ვახტანგ ლიჩელის მე-13 თეორია

24 ნოე 2019

ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმუშავებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე კობეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორს, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორს სატორუ ოიშის შეხვდა. ფაზისის პროექტში, კობეს უნივერსიტეტთან შეთანხმებით, იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორია (JAXA (Japan Aerospace Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილესი მრავალდარგოვანი ინსტიტუტი RIKEN-იც მონაწილეობს.
ანტიკური ფაზისის პოვნის მიზნით, ბოლო 200 წლის განმავლობაში მეცნიერებმა 12 თეორია შექმნეს, მათ შორის, თსუ-ს ემერიტუს პროფესორმა გურამ გრიგოლიამაც. მიუხედავად ამისა, კოლხეთის დაბლობზე ძვ.წ. VI საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ დაარსებული კოლონიის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. ძველ ბერძნულ ახალშენებს შორის ფაზისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დასახლება იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, იქ 60 ენაზე მოსაუბრე ვაჭარი იკრიბებოდა. საკითხის გადასაჭრელად, რომელიც არქეოლოგების „აქილევსის ქუსლი“ გახდა, ქართველი და იაპონელი მეცნიერების ტანდემი შეიქმნა. მკვლევართა ჯგუფი ფაზისის ძებნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ ლიჩელის მე-13 თეორიის მიხედვით იწყებს. პროექტში იაპონიის კობეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ჰიროკო მასუმოტო და ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის პროფესორები სატორუ იოში და აკიო ტომიამა მონაწილეობენ. მკვლევრები ექსპედიციებისას იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიისა (JAXA (Japan Aerospace Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილესი მრავალდარგოვანი ინსტიტუტის RIKEN-ის მაღალტექნოლოგიურ ტექნიკურ რესურსს გამოიყენებენ.
„კობეს უნივერსიტეტთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. მისი ინიციატორი იყო ბატონი ალექსანდრე კარტოზია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფაზისის პროექტის მხარდაჭერაშიც. ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად იაპონელ მეცნიერებთან თანამშრომლობას საფუძველი გასულ წელს ბრიუსელში ჩაეყარა, სადაც კობეს უნივერსიტეტისა და ევროგაერთიანებაში კობეს უნივერსიტეტის ფილიალის ერთობლივი სამეცნიერო შეხვედრა გაიმართა. მე წარვადგინე პროექტი, რომელშიც დასმული იყო საკითხი ფაზისის აღმოჩენის საერთაშორისო სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ. პროექტმა საერთო ინტერესი გამოიწვია და დაისვა საკითხი მისი შესაძლო განხორციელების თაობაზე. კობეს უნივერსიტეტი დაეთანხმა პირობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულები იქნებიან მაღალკვალიფიციური არქეოლოგები, ხოლო იაპონიის მხრიდან კი - მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები. პროექტს მხარი დაუჭირა კობეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ჰიროკო მასუმოტომ“, - განაცხადა არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა.
„ჩვენ განვაახლეთ ძველი ისტორიული ქალაქ ფაზისის ადგილმდებარეობის ძიება, რისთვისაც შევეცდებით გავაერთიანოთ სხვადასხვა დისციპლინა და გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. ძალიან სასიამოვნოა ქართველ არქეოლოგებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უძველესი დროიდან არსებული კომუნიკაცია“,“- აღნიშნა პროფესორმა სატორუ ოიშიმ. 
ფაზისის ადგილმდებარეობის შესახებ, ერთი შეხედვით, ზუსტი მითითებები არსებობს. ძველი ბერძენი გეოგრაფოსი სტრაბონი და კაპადოკიის ლეგატი არიანე აღწერდნენ, რომ კოლონია შავ ზღვისპირეთში ზღვას, ტბასა და მდინარეს შორის დაფუძნდა. თუმცა, ასწლეულების განმავლობაში კოლხეთის დაბლობზე მიმდინარე გეომორფოლოგიური ცვლილებები ქალაქის მდებარეობის ზუსტ იდენტიფიცირებას ართულებს.
„მითითებული ნიშნულების მიხედვით, ზღვას, მდინარესა და ტბას შორის მდებარეობს ქალაქი ფოთი, მაგრამ ფოთში კლასიკური ფაზისის ნაშთები არ არის. საქმე იმაშია, რომ დროის მანძილზე იცვლებოდა შავი ზღვის სანაპირო ხაზი, გასათვალისწინებელია მდინარე რიონის მიგრაციაც, რომელიც ასევე იცვლის კალაპოტს და მუდმივად გადაადგილდება ჩრდილოეთის მიმართულებით. ჩემი კვლევით, დავადგინე, რომ ანტიკური ფაზისის დაარსების პერიოდში არ არსებობდა პალიასტომის ტბა. ის გვიანდელი წარმონაქმნია. შესაბამისად, წერილობითი ისტორიული წყაროების შემდგომი ანალიზი აზრს კარგავს, თუ არ მოხდება პალეოჰიდრო სისტემის სრული რეკონსტრუქცია. აქვე აღვნიშნავ, რომ ფაზისის პრობლემის ინტერდისციპლინარული კვლევის მცდელობას უკვე არა ერთხელ ჰქონდა ადგილი და ამ მხრივ ქართველ მეცნიერებს, გეოლოგებსა და არქეოლოგებს (პირველ რიგში აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს) უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვთ ჩატარებული. ჩვენი და კობეს უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი კვლევების მიზანია ჩავატაროთ იმ სახის გამოკვლევები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოვიყენოთ დისტანციური კვლევის სრულიად ახალი მეთოდები. 
შავი ზღვის სანაპირო ხაზისა და მდინარე რიონის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა ქალაქ ფაზისის მდებარეობაც, ამიტომ სხვადასხვა პერიოდის ძველი ფაზისი სხვადასხვა ადგილზე მდებარეობდა, ეს მეცნიერებაში აღიარებული საკითხია და სწორედ ეს ართულებს მის ძიებას“ - აცხადებს ვახტანგ ლიჩელი.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგ გურამ გრიგოლიას ცნობით, გასული საუკუნის 50-იან წლებში ფოთის აეროპორტის მშენებლობისას, სავარაუდოდ, რომაული ან ბიზანტიური ხანის ფაზისის კედლები დაანგრიეს და აგურები საფრენი ბილიკის ქვეშ მყარ მასად დააგეს. პალიასტომის ტბაში, ასევე, არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და შემდგომ თსუ-ის ექსპედიციების მიერ აღმოჩენილია არქეოლოგიური მასალა - კერამიკის ათასობით ფრაგმენტი, რომლის აქ არსებობის ახსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. Kკლასიკური ხანის ფაზისის შესაბამისი არქეოლოგიური არტეფაქტები კი მეცნიერებს აქამდე არ უპოვიათ.
„ანტიკური ფაზისის პოვნის მიზნით, ჩვენი და იაპონელი მეცნიერების ერთობლივი სადაზვერვო ექსპედიცია უკვე განხორციელდა ფოთის აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც ჩატარებული მქონდა არქეოლოგიური გათხრები და რომაული ხანის მეორად კულტურულ ფენებს მივაკვლიეთ, თუმცა ურბანული ტიპის დასახლების მანიშნებელი არაფერი აღმოგვიჩენია. ასევე, ვიმყოფებოდით პალიასტომის ტბაზე და მდინარე ფიჩორზე, რომელშიც 11 კილომეტრის მანძილზე შევედით. ჩვენი მიზანი იყო ამ არეალის წინასწარული მორფოლოგიური ანალიზი. მომავალში ჩატარდება რადარული დაზვერვები და დაიწყება მოპოვებული მასალის დეშიფრირება. ახლა ვაგროვებთ დამატებით სამეცნიერო ინფორმაციას, რომელიც ასევე იაპონიაში გაიგზავნება. გეოგრაფიულად ეს არის კოლხეთის ნაკრძალის არეალი, რომელიც, ძირითადად, დაჭაობებულია, ამიტომ სტანდარტული არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება ძალიან რთულია. შესაბამისად, ერთადერთი სწორი მიდგომაა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება“, - აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი. 
რთულად მისადგომ ადგილებზე ქართველი და იაპონელი მეცნიერები უახლეს ტექნოლოგიებს - რადარებსა და ლიდარებს გამოიყენებენ, რომელიც ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 
„ანტიკური ფაზისის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად შემუშავებული ჩემი მოსაზრება რიგით მე-13 აღმოჩნდა. მივიჩნევ, რომ 13 ბედნიერი რიცხვია, ასე რომ, ვნახოთ... ვფიქრობ, მომავალი წლის გაზაფხულზე გარკვეული შედეგი უკვე გვექნება“, - ამბობს ვახტანგ ლიჩელი. 
კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-რექტორის, პროფესორ მიზუტანის გადაწყვეტილებით, ანტიკური ფაზისის საძიებო ექსპედიციების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.

ნატო ობოლაძე