მეტი, ვიდრე ინფორმაცია

17 თებ 2019

საჯარო ლექციების კრებული გამოიცა

„მეტი, ვიდრე ინფორმაცია“ - ასე ჰქვია საჯარო ლექციების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც 21 დეკემბერს თსუ-ის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. 
კრებული, რომელიც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის პროექტის ფარგლებში გამოიცა, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებულ გადაცემა „უნი-ვერსიაში“ გასულ საჯარო ლექციებს. „უნი-ვერსია“ რეგიონული ტელევიზიების ეთერით გადაიცემა. 
წიგნი როგორც სტუდენტების, ასევე მოსწავლეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი. კრებულის პირველ გამოცემაში წარმოდგენილია თსუ-ის პროფესორთა და სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა საუბრები: გიორგი შარვაშიძის „ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, თამარ გაგოშიძის „ტვინი და პიროვნება“, როლანდ თოფჩიშვილის „ქართველთა ხასიათი“, იაგო კაჭკაჭიშვილის „რისთვის სოციოლოგია?“, ზაალ კოკაიას „იმუნური სისტემის როლი ინსულტის დროს“, თინათინ მარგალიტაძის „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება“, ინესა მერაბიშვილის „გალაკტიონი“, გიორგი ოთხმეზურის „ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემა საქართველოში“ და ელგუჯა ხინთიბიძის „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ეპოქის ინგლისურ დრამატურგიაში“. 
წიგნის გამოცემის იდეა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას ეკუთვნის. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, გაზეთის მთავარი სპეციალისტი მაია ტორაძე. კრებულის გამოცემა უზრუნველყვეს სარედაქციო ჯგუფის წევრებმა ნინო კაკულიამ, მანანა ჯურხაძემ, თეა სულაძემ და ზაზა გულაშვილმა, ხოლო კრებულის ყდის დიზაინი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის IV კურსის სტუდენტს ლიანა მარქარიანს ეკუთვნის.

„უნივერსიტეტის პროფესორთა საჯარო ლექციების ვიდეო-გადაღება, მათი გავრცელება რეგიონული ტელევიზიების ეთერით და ამ ლექციების კრებულის გამოცემა - საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული დადასტურება - კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარტო 5 რეგიონული ტელეკომპანიის - „ტვ 25“-ის, „ტვ რიონის“, „ტვ ოდიშის“, „ტვ გურიას“ და „ტვ დია“-ს ეთერით ჩვენს გადაცემებს და ამ საჯარო ლექციებს უყურებს რეგიონებში მცხოვრები 353 746 ადამიანი. დამეთანხმებით, ქართული სინამდვილისა და პოლიტიკური ვაკხანალიის ფონზე ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია“, - განაცხადა შესავალ სიტყვაში კრებულის რედაქტორმა მაია ტორაძემ. მისი თქმით, კრებულზე მუშაობის პროცესს თავისი სპეციფიკა ჰქონდა - ლექციების სატელევიზიო ვერსიის წიგნის ენაზე გადატანა, სამეცნიერო სიზუსტეებისა და სასაუბრო სტილის დაცვა, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. „ჩვენ გულდაგულ ვიმუშავეთ პროფესორებთან. ვეცადეთ, მაქსიმალურად პოპულარული ენით დაგვეწერა ტექსტი. საბოლოოდ კი ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ. ამჟამად სხვა ლექტორების საჯარო ლექციები იწერება. ლექციების გამოცემას კრებულის მეორე ნომრად ვაპირებთ და დიზაინის შეცვლაზეც ვფიქრობთ“, - აღნიშნა მან. 
კრებულის წარდგენას ესწრებოდნენ საჯარო ლექციების ავტორები, რომელთა გამოსვლებშიც იგრძნობოდა, რომ საჯარო ლექციების საზოგადოებისთვის ამ ფორმით მიწოდება საინტერესო და საშური საქმეა. მათი აზრით, მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს უნდა შეეძლოთ გასაგებ ენაზე მიიღონ ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რომელზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით კრებული საქართველოს სხვადასხვა სკოლასა და ბიბლიოთეკას გადაეცემა. აღნიშნული თანამშრომლობისთვის სარედაქციო ჯგუფს მადლობა გადაუხადა სკოლა „ჯეჯილის“ დამფუძნებელმა მანანა პარკაძემ: „ჩვენი სკოლის ბავშვები და მასწავლებლებიც დიდი სიამოვნებით გაეცნობიან კრებულს. ვიცოდით, რომ ეს პოპულარული ლექციები სატელევიზიო სახით არსებობდა, მაგრამ როცა ასეთი მრავალფეროვანი მასალა ერთ გამოცემაშია დაბეჭდილი, რასაკვირველია, ყველასთვის მეტად საინტერესოა. აუცილებელიცაა, რომ საუნივერსიტეტო ლიტერატურა ყველა საგანმანათლებლო კერის ბიბლიოთეკაში არსებობდეს“, - ამბობს მანანა პარკაძე.
პრეზენტაციაზე საჯარო ლექციების ფორმატსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, კულტურული ელიტა რაიონებში, ცენტრებსა და სოფლებში ერთგვარ შიმშილს განიცდის, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ სხვადასხვა სახით საინტერესო მასალა მივაწოდოთ და ის უნიკალური ცოდნა, რაც უნივერსიტეტშია, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. 
„ამ გამოცემას ჩემთვის სრულიად კონკრეტული ფუნქცია აქვს - ეს არის არაჩვეულებრივი სასწავლო მასალა სტუდენტებისთვის. მაგალითად, სოციოლოგიის პირველი კურსის სტუდენტებს შეუძლიათ წაიკითხონ ჩემი სტატია „რისთვის სოციოლოგია“ და გაიგონ, რა არის სოციოლოგიის ადგილი როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე, ყოველდღიურ სოციოლოგიურ ცხოვრებაში. ეს კრებული სტუდენტებმა შეიძლება ჩართონ განათლების მიღების პროცესში და პედაგოგებმა - სილაბუსებში, როგორც კურიკულუმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო ლექციის ფურცელზე გადატანა დამღლელი და რუტინული სამუშაოა და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღეს. ჩვენ ამ ტიპის ბევრი კარგი წიგნი და სახელმძღვანელო გვახსოვს. საკმარისია დავასახელოთ ზიგმუნდ ფროიდი, როდესაც მისი ლექციების ჩანაწერები იქცა სამეცნიერო მემკვიდრეობის დიდ მნიშვნელოვან ნაწილად. ამით იმის თქმა მინდა, რომ საჯარო ლექციების გამოცემა კარგი პრაქტიკაა და უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თსუ-ის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 
სამეცნიერო კვლევების და სიახლეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიაა და მსგავსი ბეჭდური პროდუქტის გამოცემაც ამ მისიას ემსახურება. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია პატივცემულ კოლეგებთან ერთად ჩემი ლექციაც იყოს წარმოდგენილი ამ კრებულში. რამდენიმე მომენტს მინდა გავუსვა ხაზი და აღვნიშნო ამ კრებულის მნიშვნელობა. უპირველესად ძალიან დიდი მადლობა ნინო კაკულიას, მთელ სარედაქციო გუნდს და ქალბატონ მაია ტორაძეს, ვინაიდან იგი არის ამ კრებულის რედაქტორი. მან დიდი მუშაობა გასწია იმისთვის, რომ ეს ლექციები ჯერ ფურცელზე გადაეტანათ და შემდეგ ყველა ავტორთან ემუშავა ტექსტის დასახვეწად, ვინაიდან ზეპირი ლექცია სხვა არის და დაწერილი სხვაგვარ კორექტივებს მოითხოვს. მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს კრებული, გარდა იმისა, რაც ბატონმა იაგომ ბრძანა, არის უნივერსიტეტის ფართო საგანმანათლებლო მისიის გამოხატულება. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ლექცია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდ ინტერესს გამოიწვევდა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებში. მიხარია, რომ მეცნიერების მიერ სამეცნიერო-პოპულარული ენით წაკითხული მათივე კვლევის ამსახველი საჯარო ლექციები დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო საზოგადოებაში“, - განაცხადა თინათინ მარგალიტაძემ. 
საჯარო ლექციების კრებულის სარედაქციო ჯგუფს მადლობა გადაუხადა პროფესორმა თამარ გაგოშიძემ და აღნიშნა, რომ ეს გამოცემა ორმხრივად სასარგებლოა უნივერსიტეტისა და საზოგადოებისთვის და ის მხოლოდ სტუდენტებისთვის კი არა, პროფესორებისთვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს: „რაც უნივერსიტეტის კედლებში ხდება, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. მართლაც, გვაკლია ღიაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ასეთი აქტივობები, თქვენი გამოცემები და გადაცემები საჭიროა. ქალბატონი ნინო კაკულია ყოველ მეორე დღეს მირეკავდა, ქალბატონი მაია ტორაძე ტექსტს მიგზავნიდა და ერთად ვამუშავებდით - ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს ადამიანები ძალიან თავდადებულად ირჯებოდნენ და, მართალი გითხრათ, ეს აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. ვფიქრობ, ასე უნდა გააგრძელოთ ჩვენზე, პროფესორებზე „ძალადობა“, ვინაიდან ეს ლექციები მართლა სჭირდება საზოგადოებას. კრებული მხოლოდ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის არ არის განკუთვნილი - მაგალითად, მე დიდი სიამოვნებით მოვუსმინე ჩვენი პროფესორების ლექციებს ისეთ სფეროში, რომლებშიც სრულიად არანაირი წარმოდგენა არ მქონდა და ბევრი რაღაც გავიგე. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიაზე და კომერციალიზაციაზე, ამგვარი პროდუქტი ორივე ასპექტში შეიძლება გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, რომ ასეთი პროექტები გაგრძელდება და უფრო მეტი ჩვენი პროფესორი და მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რას და როგორ აკეთებენ უნივერსიტეტის პროფესორები. მეცნიერება თავისთავად აბსტრაქტული ცოდნა არ არის, მეცნიერება არის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკაში და ამით ჩვენს გარშემო საზოგადოებას უკეთეს ვხდით“, - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა კრებულს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით მივლინებიდან ქალბატონ თინა მარგალიტაძესთან ერთად - შეხვედრა გვქონდა ჰოლანდიის ქართველ დიასპორასთან და, ახლა, ამ კრებულს რომ ვათვალიერებდი, ასეთი აზრი გამიჩნდა - განსაკუთრებით ნატრულობენ ისინი სულიერ საზრდოს, ცოდნას, სიახლეს და ზუსტად ასეთი კრებულები გაუფართოებენ მათ თვალსაწიერს. ვფიქრობ, ძალიან საშური იქნებოდა, რომ, თუნდაც, ელექტრონული ვერსია ყველა დიასპორასთან გადაიგზავნოს, ვინაიდან ყურადღება ჩვენგან - სახელმწიფოსგან, მეცნიერებისგან, მკვლევარებისგან, მასწავლებლებისგან მათ მართლაც სჭირდებათ“, - თქვა გიორგი ალიბეგაშვილმა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური და საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ტომარაძე. მათი აზრით, ამგვარი პროექტები უნივერსიტეტს ეხმარება სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციაში და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
პრეზენტაცია შეაჯამა პროექტის იდეის ავტორმა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ რედაქცია მუდმივად გრძნობს აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას, რაც მეტ სტიმულს იძლევა - საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ: „ჩვენ ვიბრძვით, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ყველა იმ მეცნიერსა და პროფესორს, რომელთა საქმიანობაც უნივერსიტეტის რეიტინგის გაზრდის საფუძველს იძლევა. ეს პირველი ნომერია ჩვენი საჯარო ლექციების კრებულისა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა დარგის პროფესორების ჩაწერა და მათი საჯარო ლექციების კრებულიც გამოიცემა“, - განაცხადა ნინო კაკულიამ. 
საჯარო ლექციების კრებულის - „მეტი, ვიდრე ინფორმაცია“ - შეძენა დაინტერესებულ პირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში შეეძლებათ.

თამარ ჩხიკვაძე,
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი