ქართული არქეოლოგიური მეცნიერების დიდი დანაკარგი

25 აპრ 2019

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს ვცხოვრებაში. ნიჭიერი მეცნიერი, უკეთილშობილესი ადამიანი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი - ასეთი იყო და ასეთად გვემახსოვრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი გურამ ლორთქიფანიძე სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, მის თანამშრომლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა.
გურამ ლოთქიფანიძე გახლდათ ქართული არქეოლოგიური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. მან სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის რთული გზა განვლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიამდე. ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომით დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში არქეოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში. ბატონი გურამი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, სადაც ღირსეულად წარმოაჩენდა ქართული მეცნიერების პრესტიჟს. მას ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად სხვადასხვა უნივერსიტეტები, როგორც საქართვლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოხსენებებით გამოდიოდა ინგლისში, ამერიკაში, გერმანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მის მიერ 1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციას - „საქართველოს არქეოლოგია“ დიდი რეზონანსი მოჰყვა. 2014 წელს რუსმა პროფესორმა, არქეოლოგმა ოლღა დაშევსკაიამ თავის მონოგრაფიაში - „Некрополь Беляуса“ სამადლობელი წერილი მიუძღვნა ბატონ გურამ ლორთქიფანიძეს, როგორც დიდ მეცნიერს, ყურადღებიან კოლეგას და კეთილშობილ ადამიანს. გურამ ლორთქიფანიძის ნაშრომები მუდამ იმსახურებდა სპეციალისტთა დიდ ყურადღებას. მის მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგები ასახულია სამეცნიერო პუბლიკაციებში, რომელთა რაოდებობა 250 აღწევს. მათ შორისაა 13 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 4 ბროშურა. მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საყოველთაოდაა აღიარებული. ის, როგორც წარმატებული მეცნიერი, შეყვანილია საქართველოს ბიოგრაფიულ ცნობარში - „ვინ ვინ არის საქართველოში“; დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით (N01158, 11.08.1998); ექვთიმე თაიყაიშვილის მედლით (N001, 20.05.2003); ივანე ჯავახიშვილის მედლით (N279, 27.05.2004); მიხეილ ლერმონტოვის მედლით (N472, 2007); ილია მეორეს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარიქის პატივდების სიგელით (09.02.2015); ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მედლით (04.10.2018); ისრაელის საელჩოს საპატიო სიგელით (04.10.2018).
თვალსაჩინოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი პედაგოგიური, სამეცნიერო და ორგანიზატორული მუშაობის მასშტაბები. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ამით, ფაქტობრივად, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ისტორიული კულტუროლოგიის კვლევას. მან შეძლო შედარებით მოკლე დროში მოემზადებინა და ასპარეზზე გამოეყვანა ამ სფეროში ახალგაზრდა საპეციალისტთა მთელი თაობა, რომელთა თანამშრომლობითაც შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო: „ქართული კულტურის ისტორია“ (1997 წ.) და „კულტუროლოგია“ (2003 წ.). მისმა მოწაფეებმა წარმატებით დაიცვეს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მისი ღვაწლის აღიარების გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ გურამ ლოთქიფანიძის არჩევა: იუდაიკის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის - „სეფერის“ - აკადემიური საბჭოს (მოსკოვი), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ასოციაციის (MAAH) ჟიურის (მოსკოვი), ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“ სარედაქციო კოლეგიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად. წლების მანძილზე იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალის - „ჩვენი მეცნიერება“ სარედაქციო კოლეგიის, სამეცნიერო შრომების კრებულის, „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხების“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული „არქეოლოგიური კომისიის“ წევრი, თსუ ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელი (2008 წლიდან-სიცოცხლის ბოლომდე); თოთხმეტი წლის განმავლობაში (1990-2004) ბატონი გურამი იყო თსუ-ში უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკულტეტის დეკანი, 2002-2004 წლებში საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურული ურთიერთობების უნივერსიტეტის რექტორი. ბოლო რამდენიმე წელი ის გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის კომისიის თავმჯდომარე - აკად. ვ. პარკაძის საქმის გამგრძელებელი. 
დიდია მისი ღვაწლი ახალგაზრდა არქეოლოგიური კადრების აღზრდაში, რასაც თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურებოდა. დიდი ინტერესით სარგებლობდა მისი სალექციო კურსები: ბიბლიური არქეოლოგია, კლასიკური არქეოლოგია, კულტურა - ისტორიის შესწავლის ობიექტი. ბატონი გურამი მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა თაობისათვის - სტუდენტები და კოლეგები მისგან ყოველთვის გრძნობდნენ ფაქიზ, გამორჩეულ ადამიანურ სითბოსა და გულისხმიერებას.
ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ თავისი მეცნიერული საქმიანობით და პედაგოგიური მოღვაწეობით გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული არქეოლოგიის განვითარებაში. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ამას ადასტურებს მის მიერ განვლილი გზის ობიექტური ანალიზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მაღალ ადამიანური და მოქალაქეობრივი თვისებები. მუდამ სამეცნიერო-კლევითი მუშაობით გადატვირთული, მაინც გამონახავდა დროს, დახმარება გაეწია ახალგაზრდა კოლეგებისთვის, წაეკითხა მათი მოხსენებებისა თუ სტატიის ტექსტი, მიეცა საჭირო რჩევა-დარიგებანი. იგი იყო მრავალი სადისერტაციო და სამეცნიერო ნაშრომის ოპონენტი. მისი მეგობრები, მისი აღზრდილი სტუდენტები, დღეს უკვე მისი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავდნენ მის ადამიანურ სითბოს და გულისხმიერებას. დასანანია, რომ ასეთი დიდი ადამიანი აღარ არის ჩვენს გვერდით. ბატონი გურამის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია როგორც ქართული არქეოლოგიური მეცნიერებისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. მისი მემკიდრეობის შეფასება კი მომავლის საქმეა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები