ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ჯგუფის“ ხელშეწყობით უნივერსიტეტს ისტორიული არქიტექტურული სახე დაუბრუნდა

13 თებ 2018

„გულცივი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასდროს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი, უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც“, – ამ სიტყვებით მიაგო პატივი ივანე ჯავახიშვილმა იმ ადამიანთა თავდადებას ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რომლებმაც პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
მას შემდეგ 100 წელი გავიდა. ამ კედლებმა ზიდეს ქართველი ერის ტკივილიც და სიხარულიც, დამოუკიდებლობის სურვილიც და თავისუფალი აზრიც. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი ამოცანების წინაშე დგას. მისი მიზანია გახდეს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირსეული ნაწილი, რაშიც დახმარებას უწევენ ერისა და ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ადამიანები. სწორედ ასეთ ქველმოქმედად მოევლინა საქართველოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და თავის მწირ საგაზეთო ინტერვიუებში ყოველთვის ხაზგასმული სითბოთი იხსენებს უნივერსიტეტში გატარებულ წლებს. 
ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებით, მისი ინიციატივითა და „ქართუ ჯგუფის“ ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2012 წელს დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს მხოლოდ გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. რემონტის შედეგად დამახინჯდა შენობის პირვანდელი არქიტექტურა. ბატონი ბიძინას და „ქართუ ჯგუფის“ ხელშეწყობით კი უნივერსიტეტს დაუბრუნდა ისტორიული არქიტექტურული სახე.