მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში

03 ივლ 2019

7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია - „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“.
კონფერენციის ჩატარების იდეის ავტორი იყო თსუ-ის უროლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე. ამ იდეას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ და თსუ-ის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ. 
კონფერენცია გახსნა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა თეიმურაზ ჩიგოგიძემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და კონფერენციის მონაწილეებს - რეზიდენტებს, ექიმებს, ლექტორებს და სტუდენტებს წარმატებული მუშაობა უსურვა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ბოხუამ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გია ლობჟანიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების წამყვან კლინიკებში მომუშავე რეზიდენტები, მათ შორის - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, შპს „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“, ს.ს. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“, პროფესორ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა, კლინიკა უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. შპს კლინიკა „გიდმედი“, სტომატოლოგიური ცენტრი „ალბიუსი“, შპს „ემ ემ ტე ჰოსპიტალი“, გაგუას კლინიკა, შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ - ქ. თელავი. შპს ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი.
კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა სესიები უროლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ინფექციურისა და სტომატოლოგიის მიმართულებებით. 
აღნიშნულ სესიებს ხელმძღვანელობდა საქართველოს სამედიცინო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები და მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა კათედრის ხელმძღვანელები, პროფესორები: გია ლობჟანიძე, თეიმურაზ ჩიგოგიძე, არჩილ ჩხოტუა, დავით ქოჩიაშვილი, არჩილ ხომასურიძე, ჯენარო ქრისტესაშვილი, მამუკა მარგველაშვილი, ქეთევან გოგილაშვილი, გოგა გალდავა, თინა ქიტუაშვილი.
მოხსენებით გამოვიდა 59 რეზიდენტი. თითოეულ მათგანს გადაეცა კონფერენციაზე მონაწილეობის საუნივერსიტეტო სერტიფიკატი. 
სესიების მიმდინარეობისას კონფერენციის კლინიკური საკონსულტაციო საბჭოს და საორგანიზაციო საბჭოს მიერ გამოვლინდა რამდენიმე რეზიდენტთა საუკეთესო მოხსენებები, კერძოდ, ვახტანგ ცერცვაძე - თსუ-ის უროლოგიის კათედრის რეზიდენტი მოხსენებით: „ქალებში რადიკალური ცისტექტომიის საკითხისადმი“, შაკო გოგეშვილი - თსუ-ის უროლოგიის კათედრის რეზიდენტი - „შარდსაწვეთების იმპლანტაცია წვრილი ნაწლავის დაბალი წნევის რეზერვუარში“, ნინო ქარაზანაშვილი - თსსუ რეზიდენტი - „თირკმლის დიდი ზომის და მარჯნისებური კონკრემენტების ლიკვიდაცია კომბინირებული ენდოსკოპიური მეთოდით (PCNL/URS კომბინაცია)“, სოფიო აბაზაძე - თსსუ უროლოგიის კათედრის რეზიდენტი - „შარდსაწვეთის სიმსივნეები“, ეკატერინე გაბაშვილი და ნინო კუპრეიშვილი - თსუ-ის მეან-გინეკოლოგიის კათედრის რეზიდენტები - „ანტენატალური მეთვალყურეობა ორსულზე, დამძიმებული სომატური, გინეკოლოგიური და სამეანო ანამნეზით“, გიორგი ფაცაცია - გაგუას კლინიკის რეზიდენტი - „მასკლეროზებელი ლიქენი“, თეონა ჭინჭარაშვილი - თსსუ რეზიდენტი, ქ. თელავიდან - „ორსულობის ტრიმესტრში და საკეისრო კვეთის შემდგომ ფიბრომატოზული საშვილოსნოს კონსერვატიული ქირურგიული მკურნალობა“, თინათინი ჩადუნელი - პროფესორ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკის რეზიდენტი - „3D პრინტერი - უკან მომავალში“, მარიამ ხარძიანი - სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ რეზიდენტი - „უწყინარი სტომატოლოგიური მანიპულაციები და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები“, ლევან ედიბერიძე - შპს ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრის რეზიდენტი - „ჭანჭიკოვანი ცემენტით ფიქსაცია დენტალურ იმპლანტოლოგიაში“, ვეფხვაძე პაატა - თსუ-ის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის რეზიდენტი - „ნევროლოგიური გართულებები აივ ინფექციის დროს“.
თითოეული მათგანის მიერ წარმოდგენილი მოხსენებების თეზისები ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული იქნება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ ჟურნალში - „საქართველოს სამედიცინო ჟურნალი - ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“, რომელიც არის ინდექსირებული Google Scholar-ში, Crossref-ში და რეგისტრირებულია Researchgate-ში.
რეზიდენტთა კლინიკური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძეს და კონფერენციის მთავარ კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორს თეიმურაზ დოჭვირს თსუ-ის რექტორმა გადასცა სიგელი აღნიშნული ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.
ასეთმა წამოწყებამ პირველსავე ღონისძიებაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექიმ-რეზიდენტებზე, რომლებიც დაუფარავად გამოხატავდნენ კმაყოფილებას საუნივერსიტეტო სივრცეში ამ ტიპის კონფერენციის ჩატარებაზე. სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე დამწყებ ექიმებს მიეცათ ურთიერთგაცნობის და თანამედროვე სამედიცინო სიახლეების ურთიერთგაზიარების და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.