საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი „მჭედელი“

30 მაი 2017

„ვიხსენებთ გრიგოლ ლორთქიფანიძეს“, – ამ აქცენტით გახსნეს 25 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ხსოვნის საღამო, რომელიც „თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკისა“ და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. 
პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წელს ვანის რაიონის სოფელ ისრითში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წწ.) მას საქართველოს სამხედრო მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში გრიგოლ ლორთქიფანიძე რუსეთში გადაასახლეს და 1937 წელს, მის დაბადების დღეს ბერიას კაბინეტში დახვრიტეს. დიდი მამულიშვილის შესახებ მხოლოდ ეს მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. კიდევ უფრო ბნელითაა მოცული მისი ცხოვრება საბჭოთა პერიოდში. 
ღვაწლმოსილ პიროვნებაზე ისაუბრა ემერიტუს პროფესორმა გურამ ლორთქიფანიძემ, რომელმაც აუდიტორიას გრიგოლ ლორთქიფანიძის მოღვაწეობის შესახებ მოუთხრო: „გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე. დიდი ქართველი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა და მოღვაწეობდა საქართველოს გასათავისუფლებლად, გასაერთიანებლად. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პირველი რესპუბლიკის, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. როდესაც წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდგომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციას მიაშურა, გრიგოლ ლორთქიფანიძემ საფრანგეთში მიმავალი გემიდან ჩამოიყვანა ოჯახი, ახლად დაბადებული ბავშვები და განაცხადა: „ახლა არ არის იმის დრო, რომ მე აქედან გავიქცე. უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს უჭირს“. სწორედ მან დაარწმუნა გიორგი მაზნიაშვილი იმაში, რომ საჭირო იყო ბრძოლის გაგრძელება და ოსმალების დამარცხებით მათ ბათუმი და აჭარა შეუნარჩუნეს საქართველოს. გრიგოლ ლორთქიფანიძემ თითქმის მთელი ცხოვრება პატიმრობაში გაატარა, სწორედ მაშინ დაწერა გენიალური წიგნი „ფიქრები საქართველოზე“. საბჭოურ საპყრობილეში გამოკეტილ გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ ჰქონდა საშუალება ესარგებლა საისტორიო ლიტერატურით, არც წყაროებზე მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ თავისი ძირითადი თხზულებისა და სხვა ნაშრომების წერის დროს მაინც ახერხებდა საქართველოს წარსულის, ისტორიული პროცესის აღქმა-შეფასებას და საკუთარ აზრს გამოთქვამდა სამომავლო პერსპექტივებზეც“, – განაცხადა გურამ ლორთქიფანიძემ.
გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტმა პაატა სურგულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი „მჭედლის“ – გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად მისი ძეგლის დადგმის ინიციატივა გააჟღერა, რადგან ადამიანს, რომელიც საქართველოს თავისუფლებას შეეწირა, საფლავიც კი არ აქვს. 
თუ რით იყო ყველაზე გამორჩეული გრიგოლ ლორთქიფანიძე როგორც პიროვნება და როგორც საზოგადო მოღვაწე, ამის შესახებ ისაუბრეს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ, ისტორიკოსმა დოდო ჭუმბურიძემ, თსუ-ის ბიბლიოთეკასთან არსებული პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ და სხვებმა. 
გამოსვლებმა აღნიშნეს, რომ მკაცრი რეპრესიების მიუხედავად, გრიგოლ ლორთქიფანიძე ბოლომდე იცავდა თავის პრინციპულ პოზიციას და უარს ამბობდა ბოლშევიკთა წინაშე კაპიტულაციაზე, რომ იგი გაბედულად ამხელდა ქართველ ბოლშევიკთა ანტიეროვნულ სულისკვეთებას. 
საკუთარმა სიმართლისმაძიებლობამ იგი თვით სტალინის მხილებამდე მიიყვანა. მან გაბედა უპრეცედენტო რამ – შენიშვნებით სავსე წერილი გაუგზავნა ბელადს, სადაც სტალინის პოლიტიკის ისეთი კრიტიკაა, რომელსაც ძეხორციელი ვერ გაბედავდა. ვერ აპატიეს ქვეყნის გულშემატკივარს სტალინისათვის „სილის გაწნა“ და მეორე დღესვე 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და კურსკში გადასახლებულს, სამი წლით იძულებითი ცხოვრება მიუსაჯეს ვორონეჟში. როდესაც ლავრენტი ბერიას შეატყობინეს, რომ ნოე ჟორდანია გრიგოლ ლორთქიფანიძეს საბჭოეთში არსებულ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევდა, მისი ავტორიტეტით შეშინებულმა ბოლშევიკებმა ჯერ მისი გადმობირება სცადეს... მაგრამ რომ არაფერი გაუვიდათ, 1937 წელს დახვრიტეს... დიდი პატრიოტის ძალისხმევა და უდრეკი ნება ქვეყნის გადარჩენის მისეულ ხედვასთან დაკავშირებული პრინციპებისთვის ბრძოლას შეეწირა.
სხდომის ბოლოს გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება, ფონდი და გამოცემულია მისი წიგნები, დიდი მამულიშვილის ღვაწლი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული, რომ ახალგაზრდობამ მეტი უნდა იცოდეს ქვეყნის სამაგალითო პატრიოტის მოღვაწეობის შესახებ. ასეთი მამულიშვილები უძეგლოდ არ უნდა იკარგებოდნენ.

თამარ დადიანი