„სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ – VII საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

03 ივლ 2019

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომლის ორგანიზატორია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უკვე მეშვიდედ ტარდება და ყოველ წელს ძირითადი თემით არის წარმოდგენილი. წლევანდელი თემა გახლდათ „ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი“.
კონფერენცია 20-21 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (მექსიკა, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო, თურქეთი და სხვა) მეცნიერ-მკვლევრებმა წარმოადგინეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მათეული ხედვა, რომელიც პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის სამეცნიერო კვლევათა არეალში იყო მოქცეული.

კონფერენცია გახსნა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენციის წლევანდელი თემა ეხმაურება ქართული სახელმწიფოს განვითარების პირობას - აუცილებელ სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მის დაახლოებას ევროპულ ინსტიტუტებთან: „2013 წელს ეს იყო ჩემი ინიციატივა - ჩაგვეტარებინა მსგავსი ფორმატის სამეცნიერო კონფერენცია, რაც ჩვენს მკვლევრებს მისცემდა საშუალებას, დაახლოებოდნენ უცხოელ მეცნიერებს, გაეცვალათ იდეები და შემდგომში განეხორციელებინათ კიდეც ერთობლივი პროექტები. ეს კონფერენცია არის პლატფორმა სამეცნიერო ინტერესების გამოსახატავად, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები თავიანთ იდეებს, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. კონფერენცია ასევე გახლავთ ერთგვარი საიმიჯო აქტივობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის“, - განაცხადა თამარ დოლბაიამ ჩვენთან საუბარში.
აუდიტორიის წინაშე პირველი წარსდგა პოლონეთის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის პროფესორი მარეკ პიეტრა. მისი კვლევა - „ევროკავშირი ორდონიანი ცვლილებების გარემოში“ - აერთიანებდა ევროკავშირის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს. „პოლონეთმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავი. ამ დროის განმავლობაში მრავალი სასიკეთო ცვლილება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი არის ის მთავარი აქტორი, რომელიც, პოლონური გამოცდილებით, ქვეყნის განვითარების ტურბულენტობას მართავს. ის, თუ რა პერსპექტივები და გეგმები ექნებათ ქვეყნებს, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროკავშირის საერთო მაჯისცემაზე“, - აღნიშნა მარკ პიეტასმა. 
უცხოური გამოცდილების გაზიარება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა კონფერენციის მსვლელობისას. აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება მონტენეგროს მაგალითზე მომზადებულმა კვლევამ მიიპყრო. მონტენეგროს უნივერსიტეტის პროფესორმა ბორის ვუკიჩევიჩმა ევროინტეგრაციის გავლენა გამოიკვლია თავისი ქვეყნის პოლიტიკასა და საზოგადოებაზე, რაც განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა ქართული რეალობისთვისაც. „ჩემი მოხსენება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების გამოწვევებს ეხებოდა. ჩვენ და საქართველოს მსგავსი გზა გვაქვს და, ალბათ, ამიტომაც გახდა ეს საკითხი აუდიტორიისათვის კითხვების საბაბი. მნიშვნელოვანია, მონტენეგროს გამოცდილება საზოგადოებისა და პოლიტიკის, კულტურისა თუ რელიგიურ, ზოგადად, ქვეყნის გამოწვევების კონტექსტში. ბევრი რამ გვაქვს მსგავსი, მაგალითად, ისევე, როგორც გწყინთ თქვენ, როცა რუსებთან გაიგივებენ, საწყენია ჩვენი გაიგივება სერბებთან“, - ასეთი ახსნა მოუძებნა ვუკიჩევიჩმა შეკრებილთა ინტერესს. 
არანაკლებ აქტუალური გახლდათ ქართველი მკვლევრების მოხსენებები. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა შამილიშვილმა შეკრებილებს გააცნო კარიკატურა, როგორც ნაცისტური სარედაქციო პოლიტიკის ვიზუალიზების ხერხი. კვლევა ეხებოდა შსს-ის არქივში მოძიებული მასალების მიხედვით დამუშავებულ ტექსტებს, რომლებიც 1942-1944 წლებში ბერლინში გამომავალი გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე იყო დასტამბული. მათი ავტორი კი ერთ-ერთი მსჯავრდებული გახლდათ. „ამ შემთხვევაში გამოვიკვლიე კარიკატურა, როგორც შარჟული ენა, მამხილებელი არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა. ეს იყო ძალიან ეფექტური იარაღი ქვეყანაში, რათა ნათლად წარმოეჩინათ ანტიბოლშევიკური დისკურსი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხელშესაწყობად გამოეყენებინათ ვიზუალიზების ეს ხერხი - სწორედ ამის ჩვენებას ემსახურება ჩემი მოხსენება“, - აღნიშნა მანანა შამილიშვილმა. 
კონფერენციას, მკვლევრებთან ერთად, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. თემები, რომლებზეც გამომსვლელები საუბრობდნენ, თანაბრად აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი დიანა ჯაოშვილი ერთ-ერთია, ვინც ევროინტეგრაციის თემით დაინტერესდა: „ვფიქრობ, ეს თემატიკა მნიშვნელოვანია. ის გვაჩვენებს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ამ კუთხით და რა პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, ჩვენ, სტუდენტებს, გვაძლევს საშუალებას, გავიაზროთ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი“, - აღნიშნა მან. 
სწორედ ახალგაზრდებს დაეთმო სამეცნიერო კონფერენციის მეორე სამუშაო დღე - დოქტორანტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან საშუალება მიეცათ - გამოეკვლიათ და წარმოედგინათ როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მათეული ხედვა, ასევე ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები. „ეს სესია ეთმობოდა ახალგაზრდების და, მათ შორის, დოქტორანტების კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რაც ძალიან საინტერესოა ორი კუთხით - უპირველეს ყოვლისა, მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი კვლევის პროცესში, მეორე მხრივ, კი ისინი გვიზიარებენ თავიანთ თვალთახედვას“, - განაცხადა დოქტორანტთა სესიის თავმჯდომარემ თამარ ქარაიამ. იგი თავადაც უნდა ყოფილიყო კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი. მისი კვლევა საქართველოში სოციალური პროტესტის ტრანსფორმაციას ეხებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ეს კვლევა მიზნად ისახავდა, გაეანალიზებინა, როგორ იცვლებოდა პროტესტის მიზნები, რეპერტუარი, რატომ იყო იგი ადრე ორიენტირებული მასობრივ პროტესტზე და დღეს რატომ გადავიდა ეს ყველაფერი სოციალური ჯგუფების აქტივობებზე. თუმცა, ეს მოხსენება, სხვა ათამდე მოხსენების მსგავსად, აუდიტორიამდე ვერ მივიდა - ორი დღის განმავლობაში ქართულ და ინგლისურენოვან სესიებად დაყოფილი კონფერენციის ტრიბუნა ჯამში 45 მკვლევარს უნდა დათმობოდა, თუმცა, დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 21 ივნისის ბოლო, ქართულენოვანი სესია აღარ გაიმართა.

თამუნა ზარანდია,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი