პერსონა

დიმიტრი კორძაიას „უჩინარი“ ახალი წელი

„ბაბუამ თქვა: – აი, ახალი წელიც მოვიდა!“... ოთახში სანთლები ენთო, გარეთ თოფების და ფოიერვერკების ხმა ისმოდა, ტელევიზორში „მრავალჟამიერს“ მღეროდნენ, მე გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით... ვერ გავიგე, ყველას ასე ძლიერ რა უხაროდა, ირგვლივ არავინ ჩანდა ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ერთმანეთს „რაღაცას“ ულოცავდნენ, ბაბუა კი ამტკიცებდა, რომ ახალი წელი მოვიდა“, – ასე ლამაზად და ზღაპრული ელფერით შემოვიდა და ჩარჩა „უჩინარი“ ახალი წელი მის ცხოვრებაში, ამიტომ დღემდე ამ განწყობით – იმედებით, სიხარულით და ახლის მოლოდინით ხვდება დღესასწაულს.
მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ის ნამდვილად მოდის“, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას ყოველი ახალი წელი საინტერესო და განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ არ იცვლება – დღესასწაულს ყოველთვის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ხვდება... 
ბავშვობა თბილისში, ფიქრის გორაზე გაატარა. დიდ ოჯახში ახალი წლის სამზადისიც იმ ტრადიციების ნაწილი იყო, რომელსაც ტიტე ბაბუა და მარიამ ბებო ამკვიდრებდნენ. პირველ შვილიშვილს ბებია და ბაბუა განსაკუთრებით ანებივრებდნენ, მშობლები დაკავებულები იყვნენ: მამა უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო, დედა – სამედიცინო ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე მუშაობდა, მაგრამ ახალ წელს ყველა იცლიდა და განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 
„როგორც ყველა ქართულ ტრადიციულ ოჯახში ჩვენთანაც კეთდებოდა გოზინაყი და საცივი... გოზინაყს ბებია აკეთებდა, მერე დედა, ახლა ჩემი მეუღლე აკეთებს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მამიდას გაკეთებული გოზინაყი მომწონდა – პატარა ბურთულები მოხალული ნიგვზით... ნაძვის ხეს ჩემს ბავშვობაში დედა რთავდა – დილით გაღვიძებულს მეუბნებოდნენ, რომ თოვლის ბაბუამ მომიტანა... მაშინ ჯერ კიდევ სანტა-კლაუსის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ახალი წლის ღამეს სურვილებს ჩავუთქვამდით და მათი ასრულების გვჯეროდა... ახლა მეუღლესთან ერთად ვრთავ ნაძვის ხეს შვილებისთვის და შვილიშვილისთვის“...
კორძაიების ოჯახში მეკვლეს დღესაც დიდი სიხარულით ელიან, მაგრამ ბავშვობაში მოსული პატარა მეკვლე მაინც სხვანაირად დაამახსოვრდა: „ექვსი წლის ვიყავი, კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჩემი ბიძაშვილი ჭაბუა ჭაბუკიანი შემოვიდა ბიძაჩემთან, ოთარ ჭაბუკიანთან ერთად. ჭაბუას მხრებზე ლეჩხუმიდან ჩამოტანილი ძველი ნაბადი ჰქონდა მოხვეული და ხელში ტკბილეული ეჭირა, ძალიან კარგი შეგრძნება იყო, მას შემდეგ მეც ხშირად ვყოფილვარ მეკვლე“, – იხსენებს დიმიტრი კორძაია. 
საოჯახო ფოტო-ალბომში საბავშვო ბაღში ახალი წლის ზეიმების ამსახველი ფოტოები დღესაც ინახება. მაშინ ნაბდიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი თოვლის პაპა და რუსი „დედ მოროზი“ ერთად ულოცავდნენ „საბჭოთა კავშირის“ ბედნიერ ბავშვებს ახალ წელს. ერთ-ერთ ზეიმზე თავადაც განასახიერებდა თოვლის ბაბუას. „მახსოვს, ერთ ზეიმზე თოვლის ბაბუა ვიყავი, ლევან უჩანეიშვილი კი – მეკვლე. გრიმის გასაკეთებლად ბებიამ პიონერთა სასახლეში წამიყვანა, სადაც თეთრი წვერი დამამაგრეს. სკოლის პერიოდში სცენაზეც ვმსახიობობდი, „ოტელოს“ როლიც კი მაქვს შესრულებული. ზეიმებზე ლექსებსაც ხალისით ვკითხულობდი. მამა პოეზიის დიდი მოყვარული იყო და მისი სიყვარული მისგან გამომყვა. მახსოვს, რა გრძნობით ვკითხულობდი სიმონ ჩიქოვანის ლექსს, – „ვინა სთქვა“... ასე რომ, ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება“. 
ბატონი დიმიტრი სკოლის პერიოდში და სტუდენტობისას, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, მეგობრებთან და ნათესავებთან მიდიოდა მეკვლედ. ერთხელ თოხაძეების ოჯახს ცხენითაც კი მიადგა. ტრადიციული სამოსით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია სამედიცინო ინსტიტუტშიც დაამკვიდრა. მაგრამ განსაკუთრებული ის ახალი წელი იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს ოჯახში ესტუმრა. „ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო მის ოჯახში და, რა თქმა უნდა, ვღელავდი. წელს შეუღლებიდან 30 წელი გვისრულდება და, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც ვინარჩუნებთ ოჯახებიდან გამოყოლილ ტრადიციებს, თუმცა მენიუ ცოტა შეიცვალა, სუფრაზე სამარხვო კერძები ჭარბობს. განსაკუთრებულად ვხვდებით შობის დღესასწაულს – ტაძარში მივდივართ, ფანჯრებთან კი სანთლებს ვანთებთ...
ახალი წლის მომდევნო დღეებში მეგობრებისა და ნათესაობის მონახულებაც ერთგვარი რიტუალია. დიმიტრი კორძაია სიამოვნებით იხსენებს კოლეგებთან გატარებულ ახალი წლის დღეებსაც: „ბოლო წლებია, ჩვენს უნივერსიტეტში კოლეგებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა კარგ ტრადიციად იქცა. ზოგჯერ თამადაც ვარ, სიამოვნებით ვკითხულობ ლექსებსაც. ეს ახალი წელი კი განსაკუთრებული იქნება უნივერსიტეტისთვის, რადგან 100 წლის იუბილე გვიახლოვდება – ამ ემოციას ზოგადი ფრაზებით ვერ გადმოვცემ. ჩემი სურვილია, ამ იუბილეს ღირსეულად შევხვდეთ და უნივერსიტეტმა იმ მაღალი ღირებულებებით გააგრძელოს ცხოვრება, როგორც მის დამაარსებლებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავის ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მედიცინის ფაკულტეტისთვის ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იწყება საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პერიოდი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის მისაღწევად ძალისხმევაა საჭირო. ყველას ვუსურვებ მიზნების მიღწევას და სურვილების ასრულებას!“.

ვრცლად

„პროფესიონალიზმი მოაქვს შრომასა და გამოცდილებას“

გზა ვიწრო დერეფანში, კიბიდან – 105-ე აუდიტორიამდე, დიდხანს გაგრძელდა... მარი წერეთელს სტუდენტები აჩერებდნენ, ზოგი საგნის შესახებ ეკითხებოდა, ზოგი თავის პრობლემებზე ესაუბრებოდა, ზოგიც, უბრალოდ, მოიკითხავდა... ისიც ყველას გულდასმით უსმენდა და პასუხობდა... არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ჩქარობდა და ჟურნალისტი ელოდა ინტერვიუზე... პასუხი კითხვაზე – თუ რას ფიქრობენ სტუდენტები მასზე, როგორც ლექტორსა და პიროვნებაზე, ამ დეტალით მივიღე, ამიტომაც, ინტერვიუს ეს ნაწილი გამოვტოვე....


„დროის პარალელები“

შეუძლებელია, ერთ ინტერვიუში რამე არ გამოგრჩეს, მით უფრო, თუ რესპონდენტი მოკრძალებულად საუბრობს თავის განვლილ ცხოვრებასა და მიღწევებზე. სოციალურ ქსელშიც „დავმეგობრდით“, სადაც ჩემი ყურადღება მისმა ერთმა სტატუსმა მიიპყრო: „ათეული წლების წინ, სრულიად ახალგაზრდა ჟურნალისტს, საქართველოს რადიოში მუშაობა მომიწონეს, წამახალისეს და დიდი ფერმწერის ალბომით დამაჯილდოვეს. ალბომის შიდა გვერდს ამშვენებს პიროვნებათა ავტოგრაფები, რომლებიც დროს აღნიშნავს და, თავისთავად, ღირებულია. მაშინ მხატვართა ალბომებიც ძნელად იშოვებოდა. საჩუქარს დღემდე სასოებით ვინახავ...“ ამ სტატუსის გარდა, ისიც გავიგე, რომ უყვარს პოეზია, მოგზაურობა, მეგობრებთან ურთიერთობა. ახარებს წარმატება თავისი სტუდენტებისა, რომელთა მიღწევებსაც თავის გვერდზე ყოველთვის „აზიარებს“. ადვილი მისახვედრია, რომ ამ ალბომის გარდა, მარი წერეთელმა, როგორც ჟურნალისტმა და პედაგოგმა, მრავალჯერ მიიღო მთავარი „საჩუქარი“ თავისი მსმენელისგან თუ სტუდენტებისგან – მადლიერება და სიყვარული, რომელიც მან თავისი კარიერის დაწყებიდან დღემდე თავდადებული შრომის ფასად მოიპოვა. 
დროის ფაქტორზე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი ხშირად საუბრობს, რადგან წარსულში აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩართულმა და დღეს უკვე გამოცდილმა პედაგოგმა კარგად იცის, რომ „დრო ჟურნალისტიკისათვის მთავარი განმსაზღვრელი კატეგორიაა“. წელს გამოცემულ მის ბოლო ნაშრომსაც – „დროის პარალელები“ – ძიებანი XIX, XX საუკუნეების ჟურნალისტიკაში – ჰქვია და მასში მკაფიოდ იკვეთება ავტორის ხედვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დროსა და სივრცეს ჟურნალისტიკისთვის, რომელიც სარკისებური ეფექტით ასახავს ეპოქის მაჯისცემას. წიგნში საუბარია იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ქართული კლასიკური ჟურნალისტიკა ამკვიდრებდა, ასევე, იმაზეც, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება გლობალიზაციის პირობებში ქართული მედიისთვის კლასიკური გამოცდილების გაზიარებას კულტურული ინტეგრაციის თვალსაზრისით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


ჟურნალისტიკა – განსხვავებული პროფესია

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის ძიება მარი წერეთელმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც, როგორც იტყვიან, „დიდ ჟურნალისტიკაში შედგა ფეხი“. 1978 წელს ახალკურსდამთავრებული ჟურნალისტი, თავისივე პედაგოგების რეკომენდაციით, პრაქტიკაზე საქართველოს ტელევიზიაში აღმოჩნდა და სატელევიზიო გადაცემების მომზადებაში აქტიურად ჩაერთო. კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტიკით, ამბობს, რომ ეს პროფესია გააზრებულად აირჩია, რადგან გრძნობდა მის განსხვავებულობას, უყვარდა წერა და ისიც იცოდა, რომ არც მიზნის მიღწევა იქნებოდა იოლი: „ახალგაზრდობისას ჟურნალისტიკის მიმართ ერთგვარი რომანტიკული დამოკიდებულებაც მქონდა, მომწონდა ყოველივე ის, რასაც იდეაში გულისხმობს ეს პროფესია, მახსოვს, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დინო რიზის ფილმმა „ჟურნალისტი რომიდან“, რომელშიც ცნობილი იტალიელი მსახიობი ალბერტო სორდი განასახიერებს პრინციპებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლ ჟურნალისტს. თავიდანვე მხიბლავდა მასალაზე მუშაობის ცოცხალი პროცესი და ადამიანებთან ურთიერთობა – ჩემთვის ეს ერთფეროვანი ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იყო. ჩემს სტუდენტებს ახლაც ვეუბნები, რომ ჟურნალისტის პროფესიას, მეტწილად, ირჩევს ალბათ ის, ვისაც სხვა პროფესიების წარმოდგენისას მოწყენილობა ეუფლება და რაღაც განსხვავებულს ეძიებს. თუნდაც იმასაც თავისი ხიბლი აქვს, რომ ჟურნალისტი არანორმირებულ რეჟიმში ცხოვრობს – როდესაც სხვები ისვენებენ, სწორედ მაშინ იგი წარმოუდგენელი დატვირთვით მუშაობს. საზოგადოების ინფორმირება და უმნიშვნელოვანესი მოვლენების სწორად წარმოჩენა უთუოდ საპატიო მისიაა...
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის საუკეთესო იყო. მადლიერებით ვიხსენებ ჩემს პედაგოგებს, განსაკუთრებით ბატონ ნოდარ ტაბიძეს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ სტანდარტული აზროვნებისა და საბჭოთა კლიშეებისგან დაგვეღწია თავი და მუდამ გვაზიარებდა ჟურნალისტისათვის მთავარ ღირებულებებს. შემდგომ, ჟურნალისტიკაში მუშაობისას, ცხადია, ვცდლობდი – მეც ამ პრინციპებით მეხელმძღვანელა“, – აღნიშნავს მარი წერეთელი.
მოარულ ფრაზას, რომ „ყოველი ეპოქა საკუთარ ჟურნალისტიკას ქმნის“, პროფესორი ასე განმარტავს: „ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტიკაში განმსაზღვრელია დროის ფაქტორი, ამიტომაც, ჟურნალისტისათვის დროისა და სიახლის შეგრძნება უმნიშვნელოვანესია, თუკი მას სურს მუდმივად თანამედროვე მედიასივრცეში დარჩენა და დამკვიდრება“. როგორც აღნიშნავს, ჟურნალისტიკა ყველაზე უკეთ პრაქტიკული მუშაობით ისწავლება და მისთვისაც ასე მოხდა, როცა, 1978-1992 წლებში ტელე-რადიო დეპარტამენტში მისვლის პირველი დღეებიდან, მუშაობა დაიწყო რადიოს ლიტერატურულ-მხატვრულ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად, პასუხისმგებელ მდივნად, ასევე, გადაცემათა ავტორად და წამყვანად.
„ჩემთვის ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი. უთუოდ გამიმართლა, რომ მოვხვდი ამ დიდი ტრადიციებითა და კარგი ჟურნალისტებით გამორჩეულ რედაქციაში. Kკონკრეტული სფეროც – კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება პროფესიული და ინტელექტუალური ზრდის, სპეციალიზაციის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა. მიუხედავად შესუსტებული, თუმც მაინც არსებული საბჭოთა იდეოლოგიის გავლენისა და წნეხისა, ვეძებდით ალტერნატიულ გზებს, ვამზადებდით ახალ გადაცემებს, რათა ლიტერატურისა და, ზოგადად, ხელოვნების მეშვეობით შეგვექმნა ერთგვარი თავისუფალი სივრცე, რომლის საშუალებითაც შევძლებდით მსმენელამდე სათქმელის მიტანას. მოგეხსენებათ, ეს „ენთუზიაზმის ეპოქა“ იყო, ვეძებდით სიახლეებს, ხშირად გავდიოდით რედაქციიდან, ვხვდებოდით საინტერესო ადამიანებს. თავადვე ვიყავით რედაქტორებიც და გადაცემების წამყვანებიც. ბედნიერება იყო ისიც, რომ უშუალო და მუდმივი ურთიერთობები გვქონდა ქართველ მწერლებთან, ლიტერატორებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან. მახსოვს, რომ ჩემი პირველი გადაცემა პოეტ მორის ფოცხიშვილს ეძღვნებოდა. ძნელია, ჩამოვთვალო წლების განმავლობაში მომზადებული გადაცემები, მაგრამ ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის უთუოდ რთული დავალება იყო ჭაბუა ამირეჯიბის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ გადაცემაზე მუშაობა, რომლისთვისაც, როგორც მახსოვს, ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი, ვიდრე, მწერალს ინტერვიუსათვის შევხვდებოდი. ეს გადაცემა დაცულია „იშვიათ ჩანაწერთა ფონდში“, სცენარი კი დღემდე მაქვს შენახული. AAგადაცემათა პარალელურად ჩანაწერები მზადდებოდა ე.წ. ოქროს ფონდისათვის. პირადად ჩამიწერია ქართული მწერლობის კლასიკოსები: ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე (სხვათა შორის, ქალბატონ ანას დიდად არ უყვარდა მიკროფონთან საუბარი. ამიტომ, ჯერ ლექსების ჩაწერაზე დავიყოლიებდი ხოლმე, შემდეგ კი ვსაუბრობდით და, ბოლოს, როცა კმაყოფილი რჩებოდა, ინტერვიუს ეთერში გაშვებაზეც მთანხმდებოდა), ბესიკ ხარანაული, რეჟისორები თენგიზ აბულაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე და მრავალი სხვა. ამ რედაქციაში ჟურნალისტის საქმიანობა მრავალმხრივი იყო.… გარდა იმისა, რომ ვაშუქებდით ლიტერატურისა და ხელოვნების სიახლეებს, წარმოვაჩენდით არაერთ ხელოვანს. Mმაგალითად, ჩემი საავტორო პორტრეტები მიეძღვნა ლადო გუდიაშვილს, ლევან გოთუას, რაჟდენ გვეტაძეს, ტელეგადაცემა – გიორგი შატბერაშვილს და სხვ. გარდა ამისა, ვიწვევდით ახალგაზრდა ავტორებს, ვაწყობდით ახალი ნაწარმოებებისა და ახალი თარგმანების რადიო პრეზენტაციებს. არც პატარ-პატარა ექსპერიმენტებს ვერიდებოდით, სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ვაშუქებდით და, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდით „ჩარჩოების“ გარღვევას.
უკვე გამოცდილი ჟურნალისტისთვის 80-90-იანი წლები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. „ქვეყანაში „გარდაქმნის“ სახელდებით მომხდარი პოლიტიკური ძვრები და პერიპეტიები გადაცემებშიც აისახა და დადგა „ნამდვილი ჟურნალისტიკის“ ხანა. რედაქციას შეემატნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებთან ერთადაც თვისებრივად ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენთვის“, – იხსენებს მარი წერეთელი.
„ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაცემა იყო დიალოგი ბ-ნ აკაკი ბაქრაძესთან, რომელშიც, შეიძლება ითქვას, რომ პირველად გადაფასდა ცალკეული ღირებულებები. ვრცელ დიალოგში პირველად შევთავაზეთ მსმენელს ახალი ხედვები, რასაც მანამდე აკაკი ბაქრაძე თავისი ცნობილი ლექციებითა და წიგნებით მუდმივად აკეთებდა, მაგრამ ახლა უკვე მასობრივი მსმენელისთვის საუბარი შეეხო მხატვრული ნაწარმოების წაკითხვის კვაზიმეთოდს – ე.წ. სოცრეალიზმს, განათლების თემას, იმდროისათის უეჭველ სიახლეს – კომპიუტერიზაციის აუცილებლობას და მრავალ სხვა თემას. Aაქვე დავძენ, რომ ეს დიალოგი, „ცისკრის“ მაშინდელი რედაქტორის, ბ-ნ ჯანსუღ ღვინჯილიას თხოვნით, ჟურნალშიც დაიბეჭდა და ასე დაიწყო ჩვენთვის ძალზე აქტიური პერიოდი. მოგვიანებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების კვალდაკვალ, ჩვენი ინიციატივით შევქმენით პროგრამა – „დროება“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა“, – ამბობს მარი წერეთელი და გვიყვება: „ეს იყო სრულიად ახალი ეტაპი ჩემს საქმიანობაში.E Aარ შეგვეძლო, არ აგვესახა ყველაფერი ის, რაც ხდებოდა ე.წ. საჯაროობის პერიოდში და მიზანს დიდი ძალისხმევითა და ბრძოლით ვაღწევდით. Aასევე, ვცდილობდით ქართულ კულტურულ სივრცეში „დაგვებრუნებინა“ აქამდე აკრძალული და მიჩქმალული მწერლები თუ მოღვაწეები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძე (რომლის ჩანაწერიც „დროების“ პირველივე გამოშვებაში გადავეცით), მიხაკო წერეთელი და ქართული ემიგრაციის სხვა ცნობილი მოღვაწეები. „დროება“ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. ეთერს ვუთმობდით ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს. პირველად ჩაიწერა ზვიად გამსახურდიას ლექსები, მის მიერ თსუ-ში წაკითხული ლექცია და მასთან ინტერვიუ. Aასევე, აქტიურად წარმოვაჩენდით 9 აპრილის წინარე მოვლენებს, სასაუბროდ ვიწვევდით იმ ადამიანებს, ვისი აზრიც საინტერესო იყო საზოგადოებისთვის და ვცდილობდით პრობლემების გაანალიზებას. ჟურნალისტისათვის უსაზღვრო ენერგიას იძლეოდა შექმნილი ვითარება და პროფესიის მიმართაც ბევრად აზარტული დამოკიდებულება გაჩნდა. ცხადია, არსებული პოლიტიკური რეალობა საფრთხეების შემცველიც იყო, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა სინამდვილეში გვიწევდა პროფესიული საქმიანობა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გვაძლიერებდა ადამიანების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, ჟურნალისტიკის მიმართ მათი ინტერესის ზრდაც. ზოგადად, რომ შევაჯამოთ, ამ პერიოდის ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელია ახალი ნარატივები, რაც, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ანტიკომუნისტური დისკურსით გამოიხატა. ყოველივე ეს გახლდათ ე.წ. „გლასნოსტის“ ჟურნალისტიკის დროის ნიშანი. DAაქვე უნდა დავძინო, რომ „დროება“ არასდროს იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი გადაცემა. ის უფრო იდეურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული და მაქსიმალურად ასახავდა იმჟამინდელ საზოგადოებრივ პროცესებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ 1990 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და, ასევე, პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, „დროება“ წლის საუკეთესო გადაცემად გამოცხადდა და ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყეთ“, – აცხადებს მარი წერეთელი.


სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები

პრაქტიკული ჟურნალისტიკის პარალელურად, მარი წერეთელს სამეცნიერო საქმიანობა არასდროს მიუტოვებია. მან 1985 წელს დაიცვა დისერტაცია შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში. მისი საკვლევი თემა იყო თვალსაჩინო პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ნიკო ავალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. 
1993 წელს მარი წერეთელმა თსუ-ის ახალციხის ფილიალში დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. „მიუხედავად რთული დროისა, იქ არსებული მძიმე პირობებისა და ზამთრის სუსხიანი კლიმატისა, დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ წლებს. ხანდახან, ახალციხისკენ მიმავალ გზას თსუ-ის II კორპუსის ეზოდან მხოლოდ ჩვენი პატარა ავტობუსი შეუყვებოდა ხოლმე და, წარმოიდგინეთ, რომ თითქმის მთელ გზაზე არ მოძრაობდა არანაირი ტრანსპორტი. მე და ჩემი მეგობრები დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ ამ საქმეს, რადგან მიგვაჩნდა, რომ მესხეთში უნივერსიტეტის არსებობა უმნიშვნელოვანესი იყო. ხუთი წელი ვხელმძღვანელობდი იქ ჟურნალისტიკის მიმართულებას, კვირაში ორი დღე დიდი დატვირთვით ვკითხულობდი ლექციას, ხშირად გაყინულ აუდიტორიებშიც, მაგრამ ეს რეგიონი უნივერსიტეტმა მართლაც დიდად გამოაცოცხლა. ახალციხეში სტუდენტები სამცხე-ჯავახეთიდან, ქართლიდან და დასავლეთ საქართველოდან ჩამოდიოდნენ. სწავლობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც და ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა“, – იხსენებს მარი წერეთელი.
ახალციხის უნივერსიტეტში ხუთწლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ, 1996 წელს, ნოდარ ტაბიძის მოწვევით, უკვე გამოცდილი პედაგოგი საქმიანობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც დღემდე მუშაობს და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში.
„დღეს აქტუალურია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მდიდარი და მრავალმხრივი ჟურნალისტიკის შესწავლა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის კვლევის გარკვეული გამოცდილება გვაქვს 2015 წლის თსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი პროექტიდან – „1918-1921 წლების პლურალისტური მედიის სტრატეგიები“. კვლევის მოტივაციას აძლიერებს ის მზარდი ინტერესი, რომელსაც ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეები იჩენენ ამ პერიოდის მიმართ, რომლის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართული პლურალისტური პრესა. ამ ინტერესის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ამერიკულმა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებულმა ჟურნალმა („International Relations and Diplomacy“), მისივე ინიციატივით, 2016 წელს ჩემი და მანანა შამილიშვილის ავტორობით გამოაქვეყნა კვლევის შედეგების ერთი მონაკვეთი, – „ლიბერალურ ღირებულებათა რეფლექსია 1918-1921 წლების პარტიულ პრესაში“. განზრახული გვაქვს, ასევე მაღალრეიტინგულ საერთაშორისო რეფერირებულ გამოცემაში დავბეჭდოთ კვლევის შემდეგი მონაკვეთი – „საქართველოს რეგიონული კონფლიქტების გენეზისის გააზრება 1918-1921 წლების პარტიული პრესის რაკურსში“. 
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერი, 2017 წელს, მკვლევრის სტატუსით მონაწილეობს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილ პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მედიადისკურსის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და გენდერული ასპექტები (ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი). დაგეგმილია, რომ მკვლევართა თანაავტორობით მომზადდეს მონოგრაფია – „1918-1921 წლების პლურალისტური მედიის სტრატეგიები“.
Mმეცნიერი ჩართულია, ასევე, თსუ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის – „1918-1921 წლების ენციკლოპედიური ლექსიკონის“ მომზადებაში (ხელმძღვანელი დ. შველიძე), რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნება: „უნდა აღინიშნოს, რომ, პრაქტიკულად, შეუსწავლელია საენციკლოპედიო მასალის ჟურნალისტური ნაწილი – 1918-1921 წლების პრესა. შერჩეული 52 პერიოდული გამოცემიდან მოვიძიე და შევისწავლე 26 ჟურნალი და გაზეთი, რომელთა შესახებაც დავწერე საენციკლოპედიო სტატიები. დასახელებულ პერიოდულ გამოცემებზე მუშაობა ამით არ შემოიფარგლება – განზრახული გვაქვს, რომ მოკვლეული და დამუშავებული მასალა სხვადასხვა ასპექტით აისახოს თანაავტორობით მომზადებულ მონოგრაფიაში – „1918-1921 წლების პერიოდული გამოცემები“, – ამბობს მარი წერეთელი. 
„ჩემთვის დიდი პატივია მუშაობა ილია ჭავჭავაძის პერსონალურ ენციკლოპედიაზე, რომლის შედგენაში 2007 წლიდან ჩავერთე ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ენციკლოპედიები მთელ მსოფლიოში (გავიხსენოთ ჰაინეს, გოეთეს, შექსპირის, ლერმონტოვისა და სხვა ავტორთა ენციკლოპედიები), ცხადი გახდება ამ გამოცემის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების – ილია ჭავჭავაძის შემოქმედების და ღვაწლის ამსახველი ნაშრომი, არამედ იგი მოიცავს მრავალმხრივ მნიშვნელოვან ეპოქას – პერიოდს 1837 წლიდან 1907 წლამდე. მოსაძიებელი, გამოსაკვლევი, შესასწავლი იყო ამ პერიოდის ბევრი პერსონა, პერიოდული გამოცემა, ტექსტები და სხვ. არსებითად, უშუალოდ პირველწყაროებიდან დადგინდა დიდძალი მონაცემი, ვინაიდან სამეცნიერო-საცნობარო ლიტერატურა, მათ შორის, „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“, მეტწილად, იდეოლოგიზირებულია და საჭიროებს გადაფასებას. 2010 წელს დაიბეჭდა პროექტის პირველი წიგნი – „სიტყვანი“. 2011 წლიდან ვმუშაობთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე წიგნზე – „ილია ჭავჭავაძის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რომელიც მალე დასრულდება და მიეძღვნება მწერლის დაბადების 180 წლისთავს და გამოიცემა 2017 წელს“.
„ერთ-ერთი საინტერესო კვლევითი მიმართულებაა საბჭოთა სივრციდან განდევნილი ემიგრანტული ჟურნალისტიკის კვლევა. ამ მიზნით შევისწავლე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი მესაძირკვლისა და არა ერთი პერიოდული გამოცემის რედაქტორის, ცნობილი პუბლიცისტის სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით პარიზში გამოცემული ემიგრანტული ჟურნალი „სახალხო საქმე“, რომლის კვლევის შედეგებიც აისახა სტატიაში „საბჭოეთი „სახალხო საქმის“ პოლიტიკური პუბლიცისტიკის ფოკუსში“. სტატია 2016 წელს დაიბეჭდა Cambridge Scholars Publishing-ის მიერ გამოცემულ კრებულში „ლიტერატურა დევნილობაში: ემიგრანტების მწერლობა (მე-20 საუკუნის გამოცდილება). მომავალში განზრახული მაქვს კვლავაც ვიკვლიო, სამწუხაროდ, ჯერაც რეპრესირებულის სტატუსის მქონე მოღვაწის, სამსონ ფირცხალავას შეუსწავლელი ემიგრანტული ჟურნალისტური მემკვიდრეობა, რომელიც, საბოლოოდ, აისახება ამ თვალსაჩინო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ღვაწლისა და ჟურნალისტური თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის ამსახველ მონოგრაფიაში.
ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია ისეთ კვლევით მიმართულებაზე მუშაობა, როგორიც არის „ევროპული ღირებულებები და ქართული ჟურნალისტიკა“, რომლის მიზანია, შევისწავლოთ – თუ როგორ ვითარდებოდა ქართული ჟურნალისტიკა ბუნებრივი გზით საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე; როგორ გამოიხატა ქართული საინფორმაციო სივრცის ევროპული ვექტორი და დომინანტური ღირებულებები იდეურ-მსოფლმხედველობრივად პოლარიზებულ და წინააღმდეგობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ კულტურულ გარემოში; როგორ აისახებოდა ევროპეიზმი ქართული პრესის საუკეთესო ნიმუშებში თუ თვალსაჩინო ავტორთა ნააზრევში. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა ასპექტით (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) შევისწავლოთ ეს საკითხი და, პოსტსაბჭოთა პერიოდის ჩათვლით, გავაფართოოთ საკვლევი არეალი.
საკვლევ პრობლემათაგან ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჟურნალისტური მედიატექსტის შესწავლა ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში. გვაქვს ტოტალიტარული პერიოდის მედიატექსტების კვლევის გამოცდილება, კერძოდ, ჩვენი სტატია „აკაკი ბაქარაძის პოლიტიკური კონცეფციის ორიენტირები“ დაიბეჭდა 2011 წელს Cambridge Scholars Publishing-ის მიერ გამოცემულ კრებულში „Totalitarianism and Literary Discourse. 20th Century Experience“. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის კვლავაც საინტერესოა როგორც ტოტალიტარიზმის, ასევე პოსტტოტალიტარული და თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქის კონტექსტუალური კვლევა, ისტორიულ-შედარებითი მეთოდით (კომპარატივიზმით), რაც, ჩვენი აზრით, შესაძლებელს ხდის, განვსაზღვროთ ქართული მედიატექსტების მიმართება მსოფლიოს პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან.
Yყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები, გარკვეულწილად, უნდა აისახოს სასწავლო სახელმძღვანელოებში. ჩვენთვის ერთ-ერთი ასეთი უახლოესი გამოწვევაა სახელმძღვანელო – „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი“, როგორც თსუ-ის ონლაინ-სახელმძღვანელოების კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული პროექტისა, რომელიც მომზადდება თანამედროვე აპრობირებული მეთოდოლოგიით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების ერთგვარი შეჯერების პრინციპით. ჩემი და პროფესორ მანანა შამილიშვილის სახელმძღვანელო უახლოეს მომავალში დასრულდება“, – ამბობს მარი წერეთელი.


ჟურნალისტიკის თამაშის წესები

„ჩემთვის საუნივერსიტეტო-პედაგოგიური საქმიანობა, ერთგვარად, შემოქმედებითი პროცესი და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებაც არის. საგანი – „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი“ – პირველ კურსზე იკითხება და მას სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ისმენენ. ასევე, ბაკალავრიატში ვკითხულობ სალექციო კურსს „ანალიზისა და მოსაზრების წერა“ (რაც, პრაქტიკულად, „ანალიტიკური ჟურნალისტიკაა“) და მაგისტრატურაში – „ქართული მედიის კრიტიკულ ანალიზს“. ვცდილობ, სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისად მივაწოდო დაგროვილი სამეცნიერო ცოდნა და გავუზიარო მათ როგორც ქართული ჟურნალისტიკის საუკეთესო ტრადიციები, ასევე, დასავლური და საერთაშორისო ჟურნალისტიკის საუკეთესო გამოცდილება. ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა შესაბამისი ხარისხიანი ლიტერატურა, მით უფრო ქართული, ორიგინალური სახელმძღვანელოები, რასაც უთუოდ წაახალისებს ჩვენს ფაკულტეტზე შემოღებული სახელმძღვანელოების კონკურსი.
რთულია სტუდენტთან მუშაობა. იგი, უწინარეს ყოვლისა, ინდივიდია, რომელიც ლექტორისგან ბევრს მოელის. სტუდენტთა ესოდენ დიდ ნაკადში, შესაძლოა, იოლად ვერც დაინახო მისი შესაძლებლობები, არადა, ჟურნალისტიკის სწავლების პროცესში ეს აუცილებელია. ამიტომაც, ვცდილობ (თუმც არ ვიცი, ყოველთვის გამომდის თუ არა), უფრო ახლოს გავიცნო ისინი და დავეხმარო მათ – მაქსიმალურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
ახალბედა ჟურნალისტის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს პროფესიონალად ქცევა. პროფესიონალიზმი კი მოაქვს გამოცდილებას, ჟურნალისტიკის საბაზისო და სავალდებულო წესებისა თუ დებულებების ცოდნას. ცოდნის დაუფლება იწყება სასწავლო პროცესში, ხოლო, დაოსტატების პროცესი შედარებით ხანგრძლივია. ყველა ახალგაზრდა, რომელიც ირჩევს ჟურნალისტიკას, უნდა აცნობიერებდეს, რომ საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი პროფესია აირჩია. უთუოდ უნდა შეიცვალოს მასზე გაიოლებული წარმოდგენები, მხოლოდ ოდენ „მიკროფონის ტარებით“ რომ შემოიფარგლება. სტუდენტისგან გასააზრებელია, რომ მას მოეთხოვება წიგნიერება, ზოგადი საბაზისო განათლება, კონკრეტულ სფეროებში გარკვეულობა – ჩაღრმავება და კვალიფიციურად წარმოჩენა.
დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა. ჩვენს საბაკალავრო პროგრამაში Bბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, მაგალითად, სავალდებულო გახდა პრაქტიკული კურსები, დაემატა ახალი საგნები, თუმც, რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა სალექციო კურსების მოდიფიკაცია, საჭიროა ჟურნალისტიკის თანამედროვე ამოცანებთან მუდმივი მისადაგება და პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული სწავლება. საზოგადოება ხშირად კრიტიკულია ჟურნალისტების მიმართ, ყოველთვის სასწავლო პროცესს ვერ დავაბრალებთ არსებულ ნაკლს, არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებობდეს ნორმალური მედია-გარემო, სადაც დასჭირდებათ ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტები და ასეთები არც თუ ცოტანი არიან. მთავარია, მოხვდნენ ისინი მედიაარხებზე, რათა შეძლონ საკუთარი უნარების რეალიზება. სამწუხაროდ, ამას ყოველთვის ვერ ახერხებენ, რადგან, დიდწილად, მედიაორგანიზაციებს საკუთარი კომერციული ინტერესები აქვთ, რასაც ხშირად ემსხვერპლება ხოლმე ჟურნალისტიკის ნამდვილი ამოცანები“, – აცხადებს მარი წერეთელი.
ამ და სხვა სერიოზული საკითხების გარდა, მარი წერეთელს შეუძლია სტუდენტებთან სხვა, უფრო სახალისო და საინტერესო თემებზეც ისაუბროს, მაგალითად, ფეხბურთსა და კალათბურთზე, რომელიც მას დიდ განტვირთვად მიაჩნია. „ძველი მელომანი“ მუსიკასა და ფილმებზეც სიამოვნებით გაგიზიარებთ თავის აზრს... ბოლო კითხვაზე კი, რა არის უმთავრესი ჟურნალისტისთვის, დაუფიქრებლად პასუხობს: პატიოსნება და პრინციპულობა, მხოლოდ და აქედან გამომდინარე მიიღწევა პროფესიონალიზმი“. დიდი განმარტება და მიხვედრილობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ეს მან თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე საკუთარი მაგალითით დაადასტურა.

ვრცლად

მერაბ კოკოჩაშვილი: აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რომ ის გა­ან­გრიო და რო­ცა მას ან­გრევ, ესაა ბედ­ნი­ე­რე­ბა

21 მარტს ცნობილ რეჟისორს, საზოგადო მოღვაწესა და პროფესორს მერაბ კოკოჩაშვილს 82 წელი შეუსრულდა. მერაბ კოკოჩაშვილზე ახალი რა უნდა თქვა – მასზე დაწერილა – როგორც დიდ რეჟისორსა და დიდებულ ადამიანზე, როგორც ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირ შთამომავალზე, როგორც დიდებულ პიროვნებასა და მასწავლებელზე... თუმცა მასთან შეხვედრა იმდენად გავსებს თავისი სისადავითა და უბრალოებით, ამბებითა და მოგონებებით, გგონია, რომ პირველად ისმენ უკვე მოსმენილსა და წაკითხულს.


როგორ გაიზარდა ისე, რომ არ გაბოროტებულა

ოჯახზე საუბრისას მის ხმაში ერთნაირად გამოსჭვივის სიამაყეც, სევდაც და წინაპართა მიმართ პატივისცემაც. 
დედა – მარინე ჯორჯაძე – ქართველ რომანტიკოსთა ბრწყინვალე წარმომადგენლის – ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი გახლდათ. მამა – შთამომავალი ქუთაისელი კოკოჩაშვილებისა, რომელთაც პირველი აფთიაქი გაუხსნიათ ქალაქში და მიტროფანე ლაღიძისთვისაც დაულოცავთ სავალი გზა. პროფესიით ორივე მუსიკოსი ყოფილა და, ალბათ, წარმატებული მომავალიც ექნებოდათ, რომ არა საბჭოთა რეჟიმის პათოლოგიური სიძულვილი არისტოკრატიისა და განათლებული ადამიანებისადმი. გასული საუკუნის 30-იანმა წლებმა მათი ცხოვრება სხვადასხვა გზით წაიყვანა.
დედამ გაზარდა. მამა, როგორც „ხალხის მტერი“, იმ ტალღამ ჩაიყოლია, რომელმაც რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მუსიკოსი ევგენი მიქელაძე იმსხვერპლა. ახლა, როცა ამდენი წელი ადევს მხრებზე, ბატონ მერაბს დედის სიმამაცე და კეთილშობილება უკვირს – როგორ გაზარდა ისე, რომ არ გაბოროტებულიყო: „გარკვეულ დრომდე დედა არ მეუბნებოდა, რომ მამა რეპრესირებული იყო. თავად კი ვხვდებოდი, ხალხის დამოკიდებულებამ მიმახვედრა, მაგრამ დედას ვუმალავდი. დაახლოებით 13 წლისა ვიყავი, როცა თავად დამსვა და მიამბო, რა უბედურებაც გადახდა თავს ჩვენს ოჯახს. მაშინ გავიგე, რას განიცდიდა იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიამბო, როგორ გავიდა მამის სანახავად 1937 წლის იმ ავბედით დღეს სადგურში, საიდანაც გადასახლებულები სატვირთო ეშელონებით გადაჰყავდათ და როგორ ვერ მოახერხა უკანასკნელად მაინც შეევლო თვალი საყვარელი ადამიანისთვის“, – ამბობს ბატონი მერაბი.
კოკოჩაშვილების ოჯახის გვერდით ცხოვრობდა გენიალური მსახიობი უშანგი ჩხეიძე, სადაც ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის ვერიკო ანჯაფარიძე და მერი დავითაშვილი. ალბათ მათი რეკომენდაციით მოხვდა 6 წლის მერაბი კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ გადასაღებ მოედანზე – მან პაატას (პატარაობაში) როლი შეასრულა (ალბათ ყველას გვახსოვს ეპიზოდი, როცა სააკაძე თავადაზნაურობას ისრების მაგალითზე უჩვენებს ერთიანობის აუცილებლობას). შემდგომ მოგონებებში ბატონი მერაბი იხსენებდა, რომ სადღაც ყური მოჰკრა – „პაატას თავი უნდა მოჭრანო“ და ეს გადაღებები მისთვის ცოტა ხანი კოშმარადაც იქცა, სანამ კარგად არ დარწმუნდა, რომ მის თავს საფრთხე არ ელოდა. არავინ იცის, შესაძლოა, ქვეშეცნეულად, სწორედ მაშინ „დაავადდა“ კინოს დიდებულებით... თუმცა, ვიდრე მას მიუახლოვდებოდა, კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ხელოვნებაში დამკვიდრებისა: „კარგი კლასი მყავდა – ჩემი ოთხი კლასელი რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა, ერთი – ლომერ ახვლედიანი – ლენინური პრემიის ლაურეატი (მაშინ ეს ყველაზე დიდი ჯილდო გახლდათ). ასევე ჩემს კლასში სწავლობდა კანდიდ ჩარკვიანის უფროსი ვაჟი – მერაბი, და ალბათ, ამიტომ განსაკუთრებულად „გვივლიდნენ“. კლასში სადაც ვსწავლობდი, ძალიან ბევრი საბჭოთა ლიდერის ფოტო ეკიდა. მეორე კლასში ვიყავით, როცა დაგვავალეს, რომ ლექსი დაგვეწერა. მე ბერიაზე დავწერე. საღამოს დედა გვიან მოდიოდა ხოლმე, ორ ადგილზე მუშაობდა და იმდენად მიხაროდა ლექსი რომ დავწერე, გვიანობამდე არ დავიძინე, დაველოდე. როგორც კი დედა შემოვიდა, მივახარე – ლექსი დავწერე-მეთქი... წაიკითხა, შემომხედა და მკაცრად მითხრა: არ გავიგო, მეორედ ლექსი დაწეროო. ასე დასრულდა ჩემი გაპოეტების მცდელობა...“ ამბობს ღიმილით და იხსენებს, რომ, დედას ძალიან სურდა მამის გზას გაჰყოლოდა: „მისი ნაქონი ვიოლინოც კი მომცა, მაგრამ ჭირივით მეზარებოდა მეცადინეობა და მეოთხე კლასში რომ ჩავრჩი, მითხრა – კისერიც გიტეხია, რაც გინდა ის გააკეთეო... ჰოდა გავაკეთე – კინო ავირჩიე“, – ამბობს იგი. 
ეს არჩევანი კი ბედნიერი დამთხვევა იყო.


პირველი ნაბიჯები კინორეჟისურაში

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 50-იან წლებში, კინოინდუსტრიაში დიდი ცვლილებების ხანა დაიწყო, რამაც ქართულ კინოზეც მოახდინა გავლენა. ამ დროს წარმოჩინდნენ სწორედ ახალგაზრდა რეჟისორები რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა და სხვები... ბატონი მერაბიც ამ თაობას მიეკუთვნება. ამბობს, რომ კინო მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პერიოდში ახალგაზრდობა სწორედ კინოფილმებით სულდგმულობდა და გაჩნდა შესაძლებლობა, კინოეკრანებზე წამოეწიათ ეროვნული ხასიათების მატარებელი გმირები და რეალობა, რომელიც აღარ იფარებოდა დავარცხნილი, გამოგონილი სამყაროთი. 
კითხვაზე, კონკრეტული სათქმელით მოვიდა თუ არა კინოში, თავმდაბლად პასუხობს, რომ არა – რადგან ჯერ იმდენად ახალგაზრდა იყო, ვერ აცნობიერებდა, სათქმელი ჰქონდა თუ უბრალოდ მოსწონდა... ან უყვარდა... 
რეჟისორი ხელოვნებას „ვგიკში“ (კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი მოსკოვში) დაეუფლა. ერთერთ საკურსო ნამუშევრად კი ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ აირჩია. 1960 წელს სწორედ ამ ფილმზე წერდა აკაკი ბაქრაძე: „თუ რეჟისორს შეუძლია ამა თუ იმ მხატვრულ ნაწარმოებში დამალული კინემატოგრაფიულობის აღმოჩენა, მაშინ თითქმის ყოველი ჭეშმარიტი (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ, რადგან ზოგჯერ ლიტერატურად მაკულატურა საღდება) ლიტერატურული ქმნილება ალაპარაკდება კინოს ენაზე. სტანდარტული კინემატოგრაფიულობის თვალსაზრისით, ვაჟას „ხმელი წიფელი“ არაკინემატოგრაფიული ნაწარმოებია, მაგრამ რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო იგი და კარგი ფილმი გამოვიდა“ (გაზეთი „თბილისი“, 26. 02.1960 წ.).
ეს იყო პირველი და წარმატებული ნაბიჯი, თუმცა ყველაფერი ასეთივე წარმატებით არ გაგრძელებულა...


წარუმატებლობა, რომელმაც წარმატება განაპირობა

1959 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა დიპლომისთვის მზადება დაიწყო და შეარჩია კიდეც მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა „მუსუსი“, მაგრამ სცენარი დაიწუნეს – მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნულია და მისი გმირები ისე არ იქცევიან, როგორც ქართველობას შეეფერებაო... თემაზე ფიქრის დრო აღარ რჩებოდა. მაშინ შესთავაზა თურმე რეზო თაბუკაშვილმა – ოთარ აბესაძე იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს „კარდაკარ“ (დავით კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძის“ მიხედვით), მე შევავსებ სცენარს და ორივემ ერთად გადაიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი, დიპლომის გარეშე მაინც არ დარჩებიო... დათანხმდა, გადაიღო, მაგრამ ფილმი წარუმატებელი გამოვიდა: „ეს ოთარის ფილმი უფრო იყო, ვიდრე – ჩემი. მე გვიან ჩავერთე გადაღებაში. სცენარის ხელოვნურად გაწელვამ და ფილმის გაჭიანურებამ გამოიწვია ის, რომ ფილმი ცუდი აღსაქმელი გახდა“, – ამბობს რეჟისორი და კითხვაზე, იმოქმედა თუ არა კრიტიკამ მასზე უარყოფითად, გულწრფელად პასუხობს – „ჩვენ თავადაც ვგრძნობდით, რომ ფილმს ხარვეზები ჰქონდა. ამიტომ შევამოკლეთ და დიპლომი ამ ფორმით დავიცავით. ამ ფილმს თავისი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა – მასში შესანიშნავი სამსახიობო გუნდი მონაწილეობდა – გრიგოლ ტყაბლაძე, სესილია თაყაიშვილი, გიგოლა თალაკვაძე, ნინო ჩხეიძე... ფილმზე მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა, ამდენად, არ ვფიქრობ, რომ მისი გადაღება შეცდომა იყო“.
აგრესიულად შეხვდნენ ასევე ფილმს „არდადეგები“, რომელიც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის – „სასაცილოს“ (და მისივე სცენარის) მიხედვითაა გადაღებული. ყველას გვახსოვს სრულიად უწყინარი ფილმი, რომელიც ქალაქელი ბავშვების ბებიასთან სტუმრობას ეხება და რომელშიც შესანიშნავი სახე შექმნა გოგი გეგეჭკორმა (პედანტი მამა, რომელსაც სურს შვილებიც ასე გაზარდოს). სწორედ ამ ფილმის გამო საყვედურებით აავსეს მერაბ კოკოჩაშვილი – ფილმში არ არის პიონერთა ორგანიზაცია, რომელიც მამისა და შვილების კონფლიქტში ჩაერეოდაო... 
დაახლოებით ორი წლის შემდეგ კინემატოგრაფიის მაღალ ეშელონებში სასიკეთო ძვრები მოხდა და „მიხას“ გადაღების საშუალებაც გაჩნდა. „კინოსტუდიაში მოვიდა ოთარ ქინქლაძე, რომელიც შემთხვევით შემხვდა და მკითხა, შენი სცენარი რომ დევს კინოსტუდიაში, რატომ არ იღებ? წადი და გადაიღეო, მითხრა... ასევე მისცეს უფლება ელდარ შენგელაიას, გადაეღო „მიქელა“ და გიორგი შენგელაიას და ბაადურ წულაძეს – „ჯილდო“ – იხსენებს ბატონი მერაბი და დასძენს, რომ „მიხა“ მის ფილმებში ყველაზე უფრო „სრულყოფილ და აწყობილ“ ფილმად მიაჩნია. ამასვე წერენ კრიტიკოსები სხვადასხვა გაზეთში. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ გურამ ასათიანის რეცენზია, რომელიც 1966 წელს გამოქვეყნდა. იგი წერს: „ჩემი ფიქრით, კოკოჩაშვილის ამ ფილმშიც, როგორც „არდადეგებში“, არის სოფლური ყოფა-ცხოვრების, ადამიანთა სადა ურთიერთდამოკიდებულების, ჯანმრთელი ზნეობის, მყარი ადათ-ჩვეულებების თავისებური აპოლოგია... ჩემთვის მთავარია, რომ მერაბ კოკოჩაშვილისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს თავისებური პოზიცია უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან ბიძგი მისცა რეჟისორს ნამდვილად საინტერესო, ცოცხალი სახეების შესაქმნელად“.

 

„დიდი მწვანე ველი“

მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედების მწვერვალად მაინც „დიდი მწვანე ველი“ მიიჩნევა – ფილმი, რომელიც ცივილიზაციათა კონფლიქტის მარადიულ დრამას ეხება. მისი გმირი – სოსანა თავისუფალი, საკუთარი სამყაროს მცველი ადამიანია, რომელიც გარემოცვასთან კონფლიქტში მარტო რჩება. ფილმი 1994 წელს პეზაროს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში, რომელიც კინოს საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა, ყველა დროისა და ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის აჩვენეს. „დიდი მწვანე ველი“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არსით, რომელიც არ იკარგება, რადგან დღესაც უყურებენ. ის პრობლემა, რომელიც იქ არის დასმული – ადამიანის და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება, ისეთი მუდმივი თემაა, რომელიც არ ძველდება. გარდა ამისა, ამ ფილმში შესანიშნავი მსახიობები დაკავდნენ – დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე“, – ამბობს ბატონი მერაბი. 
თუ არ ჩავთვლით საბჭოთა ნომენკლატურის კაპრიზებს, ამ ფილმს ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა ეკრანებზე გამოსვლისთანავე. მასზე წერდნენ: „ფილმის ავტორები არ ეძებენ იოლ გზებს, პრობლემების მარტივ გადაწყვეტას არ ესწრაფვიან. ისინი ფიქრობენ მთავარზე და არ ეშინიათ, რომ დასკვნა, შესაძლოა, არც ისეთი მარტივი იყოს, ფინალი, არც ისე ოპტიმისტური, ხოლო კონცეფცია, არც მთლად „გამართული“. ცხოვრება რთულ კითხვებს სვამს და თანამედროვენი ცდილობენ, მათ უპასუხონ... „დიდი მწვანე ველი“ კაცობრიობის ისტორიაში მრავალჯერ წარმოქმნილ სიტუაციაზე გვიამბობს. ფილმის ავტორები რაიმეს იდეალიზების გარეშე შეეცადნენ, გაეანალიზებინათ ისტორიის მსვლელობით დასაღუპად განწირული მსოფლაღქმის სისტემა და მასში აღმოაჩინეს ის, რაც არა მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს, არამედ ისიც, რასაც მიღება და გაფრთხილება სჭირდება. ეს არის უთუოდ ფილმის მთავარი ღირსება“ (რუსუდან თიკანაძე, 1978).
გამოარჩევდა თუ არა თავად რეჟისორი ამ ფილმს სხვებისგან, რადგან ის ყველაზე წარმატებულია? ამ კითხვაზე ბატონ მერაბს სხვაგვარი პასუხი აქვს: „რომ გითხრათ „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ ან „ნუცას სკოლა“ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, არ ვიქნები მართალი, ან ვთქვათ, დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიაზეა... რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდე მათში“.
რეჟისორი თუ გამორჩეული ხელწერისა არ არის, დროთა დინებას ვერც ის და ვერც მისი ფილმი უძლებს. მერაბ კოკოჩაშვილის ყველა ფილმი გამოირჩევა ერთგვარი ბუნებრიობით, სისადავითა და რეალობის შეგრძნებით. მასთან ერთმანეთში ისეა გადაჯაჭვული მხატვრულობა და რეალურობა, თითქოს ვერც კი არჩევ.. ცალკე თემაა მსახიობთა შერჩევის თავისებურება... ხომ არის ფილმები, რომელთა გმირებსაც, შესაძლოა, სხვა მსახიობმაც გაართვას თავი, აქ თითქოს სოსანა ერთია და მას, დოდო აბაშიძის გარდა, სხვა ვერ ითამაშებდა...
„მეც ასე ვფიქრობ და კინომცოდნეებიც წერენ ამის შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რეალობა და მათში მოცემული ასოციაციები. სიმბოლიკა და პოეტურობა რეალობიდან გამომდინარე პრინციპებია. მეც მეჩვენება, რომ მსახიობის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ და თუ რამეს წერენ ჩემი ფილმების შესახებ, აუცილებლად ახსენებენ მსახიობებს და მათ ხასიათებს. მე სწორედ მათი ხასიათების საშუალებით ვცდილობ, რაღაც ვთქვა, ამის გარეშე ვერ ვმუშაობ. გარდა ამისა, პარალელურად ვცდილობ, ფილმში გარკვეული პოეტიკაც იყოს. მაგალითად, „მიხაში“ არის კადრი, რომელშიც ორი ზვინი ერთდება... მე მინდა, რაც ჩემი სათქმელია, პოეტურ ხატად და სახედ დასრულდეს. თუ ვაღწევ, ხომ კარგი..“, – ამბობს რეჟისორი და გახსენდება „დიდი მწვანე ველის“ ერთი ეპიზოდი, რომელშიც სოსანა, რომელიც ერთდროულად კარგავს ოჯახს, შვილს, ცოლს და საყვარელ საქმეს, ფაქტობრივად, მხეცდება – აუპატიურებს ცოლს და მერე, როგორც პირუტყვი, ძროხებთან ერთად ჩაეყუდება წყლის დასალევად... ესეც სიმბოლოა – მარტოდ დარჩენილი, გამხეცებული ადამიანის სიმბოლო, რომელიც თითქოს მარცხდება ცივილიზაციასთან ბრძოლაში და ახალ ადგილს ეძებს იმ სიმშვიდის დასაბრუნებლად, რომელიც მას დიდ მწვანე ველზე ჰქონდა.

 

კონოდოკუმენტალისტიკა

ბოლო დროს უნივერსიტეტის საზოგადოებამ ნახა მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“, რომელიც უკვე ჩაიწერა დოკუმენტალისტიკის ისტორიაში. ფილმი, რომელშიც რეჟისორი თავად არის მთხრობელი, დადის, ეძებს მასალებს ივანე ჯავახიშვილზე და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გადმოგვცემს ყველა დეტალს, რაც კი უდიდესი ქართველი მოღვაწის შესახებ მოგვეპოვება... 
ეს მეთოდი აქვს მას გამოყენებული დოკუმენტურ ფილმში „გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. აქაც – ფილმის რეჟისორი თავად არის წამყვანი და მთხრობელი და „ამავე დროს შუამავალი მოზღვავებულ ინფორმაციასა და მაყურებელს შორის. ის ყოველთვის და ყველგან ფიგურირებს, როგორც კადრში, ასევე კადრს გარეთ... იგი ფილმში სხვის მითითებებს კი არ ასრულებს, თავად არის ავტორი და ამავე დროს ამ როლშიც გრძელდება მისთვის რეჟისორული თვითგამოხატვის პროცესი“) პაატა იაკაშვილი; „საკუთარი თავის ძიებაში“, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“; 1985 წ.).
თანამონაწილეობა დოკუმენტურ ფილმში ავტორის სტილია – მერაბ კოკოჩაშვილი მაყურებელს არ ატყუებს – აჩვენებს მას, რომ რეჟისორი და კამერა, რომელიც ასევე ხშირადაა ფილმის მონაწილე, კადრს მიღმა არ დგანან: „არასოდეს ვმალავ, რომ კამერა ფილმის მონაწილეა; არ ვმალავ, რომ თუ მე ვმონაწილეობ, თვითონაც უნდა ვჩანდე. ჩემთვის დოკუმენტური ფილმი, მხოლოდ დოკუმენტი და ქრონიკის ფიქსირება კი არ არის, ეს არის ავტორის ჩარევით გაკეთებული ფილმი. ვფიქრობ, რომ ასე უფრო მართალი ვარ. თითქოს ყველა ფილმი ასეა გადაღებული – მეც ვჩანვარ და მეც რაღაცას ვეძებ იმასთან ერთად, რასაც კამერა აფიქსირებს. ჯავახიშვილშიც ასეა – ჯავახიშვილის ცხოვრებას მე დავეძებ... „ღვინის აკვანში“ პირიქით, მე არა ვარ, მაგრამ კამერაა და გარდა ამისა, არიან ადამიანები, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ჯემალ ბაღაშვილი, რომლებიც ღვინის შესახებ გვესაუბრებიან“, – ასე ამართლებს „ჩარევას“ დოკუმენტურ ფილმებში რეჟისორი, რომლის ნამუშევრებიც მუდმივად ინტერესს ინარჩუნებს.

 

პედაგოგი

იგი ახლა ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს – ახალგაზრდობას გადასცემს იმ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში დააგროვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-კინო ხელოვნების ლაბორატორიას უდგას სათავეში. რომელი უფრო გადასწონის – რეჟისურა თუ პედაგოგობა, მერაბ კოკოჩაშვილისთვის ძნელი სათქმელია: „ორივე ავსებს ერთმანეთს... საქმე ისაა, რომ ახალგაზრდასთან ურთიერთობა არის ის, რაც შენ გკვებავს. ეს საუბრები არის არა მხოლოდ ლექცია და თეორიული საუბრები, არამედ ყოველთვის გადადის კონკრეტულ რეალობაში. აქედან გამომდინარე, ლექციები არის უწყვეტად ცოცხალი ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა თაობის ადამიანი“, – ამბობს იგი და სიამაყით ასახელებს იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს წარმატებით აგრძელებენ შემოქმედებით მუშაობას, მათ შორისაა იზი თითბერიძეც – მაგისტრანტი, რომელიც ამერიკაში სწავლობს და უკვე სამი ნამუშევრის ავტორია.
ქართულ და უცხოურ სასწავლო გარემოზე და ზოგადად კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე რეჟისორს თავისი მოსაზრება აქვს და არც მალავს, რომ თუ ეს საკითხი სახელმწიფომ პრიორიტეტად არ აქცია, ცოტა ხანში მხოლოდ ისტორიაღა დაგვრჩება თავმოსაწონებლად: „იქ დიდ თანხებსაც იძლევიან გადასაღებად და მოთხოვნაც დიდია“, სინანულით ამბობს ბატონი მერაბი და ცდილობს ცოტა მაინც ჩაგვახედოს პრობლემაში, რომლის წინაშეც ქართული კულტურა და კინემატოგრაფი დგას: „ძალიან საინტერესო თაობა მოდის, მაგრამ ბოლო დროს იკლო მათმა რიცხვმა, ვისაც კინო აინტერესებს. საქმე ისაა, რომ რთული პროფესიაა, მასში ფულის დაბანდება არავის უნდა და ახალგაზრდებსაც ნაკლებად სჯერათ იმისა, რომ ისწავლიან და მოახერხებენ გადაღებას. შარშან, მაგალითად, თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სარეჟისოროზე მიღება საერთოდ არ იყო. ახლა ამბობენ, რომ 4 წელიწადში ერთხელ უნდა მივიღოთ, რადგან ბევრი რეჟისორი დაგროვდაო. ჩემი აზრით, ქვეყანამ კულტურას უნდა მიხედოს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. უამრავი რამაა გასაკეთებელი და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებამისაქცევი. კინოსტუდია იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ ფილმებს იღებდეს, სხვა ამოცანა მას არ აქვს, მაგრამ სახელმწიფო ფულს არ გვაძლევს. ამიტომ ჩვენი ქონების საშუალებით უნდა ვიშოვოთ ფული, რომ გადავიღოთ. ეს სხვადასხვა გზით შეიძლება. მათ შორის, კინემატოგრაფიული საშუალებით ფულის შოვნის გზა არის იმ ფილმების ჩამოტანა და გაციფრულება, რომელიც მოსკოვის საცავებშია თავმოყრილი, რადგან საბჭოთა ფულით იყო გადაღებული. ეს რომ დავიბრუნოთ, სახელმწიფომ უნდა გაიღოს თანხა. 700 ფილმზეა ლაპარაკი (ფირზე გადაღებული). ეს არის ფილმები, რომელიც საზოგადოებამ უნდა ნახოს და ტელევიზიამ გამოიყენოს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ჩვენი კინოისტორია და ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს“.

 

რა არის ბედნიერება?

უყვარს თეატრი, მუსიკა და კითხვა. ახალგაზრდობაში მთებიც უყვარდა. ამბობს, პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი და კარგა ხანს გამყვა ალპინიზმის სიყვარულიო, შვილები ვერ გადმოიბირა – ორივე ქალიშვილი მუსიკოსია. მათ შორის ერთი ბელგიაში ცხოვრობს, მეორე – წინაპრების სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს წინანდალში.
კითხვაზე – ბედნიერია თუ არა, დაფიქრებით მპასუხობს: „ეს იმასთან არის დაკავშირებული, თუ გიყვარს ვინმე ან რამე და ისინი შენს გარშემო არიან. დილაობთ რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, ღმერთო როგორ მოახერხე ისე, რომ ის, რაც უბედურება იყო, ახალგაზრდა ასაკში ჩამომაშორე და ისეთი ურთიერთობები მაქვს, რომ, თითქოს, კარგად ვარ. არის თუ არა ეს ბედნიერება, თქვენ განსაზღვრეთ.
თუმცა ერთიც არის – როცა კარგად ხარ, ისე მშვიდდები, ვეღარ აკეთებ იმას, რაც ბრძოლით უნდა მოიპოვო. აუცილებლად უნდა გქონდეს წინააღმდეგობა, რომ ის გაანგრიო.
და როცა მას ანგრევ ესაა ბედნიერება...“.

ვრცლად

უნივერსიტეტელი თათია დოლიძის საკადრისი პასუხი გაეროს ტრიბუნიდან

24 წლის დიპლომატ თათია დოლიძეზე სულ ცოტა ხნის წინ არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი აღფრთოვანებით საუბრობდა და დადებითად აფასებდა მის გამოსვლას გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე.

თათია დოლიძის გამოსვლას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, რომელმაც ქართველ კოლეგებს მოუწოდა, სპეკულირების ნაცვლად, სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაკავებულიყვნენ. თათიამ რუსი კოლეგის გამოსვლას საკადრისი პასუხი გასცა და მას კიდევ ერთხელ შეახსენა კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების უფლებების დარღვევის ფაქტები. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომების ისტორიაში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც გაეროში საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელმა რუს დიპლომატს პასუხის გაცემა გაუბედა. პასუხის უფლება აქამდე საქართველოს ახალგაზრდობის არც ერთ წარმომადგენელს არ გამოუყენებია. სწორედ თათიას გამბედაობამ და ღირსეულმა პასუხმა აღაფრთოვანა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი და მისი მისამართით საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

თათია წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობას გაეროში (2016-2017 წელს). მას საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს - ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაიცვა მაგისტრის ხარისხი. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. სემესტრული თუ წლიური სასწავლო მობილობების ფარგლებში, სტუდენტად ირიცხებოდა ასევე ვილნიუსის (ლიტვა), მასარიკის (ჩეხეთი) და სიენას (იტალია) უნივერსიტეტებში. სხვადასხვა ეტაპზე საზღვარგარეთ თათიას სწავლა შესაძლებელი გახადა აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოპოვებულმა ერასმუს მუნდუსის, ფონდ „ღია საზოგადოებისა“ და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო სტიპენდიებმა. ფლობს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე, ევროპული და ქართული განათლების სისტემის შუქ-ჩრდილებზე, თავბრუდამხვევ კარიერასა და კონფლიქტების მოგვარებაში ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლსა და პერსპექტივაზე გვესაუბრება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე:

- სკოლის დამთავრების შემდეგ, არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეაჩერე. რატომ აირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო აღიარებაც აქვს და ეს კარგად გამოჩნდა ჩემი საზღვარგარეთ სწავლის დროს, სადაც თსუ-ის დიპლომი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე რომელიმე „მოდური“ კერძო სასწავლებლის.

ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ასეთი სტერეოტიპი: წარჩინებული მოსწავლეები თსუ-ში აგრძელებდნენ სწავლას. არ ვიცი, რამდენად იყო თსუ-ის ყველა სტუდენტი თავის დროზე საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ ის ნამდვილად ფაქტია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ბევრად მაღალი ქულები იყო საჭირო და ფაკულტეტის შიგნითაც, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად ტარდებოდა შიდა კონკურსი. მე, როგორც ტიპიური ბეჯითი მოსწავლე, ოქროსმედალოსანი და თან გამოწვევების მოყვარული, სხვაგან ვერსად ჩავაბარებდი. ოჯახის მოლოდინიც გამართლდა და 100% გრანტიც მოვიპოვე. ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი აღმოვჩნდი ფაკულტეტზე რეიტინგის მიხედვით, რის გამოც, მახსოვს, სტაციონარული კომპიუტერიც კი მაჩუქეს. შემდეგ, აკადემიური მოსწრების საფუძველზე, ყოველსემესტრულად პრეზიდენტის სტიპედიანტიც ვხდებოდი, რაც დამატებით სტუდენტურ შემოსავალს უდრიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და არასდროს მინანია.

- უნივერსიტეტის ახალი რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე ადმინისტრაციასთან ერთად თსუ-ის განვითარების ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდის. შენი აზრით, რა პრიორიტეტები უნდა დაისახოს თსუ-ის ადმინისტრაციამ, რომ მიზანს მივაღწიოთ?

- ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეცნიერების განვითარების მიმართულებით და ეს პროცესი საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა მიჰყავდეს. თსუ-ის მეცნიერები ციტირებული უნდა იყვნენ მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებში. ასეთი მეცნიერები მაღლა სწევენ უნივერსიტეტის რეიტინგს. მეცნიერების განვითარებისთვის ასევე საჭიროა ხელმისაწვდომობა გვქონდეს ყველა მნიშვნელოვან სამეცნიერო ბაზაზე, გვქონდეს კარგი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტები საჭირო მასალებს ადგილზე მოიძიებენ და არ მოუხდებათ ამ მიზეზით საზღვარგარეთის კვლევით ცენტრებში გამგზავრება... ასევე, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას მეტი ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი, რათა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს.

აუცილებელია მეტი კრიტიკული აზროვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში! სილაბუსებში საჭიროა შევიდეს მოთხოვნა კვლევით ნაშრომებზე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოცდებიც კი ჩაანაცვლოს სამეცნიერო ტიპის ნაშრომებმა (ე.წ. თერმ პაპერ, ფინალ პაპერ). სტუდენტებმა უნდა წერონ მეტი არგუმენტირებული ესსე და არა - წაკითხულის შინაარსი. აუცილებელია სტუდენტს განუვითარდეს მოხსენების გაკეთების უნარიც, ამიტომ სილაბუსში პრეზენტაციების ჩართვაც საჭიროა. რამდენიმე კურსზე საპილოტე ვერსიის სახით შეიძლება PBL-იც დაინერგოს... იდეა ბევრია, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ძალიან დიდ მოთხოვნებს საქართველოს უნივერსიტეტს ვერ დავუყენებთ. მთავარია, პრიორიტეტები სწორად დავსახოთ და დანარჩენს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.

- დასაქმების მხრივაც საკმაოდ აქტიური ხარ. ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ადგილობრივი განათლებით ნაკლებად არის შესაძლებელი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდე. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები მიღებული ცოდნის რეალიზებას და რა პრობლემებს ხედავ ამ მიმართულებით?

- საგანმანათლებლო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. დიპლომის ქონა სოციალურ-კულტურული აუცილებლობა უფროა, ვიდრე ადამიანის რეალური ცოდნის დამამტკიცებელი. ხშირ შემთხვევაში, ფურცლის უკან არაფერი დგას და, დამეთანხმებით, ფურცელი ადამიანის მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებს. თუ ახალგაზრდას არ აქვს წარჩინების დიპლომი და გამორჩეული კლასგარეშე აქტივობების ნუსხა, რთულია ენდო მის მიერ მოპოვებულ ხარისხს დღეს და ეს სამწუხარო რეალობაა. ამას მრავალი სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციური მიზეზი აქვს: ქართული რეალობაა ის, რომ ბევრი ახალგაზრდა უნივერსიტეტში მხოლოდ მშობლის ხათრით აბარებს ან იმიტომ, რომ დიპლომი ჰქონდეს, როგორც „სრულფასოვანი“ მოქალაქეობის საბუთი, ან თუნდაც „უდიპლომო სასიძოობისთვის“ თავის ასარიდებლად. ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იერარქიული სწავლების მეთოდია, სადაც ლექტორი ავტორიტეტია და ის ყოველთვის მართალია, მაშინ როცა სტუდენტების აზრით დიდად არავინ ინტერესდება, ესეც ქართული რეალობაა.

სწავლება არ არის მიმართული კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ და მხოლოდ დაზუთხული მასალის გადმოცემის უნარი ფასდება. ასეთ მიდგომას კი იქამდე მივყავართ, რომ, რაღაც ეტაპზე, სტუდენტი იწყებს სწავლას ნიშნისთვის და არა ცოდნისთვის.

თუ ახალგაზრდამ არაფორმალური განათლებით არ შეივსო ცოდნის ის დანაკლისი, რასაც ხარისხის მიღებისას აუცილებლად იგრძნობს, ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში მზა-პროდუქტის სახით „დამზადებულ“ მაგისტრანტებს, რომელთაც არც ერთი „ინგრედიენტი“ არ აკლიათ. სამწუხაროდ, აქ დღევანდელი უნივერსიტეტები ვერ აძლევენ „ნიჭსა გზა ფართოს“, მაშინ როცა ეს ნიჭი ნამდვილად არის და მას სწორი გზით განვითარება სჭირდება.

- რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში საკმაოდ ხმამაღალი გამოსვლა გქონდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხებოდა. გამოსვლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც უცხოელ, ისე ქართველ დიპლომატთა წრეებში. ამ ტრიბუნაზე სხვა ქართველი დიპლომატების გამოსვლაც გვახსოვს, მაგრამ ასეთი რეზონანსით - ნაკლებად. რამ განაპირობა ასეთი წარმატება?

- მე რიგით მე-5 ახალგაზრდობის წარმომადგენელი ვარ გაეროში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ პირველი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე ვინც ისაუბრა. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა არის იმის მიზეზი, რომ მაინცდამაინც ეს გამოსვლა გახდა ასეთი პოპულარული. ალბათ, გენო პეტრიაშვილის ადამიანურმა ისტორიამაც იქონია გავლენა. შეიძლება იმანაც, რომ მაღალი რანგის რუს დიპლომატს პასუხის გაცემა „გავუბედე”. გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლები სწორედ გამბედაობას მიქებდნენ. გაეროში შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე, ორ ენაზე მომზადებულმა სიტყვამ. ჩემი გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ფრანგი მოხელე იმდენად დაინტერესდა, რომ ახლა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამედიცინო დახმარების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ასევე მივიღე მიწვევები ფრანკოფონიის ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხილვადობისთვის ძალიან კარგი იქნება.

მაშინ, როცა მე სიტყვის ერთ ნაწილში ყურადღებას ვამახვილებდი საქართველოს ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელზე, განათლების ხარისხსა თუ უმუშევრობის პრობლემაზე, გენდერულ თანასწორობასა თუ შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ინფრასტრუქტურული ხელშეწყობის და, ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, აუცილებელი იყო, გამეთვალისწინებინა ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან თუნდაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ კონფლიქტი ძალიან მტკივნეულად შეეხოთ. მინდოდა ხაზი გამესვა იმ ფაქტისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ჯერ კიდევ გადარჩენა და უსაფრთხოებაა და მათი ხმა უნდა მოისმინოს საერთაშორისო საზოგადოებამ; რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო საგანგაშო ხდება შიდა მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში.

საქართველომ სწორი მესიჯი უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მდგრადი განვითარების 2030 გეგმის სრულად მიღწევა შეუძლებელია ოკუპაციის პირობებში; მაშინ, როცა გაერო მოგვიწოდებს „უკან არავინ მოვიტოვოთ“, ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ზე მცხოვრები მოსახლეობა „უკან მოვიტოვოთ“. შესაბამისად, ისინი ვერ ნახავენ სარგებელს არსებული სამოქმედო გეგმებიდან. ჩემი გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა ის, რომ ვერანაირი განვითარება ვერ იქნება მდგრადი მშვიდობის გარეშე! მე მოვუწოდე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ წაახალისოს ამ ახალგაზრდების იმედები და არა მათი შიშები!

- და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები, საზღვარგარეთ მრავალწლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებ?

- უახლოეს მომავალში ვგეგმავ ტურს საქართველოს გარშემო. შევხვდები ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, პირველი წყაროდან მოვისმენ მათი პრობლემების შესახებ, გავაცნობ ჩემს პროგრამას და შევთავაზებ სხვადასხვა პროექტში ჩართვას. წლის მანძილზე მათ საჭიროებებზე დაყრდნობით დავგეგმავ აქტივობებს. მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ მზად ვარ მათი სურვილები, პრობლემები, შიშები, იმედები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გავახმიანო. რეგიონალური ტურის დროს მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვამზადებ შემდეგ სიტყვას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისთვის იანვარში.

ვრცლად

საუკუნეს მიღწეული კაცი

„სახსოვრად ჩემს თანამშრომელს და ძვირფას მოწაფეს შოთა ცხოვრებაშვილს ალექსანდრე ჯავახიშვილისაგან” 1971 წელი, 26 თებერვალი – წარწერა, რომელიც ქართული მეცნიერების კორიფემ, გეოგრაფმა და დიდმა პედაგოგმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა იმ ფოტოზე გააკეთა, რომელიც დღემდე ყველაზე ძვირფასი რარიტეტია უნივერსიტეტის უხუცესი ემერიტუს-პროფესორის შოთა ცხოვრებაშვილისთვის. ფოტოს გარდა ბატონ შოთას ალექსანდრე ჯავახიშვილისგან სახსოვრად 30-იან წლებში მისი რედაქტორობით შედგენილი საქართველოს უიშვიათესი რუკებიც დარჩა. 

გასულ წელს შოთა ცხოვრებაშვილი საქართველოს გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. „ერთეულები არიან ბატონი შოთასნაირი ადამიანები, რომელთაც პირნათლად მოიხადეს საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე”, – განაცხადა ჯილდოს გადაცემისას განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ. 

დღეს ბატონი შოთა 96 წლისაა. ამბობს, რომ უნივერსიტეტში არ დაბადებულა, მაგრამ მთელი ცხოვრება, სტუდენტობიდან მოყოლებული, აქ გაატარა. მოესწრო 15-ზე მეტ რექტორს და ჩვენი ახალი ისტორიის ყველა დრამატულ პერიოდს. 70 წელი მიუძღვნა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კვლევას, არის 100-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ნაშრომის ავტორი, 1983 წელს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. ხანგრძლივი ცხოვრებისეული თავგადასავალი ბიოგრაფიულ წიგნში „საუკუნეს მიღწეული კაცის მოგონებათა კრიალოსანში” აღწერა, რომელიც გასულ წელს გამოსცა. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მეცნიერი შესაშური ოპტიმიზმით, კეთილგანწყობით, გამჭრიახი გონებითა და მეხსიერებით გამოირჩევა. ბატონ შოთას უნივერსიტეტის საპროფესოროში შევხვდით, სადაც სტუდენტობისას პოლიტეკონომიისა და პარტიის ისტორიის ლექციებს ისმენდა. ამბობს, რომ ამ შენობის ყველა აუდიტორიისა და ოთახის ისტორია საკუთარი ბიოგრაფიასავით იცის.

„70-დან 80 წლამდე ასაკში ადამიანმა ღმერთს ყოველ დილით სამადლობელი უნდა უთხრა, რომ ერთი დღე კიდევ გაჩუქა. 80-დან 90 წლამდე სამადლობელი სანთლით ხელში და პირჯვარის წერით უნდა თქვა ყოველი ნაჩუქარი დღისთვის, მაგრამ 90 წლის შემდეგ არ ვიცი, მადლობა როგორღა უნდა გადაიხადო, ალბათ კელაპტარი უნდა დაიჭირო ხელში”, – ასე ხუმრობს საკუთარ ასაკზე ბატონი შოთა. იმასაც ამბობს, რომ მისი თაობის ხალხი მიდის და სულ უფრო იშვიათად ხვდება თბილისის ქუჩებში ნაცნობებს. 

დაიბადა ხაშურში 1920 წლის 1 მაისს. დაბადებიდან დღემდე ბევრი ტკივილი გამოიარა. მხცოვანი ემერიტუს-პროფესორი თავისი ცხოვრების არაერთ ეპოზოდ იხსენებს.

მოგონებათა კრიალოსანიდან...

- სკოლის მოსწავლე რომ გავხდი, მამაჩემი რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ძალიან ჭირდა იმ პერიოდში ეკონომიურად. ერთხელ შევესწარი, დედა ეუბნებოდა: მუშებს წიგნაკებით თეთრ პურს აძლევენ და შენ, თანამდებობის პირს რატომ არ გერგება თეთრი პურიო? მამის პასუხი იყო საინტერესო: თვითონ თქვი, რომ მუშა არ ვარ, მათზეა განკუთვნილი და რომც გეწყინოს, ვერ მოგიტან თეთრ პურს. მამა კომუნისტი იყო 1918 წლიდან. გულწრფელად სჯეროდა, რომ უკეთეს წყობას აშენებდა, მაგრამ 1938 წელს, რეპრესიების პერიოდში დაიჭირეს და ერთ წელიწადში დახვრიტეს კიდეც, როგორც მავნებელი. იგივე ბედი ეწია მამის ძმასაც, რომელიც ასევე თანამდებობის პირი იყო. მამის დაპატიმრების მიზეზი მოგვიანებით გავიგეთ. სინამდვილეში შინსახკომში მის ნაცნობს, წამებისა და ცემის შემდეგ აიძულეს ეთქვა, რომ მამაჩემს კოლმეურნეობების დაშლა სურდა და შეთქმულებას აწყობდა საამისოდ. აბსურდული ბრალდება იყო, მაგრამ მაშინ ასეთ ამბებს ეწირებოდნენ ადამიანები.

მამის დაჭერის შემდეგ სკოლიდან გამომაგდეს, როგორც მავნებლისა და ხალხის მტრის შვილი. X კლასში ვიყავი. ჩემი ამხანაგები უმაღლესში შესასვლელად ემზადებოდნენ, მე კი გარე-გარე დავყიალობდი. ერთხელ რაიკომში დამიბარეს და იმ ადამიანების დასმენა მომთხოვეს, ვინც მამაჩემთან სტუმრად დადიოდა. მეც ვუთხარი, რომ მამა რაიკომში მომუშავე თითქმის ყველა მათგანთან ახლობლობდა და ყველა იყო ნამყოფი ჩვენს ოჯახში. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ სხვა ამბავი იყო, 3 თვის შემდეგ სკოლაში აღმადგინეს. მამა დაპატიმრების შემდეგ ერთხელ შეახვედრეს დედას, მას შემდეგ აღარაფერი გაგვიგია მასზე. მხოლოდ ათიოდე წლის წინ, რეპრესირებულების რეაბილიტაციის შემდეგ, როცა არქივები გაიხსნა, ვნახე ცნობა, რომ 1939 წელს იანვარში თბილისში დაუხვრეტიათ. 

დედას ძალიან უჭირდა, სამი შვილი და დიდედა მისი მისახედი გახდა. ავადმყოფი ქალი იყო, კერვითა და ექთნობით გვარჩენდა. ვინაიდან მე მავნებლისა და ხალხის მტრის შვილად შემრაცხეს, ასეთი ტვირთით ძნელი იყო ცხოვრება იმ დროში. ამისთანა გაჭირვებული ოჯახიდან ჩამოვედი და ჩავაბარე უნივერსიტეტში. საკმარისი ქულები არ მქონდა, რომ სტიპენდია დაენიშნათ. გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა და დედის შემყურე არ დავრჩენილიყავი. ისეთი ენთუზიაზმით შევუდექი სწავლას, რომ უკვე მეორე სემესტრიდან ფრიადოსნის სტიპენდია დამენიშნა. II კურსზე რომ გადავედი, ალექსანდრე ჯავახიშვილმა დამიბარა და ლაბორანტად ამიყვანა. თანაკურსელი მყავდა ერთი, კომკავშირის აქტივისტი - გურაშვილი ქიტესა, ჩვენზე გაცილებით უფროსი, მლიქვნელი და ძალიან ცუდი ადამიანი... როგორც შემდეგ უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან გავიგე, იგი მისულა ბატონ ალექსანდრესთან და უთქვამს - ცხოვრებაშვილი ხალხის მტრის შვილია და ლაბორანტად როგორ აიყვანეთო. ასეთ ადამიანებს მაშინ ბევრი ზიანის მოტანა შეეძლოთ. ბატონ ალექსანდრეს საკადრისი პასუხი გაუცია. მამის ამბის გამო სიცოცხლე მქონდა გამწარებული იმ პერიოდში. 

ჩემს სტუდენტობას დაემთხვა დიდი სამამულო ომის დაწყება. ზუსტად იმ დღეს, როცა რადიოთი ლევიტანმა ომის დაწყება გვამცნო, რაჭაში, ამბროლაურში ვიყავით სტუდენტები საველე სამუშაოებზე ჩასულები. ფეხით მოგვიხდა უკან დაბრუნება. გამოგვიძახეს გაწვევაზე, მაშინ შტაბი ახლანდელი მუშტაიდის ბაღში ჰქონდათ გამართული. ომში წასვლას გადამარჩინა იმან, რომ მარჯვენა თვალში მხედველობა მქონდა დაქვეითებული. სამოქალაქო თავდაცვაში ჩაგვრთეს. თბილისში ანემომეტრიული აგეგმვა გვევალებოდა, რაც ქარის სისწრაფისა და მიმართულების გაზომვას გულისხმობს. რამდენჯერმე უნივერსიტეტის სახურავზეც მომიხდა ღამის გათევა: ვდარაჯობდი - თუ თბილისი დაიბომბებოდა და უნივერსიტეტზე ჭურვი ჩამოვარდებოდა, რკინის მარწუხით უნდა ამეღო და გადამეგდო სახურავიდან. ამ მორიგეობის დროს გავცივდი და მშრალი პლევრიტი დამემართა. რამდენჯერმე გადავურჩი ომში გაწვევას, ბოლოს, როდესაც სტალინგრადს და კავკასიას მოადგნენ გერმანელები, ჩვენებს კი ჯარისკაცები შემოაკლდათ, ყველა შეღავათი გაგვიუქმეს და დაგვიბარეს გაწვევაზე. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ორი დღის საგზლით მივსულიყავით ნავთლუხის სადგურში, რადგან თურქმენეთში მივყავდით რკინიგზის გასაყვანად. ასეთი გაწვევა უარესი იყო, ვიდრე ფრონტის ხაზზე მოხვედრა: მოქმედ არმიაში იმის შანსი მაინც არსებობდა, რომ გადარჩენილიყავი, ან გმირი გამხდარიყავი, აქ კი ან შიმშილი მოგკლავდა ან ტიფი. ვინც წავიდა, ცოცხალი არავინ დაბრუნებულა თურქმენეთიდან. გაწვევაზე მისულმა ბედად თეთრხალათიანი უცნობი კაცი დავინახე, მოვითხოვე, რომ გავესინჯე. რუსთაველს აქვს ერთი ასეთი ნათქვამი: „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად”, - მეც ეს ნათქვამი ამიხდა. მივედი ამ ექიმთან, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო, მისი გვარიც არ ვიცი და სულ მაწუხებს, რომ მადლობა ჩემი გადარჩენისთვის ვერაფრით გადავუხადე. მკითხა, რას ვაკეთებდი და რომ გაიგო ალექსანდრე ჯავახიშვილთან ასპირანტი ვიყავი, ფიზიკური მუშაობისთვის უვარგისად გამომაცხადა. მან მიშველა: ერთადერთი ადამიანი ვიყავი იმ ნაკადიდან, ვინც ცოცხალი დავრჩი. 

უნივერსიტეტში არ დავბადებულვარ, თორემ ქართველ მეცნიერთა ამ სათაყვანებელ ტაძარში გავატარე მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრება. II კურსიდან ჯერ ლაბორანტი ვიყავი, შემდეგ უფროსი ლაბორანტი, შემდეგ ასისტენტი, კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაცია 27 წლის ასაკში დავიცავი თემაზე - „შიდა ქართლის ბარის დასავლეთური ნაწილის გეომორფოლოგია”, ზუსტად 20 წლის შემდეგ სადოქტორო დისერტაციაც გავაკეთე: „აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგიის შესახებ”. დოქტორი რომ გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა ბატონმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა სახსოვრად საქართველოს ყველაზე დიდი რუკა და თავისი ფოტოსურათი წარწერით.

აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი, რომელსაც ქართველ გეოგრაფთა პატრიარქსაც ეძახიან, მამასავით მპატრონობდა. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, რადგან უნივერსიტეტში ადგილი არ იყო, გორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გამაგზავნა ერთი წლით სამუშაოდ, შემდეგ კი კვლავ უნივერსიტეტში დამაბრუნა. რომ მოვთვალო, 5 000 სტუდენტი მაინც გამიზრდია. 30 წლის განმავლობაში ორ ფაკულტეტურ საგანს ვკითხულობდი - „ზოგადი დედამიწათმცოდნეობა“ და „ზოგადი გეომორფოლოგია“. ჩემს ხელში გეოგრაფთა არაერთი თაობაა აღზრდილი. 

ივანე ჯავახიშვილის რექტორობა არ ვიცი, მაგრამ 1938 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი, 15 რექტორს მოვესწარი. პირველი გიორგი კიკნაძე იყო, შემდეგ დავით ყიფშიძე, ძოწენიძე, ჯანელიძე, კეცხოველი, ვეკუა, ამაღლობელი და ა.შ. ვისაც ვიცნობდი, მათ შორის ყველაზე საუკეთესოებს დავასახელებ: ნიკო კეცხოველი, ილია ვეკუა და ვლადიმერ პაპავა – ესენი იყვნენ დიდი მეცნიერები და დიდი ადამიანები. ვლადიმერ პაპავა მაშინ გავიცანი, როდესაც რექტორად აირჩიეს, ვიცოდი რომ ჩვენშიც და უცხოეთშიც აღიარებული მეცნიერი იყო. რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვიყავი. ყოველ შეკრებაზე გულღია და საქმიანი მსჯელობა გვქონდა. ასე მიიღებოდა გადაწყვეტილებები და შემდეგ ძალიან სწრაფად ხდებოდა კიდეც მათი სისრულეში მოყვანა. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დიდი მეცნიერი და მისაბაძი ზნეობის ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გასაკეთებელი ქვეყნისა და მეცნიერებისთვის.

ვრცლად

რეზო გოგოხია: მეცნიერისა და მამულიშვილის გზა

პროფესორ რეზო გოგოხიას 28 აპრილს 80 წელი შეუსრულდა. მისივე თხოვნით, საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. საერთოდ, ბატონი რეზო ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა: ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სამშობლოსა და ქვეყნის საქმე მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პროფესია და მეცნიერება. თუმცა, ისე მოხდა, რომ პროფესიის არჩევა შემთხვევითობამ განაპირობა: სამეგრელოს ერთერთ ულამაზეს სოფელ ფახულანში მედალით სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ მხოლოდ იმიტომ აირჩია უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტი, რომ მედალოსნებისთვის დაშვებული ლიმიტები ყველგან ამოწურული დახვდა. ასე გახდა 1953 წელს უნივერსიტეტელი და დღემდე უნივერსიტეტელად რჩება: ამჟამად თსუ-ის ჟურნალის „ეკონომიკისა და ბიზნესის” მთავარი რედაქტორია და დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით და ღირსების ორდენით. 

პირველ პედაგოგებს დღემდე მადლიერებით იხსენებს, მათ შორის განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეზე ნიკოლოზ იაშვილზე, რომელმაც არა მარტო აგრარული სექტორის ეკონომიკა, არამედ ერისკაცობაც ასწავლა. „ეს იყო უდიდესი პიროვნება, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, კაცი, რომელმაც პატარა სოფლელი ბიჭი მეგობრად გამიხადა და სახლშიც კი დავყავდი, რომ ესწავლებინა ჩემთვის. მისი სადოქტორო სამეცნიერო მონოგრაფია - „საქართველოს მიწის ფონდი და მისი გამოყენება” - იმდენად ფუნდამენტური ნაშრომია, რომ მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა ლ. ზალცანმა მას „მიწათსარგებლობის ფილოსოფიაც“ კი უწოდა. ეს ნაშრომი 1964 წელს ორ ტომად გამოიცა, რამაც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სათავე დაუდო მიწის კადასტრის თეორიას და პრაქტიკას. ნაშრომში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიწათსარგებლობის უძირითადესი პრინციპები.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბატონი ნიკოს რეკომენდაციის მიუხედავად, ასპირანტურაში ჩემთვის ადგილი ვერ გამოინახა და იძულებული გავხდი თბილისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადება მიმეღო და კომკავშირის კომიტეტის მდივნად დამეწყო მუშაობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად ბატონმა ნიკომ შემოაღო ოთახის კარი, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ იქ ვმუშაობდი. მითხრა: მე შენ ამ უბედური ორგანიზაციისთვის გაგზარდე და გასწავლე? დაანებე ამ კომკავშირს თავი! - მაშინ ამის თქმა ძალიან სახიფათო იყო. თუმცა ბატონი ნიკო ცნობილი გახლდათ თავისი პრინციპულობით. მაშინვე წამიყვანა ეკონომიკის ინსტიტუტში, რომელსაც აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი ხელმძღვანელობდა, სადაც გამესაუბრნენ და დამტოვეს ასპირანტად. სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ აქვე ვმუშაობდი ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პაატა გუგუშვილი ბრწყინვალე სოციოლოგი და უდიდესი მეცნიერი იყო, თუმცა მმართველი კომუნისტური პარტიისთვის მისი ნაშრომები, მისი მეცნიერული პატიოსნება და პოზიცია ბევრ პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, ბევრი შინაური მტერიც ჰყავდა, ამის გამო 1978 წელს გუგუშვილი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუგუშვილის გათავისუფლების შემდეგ ინსტიტუტში არც მე დავბრუნებულვარ: ერთი წელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში დოქტორანტი ვიყავი, შემდეგ, ჩემი მეგობრის გრიგოლ თოდუას მოწვევით, რომელიც ეკონომიკის თეორიის კათედრის დეკანი იყო, უნივერსიტეტში განვაგრძე სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა“, - გვიამბო რეზო გოგოხიამ.

1989 წელს ბატონი რეზო ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი გახდა. პარალელურად იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექტორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ლაბორატორიის გამგე; მას შემდეგ კი, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იგი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიიწვიეს. 

„დღემდე არ ვიცი - ვინ გამიწია რეკომენდაცია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. მას შორიდან ვიცნობდი, მაგრამ როცა უთხრეს, პაატა გუგუშვილის ნამოწაფარი არისო, მაშინვე მოაწერა ხელი ბრძანებას ჩემი დანიშვნის შესახებ. პაატა გუგუშვილს ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ბატონი პაატა და კონსტანტინე გამსახურდია მეგობრები იყვნენ. წელიწადნახევარი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი სამინისტრო იყო – სოფლის მეურნეობის გარდა კვებისა და ტყის მრეწველობაც აქ შემოდიოდა. ურთულესი ამოცანების წინაშე ვიდექით: ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირის მთლიან სტრუქტურაზე. დარგის დამოუკიდებლად არსებობა, პირველ ხანებში მაინც, თითქმის წარმოუდგენელი გახლდათ. დამნიშნეს სოფლის მეურნეობის რეფორმების ხელმძღვანელად. მთელი ეს აგრარიკოსები, უდიდესი მეცნიერები ყველა ჩემთან იკრიბებოდნენ, მიწის კანონის გარდა 15 სხვადასხვა კანონპროექტი მოვამზადეთ, რომლებიც შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს და მაღალი შეფასებაც მისცეს, თუმცა მათი მიღება ვეღარ მოესწრო. უზენაეს საბჭოში ერთერთ ბოლო სხდომაზე, სადაც კომისიაზე მიწის კანონს განვიხილავდით, შემოცვივდნენ შეიარაღებული ადამიანები და ულტიმატუმი წაგვიყენეს: 10 წუთში თუ არ დატოვებთ აქაურობას, ცოცხლები ვერ დარჩებითო. ისე დაგვატოვებინეს სხდომა, რომ არაფრის წამოღების უფლება არ მოგვცეს. კანონპროექტის თითქმის მთელი ტექსტი დაიკარგა, თუმცა ნაწილი სამინისტროში მქონდა და შემომრჩა“, - აღნიშნა რეზო გოგოხიამ, რომელთანაც დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელეთ:

- ბატონო რეზო, დღესაც კი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლის შემდეგ, მიწის საკითხი დაულაგებელია: პრობლემურია როგორც აღრიცხვა-რეგისტრაცია, ისე მიწის უცხოელებზე გაყიდვა-არგაყიდვის საკითხი. საინტერესოა მიწის პირველ კანონპროექტში რა ძირითადი პრინციპები იყო გატარებული?

- ზვიად გამსახურდია სასოფლო-სამეურნეო მიწების სწრაფი განკერძოების წინააღმდეგი იყო. ამბობდა, რომ არ უნდა გვეჩქარა, ფეხზე დავმდგარიყავით, მოვძლიერებულიყავით და მხოლოდ შემდეგ, თანდათანობით გადავსულიყავით განკერძოებაზე. უცხოელებზე მიწის გაყიდვის წინააღმდეგი მაშინაც ვიყავი და დღესაც ამ აზრზე ვარ. გამონაკლისის სახით დასაშვებია იჯარით გაცემა, ისიც რამდენიმე წლით. მიწის გაყიდვის მომხრეთა მთავარი არგუმენტია, რომ ამ გზით უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მაგრამ ინვესტიცია ერთჯერადად შემოდის, შემდეგ კი ამ მიწიდან მიღებული მთელი მოგება ქვეყნის გარეთ გადის. არა და, თუ მიწას მიხედავ, დაამუშავებ, ის ყოველწლიურად იძლევა ინვესტიციას. საქართველო სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მცირემიწიანი ქვეყანაა მსოფლიოში. ასეთ პირობებში დაუშვებელია სახელმწიფოს არ ჰქონდეს მიწის ფონდი, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. მიწის საკითხებზე მუშაობისას იმ პერიოდში აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო მეურნეობების შენარჩუნების იდეაც. იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძლიერი და რენტაბელური რამდენიმე საბჭოთა მეურნეობა არსებობდა საქართველოში. კოლმეურნეობები კი დასაშლელი იყო, მაგრამ მიმაჩნდა, რომ თითო რაიონში თითო სახელმწიფო მეურნეობა უნდა შენარჩუნებულიყო, რომლებიც თანდათან გარდაიქმნებოდნენ ახალი ტიპის სახელმწიფო მეურნეობებად, მაგრამ მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე თენგიზ სიგუა ამის წინააღმდეგი წავიდა. შემდეგ სიგუა გადადგა. მაშინ რაც მოვასწარით, ის იყო, რომ გლეხებს მიწები, რომლებიც ისედაც ჰქონდათ, დაუმტკიცდათ კერძო საკუთრებაში. ზვიადის წასვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა ნოდარ ჭითანავა. სამხედრო საბჭოს მმართველობის პერიოდი იყო და საკმაოდ რთულ დღეში ვიყავით. მე თვითონ დავუწერე გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება: იმ მდგომარეობაში, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს და ქართველი ქართველს ესვრის, ჩემს ადგილს სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ ვხედავ-მეთქი. ჭითანავამ მაშინ მთხოვა, დავრჩენილიყავი 2-3 თვით, რადგან შემდეგ თვითონაც გეგმავდა წასვლას თანამდებობიდან, თუმცა, მოგვიანებით, სრულიად მოულოდნელად და უაპელაციოდ გამათავისუფლა. როგორც შემდეგ გავიგე, ზვიად გამსახურდიას მთავრობაში მუშაობა „ზვიადისტობად“ ჩამეთვალა. ამის შემდეგ ისევ უნივერსიტეტს დავუბრუნდი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი, უნივერსიტეტი არასდროს დამიტოვებია, ყოველთვის ვკითხულობდი ლექციებს. 1993-2005 წლებში თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი ვიყავი. M2004 წელს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი როინ მეტრეველი, რომელიც შესანიშნავი მეცნიერი და ხელმძღვანელი იყო, პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო. ჩვენ ვაპროტესტებდით მთავრობის მიერ უნივერსიტეტზე ზეწოლას, ამის გამო, მოგვიანებით, სხვა კათედრების მსგავსად, ჩვენი კათედრიდანაც თითქმის ყველა პროფესორი გამოგვიშვეს. მე მაინც არ წავედი და დავრჩი როგორც კონტრაქტორი, მაგრამ 2009 წელს მარტო მე კი არა, ჩემი ქალიშვილი - მაია გოგოხიაც გამოუშვეს უნივერსიტეტიდან. იგი საბანკო საქმის სახელმძღვანელოს ავტორი და ძალიან კარგი მეცნიერია. რამდენადაც გავარკვიე, „ზემოდან“ ხელისუფლების მითითებით მოხდა ეს. მას შემდეგ, რაც ლადო პაპავა აირჩიეს რექტორად, საპროფესორო კონკურსში მონაწილეობა აღარ მიმიღია, ახალგაზრდებს ხელი აღარ შევუშალე, თუმცა ვარ უნივერსიტეტის ჟურნალ „ეკონომიკისა და ბიზნესის რედაქტორი“. საერთოდ, ეკონომიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი მაქვს: ვიყავი სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირისა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. 

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ბოლო დროს უნივერსიტეტში მომხდარი ამბების გამო. ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პაპავას სწორი გზით მიჰყავდა პროცესი. სტუდენტების ცალკეული ჯგუფების შევარდნა რექტორის კაბინეტში, ველური ფორმები, დაუსჯელობა და ამის გამო რექტორის გადადგომა, მეეჭვება, სასიკეთოდ წაადგეს პროცესებს. ერთს გავიხსენებ: 1956 წლის 9 მარტის მოვლენების დროსაც კი არ შემოსულან ძალოვნები უნივერსიტეტში, მაშინდელი რექტორი აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე გადაგვეფარა სტუდენტებს და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი, ვინც მიტინგებში ვმონაწილეობდით. 

- ანუ, თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით იმ აქციებში? თითქმის არ არის დოკუმენტური მასალა შემორჩენილი, თუ რა მოხდა და რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 მარტს? 

- 1956 წელს სტალინის გამო საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მთელი ქართველი ერი გალანძღა. ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ჩვენთვის. საპროტესტო აქციები და სტუდენტების გამოსვლები დაიწყო 5 მარტიდან. ახლანდელი დედაენის ბაღში სტალინის ძეგლი იდგა და იქ ვიყავით შეკრებილები, სხვა მოთხოვნებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც გაჩნდა. მახსოვს, დარბევის წინა დღეს გალაკტიონ ტაბიძე დავინახე, იქვე, ბაღის კუთხეში იდგა. დაგვიძახა, მოდით აქ შვილებოო. მივედით პოეტთან. გვითხრა, წადით სახლებში, თორემ მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ აქ ხოცვა-ჟლეტა იქნებაო. არ დავუჯერეთ და ბაღში დავრჩით. მეორე დღეს ისე გამწვავდა საქმე, რომ გადავწყვიტეთ ფოსტის ცენტრალური შენობა აგვეღო, რომელიც მაშინ რუსთაველზე, პირველი სკოლის გვერდით მდებარეობდა. გვინდოდა, მთელი მსოფლიოსათვის გვეცნობებინა, რომ ჩვენზე ძალადობდნენ, ერს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლობა და ვითხოვდით მათგან ყურადღებას. 200-მდე სტუდენტი წამოვედით რუსთაველის გამზირისკენ და ფოსტის შენობას რომ მივუახლოვდით, დაიწყო კიდეც სროლა. ტყვიები დაუშინეს მათაც, ვინც ბაღში, ძეგლის გარშემო იყვნენ. ყველგან გადაკეტილი იყო გზები, ზოგი მტკვარში ვარდებოდა, ზოგს კლავდნენ, გაჭირვებით გამოვაღწიე ძნელაძის, ახლანდელი თაბუკაშვილის ქუჩით. ამის შემდეგ უნივერსიტეტშიც გადაიკეტა ყველაფერი, მაგრამ მაშინდელი მილიცია უნივერსიტეტში არ შემოსულა, გარედან იცავდნენ, ისე კი არა, ახლა რომ მოდიან და რექტორს კაბინეტში უვარდებიან. რექტორი გადაეფარა სტუდენტებს და არ დააჭერინა: თუ რამე დააშავეს, ყველაფერი ჩემი ბრალიაო. ამბობენ, რომ 200-მდე ადამიანი დაიღუპა მაშინ, თუმცა ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის.

P.S. საკუთარი პედაგოგის ნიკო იაშვილის 115 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილში რეზო გოგოხია წერდა: „ბატონი რეზო ლექციებზე არაერთხელ შეგვახსენებდა ერთ აღმოსავლურ სიბრძნეს: „ვისაც სახლი არ აუშენებია, ხე არ დაურგავს და ბავშვი არ აღუზრდია, მას ნამდვილი ადამიანური ცხოვრება არ გაუტარებიაო”. ნიკო იაშვილის მსგავსად, ბატონ რეზოსაც შეეხო პოლიტიკური პერიპეტიები, თუმცა, საკუთარი პედაგოგივით, მასაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ნამდვილი ადამიანური ცხოვრებით იცხოვრა. სწორედ ამიტომ, 80 წლის ასაკში პროფესორი ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.

ვრცლად

ქართულ-პოლონური ურთიერთობები და მარიამ ფილინას აღმოჩენილი პოლონეთი

ახლახან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსისტიკის ინსტიტუტის პროფესორს, პოლონური დიასპორას „პოლონიას” თავმჯდომარეს მარიამ ფილინას პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ჯილდოს მინიჭება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის პიოტრ გლინსკის გადაწყვეტილება იყო, საპატიო ორდენი კი ქალბატონ მარიამს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იან ჯეჯიჩაკმა გადასცა. მარიამ ფილინა ასევე დაჯილდოებულია „Bene Merito”-ს ორდენით დამსახურებისთვის პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე. ქართულ-პოლონური ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის მარიამ ფილინა საქართველოს ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული 1995 წელს. 

ქართულ-პოლონური ურთიერთობების კვლევა და საქართველოში პოლონური დიასპორას დაფუძნება მარიამ ფილინას სახელს უკავშირდება, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ამ ყველაფერს ხელი დიდ წილად უნივერსიტეტმა შეუწყო, სადაც უკვე 3 ათეული წელია ისწავლება პოლონური ენა და სადაც დაფუძნდა ქართული „პოლონია”.

რატომ დაინტერესდა ქალბატონი მარიამი პოლონურ-ქართული ურთიერთობების კვლევით? როგორი იყო პოლონელების თავგადასავალი საქართველოში? როდის და სად გადაიკვეთა ორი ხალხის ისტორიული ბედისწერა და რატომ ემთხვევა ერთმანეთს დღემდე პოლონეთისა და საქართველოს პოლიტიკური ინტერესები? 

მარიამ ფილინას ნაამბობიდან: „ისტორიაში ცოტაა გეოგრაფიულად დაშორებული და ეთნიკურად განსხვავებული ხალხის ისეთი ურთიერთობები, როგორიც პოლონეთსა და საქართველოს აქვთ. ამ ორი ხალხის ბედის მსგავსებას ერთი საერთო სული აახლოვებდა: დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს პოლონელებისთვისაც და ქართველებისთვისაც უმთავრესი ღირებულებები იყო და მათთვის ბრძოლა ეროვნული ყოფის სიღრმისეულ არსს განსაზღვრავდა. ამ ურთიერთობის პოლიტიკური ისტორია ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ქართლის მეფე კონსტანტინე პოლონეთის მეფე ალექსანდრე იაგელონჩიკთან ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირის დამყარებას შეეცადა. ამ პერიოდში საქართველოში უკვე არსებობდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის და ესპანეთთან და პოლონეთთან ერთობლივი ლაშქრობის გეგმა. კოალიცია ვერ შეიქმნა, მაგრამ დიპლომატიურ დონეზე გარკვეული ურთიერთობები შემდგომშიც არსებობდა. საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერთა შორის არა ერთი პოლონელიც იყო, თუმცა, ორ ხალხს შორის ურთიერთობის ყველაზე დრამატული და დაძაბული ურთიერთობის ფურცლები მაინც მე-19 საუკუნეში დაიწერა. რუსეთის იმპერიამ და იმდროინდელმა „მთავრობამ” იზრუნა ორი ხალხის კონტაქტების გაფართოებაზე და მას შემდეგ, რაც პოლონეთის მიწების გადანაწილების და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ პოლონეთში ამბოხებები დაიწყო, ათასობით პოლონელი გადმოასახლეს კავკასიაში. ცარიზმის „გამოსასწორებელი” მოქმედებების შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. დასჯილ პოლონელ პატრიოტებსა და ქართულ ინტელიგენციას შორის გარკვეული სულიერი კავშირი დამყარდა. საქართველოში ჩამოყალიბდა პოლონელ „კავკასიელ პოეტთა” ჯგუფი, გადმოსახლებულები ჩაერთნენ კავკასიის ცხოვრებაში, უკეთესად გააცნეს პოლონელებს ეს მხარე და ბევრმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი საქართველოს”.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტი ალექსანდრ ხოძკო, რომელმაც თბილისში 2 წელი გაატარა და ქართული ენაც შეისწავლა, 1833 წელს ლონდონში პოლონურ ენაზე გამოსცემს წიგნს, რომელშიც ერთ-ერთი ნარკვევი შოთა რუსთაველს მიეძღვნა. ეს იყო პირველი ნარკვევი პოლონურ ენაზე შოთა რუსთაველის შესახებ. პოლონურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი მოვლენაა „კავკასიელ პოეტთა ჯგუფი”. პოეტები, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, მათი ნაწილი დაახლოებული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ეკატერინე დადიანთან, მიხეილ თუმანიშვილთან. „კავკასიელ პოეტთა ჯგუფის” წევრებმა არა ერთი ნაწარმოები მიუძღვნეს საქართველოს და მის კულტურას. პატრიოტი პოლონელების მსგავსად, ქართველ მამულიშვილთაგან ბევრს, ვინც რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას აპროტესტებდნენ, პოლონეთში ასახლებდნენ. ამგვარად აღმოჩნდა ქართველი პოეტი გიორგი ერისთავი 1834 წელს ქალაქ კოვნაში, შემდეგ კი ვილნოში, სადაც უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა, მოგვიანებით გ. ერისთავი ბიშპინგების ოჯახს დაუახლოვდა, სადაც იმ დროის პოლონური ელიტა იკრიბებოდა. სწორედ ამ გადასახლების შედეგად ითარგმნა ქართულად ადამ მიცკევიჩი, მოგვიანებით კი გიორგი ერისთავისა და საქართველოში მცხოვრები პოლონელი ლიტერატორის კაზიმეჟ ლაპჩინსკის თანამშრომლობით პირველად მომზადდა „ვეფხისტყაოსნის” პროზაული თარგმანი პოლონურ ენაზე. 

საქართველოში ემიგრანტი პოლონელების კვალი ლიტერატურის გარდა ინჟინერიაში, მედიცინაში, მხატვრობაში, მუსიკასა და არქიტექტურაშიც გვხვდება. XIX საუკუნის მიწურულიდან საქართველოში პოლონელები საკუთარი ინიციატივით, ან საქმიანი მოწვევითაც ჩამოდიოდნენ და სწორედ ასე აშენდა პოლონელი არქიტექტორების ალექსანდრ შემკევიჩისა და ალექსანდრ როგოიცკის მიერ ბევრი ულამაზესი შენობა (უზენაესი სასამართლო, რუსთაველის თეატრი, თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი და სხვ.). საქართველოში შემოსულ პოლონელთა ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი აქვე გარდაიცვალა.

მოწინავე ქართველებისა და პოლონელების თანადგომა ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში აშკარა იყო: 1893 წელს ვარშავაში დაარსდა და აქტიურად საქმიანობდა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა”, რომლის წევრი შიო არაგვისპირელიც (დედაბრიშვილი) იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი” პოლონელი წარმოშობის ქართველ საზოგადო მოღვაწეს ივან პოლტორაცკის მიუძღვნა, რომლის ქალიშვილი ნინო პოლტორაცკაია ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე და ქართული საქმის დიდი გულშემატკივარი იყო. 

პოლტორაცკების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა შთამომავლების ნაწილმა შეითვისა ქართული ზნე-ჩვეულებები, ნაწილმა კი პოლონური გვარი და კათოლიკობა საბჭოთა პერიოდშიც შეინარჩუნა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1995 წელს მოხერხდა ემიგრანტ პოლონელთა შთამომავლების პირველი კავშირის „პოლონიას” დაფუძნება, რომელსაც სათავეში მარიამ ფილინა ჩაუდგა. 

მარია ფილინა: „ჩვენი კავშირის შექმნა ჩემს ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. ჩემი დედის დედა მარიამ ზავადა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე „დედა მარიას” ვეძახდით, კიევში დაიბადა. მისი პაპა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს. ბებია კიევის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აგრონომ მელიქ-ბახტამიანს გაჰყვა ცოლად და ოჯახი თბილისში დასახლდა. ბაბიამ ჩაგვინერგა პოლონეთის სიყვარული და შემასწავლა პოლონური ენა. როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, სადიპლომო ნაშრომად მე-20 საუკუნის პოლონურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები ავირჩიე. მართალია, მაშინ ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ოჯახის დახმარებით 1974 წელს რამდენიმე დღით პოლონეთში გავემგზავრე. სასტუმროში ყოფნისას საცნობარო წიგნში ცნობილი ლიტერატორებისა და ქართული პოეზიის მთარგმნელების ეჟი და მარია ზაგურსკების ტელეფონი მოვნახე და ასე აღმოვჩნდი მათ ოჯახში. იქიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობ პოლონურ თემატიკაზე. გამოცემული მაქვს სამეცნიერო ნაშრომები პოლონურ-ქართული ურთიერთობების შესახებ. უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში ჩემი საქმიანობის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ, მიუხედავად ამისა 120-ზე მეტი ნაშრომი გამოვაქვეყნე, 1991 წელს კი დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და გამოვაქვეყნე მონოგრაფია XIX-XX საუკუნეებში პოლონურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. 

90-იანი წლების პირველ ნახევარში, როდესაც საქართველოში უაღრესი გაჭირვება და კრიზისი იდგა, პოლონეთში მომიხდა გამგზავრება პოლონური პრესის მე-2 მსოფლიო ფორუმზე. სიტყვით გამოსვლისას ამ გასაჭირზე მოვყევი, ვთქვი ისიც, რომ საქართველოში არ შემოდიოდა პოლონური პრესა და ჭირდა კონტაქტები, ასევე, აღვნიშნე, რომ მიუხედავად რამდენიმე ათასიანი ემიგრაციისა, პოლონელებს საქართველოში არასოდეს ქონიათ ეთნიკური პრობლემები და კონფლიქტი. ფორუმში მონაწილე პოლონეთის სენატის, თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკას”, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმავე დღეს მირჩიეს გამეერთიანებინა საქართველოში მცხოვრები პოლონელები და დახმარებაც შემომთავაზეს. ასე დაედო სათავე ქართული „პოლონიას” შექმნას. ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო პოლონური მოძრაობის დაწყებას საქართველოში და სომხეთში, შედეგად - ასეულობით ადამიანმა შეძლო კავშირების აღდგენა ისტორიულ სამშობლოსთან. 

ჩვენი ორგანიზაციის თაოსნობით 2000 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას ვარშავისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „პოლონელების 200 წელი კავკასიაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და პოლონელი მკვლევარები სხვადასხვა სფეროებიდან. თსუ-ში იკითხება პოლონური ლიტერატურის ისტორიის კურსი, რაც მრავალი ადამიანის შრომის შედეგია. გასულ წელს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონური კავკასია. ქართულ-პოლონური ურთიერთობები”, რომელიც კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 20 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის ჩატარება თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას, 14 ივნისს დაემთხვა, ღონისძიებაზე მრავალი საპატიო სტუმარი იყო ჩამოსული, მათ შორის მსოფლიო „პოლონიის” თავმჯდომარე, ეს ორგანიზაცია აერთიანებს ყველა ემიგრანტ პოლონელს, 15 მილიონ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ექსტრემალური პირობებისა და უამრავი სირთულის მიუხედავად, კონფერენცია მაინც გაიმართა. ამჟამად სწორედ ამ კონფერენციის მასალების გამოცემაზე ვმუშაობთ”. 

დაარსების დღიდან დღემდე „პოლონიას” ორგანიზებით საქართველოში მრავალი სოციალური ხასიათის აქცია, სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება გაიმართა: მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მიცკევიჩის დღეები, შოპენის მუსიკის ფესტივალი, პოლონელი მხატვრების გამოფენა; ითარგმნა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები და მათ შორის დიდი პოლონელი რომანტიკოსის იულიუშ სლოვაცკის პოეზია. „პოლონიის” ინიციატივით საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება და პოლონურ ენას ასწავლის პოლონელი სპეციალისტი ბიატა კარასი. ცალკე თემაა პოლონურ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები, რომელმაც თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ პარტნიორად და მხარდამჭერად ითვლება საერთაშორისო არენაზე.

ვრცლად

მზექალა შანიძე: ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მეცნიერების იმპორტი

„ჩვენი ქვეყნის მაღალი ინტელექტუალური და სამეცნიერო დონის პასპორტი” – ასეთ შეფასებას აძლევენ მას სამეცნიერო წრეებში; კოლეგებისთვის იგი მრავალმხრივი მეცნიერი, პროფესიონალი ლინგვისტი, ბრწყინვალე ტექსტოლოგი და პოლიგლოტია; მთელი ქართული საზოგადოებისთვის კი მზექალა შანიძე სამართლიანი, პრინციპული და მიუკერძოებელი პიროვნებაა. ძნელია, არ იამაყო ქალით, რომელიც თავისი საქმიანობით, ცხოვრების წესის სისადავით, მეცნიერული ასკეტიზმითა და მაღალი აკადემიურობით საპირწონეა ყველა იმ ხინჯისა, რაც ასე გვაღიზიანებს ჩვენს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან შეძლო ღირსეულად გაეგრძელებინა ის ტრადიცია, რომელიც ქართული მეცნიერების პირველი კორიფეებიდან და საკუთარი ოჯახიდან მოჰყვება და დღემდე ამ პრინციპების ცოცხალ მაგალითად რჩება ყველა ჩვენგანისთვის. 

16 იანვარს მზექალა შანიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. სოლიდური ასაკის მიუხედავად, კვლავ აქტიურ სამცნიერო საქმიანობას ეწევა და აკადემიური და საზოგადოებრივი ცხოვრების პულსზე უჭირავს ხელი: ნებისმიერი მოვლენის მისეული ხედვა და შეფასება საქმეზე გულისტკივილის, მიუკერძოებლობისა და ღრმა ანალიზის შედეგია, რაც ძალიან იშვიათი და ძვირფასი პოზიციაა ჩვენს ხმაურიან და ზედაპირულ დღევანდელობაში.

- თავის დროზე აკაკი შანიძე მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ შეეძინათ ცოდნა, რადგან მის გარეშე ახალ დროში ცხოვრება გაუჭირდებოდათ. მამათქვენმა და მისი თაობის მეცნიერებმა ძალიან ბევრი იღვაწეს, რათა მაღალ დონეზე გაგრძელებულიყო ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწყებული საქმე და მეცნიერება სათანადო სიმაღლეზე მდგარიყო. თქვენც სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელი ხართ. როგორ შეაფასებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს მეცნიერებასა და, ზოგადად, განათლების სფეროშია შექმნილი? 

- ძალიან ჭირს მეცნიერების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მდგომარეობა ცოტ-ცოტა სწორდება და დამოკიდებულებაც შეიცვალა. ეს არ ეხება მარტო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ეს ყველანაირ მეცნიერებას ეხება. სამეცნიერო ინსტიტუტები რეალურად დაინგრა იმ საბაბით, რომ იქ კვლევა სათანადოდ არ ხდებოდა, რაც არასწორი იყო: თუ კვლევა არ მიმდინარეობდა, მაშინ ეს უნდა გამოსწორებულიყო, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კვლევა საერთოდ აღარ ყოფილა საჭირო. ჩვენ, მეცნიერები, ფაქტობრივად, გადაგვყარეს. სახელმწიფომ უარი თქვა მეცნიერების დაფინანსებაზე. ქვეყნის განვითარება კი მეცნიერების გარეშე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა, როგორიც ჩვენია, არ შეიძლება. მიაქციეთ ყურადღება: იმ პატარა, ახალ სახელმწიფოებში, რომლებიც ახლახან ჩამოყალიბდა აფრიკაში, რაზე იხარჯება ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი? - განათლებასა და კვლევაზე. ჩვენ ამხელა წერილობითი ისტორია გვაქვს და როგორ შეიძლება ისე დაისვას საკითხი, რომ მეცნიერება ჩვენში აღარ იყოს? ელემენტარული რომ ავიღოთ: საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა, გზები არ გვქონდა აქამდე, არა და გვჭირდება. ამას გეოლოგი, ინჟინერი, მშენებელი, ხიდმშენებელი და ა.შ. ესაჭიროება. რა უნდა ვქნათ? უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები? ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მეცნიერების იმპორტი და არც ჩვენს მეცნიერს უნდა სჭირდებოდეს ამერიკაში გაქცევა, რათა ლაბორატორია ჰქონდეს.

ჰუმანიტარულ დარგებს განსაკუთრებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ბევრი ეპითეტებიც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფრის გამკეთებლები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ, მაგრამ თუ საბაზო დაფინანსება არ აქვს მეცნიერებას, ისე არაფერი გამოვა. დღეს მეცნიერებს სთხოვენ, რომ დიდ, მსხვილ პრობლემებზე იმუშაონ. ეს თავისთავად სწორია, მაგრამ დიდ და მსხვილ პრობლემებზე მუშაობა არ შეიძლება ისე, თუ დეტალები არ იქნა დამუშავებული. ზუსტ მეცნიერებებში დიდ დასკვნებს ვერ გააკეთებ, თუ კონკრეტული, პატარ-პატარა ცდების საფუძველზე არ იქნა მოპოვებული ფაქტები, რომლებიც ამ დასკვნების საფუძველი იქნება. ეს პატარ-პატარა ფაქტები კი საჭიროებს ხალხს, რომელმაც ისინი უნდა მოიპოვონ. არ შეიძლება კვლევა ლაბორანტის გარეშე, ისე, როგორც არ შეიძლება გეოლოგიაში გლობალური დასკვნების გაკეთება კავკასიის გეოლოგიური სტრუქტურის შესახებ, თუ არ იქნება ახალგაზრდა სპეციალიტი, რომელიც წავა და გაზომვით სამუშაოებს ჩაატარებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ რამეზე გვიხდება საუბარი, მაგრამ, როდესაც გვთხოვენ დიდ კომპლექსურ კვლევებს, იქნება ეს ბიოლოგია თუ ენათმეცნიერება, უნდა გაითვალისწინონ, რომ მეცნიერება საყრდენისა და ფაქტების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი ისეთი მდგომარეობაა, რომ არ არის ამის საშუალება. 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ენათმეცნიერებისთვის ქართული ენის ყოველმხრივი შესწავლა. ერთია ლინგვისტური თვალსაზრისით უშუალოდ ენის მდგომარეობის შეფასება და მეორეა ის, რომ ძალიან ბევრი რამ ახალია შემოსული ლინგვისტურ მეცნიერებაში. ახლის განვითარებისთვის ბოლო წლებში ძალიან მცირე შესაძლებლობა გვქონდა. სასწრაფოდ შესასწავლია დიალექტები, რადგან თანდათანობით ქრება ის ხალხი, რომლისთვისაც დიალექტი იყო მეტყველების ძირითადი საშუალება. ამას აქვს როგორც ლინგვისტური, ისე პარალინგვისტური მიზეზები: საქართველოში ხდება მოსახლეობის მიგრაცია, რაც საზოგადოების სტრუქტურაში იწვევს ცვლილებებს. შესაბამისად, იცვლება ლინგვისტური სიტუაციაც. გარდა ამისა, ტელევიზიამ, რომლის საძაგელმა ენამ მთელი საქართველო წალეკა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ხალხის მეტყველებაზე. საჭიროა ამის სასწრაფოდ შესწავლა, რისი საშუალებაც არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუნდაც, ჩვენს დარგში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ძალინ კარგად მუშაობენ ჩვენი ენათმეცნიერები, ბევრს აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ.

- როდესაც მეცნიერებაში შექმნილ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორი, რომლის წინაშეც მთელი საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თუმცა, იყო უყურადღებობაც, რის გამოც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ აღმოჩნდა მეცნიერების დაფინანსება. რა შედეგები მივიღეთ ამ მიზეზების გამო?

- ის, რომ მეცნიერებას ყურადღება არ ექცეოდა, ეს გარკვეულ შედეგებს იწვევს და ამის გამო ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა სოციალური პრესტიჟი დაკარგა. როდესაც მსოფლიო რანგის მეცნიერი ინსტიტუტში თვეში იღებს 250 ლარს, ახალგაზრდა აღარ მიდის ამ სფეროში. ჩვენ, ამ მხრივ, დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ენათმეცნიერებაში ჩვენი მომდევნო თაობა, პრაქტიკულად, ჩავარდნილია. ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ ხელახლა თუ გაღვივდა ინტერესი, ახალგაზრდები თანდათან წამოვლენ. უნდა მოგახსენოთ, რომ ჰუმანიტარულ დარგებს: ქართულ ენას, ქართულ კულტურას, ძველ ქართულს, ძველ ქართულ ქრისტიანულ კულტურას ამჟამად დიდი ყურადღებით ეკიდებიან საზღვარგარეთ, გაჩნდა ინტერესი მრავალ ქვეყანაში, რადგან მომგებიანია ახალი თაობის მკვლევრებისთვის ძველი და ნაკლებად ცნობილი ენების შესწავლა (უცნობი მასალაა და ბევრია გამოსაკვლევი). მე-20 საუკუნეშიც ბევრი კარგი სპეციალისტი მუშაობდა ქართველური მიმართულებით უცხოეთში: ჰანს ფოხტი, გერჰარდ დეეტერსი და ა.შ. მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ფართო ინტერესი, როგორც დღეს. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ქართველოლოგიის შესწავლის ცენტრი საქართველოდან გადავიდეს სადმე სხვაგან – ინგლისში, გერმანიაში, ან ამერიკაში.

ქართველოლოგია თავისთავადაც საჭიროა და ყოველ ქვეყანაში ის მიმართულება, რაც ამ ქვეყნის ეროვნულ საკითხებს შეეხება, პრიორიტეტულია, რადგან ეს ერთგვარი პასპორტია ამ ქვეყნისთვის. როგორც ამბობენ, ნორვეგიაში ტექნიკური მეცნიერებები ძალიან განვითარებულია, მაგრამ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში, აინტერესებს ნორვეგიული კულტურა და ის, თუ რითი განსხვავდება სხვებისაგან; რას წარმოადგენს; როგორია მისი სახე - ეს ყველაფერი ჰუმანიტარული მეცნიერებების საკეთებელი საქმეა. 

- უნივერსიტეტის დაარსებისას მისი ერთ-ერთი მთავარი მისია იყო - იგი გამხდარიყო ქართველოლოგიური მეცნიერებების შესწავლის ცენტრი. ზოგადად, როგორ შეაფასებთ უნივერსიტეტის ფაქტორს და მნიშვნელობას ჩვენს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

- უნივერსიტეტის დაარსება იყო ძალიან დიდი მოვლენა საქართველოსთვის. ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ამ დიდი წამოწყების მეთაური იყო, ძალიან კარგად ესმოდა, რომ საქართველოს შემდგომი განვითარება საჭიროებდა განათლებულ და მომზადებულ ხალხს. არ დაგავიწყდეთ, ეს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პირობებში ხდებოდა. საქართველო აგრარული ქვეყანა იყო XX საუკუნის დასაწყისში. იყვნენ გლეხები და თავად-აზნაურობა, რომელიც დიდად არ იწუხებდა თავს განათლებისათვის, თითო-ოროლა კი მიდიოდა რუსეთში, ან ევროპაში განათლების მისაღებად, მაგრამ, ძირითადად, მთლიან მასას ეს არ ეხებოდა. ივანე ჯავახიშვილმა ძალიან დიდი ამოცანა დაისახა, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ხაზის გაგრძელება, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტს თავიდანვე ცუდ ისტორიულ პირობებში მოუხდა მუშაობა. 30-იან წლებში, როდესაც მარქსიზმის დასანერგად იბრძოდნენ, დაიწყო მომზადებული ხალხის დევნა და განადგურება, ფიზიკურიც მათ შორის - ამან თავისი დაღი დააჩნია საუნივერსიტეტო განათლებას. მერე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, სადაც დაიღუპა უამრავი ახალგაზრდა, ანუ ის ხალხი, ვისაც უნდა ესწავლა. თუ ევროპულ ქვეყნებში და რუსეთში უმაღლეს განათლებაში უკვე მოდიოდა ახალგაზრდობა, რომელთა უმეტესობას გიმნაზიებში კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ჩვენს უმაღლეს სკოლებში, ძირითადად, მოვიდა გლეხობა, რომლებმაც სოფლის სკოლებში მიიღეს ცოდნა, სადაც, ბუნებრივია, სწავლების მაღალი დონე ვერ იქნებოდა, რადგან შეუძლებელია 10 წელიწადში სკოლამ ის ტრადიციები შეიძინოს, რომელიც არსებობდა ევროპასა და, თუნდაც, რუსეთში. ნორმალური განვითარების საშუალება რომ მისცემოდა უნივერსიტეტს, ეს თანდათანობით გამოსწორდებოდა: პირველი თაობა რაღაცას ისწავლიდა, მერე სხვას ასწავლიდა, მაგრამ 30-იან წლებში დაიწყო ნამდვილი მეცნიერების დევნა, წამოტივტივდა ის ხალხი, რომლებმაც არაფერი იცოდა გარდა იმის ყვირილისა, რომ ივანე ჯავახიშვილი იყო ბურჟუაზიული მეცნიერი და ამის გამო უნდა ჩაექოლათ. ამას მოჰყვა ომი და როდესაც უნივერსიტეტი შეივსო ახალი კონტინგენტით, სწავლის დონემ დაიკლო. ომის შემდგომ პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს ფაკულტეტებს შორის სოც-შეჯიბრი: აღარავინ ფიქრობდა ნამდვილ სწავლასა და ცოდნის დაუფლებაზე, მთავარი იყო სოც-შეჯიბრში გამარჯვება. მზექალა შანიძე რომ არ წერდა ნიშანს იმიტომ, რომ იმ სტუდენტმა არაფერი იცოდა, ამის გამო ბრძოლა გამოუცხადეს მზექალა შანიძეს, რადგან რამენაირად დაეწერინებინათ მისთვის ნიშანი. ეს აღარ იყო დეიდისა და მამიდის პროტექცია, ეს იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც ითხოვდა ფორმალურად მაღალ აკადემიურ მაჩვენებლებს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და დღეს, როდესაც ძალიან ბევრი სირთულე დაგვიდგა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მათ დასაძლევად მზად არ არის. მიუხედავად ამისა, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებებში მაინც იყო ხალხი, რომელიც ინარჩუნებდა თანამედროვე მეცნიერებისათვის საჭირო დონეს. ქართული მეცნიერული სკოლები - მათემატიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ა.შ. - მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის მაღალ სტატუსს და ბევრ დარგში წამყვანიც იყო, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთიანად საზოგადოებაში განათლების დონე მაინც დაბალი იყო და ახლაც ასეა. ბოლო დროს კი ცდილობენ ახალი მეთოდები და მიდგომები შემოიღონ, მაგრამ მე მაქვს საშუალება თვალყური ვადევნო განათლების სამინისტროს მუშაობას, მაქვს საქმიანი ურთიერთობა საგამოცდო ცენტრთან და ვხედავ, რომ ცოდნის საერთო დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ერთმანეთის საწინააღმდეგო პროცესები გვქონდა, როგორც ჩანს: ერთი მხრივ, მაღალი დონე მრავალი მეცნიერული დარგისა და ძალიან დაბალი დონე საზოგადოებაში ელემენტარული სასკოლო განათლებისა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტი ასეთია და ეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. 

- მიუხედავად განათლების საერთო დონისა, დღეს ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. რამდენად გამართლებულია ასეთი მრავალფეროვნება?

- ჩემთვის ერთი უნივერსიტეტი არსებობს და, მე მართალი გითხრათ, არა ვარ მომხრე უმაღლესი სასწავლებლების ჩამოყალიბებისა იმ შემთხვევაში, თუკი მომზადების სათანადო დონე არ არის. კი ბატონო, გახსენი ახმეტაში სამედიცინო ინსტიტუტი (შეიძლება ეს საჭირო იყოს), მაგრამ არსებობს კი ის ბაზა, რომელსაც ეს ინსტიტუტი უნდა დაეყრდნოს? ასეთ ბაზას, ჯერჯერობით, ყველგან ვერ ვხედავ. მართალია, ფაქტებს ამ დარგში საკმარისად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ბოლო წლებში გახსნილი ყველა უმაღლესი სასწავლებელი მზად არ უნდა იყოს მაღალპროფესიული აკადემიური მოღვაწეობისთვის. დღეს ჩვენს დარგებში ბაკალავრიატს რომ ამთავრებს ახალგაზრდა, ის არაფრის სპეციალისტი არ არის. ხანდახან მეჩვენება, რომ უნივერსიტეტმა იკისრა სკოლის როლი და აწოდებს სტუდენტებს იმ ზოგად განათლებას, რისი შეძენაც სკოლაში ვერ შეძლეს. ამასობაში სპეციალური საგნები გვერდზე რჩება. არ ვიცი, რა შეიძლება ამას მოვუხერხოთ. ნამდვილად ძალიან მაწუხებს. 

- ქალბატონო მზექალა, თქვენ ყოველთვის ცნობილი იყავით, როგორც მკაცრი ლექტორი. რას ნიშნავს სიმკაცრე სწავლების პროცესში და როდისაა ის გამართლებული?

- მკაცრს რას ეძახით? მე სტუდენტისათვის არასოდეს მიყვირია, არ დამითრგუნავს. ვთვლიდი, რომ საჭიროა სტუდენტმა იცოდეს ბევრი რამ. როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ვიღაცისთვის შეღავათი უნდა გამეწია, რადგან მას არ ჰქონდა სწავლის პირობები, მე ვეკითხებოდი: თქვენ ისურვებდით ახლობლისთვის ისეთ ექიმს, რომელსაც სწავლისას გაუკეთეს შეღავათი, რადგან მას მძიმე პირობები ჰქონდა? მპასუხობდნენ, რომ - არა. აი, ასეთი იყო ჩემი მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ სტუდენტს სჭირდება მუდმივი მეცადინეობა და არა სამი ღამის გათენება გამოცდების წინ და ვიღაცის კონსპექტების ქექვა. საჭიროა სისტემური წვრთნა, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი. ლექცია არ არის რეპეტიტორის გაკვეთილი. ლექცია არის ზოგადი მონახაზი, მიმართულების მაჩვენებელი სტუდენტისთვის და მერე მითითებული ლიტერატურის მიხედვით უნდა მუშაობდეს სტუდენტი და მისი მუშაობა უნდა იწყებოდეს პირველი სემესტრის პირველივე დღიდან. აი, ასეთი იყო ჩემი სიმკაცრე. 

- სალექციო კურსის გარდა, რომელიც ქართული ენის ისტორიას შეეხება და რომელსაც თითქმის 50 წელია კითხულობთ, თქვენ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბრძანდებით. თქვენ მიერ დამუშავებული და გამოცემულია არა ერთი უძველესი ხელნაწერი. დღეს რაზე მუშაობთ, რითი ხართ დაკავებული?

- უნივერსიტეტში გვქონდა ლაბორატორია „ორიონი“, რომელიც ბოლო წლებში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, რადგან თანამშრომლები არ გვყავდა. 9 წლის შემდეგ მოახერხა ქალბატონმა დარეჯან თვალთვაძემ, რომ ხელშეკრულებით ორი თანამშრომელი შემოგვეყვანა. ახლა რამდენიმე გამოცემაზე გვინდა ვიმუშაოთ: მათ შორის, მამაჩემის - აკაკი შანიძის - თორმეტტომეულის გამოცემა გვინდა განვაახლოთ, რადგან დღემდე მხოლოდ ხუთი ტომია დაბეჭდილი. ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის, ეფრემ მცირის ერთ-ერთი თხზულების გამოქვეყნებაზე ვმუშაობ. პარალელურად, კონსულტანტი ვარ და მონაწილეობის მიღება მიწევს სხვადასხვა პროექტებში.

ვრცლად

გიორგი გოგოლაშვილი - იაკობ გოგებაშვილის პრემიის პირველი ლაურეატი

მომავალ წელს ნახევარი საუკუნე შესრულდება მას შემდეგ, რაც პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღურბლს გადმოაბიჯა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული და კავკასიური ენების შესწავლა დაიწყო. ამ საქმეს დღემდე განაგრძობს. მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება ქართული გრამატიკა და დიალექტოლოგიაა. დაწერილი აქვს რამდენიმე მონოგრაფია და, საერთო ჯამში, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20-მდე წიგნისა და წიგნაკის ავტორია. სამეცნიერო საქმიანობა ახალი ქართული ენის კათედრაზე ასისტენტობიდან დაიწყო: იყო მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგის მოადგილე, შემდეგ - ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. დღემდე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა, უნივერსიტეტში კი - რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი და მოწვეული ლექტორი.

ქართული ენის კვლევის პარალელურად გიორგი გოგოლაშვილის ინტერესის საგანი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესწავლაა. წელს, 27 ოქტომბერს, დიდი ქართველი პედაგოგისა და განმანათლებლის დაბადებიდან 175 წლისთავზე, უნივერსიტეტის მიერ პირველად გაიცა გოგებაშვილის სახელობის პრემია, რომლის ლაურეატიც გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი გახდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის საქმიანობას წლებია სწავლობს და დიდი განმანათლებლის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე დამცველია.

- ქართული განათლების სისტემის საფუძველი სწორედ იაკობ გოგებაშვილმა შექმნა. ილია ჭავჭავაძის სამ ღვთაებრივ საუნჯეს: მამული, ენა და სარწმუნოება - გოგებაშვილმა დაამატა ეროვნული სკოლა და მას ეროვნების ბურჯი უწოდა. შესაბამისად, იაკობმა შექმნა ისეთი სახელმძღვანელოები ეროვნული სკოლისთვის, რომ იგივე „დედაენა“ დღესაც არის და ყოველთვის იქნება შეუცვლელი, რადგან ეს არის უნიკალური მოვლენა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო პედაგოგიკაში. შეგახსენებთ, რომ 1960 წელს ვენესუელაში მსოფლო ენების საანბანე სახელმძღვანელოების გამოფენა-კონკურსზე გოგებაშვილის წერა-კითხვის სწავლების მეთოდმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა. იაკობ გოგებაშვილი, ძირითადად, ეროვნული სკოლის საკითხზე მუშაობდა. მას ეკუთვნის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იდეა, რომელმაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიასთან შექმნა სამრევლო სკოლები, სადაც ქართული ენა ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა. სწორედ ამ სკოლებისთვის შექმნა გოგებაშვილმა „დედაენა“ და სხვა სახელმძღვანელოები. 

ოთხწლიან სამრევლო სკოლაში პირველი ორი წელი „დედაენით“ ისწავლებოდა, მესამე-მეოთხე კლასში - „ბუნების კარით“. გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისა და პროგრამის დამსახურებით იმ დროს ოთხკლასდამთავრებულმა ბავშვმა გაცილებით უკეთესად იცოდა ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს გეოგრაფია, საქართველოს ისტორია და ეთნოგრაფია, ვიდრე დღევანდელმა სკოლადამთავრებულმა. გოგებაშვილმა ასევე განსაზღვრა ქართველი ბავშვებისათვის უცხო ენის სწავლების პრინციპები და შექმნა რუსულის სახელმძღვანელო „რუსსკოე სლოვო“. გოგებაშვილმა ჯერ შექმნა „დედა ენა“, შემდეგ „რუსსკოე სლოვო“. მას მიაჩნდა და სწორიც იყო, რომ ქართველმა ბავშვმა უცხო ენა ქართულ გარემოში უნდა ისწავლოს და არა იმ გარემოს მიხედვით, რომელიც მისთვის უცხოა როგორც სიტუაციურად, ისე მენტალურად. ქართველმა ავტორმა სახელმძღვანელო უნდა მიაბას იმ ცოდნას, რომელიც ბავშვმა მიიღო მშობლიურ ენაზე. გოგებაშვილმა ასევე შექმნა სახელმძღვანელოები მათემატიკასა და რელიგიაში. თუმცა, რადგან ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვი არ იყო მხოლოდ ქრისტიანი მართლმადიდებელი, რელიგიის სწავლება არ იყო სავალდებულო ყველასთვის. 

- რამდენად გამოიყენება გოგებაშვილის მეთოდოლოგია დღევანდელ სწავლებაში და სახელმძღვანელოების შექმნის დროს?

- საბედნიეროდ, იაკობ გოგებაშვილმა მოძებნა ქართული ენის სწავლების ის გზა, რომელიც ყველაზე მორგებული აღმოჩნდა ჩვენზე. როცა იაკობი გამოვიდა ასპარეზზე, უკვე არსებობდა ათამდე სხვადასხვა სახელმძღვანელო ქართული წერა-კითხვის შესასწავლად. მერეც ბევრი შეიქმნა, მაგრამ „დედაენას“ კონკურენციას ვერ უწევენ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი აღმოჩენა ქართული კულტურის ისტორიაში, ეს იყო პირველ საანბანე გაკვეთილად აი ია-ს შემოტანა. როცა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გამოვიდა ინიციატივით, „დედაენას“ მინიჭებოდა კულტურული ძეგლის სტატუსი, სწორედ ამაზე აიგო ჩვენი მსჯელობა: გოგებაშვილის მეთოდი წერა-კითხვის სწავლებისა არის უნიკალური. ჩვენი მოსაზრება გავაცანით კულტურის სამინისტროს, რომელმაც ეს ინიციატივა განიხილა და 2013 წელს გოგებაშვილისეულ წერა-კითხვის სწავლების მეთოდს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ კულტურის სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა ამ ძეგლისთვის განესაზღვრა ეროვნული კატეგორია და, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, 2014 წელს გამოვიდა დადგენილება, რომლითაც ი. გოგებაშვილის „დედაენას“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის ეროვნული კატეგორია მიენიჭა. ამ ფაქტმა უკვე შეუქმნა პრობლემა გარკვეულ ჯგუფებს, კერძოდ: ამჟამად სამი სახელმძღვანელოა ქართულ სკოლაში. სამივეს ჰქვია „დედაენა“ და არც ერთის ავტორად გოგებაშვილი არ იხსენიება. რა ხდება იცით? იღებენ წიგნს, შეცვლიან ერთ-ორ ელემენტს და ამის შემდეგ აცხადებენ თავს ავტორებად. ვალი რომ მოიხადონ გოგებაშვილის წინაშე, მიაწერენ ხოლმე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილის მიხედვით. ფაქტობრივად, ხდება გოგებაშვილის ძარცვა. ზოგი ავტორი კი სრულიად განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს წერა-კითხვის შესასწავლად, მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს შუა სწავლებისას მოუხდათ სახელმძღვანელოს შეცვლა და კვლავ გოგებაშვილის მეთოდთან დაბრუნება. 

ეს მეთოდი ქართული ენის ბუნებაზეა მორგებული. ავტორთა ნაწილი კი უცხოური მეთოდოლოგიით სარგებლობს. იქ კი რაც ხდება, მოგეხსენებათ: ერთი ბგერა შეიძლება გადმოიცეს ორი ან სამი ასოთი, ან ერთი და იგივე ასო სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვაგვარად შეიძლება იკითხებოდეს. ქართულს ეს პრობლემა არა აქვს. თვითონ გოგებაშვილი ამბობდა: ჩვენ უნიკალური ენა გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვწერთ და რასაც ვწერთ, იმას ვკითხულობთო. აი ია-ს მიგნება ჩემს ოსტატობას კი არა, ქართული ენის ბუნებას და მის უნიკალურობას უნდა მივაწეროთო. ენის ბუნებას ზუსტად არის მორგებული ეს სახელმძღვანელო და ამიტომ იაკობის „დედაენა“ უნდა დაბრუნდეს ქართულ სკოლაში. 

- თუმცა, ალბათ, ბევრი რამ მაინც შეცვლას მოითხოვს დროისა და ვითარების შესაბამისად...

- გოგებაშვილს ჰქონდა „დედაენის“ 33 გამოცემა თავის სიცოცხლეში და ყველა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იაკობი ამბობდა: თუ „დედაენას“ მოაკლდა „გაუკეთესება“, იგი მოკვდება. ამიტომ, სისტემატურად უნდა ხდებოდეს მისი გაუმჯობესება, ცხოვრების პირობებთან „დედაენის“ შეგუება,M მაგრამ ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რა პრინციპებითაც აიგო „დედაენა“. გოგებაშვილმა თავისი წიგნი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და დაიბარა, რომ სახელმძღვანელოში ნებისმიერი ცვლილება უნდა შევიდეს საზოგადოების სამი მეოთხედის თანხმობით. რადგან დღეს აღარ არსებობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მაშინ წიგნი სახელმწიფოს საკუთრებაა, მით უმეტეს, იგი უკვე ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლია. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან და ამის შემდეგ მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შეიქმნას კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც გოგებაშვილის სახელმძღვანელოს დღევანდელი სკოლისთვის მოამზადებს. 

- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ფარგლებში აქტიურობის გარდა, თქვენ ჩართული იყავით და ხართ უნივერსიტეტის ცხოვრებაშიც. გასული ათწლეული საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა თქვენთვის: მოგიხდათ უნივერსიტეტის დატოვება. ახლა რა ხდება და როგორ თანამშრომლობთ უნივერსიტეტთან?

- უნივერსიტეტის ისტორიას რამდენიმე მძიმე პერიოდი ახსოვს. ეს იყო გასული საუკუნის 20-იანი წლები, როცა 1926 წელს ივანე ჯავახიშვილი გააგდეს უნივერსიტეტიდან და აირჩიეს რექტორად ვინმე თედო ღლონტი, რომელზეც მიხეილ ჯავახიშვილი წერდა, რომ 1920 წელს უნივერსიტეტში სტუდენტად არ მიიღეს სამოქალაქო განათლების უქონლობის გამო და მერე რექტორად დანიშნესო. იმ პერიოდში ზედიზედ 6 რექტორი გამოიცვალა უნივერსიტეტმა და 1937-38 წლებში ყველა დახვრიტეს. საბედნიეროდ, უნივერსიტეტი მაინც გადარჩა აკაკი შანიძისა და მისნაირების წყალობით. ასევე, მძიმე პერიოდი დაუდგა უნივერსიტეტს 2004 წელს, როცა მოისურვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შეცვლა, რასაც მოჰყვა პროფესორ-მასწავლებელთა პროტესტი. განათლების კანონში არ იყო პუნქტი სწავლების ენის შესახებ. საერთოდ, სახელმწიფო ენა უნდა იყოს განათლების ენა, გარდა კანონით განსაზღვრული გარკვეული შემთხვევებისა. ენის შესახებ ცვლილება მივაღებინეთ, მაგრამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია კონკურსების საკითხმა. ამ კონკურსების გამოცხადებით მთავრობამ დაარღვია მის მიერვე მიღებული კანონი, რადგან კანონის მიხედვით, კონკურსები უნდა ჩატარებულიყო მას შემდეგ, როცა არჩეული იქნებოდა საბჭო და რექტორი იმ შემადგენლობიდან, რა შემადგენლობაც იყო უნივერსიტეტში. მთავრობამ კი პირდაპირ მოინდომა კონკურსების ჩატარება, რათა არასასურველი ხალხი გაეყარა. ამასთან, წესდებოდა ასაკობრივი ცენზი. პირდაპირ დაიმუქრა მაშინ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავო და შედეგი რა იყო? 2006 წელს გამოცხადდა აკადემიური კონკურსები 700 საკონკურსო ადგილზე და ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტში 3 500 პროფესორ-მასწავლებელი იყო, ანუ უნივერსიტეტში დატოვეს ადგილების 20%. პროფესორ-მასწავლებელთა 80%-ით შემცირება იყო ბარბაროსობა და კატასტროფა. ბევრმა ჩვენგანმა, და მათ შორის მეც, პროტესტის ნიშნად, უარი ვთქვით ამ კონკურსებში მონაწილეობაზე და ჩვენი ნებით დავტოვეთ უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც რექტორად აირჩიეს ვლადიმერ პაპავა, მან თავად შემოგვთავაზა ჯემალ მებონიას და მე - შევსულიყავით რექტორის მრჩეველთა საბჭოში და მონაწილეობა მიგვეღო უნივერსიტეტის ცხოვრებაში, რაზეც დავთანხმდით და ამჟამად ვართ ამ საბჭოს წევრები. გარდა ამისა, როგორც მოწვეული ლექტორი, ლექციებსაც ვკითხულობ. 

- თქვენ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც ბრძანდებით და განაგრძობთ ენის კვლევას. გლობალიზმის ეპოქაში მცირე ერებისა და ენებისათვის არსებობს საფრთხეები, რომელთა იდენტიფიცირება სწორედ მეცნიერთა პრეროგატივაა. თქვენ რას იტყოდით ახალი გამოწვევების შესახებ?

- ვფიქრობ, რომ ქართული ენისთვის საფრთხეები ახლა უფრო გამრავლდა, ვიდრე ეს იყო საუკუნის, ან თუნდაც ორი საუკუნის წინ. სწორედ ამიტომ, სპეციალური ზომებია გასატარებელი. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და გარკვეული წრეების ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მომზადდა, თუმცა 2003 წელს პარლამენტში შეტანილი ეს კანონი დაიკარგა. ამჟამინდელმა პარლამენტმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მონდომებით, წელს, ზაფხულში მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. ამ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მოხდა ისე, რომ არასწორი ინფორმაციით კანონის წინააღმდეგ განაწყვეს საზოგადოების ნაწილი. თუმცა, კანონი უკვე მიღებულია და იანვრიდან ამოქმედდება. იგი საკმაოდ ფართო და საინტერესოა. მის საფუძველზე უნდა შეიქმნას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც იქნება ქართული ენის ფუნქციონირების, სწავლებისა და შესწავლის პოლიტიკის განსაზღვრა. ეს კანონი მხოლოდ გარანტიაა იმისა, რომ ქართული ენა დაცული იქნება სახელმწიფოს ფარგლებში, მაგრამ თუ საზოგადოებამაც არ მოინდომა ენის შენარჩუნება და დაცვა, მაშინ ამას ვერანაირი კანონი ვერ უშველის

ვრცლად

ვის საგნებზეა დიდი მოთხოვნა სტუდენტთა შორის?

საქართველოში პოლიტიკის კვლევასა და სწავლებას ხანმოკლე ისტორია აქვს და სათავეს 1992 წლიდან იღებს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე აწ განსვენებული კარლო შარიას ხელმძღვანელობით პოლიტოლოგიის კათედრა გაიხსნა. მანამდე, მთელი 70 წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ კომუნიზმი შენდებოდა და ისწავლებოდა, წითელი იდეოლოგიის მიღმა დარჩენილ ყველა სხვა პოლიტიკურ მოძღვრებას და მოძრაობას კი დისიდენტური ერქვა და პოლიტიკის ნაცვლად, კრიმინალში ჰქონდა ადგილი მიჩენილი.

უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის თავიდანვე დიდი დავის საგანი გამხდარა ის, თუ ვისი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ მეცნიერებათა შესწავლა - ისტორიკოსების გარდა მასზე პრეტენზიას ფილოსოფოსები და იურისტებიც გამოთქვამდნენ, თუმცა, საბოლოოდ დავა ისტორიკოსების სასარგებლოდ გადაწყდა, რაც ლოგიკურიც იყო, რადგან ისტორიის მთავარ ინტერესს დღემდე სწორედ პოლიტიკური ამბებისა და პროცესების კვლევა წარმოადგენს.

სალომე დუნდუა იმ პერიოდში სტუდენტი იყო და როდესაც ვიწრო სპეციალობის არჩევის ჯერი დადგა, პოლიტოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. არჩევანი გამართლებული აღმოჩნდა და დღეს თავად ასწავლის ახალგაზრდებს პოლიტიკის თეორიას. მის საგნებზე დიდი მოთხოვნაა სტუდენტთა შორის, თავად სალომე კი მათი ერთ-ერთი საყვარელი ლექტორია.

- 1998 წელს დავამთავრე ასპირანტურა და 2002 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში. თემის ხელმძღვანელი იყო ბატონი მალხაზ მაცაბერიძე, რომელიც დღეს ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელია და რომელთანაც დღემდე ძალიან მჭიდრო პროფესიული კავშირი მაქვს. ხარისხის დაცვის შემდეგ გავხდი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იმ პერიოდში კათედრაზე ახალგაზრდა მეცნიერებს ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, რადგან, რეალობიდან გამომდინარე, სწორედ მათ უნდა შეექმნათ პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ბაზა. 2005 წელს ფაკულტეტების გაერთიანება შემდეგ, ჩვენი მიმართულება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან აღმოჩნდა, მე კი კონკურსის საფუძველზე დავინიშნე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. უკვე 2011 წლიდან ვარ ასოცირებული პროფესორი.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, უკავშირდება უნივერსიტეტს, კონკრეტულად კი ამ მიმართულებას - პოლიტიკის მეცნიერებებს.

- როგორი ხედავთ უნივერსიტეტის როლსა და ადგილს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში?

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი უნივერსიტეტია, ჩემი უნივერსიტეტი არის ეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მართალია მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი და კრიტიკაც ხშირად გაისმის, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ნომერ პირველია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე პირველად სწორედ აქ აისახება ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მაჯისცემა. გადავხედოთ ისტორიას: გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა პროცესი აქედან იწყებოდა და ჩემშიც, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო ჩაბეჭდილი უნივერსიტეტი, როგორც ყველაფრის საწყისი. საბედნიეროდ, დღემდე ასეა: ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ყველაზე აქტიური მსჯელობა ძირითადად უნივერსიტეტიდან იღებს სათავეს. იგივე 2003 წლის მოვლენები, შემდეგ უკვე 2012 წლის ცნობილი ამბები - სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო. აქ ხდება აზრის დაბადებაც და მის გასატარებლად ბრძოლაც. შეიძლება პათეტიკურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი სტუდენტობა არის უკეთესობისკენ ბრძოლის დამწყები და საკმაოდ ხშირად ისინი სწორედ ჩვენი ფაკულტეტისა და ჩვენი მიმართულების სტუდენტები არიან. საქართველოში ყოველთვის უნივერსიტეტიდან იწყებოდა და იწყება იდეების გენერირება და მოძრაობაში მოყვანა.

დღესაც ასეა და ეს სტუდენტები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად აქტიურობენ, პოლიტიკურად სუფთა ადამიანები არიან, Aარ აქვთ პოლიტიკური ინტერესები და არ არიან გარეულნი იმ თამაშებში, რომლებსაც ძალაუფლების ზედა ეშელონებისაკენ მიჰყავს ადამიანი. ფაქტია, რომ მათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა სურთ. სწორედ ამიტომ, ვაფასებ მათ აქტიურობას, თუმცა შეიძლება გარკვეულ იდეებს არ ეთანხმებოდე ან ზოგჯერ გამოხატვის ფორმა იყოს მიუღებელი.

საერთოდ, ჩემს უმთავრეს მოვალეო-ბად, თეორიული ცოდნის მიცემის გარდა, იმასაც ვთვლი, რომ სტუდენტები მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყანაზე და მართლა ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გარშემო ვხედავ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამის უნარი აქვთ.
- პოლიტიკურ ფილოსოფიას ასწავლით და ამიტომ, შეუძლებელია, არ გკითხოთ თქვენი აზრი პოლიტიკურ პროცესებზე. როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და რამდენად შეიმჩნევა დინამიკა?

- ხშირად ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სხვა ტიპის შოკი, რომელიც 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე გამოვიარეთ - იყო საზღაური, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ვიწვნიეთ და ხშირად გვაწვნევინეს გარკვეულმა ძალებმა. თუმცა, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, მაინც მგონია, რომ პროგრესისკენ მივდივართ. ხშირად აღნიშნულა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: 2012 წლის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა მოვიდა, ან მოვიდოდა, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იყო ცალსახად გარდამტეხი მიჯნა, რომლიდანაც უკვე იწყება ნამდვილი დემოკრატიის შენება. რუბიკონი გადავლახეთ, როგორც იტყვიან, რადგან რეალურად ამ არჩევნებზე პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ისტორიაში მანამდეც კი იყო მსგავსი პრეცედენტი, როცა მრგვალმა მაგიდამ არჩევნების გზით გაიმარჯვა 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ის ცალსახად სხვა მოვლენა იყო და იქ არჩევანი იყო ეროვნულ თავისუფლებასა და კომუნიზმს შორის: ჩვენ მივეცით ხმა გამსახურდიას პარტიას, მაგრამ მისი სახით ხმას ვაძლევდით თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს. რაც შეეხება წმინდა წყლის პოლიტიკურ არჩევანს პარტიებს შორის, ეს უკვე 2012 წელს მოხდა. პოლიტიკურ მეცნიერებებში მიღებული და ცნობილი ფაქტია, რომ მინიმუმ ორ-სამჯერ მაინც უნდა მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიად. პოლიტიკურ კულტურად უნდა იქცეს არჩევნებით ხელისუფლების ცვლა, ამას უნდა მოერგონ როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები, ისე მოქალაქეები და ხელისუფლებაც. ჩვენთან კი ეს განცდა რეალურად არ არსებობდა. მუდმივად იყო საუბარი რევოლუციებზე, რადგან არჩევნების გზით განსხვავებული პოლიტიკური ძალის მოსვლის შესაძლებლობის არავის სჯეროდა. ხალხი არ დადიოდა არჩევნებზე, რადგან მიაჩნდა, რომ მაინც ის ძალა გაიმარჯვებს, რომელიც ხელისუფლებაშია. ამ თვალსაზრისით, 2012 წლის არჩევნები და შემდეგ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც დადებითი მოვლენებია. სწორედ Aეს არის ძირითადი პროცესი და მეინსტრიმი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა, თუკი ასე არ მოხდა, ქვეყანა წავა მუდმივ ქაოსში და დავემსგავსებით იმ სამხრეთამერიკულ ქვეყნებს, სადაც მუდმივად რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები ხდება. ამის შესაძლებლობას თითქმის გამოვრიცხავ, რადგან ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად არ ჩანს დღეს ის ძალა, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენი პოლიტიკური პარტიებიც თანდათან ჩაჯდნენ კონსტიტუციონალიზმის ჩარჩოებში. ის, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ერთი პოლიტიკური ძალა, მეორე ხელისუფლებას აკრიტიკებს და მესამე ტაშს უკრავს - კანონის ფარგლებშია და რაც კანონის ფარგლებშია, სრულიად ნორმალურია. შემდგომი, 2016 წლის არჩევნები უკვე იქნება მეორე დიდი ნაბიჯი დემოკრატიის მიმართულებით და შეგვეძლება იმაზე საუბარი, რომ უკვე გამყარებული დემოკრატია გვაქვს. შესაბამისად, ნაკლებად იარსებებს იმის შიში, რომ ვიღაც მოვა და კანონსა და კონსტიტუციას მოირგებს, რადგან თუ შევძლებთ და ჩამოვაყალიბებთ რაციონალურ-სამართლებრივ მმართველობას, მაშინ ოდიოზური ფიგურებიც კი თუკი მოვლენ ხელისუფლებაში, იძულებულნი იქნებიან - იქით მოერგონ კონსტიტუციას. 
- თქვენ ასწავლით და თან მკვლევარიც ხართ. ამჟამად რა საკითხებს იკვლევთ?

- უკვე ერთი წელია სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსები ტარდება და შიდა საფაკულტეტო გრანტები გაიცემა. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა და, იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება. ჩემ მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მოვიპოვეთ დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც უცხოეთის რეიტინგული ჟურნალისათვის უნდა მოვამზადოთ სტატია გარემოსდაცვით სოციალურ აქტივიზმზე თანამედროვე საქართველოში. ამჟამად უკვე ფინალურ სტადიაზე ვართ: მასალები შევაგროვეთ და სტატიაზე ვმუშაობთ.

ამ კვლევამდე მე და ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ზვიად აბაშიძემ ერთობლივი მონოგრაფია დავწერეთ რუსთაველის ფონდიდან მოპოვებული გრანტის ფარგლებში თემაზე: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები თანამედროვე საქართველოში. საერთოდ, მუდმივად ერთ თემატიკაზე მუშაობა ჩემთვის უინტერესოა და სხვადასხვა რაკურსიდან ვცდილობ ჩვენი პოლიტიკის კვლევას. ამჟამად სოციალური მოძრაობების შესწავლით ვარ დაკავებული.

- საინტერესოა, რამდენად გამოიყენება ჩვენი მეცნიერების კვლევები და ცოდნა სახელმწიფო მმართველობაში?

- სამწუხაროდ, ნაკლებად... და გვქონდა კიდეც მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. იგეგმება ფაკულტეტის შიგნით ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლების მოწვევა, რაც შესაძლებელს გახდის მეცნიერული ცოდნისა და მმართველობის პრაქტიკის დაახლოებას. იმედია, ეს განხორციელდება და ასეთი თანამშრომლობით უკეთეს შედეგებს მივიღებთ რეალობაში.

- რაც შეეხება ფაკულტეტის სტუდენტებს, როგორია მათი შემდგომი კარიერა?

- პოლიტიკის მეცნიერებებისადმი, საერთოდ, მზარდია ინტერესი. ეს, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ვცდილობთ, სტუდენტებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური ცოდნა მივცეთ და ვფიქრობ, ამას სტუდენტებიც ხედავენ. რაც შეეხება შემდგომ დასაქმებას, ჩვენში აშკარად დისბალანსია დასაქმების ბაზარსა და სპეციალისტების მიწოდებას შორის, მაგრამ ეს მარტო ჩვენს სპეციალობას არ შეეხება, იგივეა სხვა სპეციალობების მიმართაც. თუმცა, თუ კარგი სტუდენტია, ძალიან უნდა მოინდომოს, რომ რომელიმე გაცვლით პროგრამაში ვერ მოხვდეს და უცხოეთში ვერ შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება. ძალიან ბევრი ასეთი პროგრამაა დღეს, განსაკუთრებით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის და როცა ასეთი ახალგაზრდა სამშობლოში ბრუნდება, მისთვის უფრო ადვილია კარგი სამსახურის შოვნა. ვფიქრობ, ჩვენი კურსდამთავრებულები მომავალში თავის ადგილს დაიკავებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელმწიფოს მართვაშიც.

მოამზადა ლელა კურდღელაშვილმა

ვრცლად