საშემოდგომო კონკურსის შედეგად 63 სტუდენტური პროექტი დაფინანსდა

24 ნოე 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭომ 2019 წლის საშემოდგომო კონკურსის შედეგად 63 პროექტი დააფინანსა. მთლიანობაში კომისიამ 111 საკონკურსო განაცხადი განიხილა. გამარჯვებული პროექტების ჩატარების ანგარიში პროექტების ორგანიზატორებმა და რეკომენდატორებმა სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს წლის ბოლომდე უნდა წარუდგინონ.
„ცხადია, ყველაზე მეტად, სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურობს. ძირითადად, მათი ორგანიზებით იმართება კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები. დაახლოებით 10-12 პროექტია ინდივიდუალურად სტუდენტების მიერ შემოტანილი. კვლევითი პროექტების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია და ყველა მათგანი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. მიხარია, რომ პროექტების წერის ხარისხი გაიზარდა, ბევრად უფრო გამართულია წერილობითი და სტრუქტურული თვალსაზრისით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების კვლევითი ხასიათის პროექტებს ეტყობა, რომ მათი პროექტი ერთი დიდი კვლევის ნაწილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სასიხარულო ფაქტია, მაგრამ, ამავე დროს, სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით სხვა ფაკულტეტებიდან აქტივობა მინიმალურია. ვვარაუდობ, რომ სტუდენტებს არ აქვთ საბჭოს შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ის ვებ-გვერდზე სტუდენტური პროექტების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება“, - აღნიშნა სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს ხელმძღვანელმა თამარ გაგოშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების კონკურსი წელიწადში 3-ჯერ ცხადდება. განაცხადების მიღების პირველი ეტაპი - წლის დასაწყისიდან 15 თებერვლამდე გრძელდება, მეორე ტაპი - 20 აპრილამდე, მესამე კი - 5 ოქტომბრამდე.

ნატო ობოლაძე