თსუ-ში მოქმედ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მოთხოვნა გაიზარდა

24 ნოე 2019

2019 წლის ივნისში უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი შეიქმნა. ცენტრს თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამის განხორციელება დაეკისრა. მისი სრულყოფილად ამუშავება იმ მხრივაცაა აქტუალური, რომ პროფესიული განათლების მიღების მნიშვნელობაზე საუბარი ახლახან დაიწყო ხელისუფლებამ. ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმეტესობა საქმდება, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნილებას ამ ტიპის სასწავლებლებზე. სწორედ ამის დასტურია ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია არაერთმა აპლიკანტმა გაიარა. კერძოდ: 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა. 
ცნობისთვის: შემოდგომის მიღება გამოცხადებული იყო შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი. პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები ისწავლიან როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. 
თუ რა სერვისს სთავაზობს თსუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები სამუშაოს მაძიებელ პირებს, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი: 
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება თსუ-ში 2007 წლიდან დაიწყო. 2011-2018 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზებულ და აკრედიტებულ რეჟიმში ახორციელებდა 12 საგნობრივ პროფესიულ პროგრამას, ხოლო 2015 წლიდან ამოქმედდა მოდულური პროფესიული პროგრამები. 
2019 წლის ივნისში შეიქმნა უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი, რომელსაც დაევალა თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამის განხორციელება. ცენტრი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს თბილისსა და ქუთაისში. 
პროფესიული პროგრამების პოპულარობას განაპირობებს მათი ორიენტირებულობა შრომის ბაზარზე. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების მეთოდოლოგიის, შრომის ბაზრისა და დასაქმებულთა გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე. როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, პროფესიულ კურსდამთვრებულთა დაახლოებით 60% დასაქმებულია. 
თსუ ახორციელებს IV და V საფეხურის მოდულურ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს, რომლებზეც ჩაბარება მსურველებს სრული ზოგადი განათლებით შეუძლიათ. თუმცა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული პროგრამები, ასევე, მოთხოვნადია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულთათვის, რის მიზეზსაც მათი მხრიდან ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნისა და უნარების შეძენა წარმოადგენს. 
2020 წლისათვის ვგეგმავთ მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებას განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, როგორიცაა ტუროპერატორი, გიდი, სასტუმრო საქმე და სხვა.
პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და მოტივაცია ავუმაღლოთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ წინსვლას“.

თამარ დადიანი