ყველაზე მეტი გრანტის მფლობელი თსუ-ში ჩაირიცხა

17 სექ 2019

წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 4946 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც გასულ წელთან შედარებით 514 სტუდენტით მეტია. კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა სახელმწიფო სასწავლო გრანტების მოპოვების თვალსაზრისითაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვალერიან გობრონიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების საერთო რაოდენობის 1/3 თსუ-ში ჩარიცხულმა სტუდენტებმა მოიპოვეს.
წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 942 სტუდენტი ჩაირიცხა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 1371, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 598, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 995, იურიდიულზე - 600, მედიცინის ფაკულტეტზე - 155, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 285. 
ჩარიცხული სტუდენტების 45%-მა სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული ან ნაწილობრივი ოდენობით მოიპოვა. აქედან - 397-მა სტუდენტმა 100%-იანი გრანტი მიიღო, 492-მა - 70%-იანი, 1358-მა კი 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 
1200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: ეკონომიკა, ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.
თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, კარგი შედეგები დაფიქსირდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისითაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სტუდენტებთან ერთად ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუდენტებიც გააგრძელებენ.

ნატო ობოლაძე