თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის დავალებით, პაოლო დელ ბიანკოს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადაეცა

13 აპრ 2019

1-4 მარტს ფლორენციაში რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის საერთაშორისო ექსპერტთა გენერალური ანსამბლეა და საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც 47 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ქართული დელეგაციის ინიციატივითა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც თსუ-ის პროფესორებმა: ია ხუბაშვილმა და გიული ალასანიამ უნივერსიტეტის ისტორია გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის დავალებით, პაოლო დელ ბიანკოს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადაეცა, რომელიც მან დიდი პატივით მიიღო.
ია ხუბაშვილის ინფორმაციით, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი 1998 წელს შეიქმნა და, როგორც ფონდის პრეზიდენტი - პაოლო დელ ბიანკო ბრძანებს, მას ფონდის დაარსების იდეა საქართველოში გაუჩნდა, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს. „ჯერ კიდევ პირველი ვიზიტის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მას წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა, რომელსაც იგი ნათლობის ჯვართან ერთად ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პაოლო დელ ბიანკოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2008 წლის ოქტომბერში, ომგადახდილი საქართველოს კულტურის დღეები ფლორენციაში გაიმართა. ბატონი პაოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი და თბილისის საპატიო მოქალაქეა. მადლიერების ნიშნად, მან უნივერსიტეტს საჩუქრად გამოუგზავნა კარერას თეთრი მარმარილოსგან გამოკვეთილი ლეონარდო და ვინჩის ბიუსტი, რომლის ავტორი ცნობილი იტალიელი სკულპტორი დე რენირია. საქართველოს სამუზეუმო ქსელი კულტურის ძეგლებთან ერთად მან განათავსა პორტალზე, რომელსაც „ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ ჰქვია. პორტალი არგენტინიდან იწყება და 80-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რომლებთანაც ფონდს საქმიანი ურთიერთობა აქვს. აღსანიშნავია, რომ პორტალის პრეზენტაცია თბილისის მერიაში შედგა, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მოჰყვა.
ფონდს 2008 წლიდან მემორანდუმი აქვს გაფორმებული ასევე უნივერსიტეტთან. აღსანიშნავია ისიც, რომ რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი იუნესკოსა და იკომოსის პარტნიორი ორგანიზაციაა და კულტურულ მემკვიდრეობაზეა ორიენტირებული. ის კულტურის ძეგლთა კონსერვაციასა და რესტავრაციაზე მუშაობს. ფონდის მიერ რესტავრირებულ ფერწერულ შედევრებს უფიცის გალერეაში შეხვდებით“, - ამბობს ია ხუბაშვილი, რომელიც 2003 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
ია ხუბაშვილმა ფონდის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა, თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა მამა ადამ-ვახტანგ ახალაძემ კი მას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაგზავნილი, ძვირფასი ბრილიანტებით შემკული ჯვარი უსახსოვრა. 
საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა საქველმოქმედო ასოციაცია „Gocce de Vita“-ს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ კონცერტზე შეგროვილი საქველმოქმედო თანხით უგანდაში, სოფელ კისოგაში აშენდება ღარიბებისთვის სახლი, რომელზეც მემორიალური დაფა იქნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და ვალერიან შიუკაშვილის პატივსაცემად. 
პაოლო დელ ბიანკომ ღონისძიების ფორმატში პატივი მიაგო ფონდის გარდაცვლილ ექსპერტებს და გარდაცვლილი ექსპერტების გვერდზე მემორიალური დაფები გაუხსნა პროფესორ მზია წერეთელსა და პროფესორ თამაზ ყანდარელს. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული თამარ მეფის უნივერსიტეტის კანცლერი, საპატრიარქოს წარმომადგენელი ნატო ასათიანი. საიუბილეო საღამო 9 გრანპრის მფლობელმა, ცნობილმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა საფორტეპიანო კონცერტით დაასრულა. 
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო ისიც, რომ, ღონისძიების ბოლოს, მე და გიული ალასანია იტალია-საქართველოს კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ვერცხლის მედლებით დაგვაჯილდოვეს. მედლები გადაეცა არქიმანდრიტ ადამ-ვახტანგ ახალაძესა და ვალერიან შიუკაშვილს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც. დელ ბიანკოს თხოვნით, თსუ-მ ფონდს გაუგზავნა თავისი ლოგო, ხოლო კახი კალაძემ კი - თბილისის მერიის ლოგო...
მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ამ ორგანიზაციის მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულ ყველა საერთაშორისო ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების ლოგოებთან ერთად, ეს ლოგოებიც იქნება წარმოდგენილი. დელ ბიანკოს სურვილია, ფლორენციაში ჩატარდეს ქართული კულტურის დღეები სახელწოდებით: „საქართველო ევროპას ხვდება ფლორენციაში“. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა ღონისძიების ხელშესაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებაზე საქართველო ღირსეულად წარსდგება“, - აღნიშნა ია ხუბაშვილმა.