაწეობ. თუმცა ძალიან მინდოდა, რომ ერთად დაგვეკრა და მიხარია, რომ რაღაც საინტერესო გამოგვივიდა. ჩემი მუსიკის მიზანი უნივერსალურობაა. მუსიკა - ეს ენაა, მუსიკა ჩემთვის ყველაფრის პირველსაწყისია. თანამედროვე მუსიკა უფრო მარკეტინგზე და პოპულიზმზეა გათვლილი. მე უფრო არქაიზმში ვცხოვრობ. ნათქვამია - დასაწყისში იყო სიტყვა... მე ვეძებ, თუ როგორ ჟღერდა ეს სიტყვა. ეს ჩემთვის არის პირველსაწყისის ხმა“, - გვითხრა საფრანგეთში მოღვაწე მულტი ინსტრუმენტალისტმა კამილ ჩალაევმა. 
დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნით დაიგეგმა. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობისა და ქართული ღვინის ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა. 
„უნივერსიტეტელ სტუდენტებს დათო ევგენიძის შემოქმედება უყვართ. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი მოწვევა. მუსიკოსი, ამჯერად, მსმენელის წინაშე პარიზელ შემსრულებელთან ერთად წარსდგა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, საღამომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა თეკლა გილაურმა. 
საღამო პატრიოტულ ნოტაზე დასრულდა. ბოლოს მუსიკალურ ექსპერიმენტში დარბაზიც ჩაერთო.
„იმოქმედა ჩემმა სიყვარულმა და დარბაზის მხრიდანაც, რაც ვიგრძენი, იყო სიყვარული და დიდი პატივისცემა“, - აღნიშნა დათო ევგენიძემ.

ვრცლად

რითი ერთობიან უნივერსიტეტის სტუდენტები და რა სურთ მათ?

„ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის“, - ჯერ კიდევ როდის ამბობდა ამ სიტყვებს ილია. ამ რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტთან რომ ჩაგევლოთ, მის ეზოში შეკრებილი სტუდენტებისგან სულ სხვა პასუხებს მოისმენდით - საღამოს კინო, თეატრი და ბილიარდი სტუდენტების თავშესაქცევ უცვლელ საშუალებას წარმოადგენდა. 
ალბათ, მაშინ კომპიუტერი, ტელევიზორი და ტელეფონი რომ გეხსენებინათ, მათ გაკვირვებულ მზერას ვერ აცდებოდით. თუმცა, ცხოვრება მიდის, „იცვლება და მოაქვს განახლება ყოველისფერისა”“.

თსუ-ის მიმდებარედ სტუდენტების დიდ ნაკადს დღესაც შეხვდებით, იმ განსხვავებით, რომ მათ მთავარ გასართობად დღეს ზემოხსენებული ტექნიკა ქცეულა. ეზოში შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება კომპიუტერთან გაფაციცებით მომუშავე ბიჭმა მიიქცია და ჩვენც კითხვით სწორედ მისკენ გავემართეთ. 
ალექსანდრე გაბაშვილი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. მის ერთ-ერთ გასართობს ფეხბურთის მინი ტურნირი „ლიგა თსუ“ წარმოადგენს. ტურნირის გამარჯვებული თავადაც არაერთხელ ყოფილა: „როცა დრო მაქვს, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ვესწრები, იქნება ეს კონცერტები, საჯარო ლექციები თუ სპორტული შეჯიბრებები“. 
სხვადასხვა ინტელექტუალური თუ შემეცნებითი აქტივობის მონაწილე გიორგი ბერიძეც ხშირად ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ დღესდღეობით მსგავსი სახის ღონისძიებები იშვიათად ტარდება. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობს: „ესეების კონკურსი კარგია, მაგრამ მას ვერ დავარქმევთ შემეცნებით-გასართობ აქტივობას“. მისი სურვილია, უქმე დღეებში, როდესაც უნივერსიტეტის სივრცე, ასე თუ ისე, ცარიელია, უფრო მეტი გასართობი ღონისძიება ტარდებოდეს. 
„მეორე კურსზე სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას უფრო აქტიურად ვესწრებოდი. ვფიქრობ, რომ, გართობის მხრივ, თსუ ადრე უფრო დატვირთული იყო. ბოლო პერიოდია მათ შესახებ არაფერი მსმენია“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მარიამ რეხვიაშვილი.
უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ კი სტუდენტების მთავარ გასართობს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, კომპიუტერული თამაშები, ე.წ. “თV-შHOჭ“-ები და მუსიკალური ფესტივალები წარმოადგენს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს სასწავლო დაწესებულებაში ატარებენ, გართობის მხრივ, მეტი მოთხოვნა მაინც უნივერსიტეტის მიმართ აქვთ. 
სურვილები ბევრია. ზოგი მათგანი ერთმანეთს წააგავს, ზოგი კი განსხვავებულია: 
მერაბ პაპაშვილი, თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების III კურსის სტუდენტი: „სულ მინდოდა უნივერსიტეტში ისეთი აქტივობები ყოფილიყო, ძველ ფილმებში რომ მინახავს. მაგალითად, გრანდიოზული ღონისძიებები ან ფესტივალები, რომლებშიც ყველა ერთად არის ჩართული“. 
ნანა სააკაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ლიტერატურული კლუბი, სადაც კვირაში ერთხელ მაინც ჩატარდებოდა შეჯიბრებები, შემოქმედებითი საღამოები და მსგავსი სახის ღონისძიებები. ეს სტუდენტებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემდა“. 
ნატა ჯაჭვაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ძალიან მინდა არსებობდეს კინომოყვარულთა კლუბი, სადაც ყოველ საღამოს სტუდენტების მიერ შერჩეული ფილმების ჩვენება და მათი განხილვა გაიმართებოდა“.
თუმცა, სტუდენტების ერთობლივ სურვილად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცის გამოყოფა რჩება, სადაც ისინი ლექციებს შორის შუალედებში დასვენებას, ერთმანეთთან ინტერაქციასა და გართობას შეძლებენ. 
თვითმმართველობის პრეზიდენტი შოთა კეჟერაშვილი უახლოეს მომავალში სტუდენტებს ბევრ გასართობ ღონისძიებას ჰპირდება: „მალე დაიწყება „სტუდენტური დღეები“ და თსუ-ის სტუდენტებს ბევრ კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვის საშუალება მიეცემათ“, - ამბობს იგი.

ნინი ტაველიძე, თეონა ყაჭიური
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები

ვრცლად

მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - მწვანე ეკონომიკის განვითარებას ეხმიანებიან. ამ თემაზე, სტუდენტების ინიციატივით, უკვე ორი წელია, სამეცნიერო კონფერენცია ეწყობა. 2018 წლის მიწურულს ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო და, ქართველ ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობა ესპანელმა და თურქმა მეცნიერებმა თუ სტუდენტებმაც მიიღეს. „მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი“ გასული წლის 21-22 დეკემბერს გაიმართა. 
„მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესის“ ორგანიზატორები მაკროეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე წარმატებული სტუდენტები არიან. ამავე პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია, ერთი წლის წინ, ბაკურიანში გამართეს. ასეთი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ერთობლივად მუშაობენ, თაობათა მჭიდრო ურთიერთობა კი მეცნიერების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნაზირა კაკულიამ. 
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ერთვებიან მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში და ცდილობენ - შეამცირონ გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და თავიდან აიცილონ ბუნებრივი რესურსების გამოვლენის საშიშროება. შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა მეცნიერების აქტიური შესწავლის საგანი გახდა და დამატებით კვლევებსა და სამეცნიერო სექტორის პროგრესულ ხედვას საჭიროებს. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარება. რეგიონულ კონგრესს ორგანიზება დოქტორანტებმა ცოტნე ჟღენტმა, ნინო ბიწაძემ, ვახტანგ ჩქარეულმა (მაკროეკონომიკის კათედრა), ერეკლე ზარანდიამ (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა) და მაგისტრანტმა ნიკო ხუციშვილმა (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა) გაუწიეს.
„ეს სამეცნიერო კონფერენცია მთლიანად ეძღვნება მწვანე ეკონომიკას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური საკითხია და, შესაბამისად, ვცდილობთ - ჩვენც ჩავერთოთ კვლევით პროცესში. ღონისძიებაზე ესპანელი და თურქი პროფესორები და სტუდენტები მოვიწვიეთ, რამაც საკითხის მასშტაბურად და სიღრმისეულად განხილვას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა ეკონომიკური კათედრის დოქტორანტმა ერეკლე ზარანდიამ. 
„დღეს არსებულმა გარემოებებმა, მათ შორის, ენერგორესურსების დეფიციტმა მსოფლიო მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე დააფიქრა. მწვანე ეკონომიკა გახდა არა მარტო პრაქტიკული, არამედ მეცნიერების შესწავლის საგანიც. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში უკვე ისწავლება ეს მიმართულება. ამიტომაც საჭიროა არა მარტო პრაქტიკული ზომების მიღება, არამედ თეორიული ღონისძიებების გამართვაც“, - გვითხრა მაკროეკონომიკის მიმართულების დოქტორანტმა ცოტნე ჟღენტმა.
რეგიონულ კონგრესზე მოხსენებები ქართველმა, თურქმა და ესპანელმა პროფესორებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს. მათი ნაშრომები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა - „ციკლური ეკონომიკის განვითარების ანალიზი“, „მწვანე შენობების სერტიფიცირების სისტემები“, „მდგრადი არქიტექტურა“, „დასაქმების ზრდა“, „ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში“ და ა.შ.
„მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი“ თსუ-ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა.

ვრცლად