თსუ სპორტში წარმატებებს არავის უთმობს

17 სექ 2019

თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სპორტული გუნდები მიმდინარე სასწავლო წლის ზაფხულის სეზონზეც აქტიურად და წარმატებულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში.

უნივერსიტეტის ფუტსალის სტუდენტურმა ნაკრებმა მიმდინარე წლის ზაფხულში ფუტსალის სტუდენტურ ლიგაზე მოიპოვა ოქროს მედალი და საუნივერსიტეტო სივრცეში მეხუთედ დაეუფლა ყველაზე პოპულარული ჩემპიონატის თასს. ჩვენმა გუნდმა 3 ივლისს გამართულ ფინალურ მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა (უნივერსიტეტს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ფუტსალის სტუდენტური ლიგა).

* * *
15-23 ივლისს პორტუგალიის ქ.ბრაგამ უმასპინძლა ევროპის საუნივერსიტეტო პირველობას ფუტსალში, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 12 ქვეყნის (პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი და ნორვეგია) წამყვანი უნივერსიტეტების 24 გუნდი. საუნივერსიტეტო პირველობაზე საქართველოს სახელით წარსდგა თსუ-ის ფუტსალის გუნდი, რომელიც შეჯიბრებაში ზედიზედ მესამედ იღებდა მონაწილეობას. თსუ-ის ფუტსალის გუნდმა ქ. ბრაგაში დასრულებულ ევროპის ფუტსალის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა გუნდმა დასკვნითი შეხვედრა სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტთან გამართა და 2:0 გაიმარჯვა. მე-9 წუთზე გოლი ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა, ხოლო 39-ე წუთზე საბოლოო, გამარჯვების გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტის გუნდი სხვადასხვა დროს არის ევროპის სტუდენტური ჩემპიონატის ორგზის III და ერთგზის IV და II ადგილის მფლობელი.

* * *
თსუ-ის ფუტსალის გუნდები მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს და მე-2 ლიგაში. უმაღლეს ლიგაში უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა მე-3 ადგილი, ხოლო მეორე ლიგაში თსუ-ის სპორტსმენებმა მოიპოვეს ოქროს მედლები.

* * *
2019 წელი წარმატებული გამოდგა უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბისთვისაც. თსუ-ს დიდი ტრადიციები გააჩნია კალათბურთში და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კალათბურთის განვითარებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, უნივერსიტეტს არ ჰყავდა გუნდი კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს - სუპერ ლიგაში. გასულ წელს თსუ-ის გუნდმა მოახერხა რანგით მეორე საკალათბურთო ლიგის (ა ლიგა) მოგება და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგომ კვლავ დაუბრუნდა სუპერლიგას, სადაც პირველივე წელს შეძლო ტურნირის რეგულარულ ეტაპზე IV ადგილის დაკავება. პლეიოფში გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, რაც პირველი სეზონისათვის საკმაოდ კარგი შედეგია. ყოველივე ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალ წელს თსუ-ის საკალათბურთო კლუბი უფრო წარმატებით იასპარეზებს.

თამარ დადიანი