რას მოიცავს იურიდიული ფაკულტეტის პროგრამების განმავითარებელი შეფასება

24 ნოე 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ანა კლებე პელისიემ შეაფასა. ვიზიტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით განხორციელდა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ქართული სამართლის სკოლა ერთ-ერთი მაღალი დონის სამართლის სკოლაა ევროპული მასშტაბით“.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის გარე შეფასების მიზნით, პროფესორი ანა კლებე პელისიე შეხვდა პროგრამების ხელმძღვანელებს, ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას, მის მოადგილეებს ირაკლი ბურდულსა და დემეტრე ეგნატაშვილს, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირმა გრძელიძესა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს გიორგი მახარობლიშვილს. ვიზიტის ფარგლებში ანა კლებე პელისიემ ინტერვიუები გამართა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ ლექტორებთან, დამსაქმებლებთან, სამივე საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან. 
„ეს უკვე მეორე განმავითარებელი შეფასებაა. ჩვენს ფაკულტეტს მალე უწევს აკრედიტაციის პროცესი და ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს. ქალბატონ ანა კლებე პელისიე საერთაშორისო ექსპერტია, რომელსაც ევროპის არაერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან უმუშავია და ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის თავმჯდომარე იყო. წერილობითი შემაჯამებელი დასკვნა ჯერჯერობით არ წარმოუდგენია, თუმცა, ვისაუბრეთ და საერთო ჯამში მისი შეფასება ძალიან დადებითია. მისი პირველი ვიზიტის შემდეგ ჩვენ გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს დამსაქმებლებთან და მათი ინიციატივიდან გამომდინარე ფაკულტეტზე პრაქტიკული სასწავლო კურსების რაოდენობა გავზარდეთ, მაგალითად: „ხელშეკრულების შედეგების მეთოდიკა“, „საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა“, სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკული კურსები; კლინიკების ფართო არჩევანი გვაქვს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, მაგრამ ვაპირებთ მათი რაოდენობა გავზარდოთ, შესაძლოა ბაკალავრიატის დამამთავრებელ საფეხურზეც გავაძლიეროთ პრაქტიკული სწავლება. დამსაქმებლებთან მუდმივად ვართ კავშირზე და, იქიდან გამომდინარე, თუ რა უნარების კადრები სჭირდებათ მათ, ჩვენს კურიკულუმში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს.
პირველი განმავითარებელი შეფასების დროსაც ანა კლებე პელისიეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ფაკულტეტისთვის ფინანსური ავტონომიის მინიჭება იყო. იგულისხმება, რომ ფაკულტეტს საუნივერსიტეტო ბიუჯეტში მის მიერ შემოტანილი ფინანსებიდან მეტი თანხა სჭირდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს საქართველოს მასშტაბით საუკეთესო აკადემიური გუნდი ჰყავს. კონკურენცია იზრდება, შესაბამისად, მათთვის რელევანტური ფინანსური გარანტიების შექმნის გარეშე დიდია რისკები ფაკულტეტის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, _ განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
პროფესორი ანა კლებე პელისიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შეფასების მიზნით უცხოელ ექსპერტთან, პროფესორ ხოსე მარია დე დიოს მარსერთან ერთად 2017 წელს ეწვია.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, თსუ-ის II კორპუსის შიდასარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

ნატო ობოლაძე