თსუ-ის დოქტორანტები საგრანტო კონკურსის შედეგებით კვლავ ლიდერობენ

19 დეკ 2018

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2018 წლის საგრანტო კონკურსში, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები კვლავ ლიდერები არიან - კონკურსში გამარჯვებული 54 პროექტიდან 28 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 52%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.

თუ გასული წლების მონაცემებს გადავავლებთ თვალს, თსუ-ის დოქტორანტები ტრადიციულად ლიდერობდნენ (2017 წლის კონკურსის შედეგად დაფინანსებული 40 პროექტიდან 14 (35%) თსუ-ის სტუდენტებს ეკუთვნოდათ), მაგრამ წლევანდელი მონაცემები რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდაზე მიანიშნებს. 
2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული პროექტები მეცნიერების თითქმის ყველა დარგს მოიცავს, მათ შორის არის ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ეკოლოგია, ტურიზმი, სოციოლოგია, ქართველოლოგია და სხვ. 
გამარჯვებულ დოქტორანტთა შორის არიან: გიორგი ბენაშვილი („თავისუფალი ვაჭრობის გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საქართველოს მაგალითზე“); მარიამ ჯიბუტი („სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები“); ნინო გუგუშვილი („სოციალური ქსელების გავლენა სუბიექტური კარგად ყოფნის განცდაზე“); ლევან ალფაიძე („თბილისის მწვანე ინფრასტრუქტურის ეკოსისტემების სერვისების შეფასება (თბილისის საქალაქო საჯარო პარკების მაგალითზე“); გვანცა სალუქვაძე („მაღალმთიანი მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტების სივრცითი და დარგობრივი ინკლუზიურობა ტურიზმის სწრაფი განვითარების ფონზე“); მაია კილაძე („ომი, გენდერი და სექსუალობა ახალბერძნულ პიესებში“); მარიამ შენგელია („ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესი და კრეატინით მისი პრევენციის მექანიზმი“); თეა თალაკვაძე („90-იანი წლების გარდატეხა ქართულ ლიტერატურაში“); ნოდარ კილაძე („ინფლაციური პროცესების რეგულირების პრობლემები - საქართველოს მაგალითი“); მარიამ რუხაძე („ზმნურ ფორმათა გრამატიკალიზაციის შედეგად გამოწვეული ომონიმია ქართულში და მისი დაძლევის გზები კორპუსლინგვისტიკაში“); მარიამ მათიაშვილი („არგუმენტაციული სტრუქტურების კომპიუტერული ანალიზი ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსში“); ანი ბილანიშვილი („ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის სიმსივნური მიკროგარემო და მისი გავლენა უჯრედულ სასიგნალო გზებზე“); ცოტნე იაშვილი („უთანასწორობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოს მაგალითზე“); თამარ ქამუშაძე („ხასიათის სიმტკიცეები: პიროვნული აშლილობის გაგების ნათელი მხარე“); თამარ ჩხაიძე („ბედისწერა – ქართული კულტურული მოდელი“); მარიამ ოდილავაძე („ემიგრაციის გამოცდილება: ორაზროვანი დანაკარგისა და ფსიქიკური მედეგობის ურთიერთმიმართება“); ალექსანდრე გვენცაძე („აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყელის ზურგის შეცოცებების ზონის (თელეთი-კუმისის ფართობი) აქტიური ტექტონიკა“); ანა გოგოლაშვილი („ენანტიომერების დაყოფის მექანიზმების გამოკვლევა კაპილარულ ელექტროფორეზში“); ქეთევან ციმინტია („ნამლევ გვარსახელებთან დაკავშირებული ეთნოისტორიული ასპექტები მთიან სამეგრელოში“); მარიამ ნავაძე („ქართული ენისთვის ღირებული კვლევითი პარამეტრები ფონეტიკურ ექსპერტიზაში“); თინათინ ბანძელაძე („პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში“); გურამ ჩაგანავა („ოპტიმიზირებული საკომინიკაციო სისტემა ჟესტების ენით მოსაუბრეთათვის“); ლაშა კელიხაშვილი („სახელმწიფო ვალის გავლენა საინვესტიციო აქტივობაზე“); სალომე პატარიძე („ქალური ნარატივის თავისებურებები XX საუკუნის მეორე ნახევრის გერმანულენოვანსა და ქართულ პოეზიაში“); დავით მაქაძე („ბერთაკარისა და ბნელი ხევის ოქრო-მცირესულფიდური ეპითერმული საბადოების გეოლოგიური აგებულება: სტრუქტურა, პეტროლოგია და ოქროს გამადნების თავისებურებანი“); ქეთევან ეფაძე („ნარატივების ბრძოლა“); სალომე მელაძე („მოხატული კანკელები შუა საუკუნეების საქართველოში: ზემო სვანეთი“); ლილი მეტრეველი („მითოლოგიური არქეტიპები ქართულ მოდერნისტულ ლიტერატურაში“). 
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.
2018 წლის კონკურსის პირობების თანახმად წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე. ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. ამასთან, დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.
ფონდის პირობების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატიის სახით გამოაქვეყნოს საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, ან წარმოადგინოს ცნობა ასეთი სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ. საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის ჟურნალები, საკონფერენციო კრებულები და წიგნები, რომლებიც ინდექსირებულია: Scimago Journal Ranking, Scopus, Web of Science, ERIH plus-ში, ასევე, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული საერთაშორისო რეფერირებადი და ციტირებადი ჟურნალები: Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები) და Annals of Agrarian Science (აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე).

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
მასალების მიხედვით მოამზადა მაია ტორაძემ