ნოღელები აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის აღდგენას ითხოვენ

15 მარ 2017

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა მისი დამფუძნებლის, აკაკი შანიძის სახელს ატარებს. სკოლა, რომელიც 1967 წელს გაიხსნა, სხვადასხვა სოფელს (ტოლები, ჭოგნარი, გორმაღალი, ქვაყუდე, ვაზისუბანი) ემსახურებოდა. ამჟამად სკოლა მეზობელ სოფელშიცაა გახსნილი და, სკოლის მოსწავლეების სიმრავლის მხრივ, აკაკი შანიძის სახელობის სკოლას შვება მიეცა. წყალი, რომლითაც ნოღის სკოლა სარგებლობს, აკაკი შანიძის ძალისხმევითაა გამოყვანილი და ამ ღვაწლსაც ძალიან უმადლიან დიდ მეცნიერს. 
„2005 წელს, როდესაც სკოლები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა, ბატონი აკაკის სახელი აღარ ჰქონდა სკოლას. კანონის თანახმად მოვითხოვე, რომ როგორმე ეს სახელი დაბრუნებოდა ისევ ჩვენს სკოლას. მიიღეს ეს წინადადება და შარშან ისევ დავუბრუნეთ მას აკაკი შანიძის სახელი“, – აცხადებს სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე. 
26 თებერვალს სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში აკაკი შანიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „ღონისძიებაში მოსწავლეები ჩავრთეთ. მათ თემები წარმოადგინეს აკაკი შანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მეცნიერის მუშაობის წლებზე, ასევე მის სახუმარო გამონათქვამებზე. აკაკი შანიძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ამ სკოლის დაარსებაში და გვინდა, სახელოვანი მოღვაწე და მეცნიერი მუდამ ახსოვდეთ ბავშვებს“, – ამბობს სკოლის დირექტორი. 
სკოლის მახლობლად პატარა ეზოში სახლი დგას, რომელიც ასევე აკაკი შანიძის სახელზეა აშენებული. სახლი აკაკი შანიძის ყოფილი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეა. როგორც ირკვევა, სახლ-მუზეუმი, რომელიც აკაკი შანიძის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა, მხოლოდ 2006 წლამდე შეინარჩუნეს. ის ძველი ქოხი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა აკაკი შანიძე, უკვე აღარ არსებობს. ამჟამად გაუქმებული მუზეუმის ტერიტორიაზე აშენებულ სახლში არავინ ცხოვრობს.
„მე ვიყავი საკრებულოს დეპუტატი და ბევრი ღონისძიება მაქვს გატარებული, რათა 2006 წელს გაუქმებული სახლ-მუზეუმი აღდგენილიყო. ჩვენი სკოლაც და სოფელიც დაინტერესებულია ამ სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებით, მაგრამ უშედეგოდ ჩაიარა ყველა ღონისძიებამ. არაერთ მთავრობას მივმართეთ წერილით, რასაც არავინ გამოხმაურებია. რაიონის გამგებელსაც წერილით ახლახან მიუმართავს კულტურის სამინისტროსთვის, რომ როგორმე აღდგეს ეს მუზეუმი. სხვადასხვა ექსპონატები, სურათები და აკაკი შანიძის ჩანთა ამჟამად სკოლაში გვაქვს და აქ ინახება. 
როდესაც საკრებულოს წევრი ვიყავი, დავაყენე საკითხი, რომ ეს ეზო, სადაც აკაკი შანიძის სახელზე პატარა სახლი დგას, რეესტრში გაგვეტარებინა, რათა დაფიქსირებულიყო, რომ ეს ნამდვილად აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაა – ეს მართლაც მოვახერხეთ. იმედია, აღარავინ შეეხება მას. ამ ადგილს დღემდე ბევრი სტუმრობს – ზუგდიდიდან, წალენჯიხიდან ახლაც მოდიან ბავშვები და აწყობენ ღონისძიებებს. ჩვენც დაგეგმილი ღონისძიება მის პატარა სახლში ჩავატარეთ“, – აღნიშნავს სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე. მისი თქმით, აკაკი შანიძის შთამომავლები იშვიათადღა სტუმრობენ სკოლას, თუმცა მათ ახსოვთ მზექალა შანიძისა და მისი შვილიშვილის ვიზიტი. 
ნათელა ბრეგაძე, რომელიც 1999 წლიდან 2007 წლამდე აკაკი შანიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, დღეს სკოლაში მოღვაწეობს. იგი ექსკურსიებს წინამძღოლობდა და იმ შენობას მეთვალყურეობდა, სადაც აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-ექსპოზიცია იყო გამოფენილი. „დღეს შემოგვრჩა ერთი ჩანთა, რომლითაც ბატონი აკაკი ბოლო წლებში დადიოდა უნივერსიტეტში და გვაქვს, ასევე, რამდენიმე მისი გამოცემა – თხზულებათა კრებულები. მართალია ბევრი აღარაფერია, მაგრამ მნახველი მაინც მრავლად გვყავს. მაგალითად, ხობიდან მოდიან პედაგოგები თუ მოსწავლეები და 14 აპრილს ყოველთვის აქ ატარებენ დედა ენის დღესასწაულს“, – ამბობს ქალბატონი ნათელა ბრეგაძე. მისი თქმით, ნოღელებს ძალიან საამაყო პიროვნება ჰყავთ აკაკი შანიძის სახით. „ბატონი აკაკი ნამყოფია ამ სახლ-მუზეუმში, მაგრამ იქ არ უცხოვრია. 90 წლისთავი სოფელმა მას აქ გადაუხადა. მის სახელზე პატარა ქვევრიც არის მიწაში ჩადებული, საიდანაც ბატონმა აკაკიმ ერთხელ კოპით ღვინო ამოიღო და მიაწოდა თავის სტუმრებს, დაილოცა და ადღეგრძელა თავისი მშობლიური სოფელი. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბატონი აკაკი, ვაფასებთ მას და არასოდეს გამოგვრჩება მისი დაბადების დღე. 130 წლისთავთან დაკავშირებით მაინც გვინდოდა სახლ-მუზეუმის აღდგენა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამტრედიის გამგებელს ვალერი ფოცხვერიასაც მივმართეთ და იმედი მოგვცა, რომ თუკი კულტურის სამინისტრო დაგვიდგება გვერდით, თანხის ნახევარს მე გავიღებ თანამედროვე მუზეუმის გასაკეთებლადო. ჩვენ მადლობელნი ვიქნებით, თუკი ასე მოხდება“, – დასძენს სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგი.

ნინო კაკულია