თსუ-ის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე დარეგისტრირებულთა უმრავლესობა სტუდენტი გახდა

17 სექ 2019

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე დარეგისტრირებული იყო 64 აბიტურიენტი. ყველა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა სავალდებულო თუ არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. მოსამზადებელ კურსზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა ნახევარზე მეტმა 50, 70, 100% გრანტი მოიპოვა და სწავლას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აგრძელებს, მათ შორის თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები უკვე რამდენიმე წელია წარმატებულ საქმიანობას ეწევა და აბიტურიენტების მხრიდან უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. 
„აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების მიზანია სწავლების ყველა საფეხურზე მისაღები გამოცდით გათვალისწინებული პროგრამით აბიტურიენტთა სრულფასოვანი მომზადება, აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაცია და აკადემიური კარიერის დაგეგმვაში დახმარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეპეტიტორებთან სიარულს, დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი მხარეც ახლავს თან. ერთ-ერთია ის მძიმე ფინანსური ტვირთი, რომლის აღება საკუთარ თავზე უწევს აბიტურიენტის ოჯახს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი აბიტურიენტი მომზადებას 2 წლით, ან უფრო ადრე იწყებს და მშობლების მიერ შვილების სწავლაში გადახდილი ფულის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი ცენტრი კი მშობლებს ამ კუთხით მნიშვნელოვან შეღავათს უწევს. კურსის განმავლობაში აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტს, მის საგანმანათლებლო პროგრამებს, მოისმინონ მათთვის საინტერესო ლექციები, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობაში და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ“, - აცხადებს თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი.
აბიტურიენტებს ცენტრში ამზადებენ თსუ-ის საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ზრუნავენ ახალგაზრდების განათლებაზე და აძლევენ მათ შესაძლებლობას, გახდნენ წარმატებული სტუდენტები. ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება გამორჩეულია სწავლების მაღალი დონით, აბიტურიენტების პედაგოგებთან შემოქმედებითი ურთიერთობით, კეთილმოწყობილი სამუშაო გარემოთი.

შეგახსენებთ: 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი

სწავლის ხანგრძლივობაა 2019 წლის 1 ოქტომბერიდან 2020 წლის 1 ივლისამდე.
თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრი. ილ ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი abiturienti@tsu.ge facebook.com/თსუ აბიტურიენტთა მომზადება - TSU training courses for entrants.
ტელ: +995 597-222-616.

თამარ დადიანი