თსუ-ის ლექსიკოგრაფიის ცენტრი ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის სრული წევრი გახდება

06 ნოე 2019
  • როგორია ლექსიკოგრაფიის მომავალი?
  • რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ტრადიციული ლექსიკონები შეიძლება საჭირო აღარ იყოს მომავალში?
  • რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ლექსიკონები და ლექსიკოგრაფიული მონაცემთა ბაზები მხოლოდ სხვადასხვა მთარგმნელობით თუ საგანმანათლებლო აპლიკაციებში უნდა იყოს ინტეგრირებული?
  • როგორ უნდა გააცნობიერონ ლექსიკოგრაფებმა სრულად ის მოთხოვნები, რომელთაც „დიგიტალიზებული” ახალგაზრდა თაობა აყენებს?
  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლექსიკოგრაფიული და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) სფეროები ერთმანეთს დაუახლოვდეს ორივე დარგის სასიკეთოდ?

ეს იყო კითხვები, რომელზეც მსოფლიოს ათი ქვეყნის ლექსიკოგრაფები მსჯელობდნენ მიმდინარე წლის 8-10 ოქტომბერს თსუ-ში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე. კონფერენცია დასრულდა დისკუსიით მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან“.
ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმი სულ რაღაც ათიოდე წლის წინ შეიქმნა რვა ევროპული უნივერსიტეტის მიერ და სწორედ მის ფარგლებში შემუშავდა უნიკალური სამაგისტრო პროგრამა (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus), რომელიც წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას სტუდენტთა საერთაშორისო კონტინგენტს და გასცემს ერთობლივ დიპლომს რვა უნივერსიტეტის რექტორების ხელმოწერით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი კონსორციუმის ასოცირებული წევრი 2017 წელს გახდა და მას შემდეგ არის ჩართული სწავლების პროცესში. პროგრამაზე უკვე სწავლობს ქართველი სტუდენტი სრული ევროპული დაფინანსებით.
„ლექსიკოგრაფია უაღრესად ინტერდისციპლინური დარგია. ამ პროგრამის სწავლების პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმართულების პროფესორები, რომლებიც ზრდიან ლექსიკოგრაფთა ახალ თაობას; თაობას, რომელმაც იცის როგორც ლინგვისტური თეორიები, ისე კორპუსული ლინგვისტიკა, ბუნებრივი ენის დამუშავება, თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები. სწორედ ამ თაობამ უნდა მიიღოს გამოწვევა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა უყენებს ჩვენს დარგს. სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრი უკვე არის ამ კონსორციუმის ასოცირებული წევრი და ახლა რვავე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კონსორციუმის შეხვედრა და სამეცნიერო კონფერენცია, მეტყველებს იმაზე, რომ მათ ჩვენში დაინახეს ღირსეული პარტნიორი“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში თსუ-ის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის შეხვედრისა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ. 
კოლოკვიუმის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირმა გრძელიძე, რომელიც გაეცნო კონსორციუმის ხარისხის უზრუნველყოფისა და კურიკულუმის განვითარების კომიტეტების ანგარიშების განხილვას. მან განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის ამუშავებას სრული მხარდაჭერა ექნება. 
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლექსიკოგრაფები საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან, უნგრეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან.
უახლოეს მომავალში ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის სრული წევრი თსუ-ის ლექსიკოგრაფიის ცენტრიც გახდება.

მოამზადა მაია ტორაძემ