უნივერსიტეტის ბაღში ვერცხლისფერი ნაძვის ხის დარგვის ტრადიცია დამკვიდრდა

19 დეკ 2018

ვერცხლისფერი ნაძვი მთელ მსოფლიოში „ახალი წლის ხედ“ არის ცნობილი... ის სულ ახლახან უნივერსიტეტის ბაღის უნიკალური ხის ჯიშების კოლექციას შეემატა. ნაძვის ხის დარგვის ტრადიციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩაეყარა. თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის თანათავმჯდომარის ნინო კვირიკაშვილის ინფორმაციით, წელს მეორედ გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებში, გარდა სესიური მუშაობისა, დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.
„სიმპოზიუმი თვითდაფინანსებით ტარდება, შემოსული თანხა ხმარდება პროგრამის, თეზისების და სხვა საორგანიზაციო პრობლემების მოგვარებას, წელს კი სიმპოზიუმის ხელმძღვანელის თეა ქამუშაძის ინიციატივით ნაძვის ხის დარგვასაც ჩაეყარა საფუძველი. ნაძვის ხე უნივერსიტეტის ბაღში ერთად დარგეს ახალგაზრდა უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა“, - ამბობს ნინო კვირიკაშვილი. 
სიმპოზიუმის მნიშვნელობასა და ნაძვის ხის დარგვის ტრადიციაზე აზრი გაგვიზიარა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა: „თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების სპექტრი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი და კეთილი ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია. იმედი გვაქვს, რომ ეს სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას და პოპულარიზებას, ქართველოლოგიის განვითარებას, რაც იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენმა ქვეყანამ კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო კულტურულ რუკაზე.
ასე რომ, 100 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც ჩვენ მეტაფორულად, სიყვარულით „100 წლის ჭაბუკს“ ვუწოდებთ, კიდევ ერთხელ კარი გაუღო ქართველ და უცხოელ მკვლევრებს. თანადგომისთვის და დახმარებისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ასევე, საორგანიზაციო ჯგუფს, პროექტის იდეის ავტორებს, ჩვენი ფაკულტეტის ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს თავიანთი ჩანაფიქრი და სამომავლოდაც ბევრი საინტერესო სიახლე დაგეგმეს.
სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ სიმპოზიუმის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ბაღში დარგეს იშვიათი ჯიშის ნაძვი, რომლის მსგავსი ჯიში ჯერ არ ყოფილა. დიდხანს „იშრიალებს“ ეს ნაძვები უნივერსიტეტის ეზოში, როგორც მარადიულობის სიმბოლო. იმედი გვაქვს, ჰუმანიტარული მეცნიერებები 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო განვითარდება, რომლის საფუძველი იქნება სამეცნიერო მოღვაწეობის დისციპლინათშორისი, სისტემური და სინერგეტიკული გაგება“, - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.

შურთხია ბეროშვილი