პროფესორ რიგელს ჰალილის ლექციები უნივერსიტეტში

13 აპრ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი, ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის ანთროპოლოგსა და ისტორიკოსს, დოქტორ რიგელს ჰალილის მასპინძლობს. იგი 12 მარტს ჩამოვიდა თბილისში და 8 აპრილამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს ინგლისურ ენაზე კითხულობდა. აღნიშნული მობილობა თსუ-სა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. რიგელს ჰალილის მასპინძლობას უწევდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი.

დოქტორ ჰალილის სალექციო კურსი ეძღვნებოდა თემას: „კომუნიზმის გახსენება პოსტკომუნისტურ ევროპაში. იდეები, სოციალური პრაქტიკა და ყოველდღიური ცხოვრება“ („Memory of Communism in Post-communist Europe. Ideas, Social Practices and Everyday Life“). როგორც ჩვენთან საუბარში პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ზოგადად, რიგელს ჰალილის კვლევის სფერო მრავალფეროვანია, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც იგი მუშაობს, ესაა მეხსიერების კვლევები პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში. ამჯერად მან თსუ-ის კულტურის კვლევების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტს შესთავაზა თემა, რომელიც ინსტიტუტისთვისაც საინტერესო იყო - „კომუნიზმის მეხსიერება პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში“. 
„იშვიათად ხდება ასეთი რამ, რომ სალექციო თემა ზუსტად დაემთხვეს კვლევით პროექტს, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და, ასევე, თანხვედრაში იყოს ამ სემესტრში მიმდინარე სასწავლო კურსთან, რომელსაც ჰქვია „კოლექტიური მეხსიერება და იდენტობის პოლიტიკა“. ამ დამთხვევამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ სრულიად უმტკივნეულოდ შეგვეთავსებინა მისი ლექციები და ჩემი საგანი მაგისტრანტებთან. გარდა ამისა, მის ლექციებს ესწრებიან დოქტორანტები და, სურვილის შემთხვევაში, ბაკალავრები“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო ჩიქოვანმა.
რიგელს ჰალილი თბილისში გულდასმით მომზადებული ჩამოვიდა. იმ სასწავლო ლიტერატურასთან ერთად, რომელიც კულტურის კვლევების ინსტიტუტში ინახება და ამ დარგში კლასიკადაა მიჩნეული, თავადაც ჩამოიტანა ელექტრონული რესურსები, სტატიები და წიგნები, რომლებსაც უშურველად უზიარებს სტუდენტებს.
საგანი, რომელსაც დოქტორი რიგელს ჰალილი კითხულობს, მაგისტრანტებისთვის და დოქტორანტებისთვის სავალდებულოა, მაგრამ მის ლექციებზე მსმენელთა გაცილებით დიდი რაოდენობა იყრის თავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თემა საინტერესოა კულტურის კვლევებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაც. 
„ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა დასწრების მსურველთა მასშტაბი. ვიცოდი, რომ ჩვენი სტუდენტები კულტურის კვლევებით დაინტერესდებოდნენ, მაგრამ სხვებიც ბევრნი ესწრებიან, მათ შორის მომავალი ისტორიკოსები და პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტები. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენი სტუდენტები თეორიულად კარგად არიან მომზადებულნი და ლექციებზე ძალიან აქტიურობენ - ერთვებიან დისკუსიაში, სვამენ კითხვებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს. სხვათა შორის, ამ ლექციებს ჩვენც ვესწრებით, რადგან ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა განსხვავებული პერსპექტივა, განსხვავებული გამოცდილება და პროცესის სხვა პოზიციიდან დანახვა“, - თქვა ნინო ჩიქოვანმა.
დოქტორმა რიგელს ჰალილმა სალექციო კურსი 7 აპრილს დაასრულა. შუალედურ გამოცდებამდე სტუდენტებს მის მიერ მიცემული დავალებების შესრულება მოუწევთ, სემესტრის მეორე დეკადაში კი პროფესორი ნინო ჩიქოვანი გააგრძელებს კოლექტიურ მეხსიერებასა და იდენტობის პოლიტიკაზე საუბარს.
სულ ცოტა ხანში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მსოფლიოს სხვა მეცნიერებთან ერთად, რიგელს ჰალილიც გვეწვევა. თსუ-ის კულტურის კვლევების ინსტიტუტი მასთან ერთად სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობასაც გეგმავს, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

მაია ტორაძე