უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში

17 თებ 2019

უნივერსიტეტელებმა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწყების 100 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო თარიღს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული სამეცნიერო კონფერენცია - „უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები“ მიეძღვნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოხსენებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების განვითარების პროცესს ასახავდა.
კონფერენციას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესორი დევიდ გორდონი, საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია და ვიცე-რექტორი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ესწრებოდნენ. 
„ჩემი ჩამოსვლა ორი მიზეზით არის განპირობებული - პირველია ის, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის მსოფლიო ფედერაციის მიერ არის აღიარებული და, შესაბამისად, საქართველოს სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულებიც აღიარებულნი იქნებიან საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე მიზანი კი საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წლისთავს ეძღვნება. თქვენს ქვეყანაში სამედიცინო განათლება საკმაოდ მრავალფეროვანია: არსებობს შედარებით ძველი, მყარად დამკვიდრებული ინსტიტუტები და, ამასთანავე, არსებობს შედარებით ახალი - დაარსებული ამ ბოლო 20-25 წლის მანძილზე. მათ შორის ზოგი მათგანი საკმაოდ კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ინსტიტუტებშიც მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა“, - განაცხადა დევიდ გორდონმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი ოფიციალურად 1996 წელს აღადგინეს. ქართველმა მედიკოსებმა სამეცნიერო კონფერენციაზე საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაზე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გავლენაზეც ისაუბრეს.
„100 წლის წინ, როდესაც საქართველოში სამედიცინო განათლებას საფუძველი ჩაეყარა, ალბათ, ჩვენი წინაპრები არც კი ფიქრობდნენ, რომ სწავლების დონე ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. ბედნიერები ვართ, რომ დღეს ამ მიმართულებით ქვეყანაში ორი ფლაგმანია - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. საუნივერსიტეტო წიაღში სამედიცინო განათლების დაბრუნება ჩვენი შესანიშნავი მეცნიერების ინიციატივა იყო. მათ შორის ორი მათგანი - აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი და აკადემიკოსი როინ მეტრეველი - ამ ღონისძიებასაც ესწრება.
ასევე, მობრძანებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა პროფესორ დევიდ გორდონს, რომელიც ჩვენი ფაკულტეტისა და, ზოგადად, საქართველოში სამედიცინო განათლების დიდი გულშემატკივარია. ამავე დროს, იგი არის სამედიცინო დარგის ბრწყინვალე წარმომადგენელი, გახლავთ კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, წლების მანძილზე იყო მანჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სამედიცინო განათლების სკოლების ასოციაციების პრეზიდენტი. ამჟამად იგი ფედერაციის პრეზიდენტია და ის როლი, რომელსაც ეს ფედერაცია ასრულებს მსოფლიოში სამედიცინო განათლების სტანდარტების ამაღლებაში, ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა თსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ. 
საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. შედეგად, ქართული სამედიცინო განათლების მიმართ ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება ევროპაში და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა... 
„ამ თანამშრომლობის შედეგად, 2023 წლიდან ჩვენი უმაღლესი სამედიცინო სკოლების იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტებული სასწავლო პროგრამები, აშშ-ში, კანადასა და ევროპაში, სალიცენზიო გამოცდებზე გასვლისას, პრობლემა აღარ შეექმნებათ. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება იმ სიმაღლეზე, რომელზედაც ის მრავალი წლის განმავლობაში იდგა“, - აღნიშნა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა მარგიშვლმა.
სამეცნიერო კონფერენცია - „უმაღლესი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში - დაარსების 100 წლის ისტორია და გლობალური გამოწვევები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული წლის 18 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიება თსუ-ის სტუდენტური კაპელას მინი-კონცერტით გაიხსნა. 
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამეცნიერო კონფერენციის გამართვა იგეგმება, რომელიც თსუ-ში მედიცინის დარგის სწავლების აღდგენიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.