კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი

24 ნოე 2019

რა ადგილი უჭირავს საქართველოს კავკასიის კულტურული განვითარების კონტექსტში? როგორია კავკასიური ენათმეცნიერების კულტურულ-ლინგვისტური როლი, ქართული და ჩრდილოკავკასიური ფოლკლორული ურთიერთობები, საქართველოს ფუნქცია დანარჩენ კავკასიასთან მიმართებაში? - სწორედ ამ საკითხებს განიხილავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი, რომლის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა. კონგრესი 3 წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს სამი წლის მანძილზე მეცნიერებაში მიღწეულ სიახლეებს.
კონგრესის მიზანია გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
კონგრესის თემაზე - „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში“ სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ჩერქესკის, ინგუშეთის, კრაკოვის, ბაქოს, გროზნოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონის მეცნიერებმა. თემატიკა, რომელსაც მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა, მოიცავდა საქართველოს როლისა და ადგილის განსაზღვრას კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ განვითარებაში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები); კავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის აქტუალური პრობლემებს; კავკასიის კულტურულ-ანთროპოლოგიური კვლევებს (არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა); საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების კვლევას თანამედროვე კავკასიაში; კავკასიის გეოპოლიტიკას (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მიდგომები; ეთნოკონფლიქტები); კავკასიის თემატიკას საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრებში, კავკასიის ენათა სისტემა-სტრუქტურისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხებს და სხვა...
კონგრესი გახსნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად იყო და არის კავკასიოლოგიის სამეცნიერო ცენტრი მთელ კავკასიაში. წლების განმავლობაში თსუ-ში იყო კავკასიოლოგიის სკოლა, რომელმაც კავკასიოლოგების მთელი პლეადა აღზარდა. ენათმეცნიერებასთან, ისტორიის საკითხებთან და, ზოგადად, მეცნიერების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო თემა განიხილება ასეთ მასშტაბურ ფორმატში. საქართველოს აქვს საინტერესო ფუნქცია: საქართველო იყო, არის და იქნება კავკასიის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი“. მან ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს კავკასიოლოგიის განვითარების საქმეში: „კავკასიოლოგების მხარდასაჭერად თსუ-ში კავკასიოლოგიის მძლავრი ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ბევრ იდეას, მეცნიერს გააერთიანებს და ამ სფეროში ახალგაზრდების მოზიდვის საფუძველს შექმნის“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
კონგრესზე შესავალი სიტყვით წარსდგა კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე: „კავკასიის პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დღეს უკვე რიგით მეხუთედ გიხსნით კარს, რათა წარმოვადინოთ, განვსაჯოთ და შევაჯამოთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დარგებში, ასევე, ფიზიკურ ანთროპოლოგიაში უკანასკნელ 3 წელიწადში მიღწეული სამეცნიერო შედეგები. ქართული კავკასიოლოგიური სკოლის ეგიდით ვაწარმოებთ კავკასიოლოგიაში არსებული თანამედროვე ხედვებისა და კვლევათა შედეგების განხილვას და ამით ვაგრძელებთ ამ უნივერსიტეტის დამაარსებლის, ათასწლეულის ფიგურის, დიდი ივანე ჯავახიშვილის დაწყებულ საქმეს. ჩვენ კავკასიის ვიწრო ბილიკებით კვლავ მივისწრაფით ერთმანეთისაკენ, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის აკვანში მკვიდრი და შემდგომ დამკვიდრებული, ენდოგენური და ეგზოგენური ეთნოკულტურების შესწავლისა და გადარჩენის საქმეში. ეს ჩვენი - მეცნიერთა უპირველესი მოვალეობაა“.
პროფესორმა ცირა ბარამიძემ საოცრად ემოციური, საინტერესო და აკადემიური მოხსენება წარმოადგინა. შესავალ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობასა და მასშტაბურობას: „მე-5 კონგრესი საქართველოს ადგილსა და როლს განსაზღვრავს კავკასიურ კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში. ეს თემა სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული კულტურა რითიმე გამორჩეული ან უკეთესია დანარჩენ კავკასიურზე. საქართველოს გამორჩეულობა მის კავკასიურ ფუნქციაშია და არა მის განსაკუთრებულობაში. კავკასიის შესწავლაში უშუალოდ კავკასიის პირველმა უნივერსიტეტმა გადადგა პირველი ნაბიჯები და ეს მესახება საქართველოს, როგორც კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრის, უმთავრეს ფუნქციად სამეცნიერო თვალსაზრისით“.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესს ბევრი მომხსენებელი ჰყავდა ყარსიდან, ინგუშეთიდან, მოსკოვიდან, სომხეთიდან, ბაქოდან. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები საქართველოში კავკასიოლოგიის კვლევებისათვის რეგიონის ხალხთა საერთო ისტორიული წარსულის ახლებურად შესწავლას ეხებოდა. ისინი კავკასიის ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის იდეოლოგიურ საფუძველს კავკასიურ ცივილიზაციაში ხედავენ, რომელიც ეფუძნება კავკასიის ხალხთა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს: ურთიერთობის კულტურას, ეტიკეტს, საკომუნიკაციო და ეთნოლინგვისტურ ერთობას. უცხოელი მეცნიერების ნაშრომებში საქართველო წარმოდგენილია, როგორც კავკასიური იდეის ხორცშესხმის ისტორიულ-კულტურული ცენტრი.
მეცნიერთა დიდმა ნაწილმა კონგრესი მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმად მიიჩნია, რადგანაც იგი მოიცავდა კავკასიოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებას.
„საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში - ეს არის ის მესიჯი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და კულტურულ-ცივილიზაციურ ფუნქციას. ეს ფუნქცია არის უცვლელი საქართველოსთვის და, ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა არის ყველაზე სწორი. საქართველო არის ფლაგმანი კავკასიოლოგიურ კვლევებში“, - განაცხადა კონგრესის დასასრულს თსუ-ის პროფესორმა ცირა ბარამიძემ.
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი კავკასიოლოგიით დაინტერესებულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს 3 წლის შემდეგ ისევ უმასპინძლებს, რადგან მისი გამართვა, ერთი მხრივ, იმ შედეგების დათვალიერებაა, რასაც კავკასიოლოგებმა სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მიაღწიეს, მეორე მხრივ კი მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელისუფლებას ის პრიორიტეტები წარუდგინოს, რომლის განხორციელებაც კავკასიოლოგიური დარგების განვითარებას და პოპულარიზაციას განაპირობებს.

თამარ დადიანი