პოლიტიკა და ლიტერატურა – ამბივალენტური მთლიანობა

06 ნოე 2019

25-27 სექტემბერს თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ თემაზე: „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი“.
სიმპოზიუმში, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობდა 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, მათ შორის: აშშ-დან, გერმანიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეადან, მაკედონიადან, არაბეთის გაერთიანებული საემიროდან, ბულგარეთიდან, ლიეტუადან, ლატვიადან, უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან. სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
სიმპოზიუმის მიმდინარეობასა და მოხსენებებში გამოკვეთილ აქცენტებზე გვესაუბრება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა რატიანი:

- ქალბატონო ირმა, საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები“ - უკვე მეცამეტედ ტარდება. წელს იგი მიეძღვნა თემას: „XX საუკუნის 80-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი“. ფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო, შეფასდეს - რა გამოძახილი ჰპოვა ამ მოვლენებმა ლიტერატურაში?
- პოლიტიკა და ლიტერატურა, თითქოს, სრულიად განსხვავებული ცნებები და განზომილებებია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათ ამბივალენტურ მთლიანობას. 
ვფიქრობ, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები პოსტსაბჭოთა ქართული მწერლობის ყველა წარმომადგენლის, როგორც გუშინდელ „სოცრეალისტთა“, ისე მომდევნო თაობის, მათ შორის, პოსტმოდერნისტების შემოქმედების მთავარ თემად იქცა. თუმცა, რამდენად ორგანულად, მასშტაბურად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩვენებით იქნა წარმოჩენილი ეს მთლიანობა, რამდენად დამაჯერებელნი, გულახდილნი, ხელოვნურ პათოსს მოკლებულნი არიან ნაწარმოებთა პერსონაჟები, განსაზღვრავს ამა თუ იმ მწერლის ოსტატობას.
წლევანდელი სიმპოზიუმის ქართველ მონაწილეთა მოხსენებებში სწორედ ამ კუთხით იქნა შეფასებული უკანასკნელი 1980-1990-იანი წლების ქართული მწერლობა. დიახ, ვფიქრობ, რომ 30-წლიანი ინტერვალის შემდეგ, პროცესების შეფასება არათუ შესაძლებელი, არამედ - საჭიროცაა, რათა სწორად გამოიკვეთოს ქვეყნის ლიტერატურული მომავლის კონტურები.
- როგორ შეაფასეს მეცნიერებმა უახლოესი წარსულის პოლიტიკური მოვლენები ლიტერატურაში, რა ძირითადი მახასიათებლები გამოიკვეთა სიმპოზიუმზე?
- მსოფლიო გლობალიზაციის, გახსნილობის ეპოქაში, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მთელი მსოფლიოს უახლეს ისტორიაზე მოახდინა უმნიშვნელოვანესი გავლენა. აღნიშნული ეპოქის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ სოციალური პროცესები ერთნაირი სიმწვავით, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით აისახა არაერთი ქვეყნის, უპირველესად, პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნების ლიტერატურაში. ამიტომ სიმპოზიუმზე, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომლებშიც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ჭრილში, პარალელურად იქნა განხილული ქართველ, უკრაინელ, ბელარუს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მწერალთა შემოქმედება და კონკრეტული ტექსტები. გამოიკვეთა როგორც კონცეპტუალური, ისე თემატური და სტილისტური მახასიათებლები.
- საყურადღებოა, რომელ მოხსენებას გამოარჩევდით ქართველ გამომსვლელთაგან - რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ძირითადად მეცნიერები?
- სიმპოზიუმზე ძალიან ბევრი საინტერესო მოხსენება იქნა წაკითხული. მიჭირს გამორჩევა. თუმცა, რაკიღა საჭიროა, მაგალითისთვის დავასახელებდი აშშ-ს სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯესიკა პრესმანის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ მოხსენებას, რომელშიც გაანალიზებული იყო პოლიტიკური მოვლენებისა და „ციფრული რევოლუციის“ თითქმის თანაბარი როლი 80-90-იანი წლების ამერიკულ და ევროპულ მწერლობაში. რა გავლენა მოახდინა თანამედროვე, ციფრულმა ეპოქამ მსოფლიო ლიტერატურის როგორც ძველი ტექსტების პოპულარიზაციის, ისე თანამედროვეს შექმნის პროცესზე;
ძალზე საინტერესო იყო ბულგარეთის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ელკა ტრაიკოვას მიერ ბულგარული სალიტერატურო პროცესის შეფასება სოციალისტური რეჟიმის პირობებში და მისი დასრულების შემდეგ;
საყურადღებო იყო მრგვალი მაგიდის დისკუსია, სადაც მოვისმინეთ ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და 80-90-იანი წლების გამორჩეული საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის მიერ შემოთავაზებული ქართული ეროვნული იდენტობისა და ეთნოპორტრეტის კონცეფციის ზაზა აბზიანიძისეული ხედვა. აღსანიშნავია, რომ წელს აკაკი ბაქრაძის საიუბილეო წელი იყო და შესაბამისად, ბატონი ზაზას მოხსენებამ განსაკუთრებული რეზონანსი და ვრცელი დისკუსია გამოიწვია, რომელშიც ჩაერთნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ლიტერატურათმცოდნეები.
- როგორ გამოიყურება გასული საუკუნის 80-90-იანი წლები უცხოელ მეცნიერთა თვალით? არის თუ არა მათი ინტერესების არეალში ქართული ლიტერატურა, რომელშიც ეს პერიოდია ასახული?
- ამ კონფერენციის მთავარი მიზანიც ეგ იყო: ამიერიდან ქართული მწერლობა ჩართული იქნება ყველა საერთაშორისო დისკუსიაში, რომელიც კი გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ლიტერატურული პროცესების შეფასებას შეეხება. ამას უზრუნველყოფს კონფერენციის მასალების პუბლიკაცია როგორც საქართველოში, ისე - მის ფარგლებს გარეთ: უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე აკადემიურ საგამომცემლო სახლთან.
ბოლო რამდენიმე წელია ქართული ლიტერატურათმცოდნეობა პოლიტიკური და ლიტერატურული პროცესების შესახებ დისკუსიის ინიციატორად და მნიშვნელოვან ავტორიტეტად მიიჩნევა. ეს გამოიწვია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ორმა მასშტაბურმა ფორუმმა, რომელთა მასალებიც კემბრიჯის საგამომცემლო სახლმა დაბეჭდა: „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურა. მე-20 საუკუნის გამოცდილება“ (2012 წ.) და „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა. მე-20 საუკუნის გამოცდილება“ (2016 წ.).
- სიმპოზიუმზე გამომსვლელთა თემატიკა თვალშისაცემად ფართო დიაპაზონისაა. მიიჩნევთ თუ არა, რომ მოვლენებმა, რომელმაც მსოფლიოს უახლესი ისტორია შეცვალა, სამეცნიერო კვლევების თემატიკასაც მისცა სხვადასხვა მიმართულება?
- რა თქმა უნდა. მსოფლიოს უახლესი ისტორიის ცვლილებამ ახალი რეალობა მოიტანა, ახალი საზღვრები და სახელმწიფოები გააჩინა; შეიცვალა რეჟიმები და მმართველობის ფორმა. ამ ახალ რეალობასთან დაკავშირებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა ძვრებმა პირველ რიგში ხელოვნებაზე, უპირველესად კი, ლიტერატურაზე იქონია გავლენა. ახალი ლიტერატურის ჟანრულმა და თემატურმა მრავალფეროვნებამ კი, თავის მხრივ, სამეცნიერო კვლევების თემატიკასაც ახალი მიმართულებები დაუსახა.
- რა შედეგებით დასრულდა სიმპოზიუმი, როდის იგეგმება მომავალი ფორუმი და რა იქნება ამჯერად მისი თემატიკა?
- სიმპოზიუმის შედეგები წლის ბოლოს დაბეჭდილ მასალების კრებულში მთელი სიცხადით აისახება. უკვე მიმდინარეობს მუშაობა კრებულის მომზადებაზე. რაც შეეხება მორიგი სიმპოზიუმის თემატიკას, ის, როგორც წესი, მომავალი წლის დასაწყისში, იანვრის ბოლოს გამოცხადდება. მანამდე, სიმპოზიუმის ორგანიზატორთა მიერ რამდენიმე თემა განიხილება, შეჯერდება მოსაზრებები და ყველაზე აქტუალური ან მნიშვნელოვან ლიტერატურულ თარიღთან დაკავშირებული თემა შეირჩევა. ჩატარების თარიღი კი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელია - ჩვენი სიმპოზიუმი ყოველწლიურად იხსნება სექტემბრის ბოლო ოთხშაბათს და ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობს ლიტერატურათმცოდნეებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

მოამზადა მაია ტორაძემ