პირველი ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი

17 სექ 2019

პირველად საქართველოს რეალობაში საერთაშორისო რეფერირებადი „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ გამოიცა. პირველი ნომრის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა. სამეცნიერო ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და ქართველი თუ უცხოელი ფსიქოლოგი მეცნიერების ნაშრომებს სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. 
„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ჟურნალია, რომელიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს ეძღვნება. ჟურნალში ქვეყნდება როგორც თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული, ასევე რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ემპირიულ-კვლევითი ნაშრომები და სამეცნიერო მიმოხილვები. გამოცემის საორგანიზაციო და შემოქმედებით საკითხებს ჟურნალის წარმომადგენლობითი საბჭო და სარედაქციო კოლეგია განაგებს. ჟურნალის მართვასა და ორგანიზაციულ საქმიანობას ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური უზრუნველყოფს, ხოლო გამოცემას - თსუ-ის გამომცემლობა. სამეცნიერო ღირებულებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მართვის ორგანოებში ქართველი და უცხოელი მეცნიერები არიან გაწევრიანებული, მათ შორის - დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტები. „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ ქართულ-ინგლისურენოვანია. 
„საქართველოს და ფსიქოლოგიას საქართველოში თავისი ჟურნალი სჭირდება, რადგან ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა საკუთარი ცოდნისა და ნაფიქრის ერთმანეთისთვის გაზიარება შეძლონ. უდავოა, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერების არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელია სამეცნიერო პერიოდული გამოცემა. ადრე ჩვენს ნაშრომებს „მაცნეში“ ვაქვეყნებდით, მაგრამ ახლა სამეცნიერო კვლევების საზოგადოებისთვის გაცნობა უმწვავესი პრობლემა გახდა. „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ ამ საკითხს მოაგვარებს. ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი ხარისხის გამოცემა, რისთვისაც სტატიების რეცენზირების პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც ჩავრთეთ. ჟურნალი ორენოვანია. ცხადია, ინგლისურ ენაზე სტატიების წარმოდგენა ინტერნაციონალიზაციისთვის აუცილებელია, თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სამეცნიერო ნაშრომები ქართულ ენაზეც გამოგვექვეყნებინა, რადგან ეს ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარების წინაპირობა გახლავთ. ჟურნალის პირველ ნომერში 4 რუბრიკა გვაქვს. სტატიების თემატიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია რუბრიკების რაოდენობის გაზრდაც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა ნელ-ნელა ისევ ამოისუნთქოს და კვლავაც თქვას საკუთარი სიტყვა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში“, - განაცხადა „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ლალი სურმანიძემ. 
„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ პირველ ნომერში მკითხველი სტატიებს არაერთი აქტუალური ფსიქოლოგიური საკითხების ირგვლივ იხილავს: მათ შორის, დავით ჩარკვიანის - „ალბათური მსჯელობა და განწყობის ეფექტები“; ნათია სორდიასა და ხათუნა მარწყვიშვილის - „ზღურბლის ეფექტი: ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მიმართება ემოციურ შემოქმედებითობასთან“; მარიამ კვიციანისა და მაია მესტვირიშვილის - „რა აყალიბებს მაღალ მიმღებლობას - მორალური ორიენტაციის წყარო და ფსიქოლოგიური მოქნილობა“; ეკა ნადირაძისა და თეონა ლოდიას - „ფსიქოლოგიური მოუქნელობის კავშირი დეპრესიისა და აგრესიის მახასიათებლებთან“; ნოდარ ბარამიძის - „ზოგიერთი მოსაზრება ნებისყოფის ფსიქოლოგიური ბუნების შესახებ“ და სხვა. 
„ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, რომ სარედაქციო კოლეგია უცხოელი კოლეგებით გამდიდრდეს. ასევე, ერთგვარი გამოწვევაა რეცენზირების საკითხი, რადგან ჟურნალი საერთაშორისო რეფერირებადია და სტატიების შეფასებისას ერთი სპეციალისტი მაინც უცხოელი უნდა იყოს. გამოცემაზე ერთობლივად ვმუშაობთ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახური და თსუ-ის გამომცემლობა. მომედვნო ნომრისთვის დაგეგმილია ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის რედაქცია უზრუნველყოფს ქართულენოვანი სტატიების თარგმნას. „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებშია ხელმისაწვდომი, ელექტრონული ვერსია კი გამომცემლობის ვებ-გვერდზეა განთავსებული“, - გვითხრა ჟურნალის პასუხისმგებელმა მდივანმა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსმა დიმიტრი ჩუბინიძემ. 
„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქციამ მეორე ნომრისთვის სტატიების მიღება უკვე გამოაცხადა. დედლაინი 31 ოქტომბერია. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. წახალისებულია ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შედეგად განხორციელებული კვლევების ამსახველი სტატიები, რომელთაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადაპტირებისა და დანერგვის პოტენციალი გააჩნია და პასუხობს სხვადასხვა პოპულაციის, კულტურისა და საზოგადოების საჭიროებებს. ჟურნალის მეორე ნომერი 2020 წლის ივლისში გამოიცემა.

ნატო ობოლაძე