„გზავნილმა აფხაზეთიდან“ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი

06 ნოე 2019

სასწავლო პროექტი, რომელიც სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ასპექტებს მოიცავს და საზოგადოების ინტერესებსაც პასუხობს - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის III კურსის სტუდენტებმა ჟურნალ „გზავნილის“ ახალი ნომრების პრეზენტაცია გამართეს. გზავნილები აფხაზეთიდან, ხაშურიდან და კატერინენფელდიდან (ბოლნისი) მკითხველს რეგიონების აქამდე უცნობ მხარეს აცნობს, აფხაზეთის შესახებ კი არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს.
ჟურნალი „გზავნილი“ 2013 წლიდან პერმანენტულად გამოიცემა სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში, რომელსაც ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე ხელმძღვანელობს. ჟურნალები ელექტრონულად ვებ-გვერდზე - www.issuu.com - არის ხელმისაწვდომი.
„ჟურნალები მაია ტორაძისა და სტუდენტების ნაყოფიერი შრომის შედეგია. სტუდენტები ეუფლებიან თეორიულ ცოდნას, იძენენ პრაქტიკულ უნარებს, რაც შემდეგ ასეთი გზავნილების სახით გვევლინება. განსაკუთრებით რეზონანსული იყო ჟურნალ „გზავნილის“ პირველი ნომრების პრეზენტაცია. ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებით ხორციელდება. ამჯერად, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „გზავნილი აფხაზეთიდან“, რადგან დედით სოხუმელი ვარ და გულწრფელად გავიხარე. ეს ნომერი მეტად საჭირო და დროულია მათთვის, ვისაც აფხაზეთი არ უნახავს“, - განაცხადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ.

„სასწავლო კურსის ფარგლებში ჟურნალ „გზავნილის“ უკვე 28 ნომერია მომზადებული. მათგან ნაწილი ელექტრონული, ნაწილი კი ბეჭდური სახით გამოვეცით. ეს კარგი პრაქტიკაა სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონებში გადიან და იქ ეძებენ პრობლემებს; ადამიანებს, რომლებსაც საინტერესო ცხოვრება აქვთ; აგროვებენ ადგილობრივ ახალ ამბებს; ეცნობიან მუნიციპალიტეტების მუშაობას; სწავლობენ უცხო გარემოში ინფორმაციის სწრაფად მოგროვებას, მთავარის და მეორეხარისხოვნის გარჩევას. წელს განსაკუთრებული წელია, რადგან გამოვეცით „გზავნილი“ აფხაზეთიდან, ასევე კატერინენფელდიდან და ხაშურიდან. კატერინენფელდი გერმანელების აშენებულია, საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და დიდი ხანია რესტავრაციას საჭიროებს. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენი მიზანი იყო, რომ ახალ თაობას თავისი თანატოლებისათვის კიდევ ერთხელ გაეხსენებინა, რომ აფხაზეთი - ეს საქართველოა და მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ მასზე. ჟურნალის მომზადებისას გავეცანით იქაურ სტუდენტებს, ვესაუბრეთ ადგილობრივ ადამიანებს, რამაც განსაკუთრებით ნათელი გახადა, რომ ნელ-ნელა უფრო დავცილდებით ერთმანეთს, თუ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ“, - განაცხადა მაია ტორაძემ. 
„ჟურნალის რუბრიკებში: „ხიდი“, „ხმა აფხაზეთიდან“, „აფხაზეთი აფხაზეთს მიღმა“ და „გვახსოვდეს აფხაზეთი“ გიამბობთ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ცხოვრობენ და რომელთა ყოფა არაა მარტივი; გიამბობთ საოკუპაციო ხაზის ბოლო საგუშაგოსთან არსებულ სიტუაციაზე; გაიგებთ ქართველების ხსოვნაში შემონახული აფხაზების შესახებ; წაიკითხავთ დევნილთა ისტორიებს და მოგონებებს; გაჰყვებით კავშირს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთს შორის“, - წერენ ჟურნალ „გზავნილი აფხაზეთიდან“ რედაქტორის სვეტში სტუდენტები ილია მეგრელიძე და სალომე პაპავა. გარდა წერილობითი გზავნილებისა, მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ახლანდელ აფხაზეთსაც. სტუდენტებმა ჟურნალში გერმანელი ფოტოხელოვანის ენდი შვიცის ფოტოები გამოიყენეს. 
„გვინდოდა, რომ თბილისიდან აფხაზეთამდე არსებული 432 კილომეტრი 5 წუთად გვექცია და გვეთქვა, რომ აფხაზეთი არ არის შორს“, - გვითხრა ილია მეგრელიძემ. 
სტუდენტებმა ბოლნისისა და ხაშურის უცნობი მხარეებიც გააცოცხლეს. გაგვაცნეს რეგიონების ტურისტული პოტენციალი და გამორჩეული ადამიანები. „ბოლნისში კვლავ ცოცხლობს გერმანული უბანი. რთული არაა, გერმანულ ქუჩებში სეირნობისას ისიც კი წარმოგიდგეთ თვალწინ, თუ როგორ ესალმებოდა ერთი გერმანელი აივნიდან მეორეს, მეღვინეობისთვის საგანგებოდ აშენებულ სარდაფებში როგორ ამზადებდნენ ღვინოს გერმანული ტექნოლოგიით და როგორ აჰქონდათ მოსახლეებს აღებული მოსავალი – ხორბალი და სიმინდი – აივანზე გასაშრობად. ბოლნისში დღესაც ცოცხლობს კატერინენფელდი“, - წერენ მარიამ ტალახაძე და ეკატერინე ჯანიაშვილი. 
„ბოლნისს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. გოთიკური სტილის არქიტექტურა და თითოეული სახლის უნიკალური ისტორია არის იმის წინაპირობა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი მოიზიდოს ამ ქალაქმა, რისთვისაც მისი პოპულარიზაცია და რესტავრაციაა აუცილებელი“, - აღნიშნა მარიამ ტალახაძემ. 
„გზავნილი ხაშურიდან“ გამორჩეულია ადამიანების ისტორიებით. სტუდენტები მკითხველს უამბობენ ადამიანზე, რომელსაც სძულს დასვენების დღე, ადამიანზე, რომელიც ხელოვნების პარალელურად გატაცებულია სოფლის მეურნეობითა და გამომგონებლობით... ჟურნალში გადმოსცემენ იმ ადამიანების ცხოვრებისა და ყოველდღიურობის შესახებ, რომლებსაც საოკუპაციო ხაზამდე რამდენიმე მეტრი აშორებთ, მაგრამ შიშის, პირობების არარსებობისა და დაუცველობის შეგრძნების მიუხედავად, არ ტოვებენ საცხოვრებელს და ამით იმედს აძლევენ სრულიად საქართველოს.
„ვინაიდან ჩვენ გვწამს თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობის, ჩვენს ჟურნალში მთავარი ადგილი სწორედ მათ უჭირავთ, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ხდიან ამ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანს“, - აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა ნინო წვერავამ. 
„ვეცადეთ დაგვემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ ხაშური არ არის ნაზუქებისა და ჰამაკების ქალაქი, იქ ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, სადაც სპორტის 12 სახეობის სწავლაა შესაძლებელი. ვიყავით საოკუპაციო ხაზთანაც და ჟურნალში ავსახეთ, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჩორჩანელებს“, - განაცხადა ჟურნალ „გზავნილი ხაშურიდან“ მთავარმა რედაქტორმა კახა ყიფიანმა. 
ჟურნალ „გზავნილის“ 3 ახალი ნომრის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას მედიასაშუალებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მათი რესპონდენტებიც ესწრებოდნენ. 
„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალები გამოდის ბეჭდური და ელექტრონული სახით. პროექტი ძალიან ღირებულია, რადგან სტუდენტები გადიან რეგიონებში, მცირე დროში ამზადებენ მასალებს, ეცნობიან საქართველოს კუთხეებს, იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა სტუდენტებს და მათ დაუღალავ პედაგოგს მაია ტორაძეს. დასაფასებელია ადმინისტრაციის თანადგომა. ჩვენი ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თამარ დოლბაია ხელს გვიწყობს, რომ ჟურნალები ბეჭდური სახითაც გავრცელდეს“, - განაცხადა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ. 
„მე კატერინენფელდიდან გზავნილის რეცენზენტი ვიყავი და მინდა გითხრათ, სტატიებიც რომ არ წაიკითხოთ, უნიკალური ფოტოებით ეს ჟურნალი უამრავ ახალსა და საინტერესოს გეუბნებათ. სიმბოლურია ჟურნალის სახელწოდებაც. ძირითად ნაწილში ჩანს ცოტა სევდაც, იგრძნობა კრიტიკაც, წარმოჩენილია პრობლემები... ჩემთვის ეს პროექტი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან აქ ისმის ხმა რეგიონებიდან“, - Gგანაცხადა ჟურნალ „გზავნილი კატერინენფელდიდან“ რეცენზენტმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა. 
ჟურნალ „გზავნილის“ პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაზეთის „ჩემი აფხაზეთი“ რედაქტორი ნატო კორსანტიაც ესწრებოდა, რომელმაც პროექტ „გზავნილის“ ხელმძღვანელსა და სტუდენტებს ერთობლივი პროდუქტის შექმნა შესთავაზა. შედეგად სტუდენტები „ჩემი აფხაზეთის“ ერთ ნომერს მოამზადებენ. პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი. მუშაობა უკვე დაწყებულია.
„გზავნილმა აფხაზეთიდან“ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომდევნო ნომრებზე მუშაობას თბილისის სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები გააგრძელებენ“, - განაცხადა პროექტ „გზავნილის“ ხელმძღვანელმა მაია ტორაძემ.

ნატო ობოლაძე