IPEC-ის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის

17 სექ 2019

ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალგაზრდებს თვითრეალიზაციისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობს. ცენტრი მსმენელებს პროფესიულ საკითხებში ამზადებს, რისთვისაც დისკუსიების, სემინარების, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატს იყენებს. სწავლება ევროპაში აპრობირებული მეთოდებით მიმდინარეობს. უპირატესობა საკითხების პრაქტიკულ შესწავლასა და განზოგადებას ენიჭება. ცენტრის ხელმძღვანელობა ტრენერებს მათი სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით არჩევს. 
„ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა ინოვაციურ საკითხებთან დაკავშირებით და შევავსოთ ის ცოდნა, რასაც სტუდენტები უნივერსიტეტში იღებენ. აქედან გამომდინარე, ვიწვევთ იმ გამოცდილ პრაქტიკოს იურისტებსა თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც სტუდენტებთან უშუალოდ შეხება არ აქვთ. მაგალითად, მოსმენების შესახებ კანონმდებლობის განხილვისას, მოვიწვიეთ უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით გაბახაძე, რომელმაც ამ საკითხებზე დაწვრილებით ისაუბრა. მაგალითად - როგორ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს? ამ თემაზე მოწვეული გვყავდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და ა.შ.“, - აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ გონაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) გასულ წელს დააფუძნა. ცენტრის ორგანიზებით, ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით 20-მდე საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. ამჯერად, „ბავშვთა ინტელექტუალურ საკვირაო სკოლაში“ მიმდინარეობს მიღება, რომელიც თსუ-სა და IPEC-ის ერთობლივი პროექტია. საკვირაო სკოლა სპეციალურად მოსწავლეებისთვის ჩამოყალიბდა და მისი მიზანია მათთვის იმ ცოდნის გადაცემა, რაც საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამებში არ შედის. მსმენელებს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წაუკითხავს ბავშვთა უფლებების, საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, გეოგრაფიული უცნაურობების, ლოგიკური ამოცანების, ასტრონომიის, კრიმინალისტიკის თემებზე. საკვირაო სკოლის ფარგლებში მსმენელები საუნივერსიტეტო გარემოსაც გაეცნობიან. 
„თბილისში ბევრი საკვირაო სკოლა არსებობს, თუმცა „ბავშვთა ინტელექტუალურ საკვირაო სკოლას“ რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში მიმდინარეობს, მათ ლექციებს თსუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები უკითხავენ. ჩვენი სასწავლო პროგრამა ბავშვების ინტელექტუალურ ზრდაზე, ზოგადი ცოდნის გადაცემაზე, მეცნიერებაში არსებული სიახლეების გაცნობაზეა ორიენტირებული. ჯგუფები 10 ან 15 მსმენელისგან შედგება, რადგან პრაქტიკული სამუშაოებისას სწავლება ბევრად ნაყოფიერია. ჩვენი მიზანია მსმენელები უნივერსიტეტელებად აღვზარდოთ“, - განაცხადა ინოვაციურ-საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ გონაშვილმა. 
„ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“ 2019 წლის დასაწყისში გაიხსნა. სწავლება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსმენელებს ლექციები ისტორიის, ეთნოგრაფიის, ჩვენი უფლებების, ხელოვნების, კრიმინალისტიკის, ლოგიკის, გეოგრაფიული უცნაურობებისა და ჩვენი სამყაროს საგნებში წაეკითხათ. პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებოდათ ფიზიკასა და ქიმიაში. კურსდამთავრებულებს თსუ-სა და IPEC-ის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ტრენინგები - „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“. იმიტირებული სასამართლო პროცესები, კაზუსური და როლური თამაშების სახით ტრენინგები ჩაატარეს მოსამართლეებმა: ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ლევან დარბაიძემ და ლეილა კოხრეიძემ, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა, თსუ-ის პროფესორებმა ნანა ჭიღლაძემ და ვასილ გონაშვილმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რეგიონული საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა 10-მდე ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

ნატო ობოლაძე