გიორგი შარვაშიძე სტუდენტურ თვითმმართველობას შეხვდა

19 დეკ 2018

თსუ-ის VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორ გიორგი შარვაშიძესთან პირველი შეხვედრა გამართეს. სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად შიდასაუნივერსიტეტო პრობლემები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 6 დეკემბერს გაიმართა. 
„განვიხილეთ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები, ყურადღება გავამახვილეთ სწავლის ხარისხზე, სილაბუსების სასწავლო პროცესთან შესაბამისობაზე, უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში სპეციალური სივრცეების მოწყობაზე, სადაც სტუდენტები თავისუფალი დროს გატარებას შეძლებენ. რექტორს გავაცანით გეგმა I კორპუსის ეზოში მდინარე ვერეს მხარეს არსებული ტერიტორიის მოწესრიგების თაობაზე. გავიგეთ მისი პოზიცია და ჩვენი ხედვაც გავაცანით. აღნიშნული პრობლემები უნივერსიტეტისთვის ახალი არ არის, ამიტომ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება აუცილებელია. მთავარია, რომ ადმინისტრაცია მზად არის პრობლემების გადაჭრაზე სტუდენტებთან ერთად იმუშაოს. რექტორისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა პერმანენტულად გაიმართება. ვფიქრობ, თანამშრომლობის ეს ფორმატი სასიცოცხლოა უნივერსიტეტის განვითარებისთვის“, - აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა. 
შოთა კეჟერაშვილის ინფორმაციით, თსუ-ის რექტორთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართა. სტუდენტებმა პირდაპირი წესით 140 დელეგატი აირჩიეს.

ნატო ობოლაძე