ქართველი ერის „პასპორტი“ ცივილიზებულ სამყაროში

13 აპრ 2019

ცირა ბარამიძემ პროექტი – „კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ – წარადგინა

2019 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შედგა პროექტის „კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონის“ განხილვა. პროექტი წარადგინა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეცნიერები. გაიმართა მსჯელობა პროექტის განსახორციელებლად ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე. კომიტეტის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა პროექტის სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა პროექტის მხარდასაჭერად. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი, თსუ-ის ქართული ენის ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ-ის ეტიმოლოგიური კვლევების ცენტრი, სოხუმის უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
ცირა ბარამიძის ინფორმაციით, საქართველოში ეტიმოლოგიური ლექსიკონი უნდა შექმნილიყო XX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ამის განხორციელება არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მოხერხდა. ქართველ ერს დღემდე არ გააჩნია ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი, მით უმეტეს, ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი. სწორედ ეს უსვამს ხაზს პროექტის („კავკასიურ ენათა სამენოვანი ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონი“) აქტუალობას. 
პროექტის მიზანია, შეიქმნას კავკასიურ ენათა სამენოვანი ეტიმოლოგიური ელექტრონული ლექსიკონი, რომლის პირველ საფეხურად სწორედ ქართული ენის (როგორც კავკასიურ ენათა შორის ერთადერთი უძველესი დოკუმენტური, სადამწერლობო ტრადიციის მქონე ენა) სალექსიკონო ერთეულების ინდექსი არის გამოყენებული. ცირა ბარამიძის ინფორმაციით, სამუშაო ეტაპები სამ ნაწილად იყოფა: ქართული, ქართველური და იბერიულ-კავკასიური. ლექსიკონი იყოფა ორ ნაწილად: ინდექსი და ეტიმოლოგია. პირველ ინდექსში თავს იყრის ერთი ძირის შესახებ არსებული ყველა საეტიმოლოგიო ინფორმაცია ყველა ავტორის მიხედვით. ეტიმოლოგია - ამ ბაზაში მეცნიერ-ეტიმოლოგისტები არსებული მასალების მიხედვით აკეთებენ საბოლოო ეტიმოლოგიას ქართულ-კავკასიურ ენათა კონკრეტული ენობრივი მასალის ლექსიკური ერთეულის შესახებ, რომელიც ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე, მონაცემები კი ელექტრონული ბაზების სახით განთავსდება ერთ ბაზაში. ძებნა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ძირის მიხედვით სამივე (ქართულ, ინგლისურ და რუსულ) ენაზე. 
ცირა ბარამიძის თქმით, პროექტი ინოვაციურია, რადგან პრინციპულად განსხვავდება მსოფლიოში დღემდე არსებული ეტიმოლოგიური ლექსიკონებისაგან (საძიებო სისტემით სამი ენის, ინდექსის, პარამეტრების მიხედვით). „პროექტი შეფასდა ათასწლეულის გამოწვევად ქართული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით რთული გეოპოლიტიკური არეალისა და დღეს არსებული ვითარების გამო. ამასთან, პროექტი სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან საქართველო არის კავკასიოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული ცენტრი და აღნიშნული ამოცანის გადაჭრა მისი პრეროგატივა და უპირველესი მოვალეობაა. მას, ასევე, სამეცნიერო და, ამავდროულად, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ქართველი ერის „პასპორტი“ ცივილიზებულ სამყაროში“, - აღნიშნავს ცირა ბარამიძე. 
საერთაშორისო სამეცნიერო ინტერესი იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის საკითხთან მიმართებით დღითიდღეE იზრდება. ქართული ენის (ქართველური ენების) კავკასიურ ენებთან ნათესაობის პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როდესაც შედგება კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. ამასთან, ლექსიკონი მნიშვნელოვანი იქნება კავკასიელი ხალხების კულტურის ისტორიის შესწავლისათვისაც. იგი განსაზღვრავს კავკასიური ლინგვო კულტურული ერთობის ურთიერთმიმართების საკითხს სხვა ენობრივ (ინდო-ევროპულ, სემიტურ, თურქულ-ალთაურ, ურალურ, დრავიდულ) ოჯახებთან.

მოამზადა შურთხია ბეროშვილმა