რა სიახლეებით ხვდებიან ფაკულტეტები ახალ სასწავლო წელს?

17 სექ 2019

ყველა მაჩვენებლით თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროგრამები ინარჩუნებენ საუკეთესო პოზიციებს სამართლის პროგრამებს შორის

თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი:

- მინდა ყველა უნივერსიტეტელს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით იმ პირველკურსელებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს უნივერსიტეტის კარი და უნივერსიტეტის ნაწილი გახდნენ. მახარებს, რომ ყველა მაჩვენებლით თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროგრამები ინარჩუნებენ საუკეთესო პოზიციებს სამართლის პროგრამებს შორის. მიმდინარე წელს ფაკულტეტმა ასევე მისცა შესაძლებლობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოერთებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლებას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩაბარება არის რთული, მაგრამ სწავლა არის კიდევ უფრო რთული. ასე რომ, ჩვენს სტუდენტებს ამ თვალსაზრისით ბევრი შრომა მოუწევთ მომავალი წარმატებებისთვის. 
ფაკულტეტი აღრმავებს საერთაშორისო კონტაქტებს. ამ ზაფხულზე დაიგეგმა ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან მორიგი საერთაშორისო კონფერენცია. როგორც იცით, მაქს პლანკის ინსტიტუტი გახლავთ ელიტარული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება გერმანიაში და იურიდიულ ფაკულტეტს აქვს ამ დაწესებულებასთან თანამშრომლობის ძალიან ხანგრძლივი ტრადიცია. 2012, 2015 და 2019 წლებში ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა სამი ერთობლივი კონფერენცია კერძო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება შემდგომ ერთობლივ პროექტებში.
მიმდინარე წლის ზაფხული საინტერესო იყო ჩვენი „საჯარო მმართველობის“ პროგრამის სტუდენტებისთვის. როგორც იცით, იურიდიული ფაკულტეტი 2009 წლიდან თანაშრომლობს გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ინტერდისციპლინური, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“, რომელმაც 2019 წლის აპრილში 10 წლის იუბილე იზეიმა. თსუ-ს, ფოლკსვაგენის ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 5-18 აგვისტოს პერიოდში ორგანიზებულ იქნა საზაფხულო სკოლა ქალაქ შპაიერში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას ამ პროგრამის 39 სტუდენტი იღებდა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები ქ. შპაიერის მერიაში, ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაეს სასამართლოში, რაინალდ-პფალცის რეგიონალური აუდიტის სამსახურში, ევროპის საბჭოში, სტრასბურგის ევრო-პარლამენტში, ასევე ლექციები, ექსკურსიები და სხვა ძალიან საინტერესო აქტივობები.
წლევანდელი ზაფხული იურიდიული ფაკულტეტისთვის, სამწუხაროდ, არ იყო უდანაკარგო, ფაკულტეტი გამოეთხოვა ლეგენდარულ პროფესორს, საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის მესაძირკვლეს აკადემიკოს ლევან ალექსიძეს. სამუშაო ოთახში, სადაც პროფესორმა ლევან ალექსიძემ გაატარა ბოლო წლები, ფაკულტეტის ინიციატივით ჩამოყალიბდება ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის კაბინეტი. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც დარჩა პროფესორ ლევან ალექსიძეს, არის ის აკადემიური გუნდი, რომელიც ფაკულტეტზე მის საქმეს აგრძელებს და ამ მნიშვნელობით, უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები მართლაც არიან საქართველოში საერთაშორისო სამართლის მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. მიმართულება ძალიან აქტიურად არის ჩართული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მოდიფიცირებასა და მის სააკრედიტაციოდ მომზადებაში.
იურიდიული ფაკულტეტი სააკრედიტაციო პროცესისთვის ამზადებს სამართლის პროგრამებსაც. ოქტომბერში ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს საკუთარი პროგრამების მეორე განვითარებადი შეფასება, რომელსაც კვლავ უცხოელი ექსპერტი განახორციელებს. პირველ ეტაპზე პროგრამებთან დაკავშირებული დასკვნა იყო ძალიან კარგი, თუმცა მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ფაკულტეტმა გაითვალისწინა და ამ დასკვნების საფუძველზე გააუმჯობესა საკუთარი პროგრამები. მეორე განმავითარებელი შეფასება კვლავ მოგვცემს შესაძლებლობას, გარე შემფასებლის მიერ მოხდეს პროგრამის განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.
ნოემბერში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, ზაარლანდის ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, მასპინძლობს დიდ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სხვადასხვა სამართლის სკოლების წარმომადგენლები. პროექტში ჩართული იქნება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ჩვენი სტუდენტები და მსჯელობა გაიმართება იურიდიული განათლების საკითხებზე.
როგორც იცით, იგეგმება მეორე აკადემიური კორპუსის საბოლოო სრული რეაბილიტაცია. იურიდიულ ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ ამ რეაბილიტაციის შემდეგ ფაკულტეტი შეძლებს გაიუმჯობესოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და წარსულს ჩაბარდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის სააუდიტორიო ფართის არარსებობა ან სიმცირე, გაიზრდება საბიბლიოთეკო სივრცე, შეიქმნება სტუდენტებისათვის რელევანტური საუნივერსიტეტო გარემო. ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე სემესტრში ექნება კვალიფიციური Iთ მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, მიიღონ 21-ე საუკუნის შესაბამისი საუნივერსიტეტო სერვისები, რაც, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან ერთად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ პროფესორების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ერთი მხრივ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენთან აკადემიურ თანამდებობაზე არიან პროფესორები, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა ერთობლივად განახორციელონ ის ცვლილებები, რაც ფაკულტეტს მისცემს შესაძლებლობას ღირსეული ანაზღაურება და სოციალური დაცვის გარანტიები შესთავაზოს საკუთარ პროფესორს. აღნიშნული საკითხი თანხვედრაშია უცხოელი ექსპერტების მიერ უნივერსიტეტისთვის მიცემულ რეკომენდაციასთან, რომლის თანახმადაც, უნდა შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი. უნივერსიტეტი ფაკულტეტს უფრო მეტ თანხას უნდა აძლევდეს თავად ფაკულტეტის მიერ მოპოვებული თანხიდან. ცხადია, ყველა ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად შემოტანილი ფინანსების საშუალებით საკუთარი აკადემიური გუნდისა და ინფრასტრუქტურის ღირსეული განვითარების შესაძლებლობა.


წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს ქართველოლოგიური პროფილის პირველი ინგლისურენოვანი პროგრამა

ნანა გაფრინდაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- პირველ რიგში, მინდა, ყველა უნივერსიტეტელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ახლავს ღელვა, ფორიაქი, ახლის მოლოდინი, წარმატების იმედი და ფიქრი - რას ველით ახალი წლისაგან.
ახალ სასწავლო წელს ფაკულტეტზე ფუნდამენტური ცვლილებები არ იგეგმება. 2019-2020 სასწავლო წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კვლავ ერთგული იქნება თავისი სამი უმთავრესი მიზნისა: ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება, სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და ქვეყნის ინტერესების სამსახური.
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შენარჩუნება და განვითარება საუნივერსიტეტო მისიის შემადგენელი ნაწილი და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შემადგენელი არსებითი კომპონენტია. ის პირდაპირ კავშირშია სწავლების ხარისხთან და სტუდენტის კმაყოფილებასთან.
ბოლო პერიოდი უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტთა ცვლილებებისა და სიახლეების პერიოდია. დამტკიცდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი. ამ ცვლილებებმა უმაღლესი განათლების სისტემა და ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენ უნდა მოვერგოთ შეცვლილ ნორმატივებს და შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში.
2019 წელს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი პროგრამაა წარდგენილი რეაკრედიტაციისთვის. ესენია: არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამა სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურენოვანი სტუდენტთათვის. ორივე პროგრამაში წარსული გამოცდილების გათვალისწინების ფონზე ბევრი რამაა შეცვლილი და გაუმჯობესებული, უფრო მეტადაა მორგებული სტუდენტთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, მეტად შეიცავს პრაქტიკულ ელემენტებს. დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ცვლილებებს დადებითი შეფასება მოჰყვება აკრედიტაციის ექსპერტთა მხრიდანაც.
ეს წელი გამოწვევების წელია ჩვენთვის იმითაც, რომ, მიუხედავად ინგლისურენოვან კურსთა არცთუ მცირე ჩამონათვალისა, სრული ინგლისურენოვანი პროგრამა დღემდე ფაკულტეტზე არ ფუნქციონირებს და, ფაკულტეტის პროფესურის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს ქართველოლოგიური პროფილის პირველი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც ქართველოლოგიისა და მასთან ბმაში მყოფი სხვადასხვა სამეცნიერო დარგის მიღწევებს გაუწევს პოპულარიზებას, გაზრდის უცხოელ ქართველოლოგებს და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო სიახლეებს გაიტანს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ფაკულტეტზე მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შინაარსის ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის უნდა აღინიშნოს: ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, საერთაშორისო კონფერენციები „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“, „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“”. ასევე დაგეგმილია კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი - „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში“, „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ და მრავალი სხვა. 
ფაკულტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტური მეცნიერების განვითარება, ამიტომ იგი მომავალ წელსაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას, დაგეგმილია ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-13 საერთაშორისო კონფერენცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო თანადაფინანსება.
წელს ფაკულტეტზე 1372 სტუდენტი მივიღეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი წინამორბედებზე უფრო მოტივირებულნი იქნებიან და მათზე უფრო შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწევენ. დრო არ დგას ერთ ადგილას და თუ გვინდა ვიყოთ დროისა და ეპოქის შესატყვისნი, არ უნდა გავჩერდეთ და მუდამ წინ ვიაროთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფაკულტეტი გაამართლებს ყველა მათგანის იმედებსა და მოლოდინს.

განათლების დეპარტამენტის მასწავლებელთა მომზადების 300 კრედიტიანმა პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი საინტერესო სიახლეებით ხვდება:
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ გამოვიდა პირველი ნომერი ორენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალისა „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“, რომლის სარედაქციო კოლეგიაში, ქართველ ფსიქოლოგებთან ერთად, შედიან ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის ცნობილი უცხოელი სპეციალისტები. 
ეს წელი წარმატებული გამოდგა ფაკულტეტისთვის საერთაშორისო პროექტების თვალსაზრისითაც: „ერაზმუს+“-ის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი: „კურიკულუმის ინოვაცია სოციალური ინკლუზიისათვის“. ეს 3-წლიანი პროექტი გულისხმობს 60 კრედიტიანი მოდულის და სასერტიფიკატო კურსის შექმნას ინკლუზიურ განათლებაში. აღნიშნული „ერაზმუს+“-ის პროექტის კოორდინატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. წელსვე ფაკულტეტმა, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, დაიწყო აქტიური მუშაობა ახალ პროექტზე კონკურსში წარსადგენად ადრეული ინტერვენციის სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მიზნით. ვფიქრობთ, ეს პროგრამა უახლოეს პერიოდში მიიღებს სტუდენტებს. 
სიახლეა ისიც, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტის მასწავლებელთა მომზადების 300 კრედიტიანმა პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. 
ფაკულტეტზე ამოქმედდა სტუდენტთა კონსულტირების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. მომავალში დაგეგმილია ამ ცენტრის აქტივობის გაფართოება. 
ასევე თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთობლივად იქმნება ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების უნიკალური სასწავლო კომპიუტერული პროგრამა და უკვე პირველივე სემესტრში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული პროგრამის დახმარებით ისწავლონ.


მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სტრუქტურული და სტუდენტური მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით

თამარ დოლბაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- ახალ სასწავლო წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განახლდა და სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან კიდევ უფრო დაახლოვდა სილაბუსები და ზოგიერთი პროგრამის კურიკულუმი.
სიახლეა ის, რომ საფაკულტეტო სივრცეში ორი ახალი სამაგისტრო პროგრამა შემოდის. ერთი მათგანი - ინგლისურენოვანი პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ სიახლეა არა მხოლოდ საფაკულტეტო, არამედ ქართულ საგანმანათლებლო არეალში, რადგან სრულიად ახალი თემატიკაა და სწავლებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ლექტორებიც ჩაერთვებიან. მეორე პროგრამა - „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“, გახლავთ ქართული პროგრამა ინგლისური კომპონენტებით.
ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო და რჩება კომფორტული და სტუდენტზე მორგებული ინფრასტრუქტურა. წელს მოვახერხეთ და მცირე სარემონტო სამუშაოები ჩავატარეთ: შეიღება მეექვსე კორპუსის ფოიე, განახლდა ორი აუდიტორია, გაფართოვდა და კეთილმოეწყო რესურსცენტრი. 
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სტრუქტურული და სტუდენტების მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით - ერთ სივრცეში მოვაქციეთ სტუდენტისთვის საჭირო ყველა მომსახურება. მოგეხსენებათ, ჩვენი ფაკულტეტის ადმინისტრაცია ძირითადად მე-6 და მე-4 კორპუსებშია განთავსებული, ამიტომ სტუდენტებს ხშირად უწევდათ მათ შორის სირბილი საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ახლა ერთ დიდი ოთახი გავათავისუფლეთ მეექვსე კორპუსში, გავარემონტეთ, ყველა მიმართულების სპეციალისტი გადმოვიყვანეთ და ერთ სივრცეში განვათავსეთ. სტუდენტები ხშირად ითხოვენ ცნობებს და ეს მომსახურეობაც იმავე სართულზე გადმოგვყავს. ანუ მეექვსე კორპუსის ერთ სართულზე განთავსდება ყველა სპეციალისტი, რომლებიც ასევე ტუტორობასაც გაუწევენ მსურველებს. მიმაჩნია, რომ ეს სტუდენტებისთვის შვების მიმცემი და დროის დაზოგვის კარგი საშუალება იქნება.
ცხადია, ჩვენთვის სასურველია, რომ მეტი აუდიტორია იყოს გარემონტებული და მოწესრიგებული, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვზრდით სწავლის გადასახადს და ამიტომაა რომ გვიჭირს ესთეტიკური ელემენტების გათვალისწინება და ინფრასტრუქტურის განახლება. ტექნიკურად ყველა მიმართულება აღჭურვილია, ვიზუალურად კი უკეთესს ვისურვებდით, თუმცა, რაც კეთდება, ისიც მნიშვნელოვანია. 
სიახლეა ისიც, რომ გავხსენით ვიზუალური დოკუმენტალისტიკის ლაბორატორია, სადაც ინახება უამრავი დოკუმენტური მასალა უნივერსიტეტის წარსულის და აწმყოს შესახებ. ამ მასალის დამუშავება დაეხმარება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს ცოდნის დაუფლებასა და პროფესიული უნარების შეძენაში, ისევე, როგორც მულტიმედია ცენტრი, რომელიც საუნივერსიტეტო ერთეული იყო.
ასევე ცვლილებები შევიტანეთ ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამებში და კრედიტები გავითვალისწინეთ ამ ცენტრისა და ლაბორატორიის მასალების დამუშავებისთვის ანუ, სტუდენტები ლაბორატორიულ მუშაობაში კრედიტებს მიიღებენ, პროდუქტს შექმნიან და პრაქტიკას ეზიარებიან.
რამდენიმე წელია, რაც ჩვენი ფაკულტეტი გამოსცემს მეტად ორიგინალურ გზამკვლევს, რომლის ფურცლებზე განთავსებული QR კოდების მეშვეობით, სტუდენტს ვთავაზობთ სავალდებულო საფაკულტეტო საგნების ელექტრონულ ბიბლიოთეკას.
ასევე ახალი პროექტია საჯარო ლექციათა ციკლი “სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: „საქართველო ფოკუსში“, რომელიც გადაიცემა ონლაინ რეჟიმში და პოპულარობით სარგებლობს ფართო აუდიტორიაში.
2020 წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაარსებიდან 15 წელი სრულდება. საიუბილეო წლისთვის მრავალი ღონისძიება და აქტივობაა განსაზღვრული, მაგრამ ამას მოგვიანებით გაგიმხელთ.


აქტიურად მიმდინარეობს ულტრათანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოების თარგმნა

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი:

- თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გასულ წელს გაიარა. წელს სრული და უპირობო 7 წლიანი აკრედიტაცია მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ. ამჟამად წარდგენილი გვაქვს ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა. 2020 წელს ვაპირებთ ინტენსიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის პროგრამებზე, რადგან მიმდინარე წელს ამ პროგრამას საკრედიტაციო ვადა გასდის. ვმუშაობთ ყველა საბაკალავრო პროგრამის განახლებაზე. 
ჩვენს ფაკულტეტზე სტუდენტს აქვს არჩევანი ისწავლოს როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამებზე. ორმაგი ხარისხის პროგრამების მიმართულებით წარმატებით ვსაქმიანობდით გერმანულ მხარესთან და ახლა ფრანგ კოლეგებთანაც ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას. 
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ფრანგული დიპლომის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის სამსახურის საფრანგეთში დაწყების გამარტივებაზე. როგორც კი ეს გადაწყვეტილება გაჟღერდა, ჩვენ აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ ფრანგულ უნივერსიტეტებთან. მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ რენეს უნივერსიტეტის როგორც ბიზნესის, ასევე ეკონომიკის ფაკულტეტებთან. ამ უნივერსიტეტთან ერთად გვინდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის გაკეთება ციფრულ ეკონომიკასა და ციფრულ მენეჯმენტში. ეს პერსპექტივა რეალურად მომავალი სასწავლო წლიდან განხორციელდება. შემოდგომაზე ჩამოვლენ ფრანგი კოლეგები ამ უნივერსიტეტიდან თანამშრომლობის კონკრეტული დეტალების განსახილველად, რათა მომავალი სასწავლო წლიდან ორმაგი ხარისხის პროგრამების ამოქმედება შევძლოთ. ფრანგმა პროფესორებმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მომზადებაც შემოგვთავაზეს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის საკითხიც, რომ პარტნიორები არ აყენებენ ფრანგული ენის კარგად ცოდნის მოთხოვნას. ორმაგი ხარისხის დიპლომის მსურველი რენეს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე ისწავლის, ფრანგულად საუბარი კი ელემენტარულ დონეზე უნდა შეეძლოს. 
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა მოვამზადეთ აგრეთვე ტურიზმშიც. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე შარშან 75 სტუდენტის მიღება შეგვეძლო, წელს კი სტუდენტთა რაოდენობა მოთხოვნის მიხედვით გავზარდეთ და 150 ადგილზე საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. იმედი გვაქვს, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. 
რაც შეეხება სამეცნიერო აქტივობებს, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას და ეს უკვე ტრადიციად იქცა. კონფერენცია ნოემბერში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი კოლეგები. მიმდინარე სასწავლო წელს დასრულდება ასევე საფაკულტეტო სამეცნიერო გრანტების მიხედვით გაწერილი საქმიანობა და ამის შემდეგ საშუალება გვექნება ამ პროექტების პრეზენტაცია გავმართოთ. 
ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ინტენსიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში, რომლებიც, ძირითადად, დასავლეთ ევროპაში ტარდება. ეს კი ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ცნობადობის გაზრდას და უნივერსიტეტის პოპულარიზაციას. ასევე გვინდა, კიდევ უფრო გავააქტიუროთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები. ამისთვის სამეცნიერო დეპარტამენტში ჩამოვაყალიბეთ სპეციალური ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს გრანტების გაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ასე რომ, ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბევრი იდეებით და სიახლეებით ეგებება ახალ სასწავლო წელს. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი აქტიური თანამშრომლობა სტუდენტურ თვითმმართველობასთან. ისინი ყველა წამოწყებაში გვერდში გვიდგანან.
ფაკულტეტზე აქტიურად მიმდინარეობს ულტრათანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოების თარგმნა, რათა სტუდენტს წვდომა ჰქონდეს უახლეს და საუკეთესო სასწავლო ლიტერატურაზე, იმ წიგნებზე, რითაც დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტებში ასწავლიან. გვინდა, რომ ჩვენი კურსდამთავრებული კონკურენტული იყოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. 
საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები გვაქვს კურსდამთავრებულების დასაქმების მხრივაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვინდა, ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ საერთაშორისო შრომის ბაზარზეც. ჩვენ ვაპირებთ იმ სასწავლო პროგრამების განვითარებას, რომლებიც უკეთ პასუხობს თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს და გლობალიზაციას. 
წელს თსუ-ის ადმინისტრაციამ გამოძებნა შესაძლებლობა და X კორპუსის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანად განახლდება შენობის შემოსასვლელი, რაც, პრაქტიკულად, ბოლო 40 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დონორებთან კორპუსის შიდა განახლების თაობაზე. მაღალხარისხიანი კომპიუტერული ტექნიკით განვაახლეთ მთლიანად საგამოცდო და რესურსცენტრები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თსუ-ის ადმინისტრაციას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.


გავაგრძელებთ ძალისხმევას უნივერსიტეტის კლინიკის დაფუძნების მიმართულებით

დიმიტრი კორძაია, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი:

- 2019-2020 სასწავლო წელი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი აკრედიტაცია გველოდება (9 სასწავლო პროგრამიდან 7-ის აკრედიტაცია). ძირითადად, ორიენტირებულნი ვართ სააკრედიტაციოდ წარსადგენი პაკეტის სრულყოფილად მომზადებაზე. აკრედიტაციას კი საერთაშორისო კომისია ჩაატარებს. იმედია, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის... 
მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის შემდეგ უცხოენოვანი პროგრამა ამოქმედდა სტომატოლოგის სპეციალობითაც, რაც აქამდე არ გვქონდა. ასე რომ, ძირითად მიმართულებებზე - „მედიცინა“, „სტომატოლოგია“ და „საზოგადეობრივი ჯანდაცვა“ (ეს უკანასკნელი სამაგისტრო პროგრამაა) - სწავლება გვექნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რაც, ზოგადად, ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. 
ივნისში თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე დაფუძნდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი მიენიჭა. აქ გაწევრიანდებიან სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ფაკულტეტი იქცეს ჭეშმარიტ კვლევით ფაკულტეტად. საზოგადოების გამგეობასთან (რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გაგუა) ერთად ვგეგმავთ ასეთი „სამეცნიერო პირამიდის“ ამოქმედებას: ფაკულტეტის კათედრების აკადემიური შემადგენლობა (100-მდე პირი), კათედრებთან ასოცირებული 200-მდე დოქტორანტი და მაგისტრი, დოქტორანტებთან და მაგისტრებთან ასოცირებული 500-600 სტუდენტი მთლიანად იქნება ჩართული 20-მდე კათედრაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევით თემატიკების სხვადასხვა განშტოებებში. კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე - შესაბამისად, პროფესორთა და სტუდენტთა სექციებზე. ეს მოდელი განსახორციელებლად ადვილი არ არის და მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სრულიად რეალისტურია. გვინდა, რომ ეს სასწავლო წელი, ამ თვალსაზრისით, გარდამტეხი იყოს. 
გავაგრძელებთ ძალისხმევას უნივერსიტეტის კლინიკის დაფუძნების მიმართულებითაც. ხელშეკრულებით 55 სასწავლო ბაზა გვაქვს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს. აქედან რამდენიმეს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსიც აქვს მინიჭებული. ცხადია, ეს კარგია, მაგრამ უნივერსიტეტის საკუთარი კლინიკა, სადაც მენეჯმენტი განსაზღვრულია უნივერსიტეტის მიზნებითა და საჭიროებებით, სულ სხვაა. 
ასევე ვაპირებთ რეზიდენტების „გააქტიურებას“ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროგრამის მიხედვით, თითოეულ სტუდენტს ექნება საკუთარი „პორტფოლიო“, სადაც უნდა აისახოს მათ მიერ დაგროვებული პრაქტიკული („კლინიკური“) გამოცდილება.

 

მაია ტორაძე,
თამარ დადიანი