უნივერსიტეტის ინიციატივა ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოსაჩენად

24 ნოე 2019

„ძვირფას მასწავლებელს და მეგობარს ვარლამ ჩერქეზიშვილს, რომელმაც კაცობრიობის ოლიმპზედ თავისი პატარა საქართველოც სცნო ღირსად თავისუფალი ცხოვრებისა და მის წმინდა საკურთხეველზედ გულწრფელი მსხვერპლი შესწირა, უძღვნის ამ წიგნს ავტორი“, - ეს სიტყვები წაუმძღვარა თავის ნაშრომს „ერი და კაცობრიობა“ მიხაკო წერეთელმა, რომელიც ქართული სოციოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ მონოგრაფიულ კვლევადაა აღიარებული. 
მშობლიური ერის წინაშე დიდი დამსახურების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში თაობები ისე აღიზარდნენ, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა რუსეთის იმპერიის მიერ დევნილი, XIX-XX საუკუნეების მიჯნის საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე საქართველოს ინტერესების დამცველის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის დასავიწყებლად. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დაკარგულად ითვლებოდა მისი საფლავიც და მხოლოდ 2001 წლის ზაფხულში მრავალწლიანი ძიების შემდეგ ლონდონში, „Gოლდერს Gრეენ“-ის კრემატორიუმში, მივაკვლიეთ ლითონის სარკოფაგს მისი ფერფლით. 2013 წელს მოგვეცა შესაძლებლობა, მისი ფერფლი ქართული მარმარილოსგან დამზადებულ ახალ სარკოფაგში გადაგვესვენებინა. ვარლამ ჩერქეზიშვილის საქართველოში გადმოსვნებაზე ზრუნვა მაშინვე დავიწყეთ, თუმცა ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. ვგულისხმობ, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის ქართველი ხალხისთვის გაცნობის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას. 
მიმდინარე წლის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მხარი დაუჭირა ქართველ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს და გამოსცა ბრძანება „XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი უკვე მიენიჭა საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩას და მისი მშობლიური სოფლის - თოხლიაურის საჯარო სკოლას. 7 დეკემბერს დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 
ვარლამ ჩერქეზიშვილი 1846 წლის 16 სექტემბერს თბილისის მაზრის (ამჟამად საგარეჯოს რაიონის) სოფელ თოხლიაურში თავად ჯან-ასლან (ტატო) ჩერქეზიშვილის ოჯახში დაიბადა. 10 წლის სასწავლებლად რუსეთში გაამგზავრეს. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის, ორჯერ გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1876 წელს გადასახლებიდან ევროპაში მოახერხა გაქცევა. იმავე წელს პირველი ინტერნაციონალის წევრი გახდა და თითქმის 30 წლის განმავლობაში (1902 წლამდე) თვალსაჩინო წვლილი შეჰქონდა მუშათა საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესების მუშაობაში.
ვარლამ ჩერქეზიშვილს სოციალისტური მოძრაობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას XX საუკუნის დასაწყისში ქართული და ევროპული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ეკამათებოდნენ სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერები: ი. ჯუღაშვილი, გ. პლეხანოვი, კ. კაუცკი, კ. ლიბკნეხტი და სხვა. ცნობილი რუსი მეცნიერის ბ. ნიკოლაევსკის შეფასებით, გასული საუკუნის დასაწყისში: „სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა და მისმა შრომებმა, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებული ერების ენაზეა თარგმნილი, განაპირობეს სოციალიზმის ყველა მიმდინარეობის წარმომადგენელთა ინტერესის ზრდა საკუთარი ისტორიისადმი, ბიძგი მისცეს თანამედროვე სოციალიზმის ღრმა მეცნიერულ კვლევას“.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თუ XIX-XX საუკუნეების სამანზე რუსეთის იმპერიის ფარგლებში ეროვნული ძალების შემაკავშირებლისა და წინამძღოლის ფუნქციებს ილია ჭავჭავაძე ასრულებდა, ევროპაში ვარლამ ჩერქეზიშვილის ბადალი პიროვნება ქართველებს არ გვყავდა. აღსანიშნავი გარემოებაა, რომ მათ მეგობრობისა და თანამშრომლობის ათწლეულები აკავშირებდათ. ჩვენ მიერ მოძიებული ვარლამის პირველი წერილი - „მოკლე განხილვა სლავიანების ეროვნებათა აღორძინებისა“ - ჟურნალ „ივერიაში“ ჯერ კიდევ 1881 წელს გამოქვეყნდა. 
ძნელია მოიძებნოს იმ დროს ეროვნული ძალების მიერ ევროპაში განხორციელებული თუნდაც ერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცია, რომელშიც ვარლამ ჩერქეზიშვილს, თუ თვითონ არ იყო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, აქტიური მონაწილეობა მაინც არ მიეღო, პატრიოტული ძალებისათვის დახმარება არ გაეწია. აღნიშნულის დასტურად შეგვიძლია დავასახელოთ: არჩილ ჯორჯაძისა და მისი თანამზრახველების მიერ პარიზში გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა, ქართველი სოციალ ფედერალისტების მიერ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დასახმარებლად საქართველოში გემით დიდძალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანა; დუშეთის სამხედრო ხაზინიდან 350 ათასი რუბლის გატაცების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ძმები კერესელიძეების შვეიცარიის მთავრობის მიერ რუსეთისათვის გადაცემის საწინააღმდეგო კამპანიის წარმატებით წარმართვა; 1905-1906 წწ. რუსული დამსჯელი რაზმების მიერ დასავლეთ საქართველოს რიგი ქალაქებისა და სოფლების გადაწვის და თბილისში ჩადენილი საზარელი მკვლელობების, მოსახლეობის დარბევა-დაწიოკების შესახებ ევროპისა და ამერიკის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება; გორის მაზრაში, ტირიფონის ველიდან, ქართული სოფლების აყრისა და უცხოეთში გადასახლების საწინააღმდეგო აქციის წარმატებით დასრულება; კონსტანტინოპოლსა და ინგლისში მოღვაწე მაღალი რანგის სასულიერო პირებთან ერთად ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა და სხვა.
ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში, ევროპაში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, პირველმა აღიმაღლა ხმა რუსეთის მიერ საქართველოსა და, ზოგადად, ამიერკავკასიაში გატარებული კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენი თანამემამულეებიდან პირველმა მიაქცია ყურადღება მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების რუსეთის მიერ 1783 წელს საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ ასპექტებს და პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს საკითხი საერთაშორისო კონფერენციის მსჯელობის საგნად აქცია (იგულისხმება ჰააგის 1907 წლის საერთაშორისო კონფერენცია და მისი შედეგები - საქართველოს გაწევრიანება დაჩაგრულ ერთა ლიგაში, ვარლამ ჩერქეზიშვილისა და მისი თანამებრძოლების რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მამხილებელი გამოსვლები ლიგის კონგრესებზე და სხვა).
ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოსაჩენად შექმნილი სამუშაო ჯგუფის პროგრამის მიხედვით, სამეცნიერო დარგთაშორისი კონფერენციები საქართველოსა და საზღვარგარეთ 2020 წელსაც გაიმართება. ასევე, გამოიცემა და ინტერნეტში განთავსდება საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურა, საზოგადოებაში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის ცნობადობის ასამაღლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეების მონაწილეობით იგეგმება სატელევიზიო, რადიო გადაცემების ორგანიზება. სამუშაო ჯგუფი დედაქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ქუჩისთვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭების შუამდგომლობით შესაბამის სახელისუფლებო ინსტიტუტებსაც მიმართავს. დასკვნით ეტაპად გათვალისწინებულია 2021 წელს, დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლების წინაშე, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ფერფლის ლონდონიდან საქართველოში გადმოსვენებისა და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის საკითხის ინიცირება.

გოჩა ფერაძე,
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი