საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე საუკეთესო ანსამბლად „უნივერსიტეტი“ დასახელდა

17 სექ 2019

„ქართველებმა გამარჯვების შანსი არც ერთ ქვეყანას არ დაუტოვეს“ - წერდა პოლონური პრესა თსუ-ის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლზე „უნივერსიტეტი“, რომელმაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე საუკეთესო ანსამბლის წოდება დაიმსახურა. წელს ანსამბლმა 25 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში ჯილდოებით ხელდამშვენებული დაბრუნდა. 
თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯავანიძის ინფორმაციით, ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ დაარსების დღიდან წარმატებით მოღვაწეობს, რასაც მოწმობს მრავალი ჯილდო, რომელიც ანსამბლმა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალებზე მოიპოვა. „ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უნივერსიტეტს“ მართლაც დიდი ტრადიციები გააჩნია. იგი ჯერ კიდევ 1934 წელს, ცნობილი ქორეოგრაფის ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლების მანძილზე იცვლებოდა ხელმძღვანელობა და ანსამბლის შემადგენლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ქართული ცეკვის გამოჩენილი ქორეოგრაფები: ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, რომან ჭოხონელიძე, იასონ ზედაშიძე. დღეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი თენგიზ ყურაშვილი, ხოლო მისი მთავარი ქორეოგრაფი გახლავთ დავით კიკვაძე. 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლში ირიცხებიან მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები და სწორედ მათი და უნივერსიტეტის არაერთი თაობის სტუდენტების დამსახურებაა ის უამრავი წარმატება, რაც ანსამბლმა სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალებზე მოიპოვა“, - ამბობს ირაკლი ხარჯავანიძე. 
ქორეოგრაფიული ანსამბლის „უნივერსიტეტის“ მთავარი ქორეოგრაფის დავით კიკვაძის ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ანსამბლმა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის აღსანიშნავია ბულგარეთის ფესტივალზე მიღებული გრან-პრი, ანსამბლი ესპანეთში ვალენსიის ფოლკლორულ ფესტივალზე „გრანდ კანარია“ ასევე გრან-პრის მფლობელი გახდა, იტალიაში გამართულ ნაციონალური ცეკვების ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა და სხვა... ეს არის არასრული ჩამონათვალი ანსამბლის ბოლოდროინდელი წარმატებებისა“, - ამბობს დავით კიკვაძე. 
ანსამბლის პოპულარობას და წარმატებას მისი მდიდარი რეპერტუარიც განაპირობებს: მათ შორის გამორჩეულია: „გურული ფერხული ფარცით“, „ქართული“, „ხორუმი“, „აჭარული“, „ფარიკაობა“, „ყაზბეგური“, „სამაია“, „მლეთური“, „შეჯიბრი“, „ქალთა ხორუმი“, „ნარნარი“, „რაჭული“ „სვანური“. 
„ანსამბლ „უნივერსიტეტს“ 2003 წლიდან ვხელმძღვანელობ. თსუ-ის ხელმძღვანელობის, თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის მერიის დიდი მხარდაჭერით ანსამბლი ყოველ წელს მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი ყოველი ვიზიტი ფესტივალებზე და მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში ყოველთვის წარმატებულია. ანსამბლი არაერთი ჯილდოს მფლობელია. 1994 წლიდან 2001 წლამდე მეც ვცეკვავდი ანსამბლში. ეს ჩემთვის უბედნიერესი წლები იყო. შემდეგ ბატონი თენგიზ ყურაშვილის მოწვევით დავბრუნდი ანსამბლში, როგორც ქორეოგრაფიული ხელმძღვანელი. ანსამბლმა ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში წარმატებით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში და მრავალი წარმატება მოიპოვა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რუმინეთის ქალაქ ვასლუიში გამართულ ფესტივალზე, რომელიც მსოფლიო ფესტივალების ორგანიზაცია „სიოფის“ მიერ იყო დაგეგმილი (იქ მონაწილეობის მიღება ყველა ქვეყნის ანსამბლისთვის პრესტიჟულია), ჩვენი ანსამბლი საუკეთესოდ დასახელდა. ასეთივე წარმატებით გავმართეთ კონცერტები ქალაქ ბისტრიცაში, სადაც კვლავ საუკეთესო ანსამბლის წოდება მოვიპოვეთ. პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ანსამბლი კვლავ საუკეთესოთა შორის დასახელდა და შMშ გამარჯვებულიც გახდა“, - აღნიშნა დავით კიკვაძემ. 
მისი თქმით, ანსამბლის რეპერტუარის გამდიდრებაზე თავის კოლეგასთან, „სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავესთან, ქორეოგრაფ ზვიად თაყაიშვილთან ერთად ზრუნავს. „ჩვენ ერთად ვდგამთ ცეკვებს, კონცერტი ყოველთვის მთავრდება „ლეთურით“, სადაც არის „მუხლები“, „ცერები“... ამ ცეკვას განსაკუთრებით აღფრთოვანებით ხვდებიან საზღვარგარეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის უკვე გაწერილია: ბულგარეთის ქალაქ ველიკოტერნოვოში საერთაშორისო ფესტივალზე მისაღებად უკვე მივიღეთ მოწვევა. ანსამბლს დაგეგმილი აქვს კონცერტების გამართვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წინ კვლავ დიდი გეგმები და წარმატების მოლოდინია“, - ამბობს დავით კიკვაძე. 
რაც შეეხება თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებს, ირაკლი ხარჯავანიძის ინფორმაციით, ამ კუთხით მრავალი სიახლე იგეგმება. „აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს უნივერსიტეტის მომღერალთა გუნდი (კაპელა) საბერძნეთში, ქალაქ პარალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა, სადაც 15 სექტემბრამდე სხვა ქვეყნების გუნდებთან ერთად გამართავს კონცერტებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის, ჩვენი დეპარტამენტის მიერ გამოცხადდება შემოქმედებით ჯგუფებში სტუდენტების მიღება. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა სტუდენტს მივცეთ საშუალება თავიანთი შემოქმედებითი უნარები გამოავლინოს“, - ამბობს ირაკლი ხარჯავანიძე.

შურთხია ბეროშვილი