როდიდან კითხულობდნენ ლექციებს თსუ-ში უცხოელი პროფესორები?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების პირველი წლებიდან უნივერსიტეტის ფუძემდებლები ცდილობდნენ საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებას და მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
ევროპის ცნობილი უმაღლესი სასწავლებლები საიუბილეო თუ სამეცნიერო ღონისძიებებზე თსუ-ის დელეგაციებსაც იწვევდნენ. ჯერ კიდევ 1924 წელს, მიწვევის თანახმად, პროფესორი გრიგოლ წერეთელი ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილეზე გაემგზავრა. მან, თბილისის უნივერსიტეტის სახელით, იტალიელ კოლეგებს მხატვარ ი. შარლემანის მიერ დამზადებული მილოცვის ადრესი გადასცა.
არსებობის პირველ წლებშივე უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპელი მეცნიერებიც მოეწვიათ. 1919 წელს პროფესორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა – ბიზანტიის ისტორიის კათედრაზე პროფესორის მოადგილედ მოეწვიათ ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი რ.პ. ბლეიკი, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი ახლად შექმნილ ქართულ უნივერსიტეტში ემსახურა. ის მცირე ხნით კითხულობდა ლექციებს ბიზანტიის ისტორიასა და ბერძნულ ენაში.
1920 წელს, თსუ-ის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე დაისვა საკითხი, რომ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები მოეწვიათ, მათ შორის: კლერმონის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან. ლ. ჟირო; დოქტორები: ალექსანდრე ნათანსონი, ე. ოეთელი, გუსტავ ჰასე, მაქს მიულერი; ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორები: რიხარდ ფოგელი, პრელლი და სხვა. გარდა ბლეიკისა, რომელიც ნიკო მართან და ივანე ჯავახიშვილთან მეცადინეობდა, ვერც ერთი უცხოელის ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.
მოწვეული პროფესორები, ხელშეკრულების თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში წაეკითხათ ლექციები უცხო ენაზე (თარჯიმანის დახმარებით). ხოლო 2 წლის შემდეგ, რექტორის ივანე ჯავახიშვილის მოთხოვნით, ისინი ვალდებულნი ხდებოდნენ ლექცია სახელმწიფო ენაზე ანუ ქართულად წაეკითხათ.
სამეცნიერო კავშირები უცხოეთთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კავშირები უცხოეთთან მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან განსაკუთრებით აქტუალური ხდება. 1968 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განყოფილება, რომელიც 2005 წელს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად – თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს თსუ-სა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, ერთობლივი პროექტებითა და სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებით ხორციელდება.
უცხოეთის სასწავლო-სამეცნიერო უმაღლეს დაწესებულებებთან პარტნიორობის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა:
„უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტია (გერმანია), რომელთანაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს 52 წლის წინ მოეწერა ხელი. მას შემდეგ თსუ მუდმივად ცდილობდა საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვას და დღეს, ჩვენ, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული 50-მდე ქვეყნის 180 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. რთულია მეგობართა ასეთ დიდ ჯგუფში ერთი ან ორი განსაკუთრებით აქტიური პარტნიორი გამოყო, მაგალითისთვის შემიძლია ჩამოვთვალო ისეთი უნივერსიტეტები, რომლებთანაც მუდმივი თანამშრომლობა გვაქვს, ესენია: იენის, ზაარლანდის, ტარტუს, ვილნიუსის, პორტოს, კორუნას და პარიზი 8 უნივერსიტეტები. მათთან თანამშრომლობის არეალი მოიცავს როგორც ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელ პროგრამებს, ასევე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მობილობას, მხარდაჭერას ინსტიტუციური განვითარების პროექტებში, ერთობლივ კვლევით გრანტებს, ქმედით მხარდაჭერას უნივერსიტეტის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაში და ა.შ.“
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი ქსელების წევრი: ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია; შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი; ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო და ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაცია.
2012 წლის ოქტომბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ხელი მოეწერა შეთანხმებას თსუ-ში პორტუგალიური ენის ცენტრის გახსნის შესახებ. ცენტრი საშუალებას აძლევს თსუ-ის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, ასევე ფართო საზოგადოებას, გაი-ღრმავონ ცოდნა პორტუგალიურად მოსაუბრე ქვეყნების კულტურის, ლიტერატურისა და ენის შესახებ. ამჟამად, ცენტრი თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად მუშაობს პროექტზე – „ერაზმუს+“-ის პროგრამა პორტუგალიაში.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები
დღეს ტენდენციად იქცა, რომ უცხოეთის უნივერსიტეტებში მიღებული განათლება აუცილებლად გახდება წარმატების გარანტი საქართველოში, რაც საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. ასეთ შესაძლებლობას მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის ან ორმხრივი გაცვლითი პროგრამები აძლევს, რომლებიც უნივერსიტეტში 2007 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს განათლების მოდერნიზებას, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლებას. მთავარია, იყო მიზანდასახული და გაგაჩნდეს სწავლის მიღებისა თუ სწავლების უცხოურ გამოცდილებასთან ზიარების დიდი სურვილი.
ორმხრივი გაცვლები თსუ-ში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ხორციელდება, რაც შეეხება ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლით მობილობებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით 2015 წლიდან დღემდე 121 პროექტი დაფინანსდა, რაც საუკეთესო შედეგია არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც.
თეა გერგედავა: „თსუ-ის პრიორიტეტებში გაცვლითი პროგრამები ყოველთვის თვალსაჩინო ადგილს იკავებდა, თუმცა ბოლონიის პროცესმა ამ საქმიანობას სულ სხვა ფორმები და მასშტაბი შესძინა.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 1226-მა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა პარტნიორ ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, 2007 წლიდან მოგვეცა შესაძლებლობა – „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამის ფარგლებში ყველა საფეხურის სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის სრულად დაფინანსებული მობილობები შეგვეთავაზებინა.
2015 წლიდან თსუ-ში ახალი „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამა ამოქმედდა. „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობების ხელშეკრულებათა რაოდენობამ კი 120-ს გადააჭარბა.
გაცვლითი პროგრამებისადმი სტუდენტებისა და პერსონალის გაზრდილ ინტერესს მოწმობს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2018/2019 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის ორგანიზებული უცხო ენების ინსტიტუციონალური ტესტების ჩასაბარებლად 1024 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ კი 400-მდე სტუდენტის განცხადება მივიღეთ, რომელთაგან 111-მა მიიღო სტიპენდია პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის ან 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისთვის. აქვე დავძენთ, რომ ეს სრული მონაცემები არ არის. ამ ეტაპზე განაცხადების მიღება მხოლოდ ,ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიებზეა დასრულებული. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები მოგვიანებით გამოცხადდება და მის ფარგლებში დამატებით 40-მდე ნაწილობრივ დაფინანსებული სტიპენდია გაიცემა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
უახლოეს თვეებში 80-მდე უნივერსიტეტთან ერთად ვგეგმავთ 2018-2020 წლების დაფინანსებისთვის განაცხადის გაკეთებას. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებლობა გვექნება – 100-ზე მეტი ახალი სტიპენდია შევთავაზოთ „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში თსუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტებსა და პერსონალის წარმომადგენლებს. ამას დავუმატოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი პროგრამები და ჯამში მივიღებთ 150-მდე სტიპენდიას 2018/2019 სასწავლო წლისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 6 წელიწადში გაოთხმაგდა დაფინანსებული მობილობების რაოდენობა თსუ-ში ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის (სტუდენტი, პროფესორი, ადმინისტრაცია). ბოლო სამი აკადემიური წლის განმავლობაში 200-მდე მობილობის სტიპენდია გაიცა პროფესორ-მასწავლებლებზე. იმავე პერიოდში თსუ-მ უმასპინძლა 122 უცხოელ პროფესორს და მკვლევარს. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მობილობისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების მიმდინარე კონკურსში განაცხადების გასაკეთებლად“.
უნივერსიტეტის უცხოენოვანი პროგრამები
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას და ევროპული განათლების მიღებას ხელს უწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენოვანი პროგრამებიც, რომელიც სწავლების სამივე საფეხურს მოიცავს. ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ფრანგულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე – ინფორმატიკა; მაგისტრანტებს – შემდეგ უცხოენოვან პროგრამებზე: ევრაზიისა და კავკასიის კვლევები; ეკონომიკა; ევროპისმცოდნეობა (ინტერდისციპლინური პროგრამა ევროკავშირის შესახებ); თსუ-სა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) ერთობლივ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“-სა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე „სამართლის მაგისტრი“. დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის თსუ-ში მოქმედებს ერთობლივი ფრანგულენოვანი სადოქტორო პროგრამა – "ევროპული ლიტერატურა". ეს პროგრამები ქართველი სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრაციას უცხოელი პარტნიორებიც უწყობენ ხელს. დღითიდღე იზრდება საზღვარგარეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების ინტერესი თსუ-სთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების მიმართულებით.
თეა გერგედავა: „არაერთი შემოთავაზება გვაქვს ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამებში პარტნიორობაზე, ასევე ერთობლივ სამაგისტრო და კოტუტელის სადოქტორო პროგრამებზე; მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული კვლევითი გაერთიანების – ჰაბის დაარსებაზე თსუ-ში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჩვენი აპლიკაცია UNIჩA-ს ქსელში წევრობის თაობაზე განხილვის ბოლო ეტაპზეა; პარალელურად ვმუშაობთ კიდევ ერთ, გავლენიან საერთაშორისო საუნივერსიტეტო გაერთიანებაში წევრობის განაცხადზეც.
მეტი პარტნიორები! უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ფორმები! – ეს ყოველივე ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია“.
თამარ დადიანი