ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში

03 ივლ 2019

ვარძიის სამონასტრო კომპლექსმა მეთერთმეტედ უმასპინძლა ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს მიეძღვნა და მასში ევროპის 15 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, მათ შორის - ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ინგლისიდან. კონფერენციაზე მონაწილეებმა ინდივიდუალური, უახლესი სამეცნიერო კვლევები წარმოადგინეს ნეოლითიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. ასევე, განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები.
კონფერენციის გახსნას თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი, უცხოელი და ქართველი პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„კონფერენციაში ქართველ ახალგაზრდა არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის არქეოლოგები, მომავალი მეცნიერები. მათ საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძიებების შესახებ ძალიან საინტერესო მოხსენებები აქვთ. ეს საუკეთესო საშუალებაა ამ დარგში არსებული სიახლეების გაცნობისა და ურთიერთგაზიარებისთვის. ვიმედოვნებ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება“, - განაცხადა თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ. 
ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში და მასში მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგები მონაწილეობენ. „კონფერენციას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს - ჩვენი სტუდენტები უკვე მრავალი წელია, რაც უცხოეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობენ, ისინი თვითონ აწარმოებენ არქეოლოგიურ კვლევას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რისი პრაქტიკაც აქამდე არ ყოფილა საქართველოში“, - აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.
ვარძიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი უძღვებოდა, რომელიც 11 წელია კონფერენციის აქტიური მონაწილეა. „კონფერენცია დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში 11 წლის წინ. პროექტის იდეა იყო, რომ ქართველი სტუდენტებისთვის მიგვეცა შანსი - 15 წუთის განმავლობაში საკუთარი კვლევების შესახებ ინგლისურად ელაპარაკათ. წლების განმავლობაში სტანდარტები უფრო გამყარდა. შეუძლებელია განასხვაო ქართველი არქეოლოგიის სტუდენტები და ოქსფორდის, მიჩიგანის ან ვარშავის ეთნოგრაფიის სტუდენტები ერთმანეთისგან“, - განაცხადა პროფესორმა.
კონფერენციამ საშუალება მომცა არა ერთ ქვეყანაში, მახლობელ აღმოსავლეთსა თუ ევროპაში არქეოლოგიურ კვლევებსა და გათხრებში მიმეღო მონაწილეობა და შემდგომ ეს ყველაფერი წარმედგინა აუდიტორიისათვის“, - აღნიშნა თსუ-ის სტუდენტმა დავით ნასყიდაშვილმა, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა.
კონფერენცია 4 ივნისს დასრულდა. მისი მსვლელობის დროს გაიმართა დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახა სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები.
ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი