II კორპუსში სარემონტო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა

29 ნოე 2018

თსუ-ის II კორპუსში სარემონტო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი უკვე II კორპუსში მიმდინარეობს. რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, მათთვის II კორპუსში სასწავლო პროცესის დაწყება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი, რადგან ამ დროისთვის შიდასარემონტო სამუშაოები უკვე დამთავრდება. თუმცა, თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ლაშა საღინაძის თქმით, საბოლოოდ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის გადასაწყვეტი იქნება II კორპუსში სასწავლო პროცესს ნოემბრის ბოლოდან აღადგენენ თუ მეორე სემესტრიდან.
„II კორპუსის სარემონტო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ნოემბრის ბოლომდე დასრულდება ფანჯრების შეცვლის სამუშაოები, გადახურვა და სველი წერტილების რემონტის ნაწილი. ცენტრალური გათბობის სისტემა სრულიად შეიცვალა და გათბობა ჩართულია. იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს კორპუსის გვერდითა და უკანა ფასადის მოპირკეთება. სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის შეკეთების პროცესი დაზიანებული სართულშუა გადახურვების რემონტმა გაახანგრძლივა“, - აღნიშნა თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ლაშა საღინაძემ. 
თსუ-ის II კორპუსის სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დიკა 2010“ ახორციელებს. სატენდერო ღირებულებამ 5 192 000 ლარი შეადგინა.

ნატო ობოლაძე