უახლოეს მომავალში რობოტი საქართველოშიც გამოჩნდება

06 ნოე 2019

მსოფლიოს წამყვანი ქირურგები საქართველოში

150-მდე წარმატებული ექიმი 11 ქვეყნიდან - ბათუმში საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია გაიმართა. მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ იმსჯელეს. მედიკოსებმა ზოგადი, თორაკალური, ლაპარასკოპიული და სისხლძარღვთა ქირურგიის, უროლოგიის, ონკოლოგიის, გინეკოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიის, კარდიოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის აქტუალური საკითხები განიხილეს. კლინიკური კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ორგანიზება საქართველოს ექიმთა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა და ბათუმის მერიამ გაუწია. კონფერენციის თანათავმჯდომარე და სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კილაძე. მისი თქმით: „ასეთი სახის პროექტები ახალგაზრდა ექიმებისთვის გამოცდილების გაზიარების და ახალი კონტაქტების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა“. 
კლინიკურ კონფერენციას „დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ მსოფლიოში აღიარებული ქირურგები სტუმრობდნენ: ისრაელის ექიმთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰანოშ კაშტანი, სამხრეთ კორეელი ქირურგი ჰო-სეონგ ჰანი, ისრაელიდან პროფესორი მერაბ სარელი, ელი კაკიაშვილი, დიდი ბრიტანეთიდან ნადი ჰაკიმი, ისრაელიდან რობერტ ელიგერი… და ა.შ. 
პროფესორი ელი კაკიაშვილი ისრაელში რობოტო-ქირურგიის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის ამერიკა, ბრაზილია) საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ; პროფესორი ნადი ჰაკიმი ცნობილია, როგორც ქირურგი, რომელმაც, დაახლოებით, 25 წლის წინ პირველად შეძლო გვამიდან ადამიანზე ხელის გადანერგვა; პროფესორმა ჰო-სეონგ ჰანმა დანერგა ღვიძლის ოპერაციის რამდენიმე მეთოდი, რომელიც მსოფლიოში უკვე აქტიურად გამოიყენება. სხვადასხვა დარგის ქართველმა ექიმებმა, რეზიდენტებმა და სტუდენტებმა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სიახლეები სწორედ ამ სპეციალისტებისგან მოისმინეს. 
„დღეს, როდესაც უწყვეტი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება ხარვეზებით მიმდინარეობს (განსაკუთრებით რეგიონის ექიმები ვერ ახერხებენ კვალიფიკაციის ამაღლებას), საქართველოს ექიმთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ყოველწლიურად ჩაატაროს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც ცნობილი ექიმები თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. მისასალმებელია, რომ პრაქტიკაში დაინერგა ახალგაზრდა ექიმების საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამით გაგზავნაც. მაგალითად, კორეელმა ქირურგმა ჰო-სეონგ ჰანმა ქართველი ქირურგი სეულში 6 თვით წაიყვანა. ასეთი სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ჩვენი ქირურგები დიდ გამოცდილებას იღებენ, მუშაობენ ცხოველებზე, სიმულაციურ ცენტრებში და ხელის გაწაფვის საშუალება ეძლევათ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავდაპირველად თავის ხელმძღვანელ უცხოელ ქირურგთან ერთად აკეთებენ ოპერაციებს, შემდეგ უკვე - დამოუკიდებლად. ქართველი ქირურგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხშირად მიემგზავრებიან ისრაელშიც, საქართველოში ერთობლივი კლინიკებიც არსებობს. აქ ორგვარი სიკეთეა - იზრდებიან პროფესიონალი ქირურგები და, საჭიროების შემთხვევაში, მძიმე პაციენტების გაგზავნაც ხდება. 
საერთაშორისო კლინიკური კონფერენციის ჩატარების იდეა მე და პროფესორ მერაბ კილაძეს გვეკუთვნის. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, ბათუმის მერიასა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, აღნიშნული კონფერენციის თანათავმჯდომარემ გია ლობჟანიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სადაზღვევო სისტემა და, ზოგადად, ჯანდაცვის სფერო, ჯერჯერობით, რობოტული ქირურგიის დასანერგად მზად არ არის, საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციაზე ამ საკითხის შესახებაც იმსჯელეს. 
„რობოტით ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციები გაცილებით ძვირია, თუმცა ვფიქრობ, რომ ქირურგიის განვითარება მიდის აქეთ და უახლოეს პერიოდში რობოტი საქართველოშიც გამოჩნდება“, - აღნიშნა გია ლობჟანიძემ.
საქართველოს ექიმთა ასოციაცია ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო-კლინიკურ კონფერენციებსა და სემინარებს ბოლო რამდენიმე წელია სისტემატურად ატარებს.
საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ ბათუმში 18-20 სექტემბერს მიმდინარეობდა. კონფერენცია უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მსოფლიოს წამყვანი ქირურგები საქართველოში მომავალ წელსაც შეიკრიბებიან.

ნატო ობოლაძე