გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

30 ივნ 2017

ინოვაციური საქმიანობის გააქტიურებასა და ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე იმსჯელეს და საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს 23-24 ივნისს თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში. საერთაშორისო კონფერენცია პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65-ე წლისთავს მიეძღვნა, რომლის თემა იყო: „ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. 
კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები კი იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) და სხვ.
კონფერენცია 7 თემატურ სექციად იყო დაყოფილი: ეკონომიკური თეორიის, ინოვაციებისა და ინოვაციური ეკონომიკის; მაკროეკონომიკის; მიკროეკონომიკის, სექტორული და რეგიონული ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის, სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემათა.


აღსანიშნავია რომ, კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი და მასშტაბური ხასიათის გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენა ლენჩუკი, რუსეთის საფინანსო ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი საროკინი, იოანე პავლე II სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივესრიტეტის პროფესორი სლავიმირ პარტიცკი და სხვები. ასევე მეცნიერები პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთისა და პოლონეთის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. კონფერენციას ესწრებოდა თსუ-ს კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ ხადური, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ღვედაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა წითლანაძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თემურ ბერიძე.
ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ პლენარულ სხდომაზე მადლობა გადაუხადა უცხოელ მეცნიერებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინოვაციური პოტენციალის განვითარების ხელის შეწყობა და მისი გარდაქმნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონფერენციის თემატიკასა და მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური მეცნიერების განვითარების, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით.
„უცხოელ კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობით, მათი გამოცდილების გაზიარებით ვცდილობთ, ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე და თანდათან შევასრულოთ ის სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო დონეზე არსებობს. ამის ერთ-ერთი დასტურია, რომ ჩვენი ჟურნალი „ეკონომისტი“ საერთაშორისო ჟურნალი გახდა, რომელიც ინდექსირებულია ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზაში – „EღIH“, რაც ჩვენი ინსტიტუტის კოლექტივის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენი ჟურნალი პირველი ქართული სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც ამ პრესტიჟულ ელექტრონულ ბაზაში განთავსდა. 
დარწმუნებული ვართ, რომ აქ გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები შემდგომში დაგვეხმარება იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლას ახლავს თან“, – განაცხადა პროფესორმა რამაზ აბესაძემ. 
თსუ-ს კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ კონფერენციის თემა დღეს აქტუალურია და მასში უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართველი მეცნიერების ჩართულობა ჩვენს მაღალ კომპეტენციასა და ეროვნული მეცნიერების განვითარებას უსვამს ხაზს. მან ასევე ისაუბრა პროფესორ გიორგი წერეთელის მოღვაწეობაზე. 
თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ღვედაშვილმა წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ინსტიტუტი თავისი მეცნიერული დონითა და მიღწევებით ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსგან, რომელიც საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ასეთი მასშტაბური, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას და მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც მისასალმებელია. 
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ პროფესორები ნოდარ ხადური და თემურ ბერიძე. 
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენა ლენჩუკი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი საროკინი, იოანე პავლე II სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივესრიტეტის პროფესორი სლავიმირ პარტიცკი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები: როზეტა ასათიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი და ავთანდილ სულაბერიძე.
პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა და კონფერენციის მუშაობის შემაჯამებელი სხდომა. როგორც საზღვარგარეთელმა, ისე ქართველმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კონფერენცია მაღალმეცნიერულ დონეზე ჩატარდა და რომ აუცილებელია აქ გამოთქმული მოსაზრებების, წინადადებებისა და დასკვნების საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები, რომელიც დაეგზავნება შესაბამის ინსტანციებს. 
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების მიხედვით, საქართველოს მომავალი ეკონომიკური წინსვლისა და ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ინოვაციურ განვითარებაზე აქცენტის გადატანა, როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონულ, ლოკალურ თუ დარგობრივ ჭრილში. საქართველოში არ არის განვითარებული ინოვაციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სიახლეებისთვის განსაკუთრებულ რეჟიმს უზრუნველყოფს, ანუ საუბარია იმ აუცილებელ პირობებზე, რომელთა გარეშეც შეუძლებელია საწარმოებმა შეძლონ ინოვაციური საქმიანობის მკვეთრი გაუმჯობესება. ინოვაციური სფეროს განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ძირითადად ამ სფეროში ხდება ფუნდამენტური და გამოყენებითი გამოკვლევების ბაზაზე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროდუქციის შექმნა, როგორც მაღალი სამომხმარებლო თვისებების მქონე საბაზრო საქონლისა. 
მომხსენებლებმა ისაუბრეს ინოვაციური განვითარების პრობლემებზეც და აღნიშნეს, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემუშავდეს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების მოდელი, რომლის რეალიზაციაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გადასვლას ინოვაციური განვითარების გზაზე. მომავალი მხოლოდ იმ ქვეყანას აქვს, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას განავითარებს. 
კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ეკონომიკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომას, რომელზეც ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ გააკეთა მოხსენება – „პროფესორ გიორგი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა”. მის ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა: აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, პროფესორებმა: ელგუჯა მექვაბიშვილმა, მურმან კვარაცხელიამ, გივი ბედიანაშვილმა, თინათინ ჩხეიძემ, ეკონომიკის დოქტორებმა: ლინა დათუნაშვილმა, მამუკა ხუსკივაძემ, თეა ლაზარაშვილმა, ეთერ კაკულიამ, გივი ლემონჯავამ, გია ბრეგვაძემ.

თამარ დადიანი