კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს

06 ნოე 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“ - გაიმართა. სამეცნიერო ღონისძიებაში ქართველი, ესპანელი და იტალიელი მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ევროპის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებში მაღალი აკადემიური და ადმინისტრაციული პოზიციები უკავიათ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“ - კომბინირებული პროექტის „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა ერთობლივად განახორციელეს. პროექტს ორგანიზება და კოორდინაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ლელა ჯანაშვილმა და ირაკლი ბურდულმა გაუწიეს.
„პროექტი სეზონურ სკოლას - „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები“ და დასკვნით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“ აერთიანებდა. კომბინირებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების (როგორც სამართლებრივ, ასევე გლობალურ) საკითხებს ევროპულ და რეგიონულ დონეზე არსებული რისკების გათვალისწინებით. უსაფრთხოების თემის სამართლებრივ, სოციალურ-პოლიტიკურ და ისტორიულ ჭრილში განხილვამ სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა არსებული პრობლემა ქართული სახელმწიფოებრივი რეალობის გათვალისწინებით. ღონისძიების ფარგლებში განვიხილეთ უსაფრთხოების სამართლებრივი და გლობალური ასპექტები, ქართული სამართლებრივი სივრცის ინტეგრაცია, რეალობა და პერსპექტივები. ასევე, წარმოდგენილი იყო გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეები და არსებული გამოწვევები, რომელიც დასკვნით სამეცნიერო კონფერენციაზე შევაჯამეთ“, - განაცხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერებმა ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელეს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, ემიგრანტების საკითხის რეგულირება ევროკავშირში, ოკუპაციისა და ქვეყნის ტერიტორიულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ენერგოუსაფრთხოება, ურთიერთობა კონსტიტუციასა და სისხლის სამართალს შორის და, ზოგადად, გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. 
„კონფერენციაზე ვისაუბრე ნაციონალურ უსაფრთხოებაზე, კანონის უზენაესობაზე და სამოქალაქო უფლებების მნიშვნელობაზე. მიმაჩნია, რომ ეს სამი იდეა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კანონის უზენაესობის დაცვით სამართლებრივი გარემო შევქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ნაციონალურ უსაფრთხოებაზე, გავითვალისწინოთ ადამიანის ღირსების პრინციპი, რადგან ამის გარეშე ნაციონალური უსაფრთხოება შეიძლება აბსტრაქტულ ცნებად იქცეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბარსელონას უნივერსიტეტს შორის არსებული 10 წლიანი თანამშრომლობა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო, შესაბამისად მტკიცე კავშირები არსებობს. გასული წელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო: ექვსი უმაღლესი სასწავლებლის კონსტიტუციონალისტებმა გამოსცეს წიგნი ტრეფიკინგის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, სადაც თავისი წვლილი შეიტანა ქალბატონმა ლელა ჯანაშვილმა. ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჟოან ლუის პერეს ფრანჩესმა.
„ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რა საფრთხეები არსებობს დანაშაულისა და კონსტიტუციის ურთიერთდამოკიდებულების კონტექსტში. განვმარტავ, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ ადამიანის ღირსებას. ღირსება არის ის, რაც ყველა ადამიანს გააჩნია და თითოეულს აქვს საშუალება, რომ დაიცვას და განავითაროს ის ადამიანის უფლებების სახით. სამართალს სხვა არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ დაიცვას და დაარეგულიროს იგი. თუ ჩვენ, სამართლმცოდნეები ამ გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებით, მაშინ უსაფრთხოების სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით. ყველა მნიშვნელოვან საკითხს შორის, რომელსაც ამ კონფერენციაზე ვაანალიზებდით, უმნიშვნელოვანესია ადამიანის ღირსების პატივისცემა,“ - აღნიშნა ლა კორუნიას უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხუან რამონ ფერეირო გალგერამ.
„კონფერენცია ძალიან საინტერესო იყო მულტიდისციპლინური თვალსაზრისით. სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კვლევებმა საშუალება მოგვცა, რომ გლობალური საფრთხეების საკითხი სხვადასხვა კუთხით გაგვეანალიზებინა. ჩემი მოხსენება ნაწილობრივ ეხებოდა გლობალური საფრთხეებისთვის ისტორიული გადაწყვეტილების მოძებნას, ძალაუფლების ბალანსს, კონსტიტუციის კონტროლს სამართლის აღსრულებაზე და ადამიანებისთვის კონსტიტუციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უპირატესობას,“ - განაცხადა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფანო ვინჩიმ.
„ჩემი პრეზენტაცია ევროკავშირში ადამიანთა გადაადგილების თავისუფლებასა და საჯარო უსაფრთხოებას ეხებოდა. განვიხილე, თუ რა ვითარებაა ამჟამად. აღვნიშნე, რომ დასაშვებია ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩემი მოხსენებისას გავაანალიზეთ ევროპის კავშირში მოქმედი კანონები, რომელიც მიგრაციის საკითხს ევროკავშირისა და სახელმწიფოებრივ დონეებზე არეგულირებს და მათ შორის არსებული განსხვავებებიც განვიხილეთ“, - აღნიშნა ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ხოსე მარია დე დიოს მარსერმა.
კონფერენციაზე, გლობალური საფრთხეების განხილვისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ოკუპაცია და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გახლდათ. ოკუპაცია და ქვეყნის უსაფრთხოება საქართველოს მაგალითზე თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორმა ნათია კალანდარიშვილი-მიულერმა მიმოიხილა. სახელმწიფოს ტერიტორიულ ორგანიზებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ესპანეთის მაგალითზე, ლა კორუნიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა, საჯარო სამართლის დეპარტამენტის დირექტორმა სანტიაგო როურა გომესმა იმსჯელა: „ჩემი მოხსენება სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევებს ეხებოდა, როგორც კონსტიტუციური სახელმწიფოს ერთ-ერთ საფრთხეს. ჩვენ ახლა ესპანეთში პრობლემები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის ახალი არ არის, ვგულისხმობ კატალონიასთან დაკავშირებულ ვითარებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ სამართალს ამ საკითხის მოგვარების ბერკეტი აქვს. შესაბამისად ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქვეყნის ერთიანობის დაშლას ამ მეთოდით? ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომელიც გამომდინარეობს დინამიკურობის იდეიდან და ეს არის ფედერალური პროცესი. 
აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემის წინაშე დგას საქართველო. თქვენი პრობლემა ჩრდილოეთ მეზობელი რუსეთი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით მისი აგრესიული, ავტორიტარული პოლიტიკაა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა კატალონიის შემთხვევაში. ჩვენი მეზობელი ევროპული სახელმწიფო საფრანგეთია და კატალონია ყველგან განიხილება, როგორც ესპანეთის ნაწილი“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია და თანამშრომლობის ინიცირება-გაღრმავება იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთობლივი მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვა კადისის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა, ესპანეთის კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ემერიტუსმა პრეზიდენტმა მიგელ რებენგა სანჩესმა: „სამწუხაროდ, ამ დროისთვის კადისის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არ არსებობს. მივიჩნევ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შეიძლება გახდეს ძალიან კარგი დასაწყისი არსებული კავშირების გასაღრმავებლად, საწყისი წერტილი კი შეიძლება გახდეს ერასმუსის გაცვლითი პროგრამები. როგორც კადისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ამ ინიციატივას მივესალმები“. 
საერთაშორისო კონფერენცია - „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“ - 17-18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. სამეცნიერო ღონისძიებები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ნატო ობოლაძე