თამარ გაგოშიძე: ადრეული განათლების სპეციალისტის მოსამზადებელი საბაკალავრო პროგრამის შემუშავებას ვგეგმავთ

06 ნოე 2019

მეორედ არჩეული დეკანის განსხვავებული და ახალი გეგმები

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტმა პროფესორ თამარ გაგოშიძეს ნდობა კიდევ ერთხელ ერთხმად გამოუცხადა და დეკანად მეორე ვადით აირჩია. ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულება ცალკე ფაკულტეტად 2014 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, თსუ-ის III კორპუსის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, დაიწყო საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-კვლევითი „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ გამოცემა, ამოქმედდა სტუდენტური კონსულტირების ცენტრი, სადაც სტუდენტები ფსიქოლოგიურ მომსახურებას იღებენ და, ასევე, პრაქტიკულ სწავლებასაც გადიან. 
რას გეგმავს დეკანი ამჯერად? პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განვითარების ხედვა გაგვაცნო.

- ქალბატონო თამარ, წინ კიდევ 4 წელია, ფაკულტეტზე რა სახის ცვლილებებს გეგმავთ, რა არის თქვენი სამუშაო კონცეფციის მთავარი პრიორიტეტი?
- პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ფაკულტეტს, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის ჩემს ძველ კონცეფციასთან შედარებით განსხვავებულია, რადგან მაშინ ფაკულტეტი ყალიბდებოდა და, სასწავლო-კვლევითი მიმართულების გარდა, ბევრი ინფრასტრუქტურული და მატერიალური საკითხი იყო მოსაგვარებელი. ამ ეტაპზე პრიორიტეტები ცოტა განსხვავებულია. უპირველესი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. კონკურენცია მზარდია, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ამოქმედდა და ვალდებულები ვართ, განვითარებაზე მუდმივად ვიზრუნოთ. სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ვგულისხმობ, ვცდილობ, რომ ჩვენს ფაკულტეტზე სწავლების ელექტრონული საშუალებების გამოყენება დავიწყოთ. მეორე მნიშვნელოვანი სტრატეგია კომერციალიზაციაა. ჩვენს ფაკულტეტს ამის დიდი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია. ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მეცნიერებების განვითარება, რადგან დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა მასწავლებლის მომზადება. ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ ფაკულტეტზე, არის ადრეული განათლების სპეციალისტის მოსამზადებელი საბაკალავრო პროგრამის შემუშავება. ასეთი პროგრამები არ არის საქართველოში, არადა საბავშვო ბაღის კვალიფიციურ პედაგოგზეა დიდწილად დამოკიდებული მომავალი პიროვნების ჩამოყალიბება. 
- კომერციალიზაციის განხორციელებას რა სახის პროექტებით გეგმავთ?
- ჩვენ კარგი სპეციალისტები გვყავს განათლების ფსიქოლოგიაში, ბავშვის ფსიქოლოგიაში, რომლებიც სწავლა-სწავლების მეთოდების კუთხით სკოლის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან, ასევე ინკლუზიური განათლების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებებით შესაძლებელია ტრენინგებისა თუ სასერტიფიკატო პროგრამების ამუშავება. კომერციალიზაცია ჩვენი ფაკულტეტის ეკონომიკურ მდგრადობა-განვითარებას შეუწყობს ხელს. 
მესამე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ვცდილობთ, ჩვენს პროფესურას ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის მხრივ. ახლახანს მოვიგეთ „ერაზმუს+“-ის დიდი გრანტი, რომლის ფარგლებშიც მომავალი და უკვე მოქმედი მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების მოდულის შემუშავება იგეგმება. ასეთი სახით პროექტები უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის კარგი საშუალება და წინაპირობაა მომდევნო ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რადგან, ზოგადად, კვლევითი გრანტების მოძიება ბევრად რთულია. 
- საქართველო ახლახან გაწევრიანდა ევროკავშირის ორგანიზაცია EUღAXEშშ-ში, რაც ქართველი მკვლევრებისთვის მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ჩართვის ახალი საშუალებაა... 
- ჩვენი მთავარი მიზანია ასეთი დაფინანსების წყაროების ძიება. ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახური აქტიურად არის ჩართული ინფორმაციის მოძიება-გავრცელებაში. თუმცა, რესურსი არ გვყოფნის, რომ პროფესორებს საგრანტო განაცხადის დაწერაში დავეხმაროთ, რაც მარტივი საქმე არ გახლავთ. ამ მიმართულებით სერიოზულ ცვლილებებს განვახორციელებთ. ჩვენი მიზანია შიდასაუნივერსიტეტო თუ საერთაშორისო დონეზე რესურსების მოძიებით კვლევითი პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა. 
- სწავლების ხარისხის გაზრდა გულისხმობს თანამედროვე სახელმძღვანელოებს - როგორც უცხოელი ავტორების ნაშრომების თარგმნას, ასევე, ჩვენი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით შედგენილ სასწავლო დანიშნულების წიგნების გამოცემას. ამ მიმართულებით რას გეგმავთ?
- ბუნებრივია, საბაკალავრო დონეზე ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები ქართულენოვანი ლიტერატურით მოვამარაგოთ. თუმცა, ეს მარტივი პროცესი არ არის - დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, რომ სპეციალისტებს ათარგმნინო და გამოსცე უცხოენოვანი სახელმძღვანელოები. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ და ვთარგმნეთ ორი წიგნი, ერთი ახლა გამოვა - განვითარების ფსიქოლოგიაში, მეორე გამოცემის პროცესშია - ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. რიდერის სახით ვიყენებთ ცნობილ სახელმძღვანელოებს კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბევრად ეფექტური იქნება ჩვენი პროფესურის მიერ სახელმძღვანელოების გამოცემა, სადაც ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულებით მათი ცოდნა, თანამედროვე მიდგომები და თეორიები იქნება მოცემული.
- საზოგადოებას აქტიურად აწვდით ინფორმაციას თანამედროვე ფსიქოლოგიური პრობლემების, გამოწვევების შესახებ. სთავაზობთ რჩევებს და საუბრობთ ფსიქოლოგის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე... როგორია ახლა საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? თქვენი აზრით, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტებზე?
- საჯარო სკოლებში სპეციალური განათლების მასწავლებლის კადრებზეა მოთხოვნა, რომელსაც, ძირითადად, ფსიქოლოგები აკომპლექტებენ. ჩვენ მიერ მოგებული გრანტის ფარგლებში მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავთ - ვაპირებთ მასწავლებლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის სწავლების მეთოდებში მოვამზადოთ. მოთხოვნა ნამდვილად დიდია, მიწოდება - მცირე, რადგან შესაძლებლობებში შეზღუდულები ვართ. სკოლებში ასევე დიდია ფსიქოლოგის მოთხოვნა, უბრალოდ ამ ეტაპზე სკოლის ფსიქოლოგის სტატუსი განსაზღვრული არ არის. ამ მიმართულებით ჩვენი ფაკულტეტი აქტიურობს, ვგეგმავთ სხვა უნივერსიტეტების ფსიქოლოგებსაც დავუკავშირდეთ და ერთობლივად შევიმუშაოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა, დამოკიდებულება პოზიტიურია - ფიქრობენ, რომ ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელიც დამეხმარება, მხარს დამიჭერს კონკრეტული საკითხების გადაჭრისას. ჩემი საჯარო აქტივობა სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ საზოგადოება დაფიქრდეს თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, იპოვოს პრობლემა და გამოსავალი. ასევე, ჩემი მიზანია ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერებისა და პროფესიის, პოპულარიზაცია. 
- შევეხოთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც... იგეგმებოდა თსუ-ის III კორპუსის ეზოს კეთილმოწყობაც...
- გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო ეს საკითხი აქამდე ვერ მოგვარდა, თუმცა აუცილებლად გაკეთდება შემოსასვლელი კიბე, პანდუსი და ფაკულტეტის დონაციით ეზო გამწვანდება. ასევე, ვაპირებთ III კორპუსში სტუდენტებისთვის რეკრეაციული ზონების მოწყობას, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ დროს კომფორტულ გარემოში გაატარებენ.

ნატო ობოლაძე