ანტიბიოტიკების გამოყენების მომავალი სტომატოლოგიაში – კვლევა, რომელიც თსუ-ის პროფესორმა მსოფლიო ფედერაციის 107-ე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისას წარადგინა

06 ნოე 2019

2-15 სექტემბერს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა მამუკა (ვლადიმერ) მარგველაშვილმა სანფრანცისკოში გამართულ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 107-ე მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც 1900 წელს დაარსდა და აერთიანებს 150-ზე მეტი ქვეყნის სტომატოლოგთა ეროვნულ ასოციაციას, მათ შორის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციას. სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია წარმართავს მსოფლიოში სტომატოლოგიური მეცნიერების, კვლევის, სწავლების ორგანიზაციის პოლიტიკას. ყოველწლიურად მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ტარდება გენერალური ასამბლეა, რომელსაც უძღვება ე.წ. სტომატოლოგთა მსოფლიო პარლამენტი. სწორედ ამ პარლამენტის წევრი გახლავთ 1998 წლიდან პროფესორი მამუკა (ვლადიმერ) მარგველაშვილი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციიდან.
`ჩემთვის ეს იყო 24-ე მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. შემდეგ გენერალურ ასამბლეაზეც მომიწია სიტყვით გამოსვლა. სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კონგრესის ფარგლებში ტარდება ფედერაციის რეგიონალური (ევროპის, ჩრდილო ამერიკის, ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის) ორგანიზაციების პლენარული სხდომები. მე, როგორც ევროპის წარმომადგენელი, ევროპის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე (ამ კომიტეტს ჰქვია ERO Integration), ვესწრებოდი ევროპის პლენარულ სხდომას, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით. წამოვაყენე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, რომ საჭიროა მოხდეს ჰარმონიზაცია ჩვენი სტომატოლოგიური კანონმდებლობისა და რეგულაციებისა, რათა რაც შეიძლება მალე დავუახლოვდეთ დასავლეთ ევროპას, ჩრდილო ამერიკას თუ სხვა წამყვან ქვეყნებსაც. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ დროულად მოხდეს ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების ეროვნული სტომატოლოგიური ასოციაციების ინტეგრირება უკვე განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნების ასოციაციებთან“, - აღნიშნა მამუკა მარგველაშვილმა სანფრანცისკოში ვიზიტთან დაკავშირებით.
პროფესორმა სხდომაზე, ასევე, საინტერესო სამეცნიერო მოხსენება წარადგინა კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების ეფექტურ იმპლემენტაციას. კვლევა ჩატარდა მსოფლიოს 4 ქვეყანაში (საქართველო, ალბანეთი, მაროკო, თურქეთი). კვლევაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე ექიმმა. სწორედ ამ კვლევის შედეგები და ანალიზი წარადგინა პლენარულ სხდომაზე პროფესორმა მამუკა მარგველაშვილმა. 
`კვლევის მთავარი არსი გახლავთ ის, თუ რამდენად ხშირად და მართებულად ნიშნავენ სტომატოლოგები ანტიბიოტიკებს ყოველდღიურ პრაქტიკაში. საერთო კვლევებით დადგენილია, რომ დანიშნული ანტიბიოტიკების 10-12% მოდის სტომატოლოგებზე. ასევე, ჩვენ გამოვიკვლიეთ, ძირითადად, რატომ ინიშნება ანტიბიოტიკები ამა თუ იმ ქვეყანაში? რა ცოდნა აქვთ ექიმებს ანტიბიოტიკების მოქმედების შესახებ? კვლევაში მონაწილეობდნენ ასაკობრივი ჯგუფები. შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის შედეგები ერთმანეთს არ ეთანხმებოდა. მაგალითად, თურქეთში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ ანტიბიოტიკების მოქმედების თაობაზე, სხვა ქვეყნებში კი ეს ასე არ იყო. ახლა ვამზადებთ სტატიას, რომელშიც უფრო საინტერესო დასკვნების გამჟღავნება შეგვეძლება. საერთოდ, ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია და საჭიროა ამ მიმართულებით დამატებითი სემინარების, კონფერენციების გამართვა, რათა ექიმები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული, უფრო კორექტულად და სწორ შემთხვევებში მოხდეს ანტიბიოტიკების დანიშვნა და მისი მართებულად გამოყენება პაციენტის სასარგებლოდ“, - განაცხადა მამუკა მარგველაშვილმა.
როგორც პროფესორი ამბობს, მომავალ წელს საქართველოში სტომატოლოგიის მიმართულებით რამდენიმე კარგი ღონისძიება იგეგმება. ქართული დელეგაციის სანფრანცისკოში ვიზიტისას დაიგეგმა უცხოელ პროფესორთა ჩამოსვლა საქართველოში, რომლებიც ქართველ ექიმ-სტომატოლოგებს გააცნობენ უახლეს ინფორმაციას სტომატოლოგიის დარგში ახალი სამეცნიერო მიღწევების და პრაქტიკული ღონისძიებების კუთხით. დაიგეგმა საქართველოს იმპლანტოლოგთა მე-6 საერთაშორისო კონგრესიც, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში, სადაც სხვა ცნობილ მეცნიერებთან ერთად, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დოქტორი გერჰარტ სიბერგერიც ჩამოდის.

ნატო ობოლაძე