„ბერიტაშვილის კითხვანი“

17 თებ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 134 წელი აღინიშნა. ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის იუბილეს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ყოველ წელს საჯარო მოხსენებით აღნიშნავს. ინსტიტუტის მეცნიერები საზოგადოებას ჩატარებული კვლევების უახლეს შედეგებს აცნობენ. წელს საჯარო ლექცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არჩილ კეზელმა წაიკითხა. არჩილ კეზელი თვალის ფიზიონომიას იკვლევს და, შესაბამისად, მისი მოხსენების თემა გახლდათ: „მე ვხედავ, რატომ ვხედავ, რისთვის ვხედავ“. კვლევის შედეგად, მეცნიერმა დაადგინა, რომ აქამდე მიღებული თეორია - კატა ფერებს ვერ არჩევს - არ შეესაბამება სიმართლეს და მას სხვადასხვა ფერის მიმღებლობის უნარი გააჩნია. მოხსენებისას არჩილ კეზელმა, ასევე ისაუბრა - თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი მახასიათებელი - გადატვირთული ვიზუალური სივრცე - ადამიანის მხედველობაზე. 
„ვმუშაობ მხედველობის ფიზიოლოგიის პრობლემებზე. შესაბამისად, ვისაუბრე მხედველობის ორგანოს მუშაობის მექანიზმზე. ეს ურთულესი პროცესია, რომელსაც თვალის მეშვეობით ჩვენი თავის ტვინი ახორციელებს. ჩემს მოხსენებაში წარმოვადგინე ის მიღწევები, რაც დღესდღეობით გვაქვს. მხედველობის ფიზიოლოგიის შესწავლაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ თანამედროვე ვიდეოგადამღები ტექნიკის განვითარებაც, რადგან ვიდეოკამერების, სწორედ იმ კანონზომიერებების მიხედვით იქმნება, რომელიც მეცნიერებმა აღმოვაჩინეთ, დავადგინეთ და შემდეგ გადაიტანეს წარმოებაში“, - განაცხადა არჩილ კეზელმა.
ივანე ბერიტაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სხდომას ფიზიოლოგთა საზოგადოების, ნევროლოგთა საზოგადოების, ბიოლოგიის მეცნიერებათა სხვადასხვა ასოციაციის წევრები და ივანე ბერიტაშვილის შთამომავლები დაესწრნენ. სხდომა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა. თსუ-ის რექტორის განცხადებით, პირველ ქართულ უნივერსიტეტს საერთაშორისო რეიტინგებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, რისი განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორიც ის რეპუტაციაა, რომელსაც საუკუნის განმავლობაში ისეთი დიდი მეცნიერები ქმნიდნენ, როგორიც ივანე ბერიტაშვილია. 
„მნიშვნელოვანია, რომ თაობათა კავშირი არ დაირღვეს. ივანე ბერიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ლექციების კითხვა 1919 წლიდან დაიწყო და ძალიან რთულ ვითარებაში მოუწია თავიდან მუშაობა, რადგან არ იყო კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარებისთვის შესაბამისი პირობები. მიუხედავად ამისა, ძალიან სწრაფად შეძლო ფიზიოლოგიის მთელი სკოლის ჩამოყალიბება, მოიზიდა ახალგაზრდები, გახსნა ფიზიოლოგიის კვლევითი ცენტრი და უნივერსიტეტში შექმნა ფიზიოლოგიის კათედრა, რომელსაც 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი არის მაღალი რანგის მეცნიერი, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო დონის აღიარება. ჩვენ არც ისე განებივრებულები ვიყავით და ვართ ასეთი დონის მეცნიერებით. ამდენად, ისინი უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მათ დაიწყეს ქართული მეცნიერების განვითარება“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
ივანე ბერიტაშვილი არაერთი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის ავტორია - მათ შორის არის კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგია, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლები და წარმოშობა, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმები და მათი სივრცითი ორიენტაცია. მან შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ადგილი დაუმკვიდრა ქართულ ფიზიოლოგთა სკოლას; განამტკიცა საერთაშორისო კავშირები. 
ივანე ბერიტაშვილი იყო ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970 წ.), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959 წ.), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960 წ.), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979 წ.), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969 წ.), ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების (1969 წ.) საპატიო წევრი. ივანე ბერიტაშვილის ბიოგრაფია მისივე სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განყოფილების გამგემ მერაბ ცაგარელმა დაწერა. ამჟამად იგი დიდი მეცნიერის ბიოგრაფიის წიგნის მეორე, განვრცობილ გამოცემას ამზადებს. 
„ამ წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რადგან მივიწყებულია სასიქადულო მეცნიერების ღვაწლი. ახლა მალე იხილავთ ივანე ბერიტაშვილის ბიოგრაფიის მეორე გამოცემას, რომელიც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება. აუცილებელია, ახალგაზრდებმა იცოდნენ ჩვენი მეცნიერების ფესვების შესახებ. ივანე ბერიტაშვილი განსაკუთრებული მეცნიერი იყო. მისი პიროვნების საკვანძო მახასიათებელი შრომისმოყვარეობა, სამეცნიერო ცნობისმოყვარეობა და მიზანსწაფულობა გახლდათ, რაც ქართველებს იშვიათად ახასიათებთ, რადგან შედეგის მაშინვე მიღება სურთ, სულსწრაფები არიან. ეს ნიშნები მის ბიოგრაფიაში თვალნათლივ ჩანს. სწორედ ამიტომ მიაღწია მან საერთაშორისო დონეს. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში ძირითადად მანამდე, 20-იან წლებში ქვეყნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 30-იანი წლების შემდეგ საბჭოთა კავშირი იზოლაციაში მოექცა, მუდმივად ცდილობდა, კონტაქტი ჰქონოდა უცხოელ კოლეგებთან. იგი ამ პერიოდში მოკლებული იყო ოპონირებას, რამაც მას, როგორც მეცნიერს, დიდი ზიანი მიაყენა. ამავე დროს იგი იყო პავლოვის მოძღვრების ოპონენტი, მიჩნეულ იქნა „ანტიპავლოვისტად“, რის გამოც ჩამოაცილეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორობას და 3 წლის განმავლობაში სამეცნიერო მოღვაწეობა აეკრძალა. მიუხედავად ამისა, მან გამოსცა შესანიშნავი წიგნი უძველესი დროიდან ქართული სამეცნიერო აზროვნების განვითარების შესახებ“, - განაცხადა მერაბ ცაგარელმა. 
„ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან გავიდა 134 წელი. მისი მოწაფეებიდან ერთი-ორი თუ დარჩა ცოცხალი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ინახავენ ამ სკოლას და მას კიდევ აქვს მეცნიერული ინერცია, რაც მისასალმებელია. დღეს ყოფიერება უამრავი სიახლით გვაწვება და ყველანაირ პირობას ქმნის, რომ მარტივად დაავიწყოს საზოგადოებას წარსული. ამიტომ ეს ტრადიცია, რომელიც ჩამოაყალიბეს ქართველმა ფიზიოლოგებმა, ძალიან მისასალმებელია და ივანე ბერიტაშვილის ოჯახი ამას ძალიან აფასებს“, - გვითხრა ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილმა დავით ბერიტაშვილმა. 
ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 134 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა - „ბერიტაშვილის კითხვანი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით 10 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ივანე ბერიტაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.