სატელევიზიო ინდუსტრიაში ჩართვის საუკეთესო გზა

29 ნოე 2018

მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით: „თსუ-ის ბაზაზე გახსნილი კოლეჯი არის კვალიფიციური სკოლა, რომელიც წლების განმავლობაში ზრდიდა ჟურნალისტების თაობებს. კარგია, რომ უკვე ბმა არის უნივერსიტეტთან; ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. ეს არის პროფესიული სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგაც ახალგაზრდებს ექნებათ შანსი - სწავლა გააგრძელონ ბაკალავრიატის საფეხურზე. სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს პროფესიული განათლება საქართველოში; დუალური განათლების ის ელემენტები, რომელიც დაარსების დღიდან იყო ჩადებული ამ კოლეჯში და დღესაც ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი“.
„ჩვენი კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს 7 საგანმანათლებლო პროგრამას, საიდანაც, სურვილისამებრ, აირჩევენ ერ-თს. პროგრამები ორწლიანია, მისი დასრულების შემდეგ სტუდენტები აიღებენ სახელმწიფო დიპლომს, რომელიც შეესაბამება უმაღლესი პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურს. კოლეჯში სტუდენტებს აქვთ რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კარგი განათლება მიიღონ. აქ მუშაობენ პრაქტიკოსი პედაგოგები, გვაქვს შესაბამისი ტექნიკა“, - განაცხადა მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი 2018 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა; კოლეჯმა ახალი სტატუსით გაიარა ავტორიზაცია და 120 პროფესიული სტუდენტი კონკურსის წესით ჩაირიცხა შემდეგ მოდულურ პროგრამებზე: ტელერეჟისურა, საოპერატორო ხელოვნება, ვიდეო მონტაჟი, სატელევიზიო გრაფიკა, ფოტოგრაფია, ტელე-რადიო წამყვანი და რეპორტიორი. 
თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი იმ პირველი სატელევიზიო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც კოლეჯის ამჟამინდელი დირექტორის ზურაბ ოშხნელის ინიციატივით ათეული წლების წინ დაარსდა და სხვადასხვა სახელწოდებითა და სტატუსით 1989 წლიდან არსებობს. 
„პროფესიული განათლება, ჩემი აზრით, არის საუკეთესო შანსი, რომ კონკრეტული პროფესია კარგად აითვისო, დასაქმდე და საფუძველი ჩაუყარო კარიერულ წინსვლას. ამ კოლეჯის ერთ-ერთი კურსდამთავრებული ვარ. მა-შინ სხვა სახელი ერქვა - სატელევიზიო-სასწავლო ცენტრი. ის გამოცდილება, რაც ამ 30 წლის განმავლობაში დააგროვა კოლეჯმა, არის საუკეთესო საშუალება, რათა მომავალში, ახალი კარგი კადრები გაზარდოს და ჩართონ ისინი სატელევიზიო ინდუსტრიაში“, - აღნიშნა ჟურნალისტმა გენო ოსიყმაშვილმა. 
სხვადასხვა წლებში კოლეჯის ბაზაზე ხორციელდებოდა სკოლისგარეშე სატელევიზიო პროგრამები; საშუალო-პროფესიული პროგრამები; უმაღლესი პროფესიული პროგრამები; ხუთსაფეხურიანი საგნობრივი პროფესიული პროგრამები; მოდულური პროფესიული პროგრამები. ამასთან, კოლეჯი ფუნქციონირებდა საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიის, საყმაწვილო სატელევიზიო რესპუბლიკური ცენტრის, ტელეპროფილური სკოლის, სატელევიზიო ლიცეუმის, მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, სატელევიზიო ხელოვნების უმაღლესი სკოლის და სატელევიზიო სასწავლო ცენტრის სტატუსებით.

ნატო ობოლაძე