გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში

24 ნოე 2019

გლობალიზაცია რთული და კომპლექსური ფენომენია და მისი შესწავლა სხვადასხვა მეცნიერების ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს. ქართველი მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტები დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ტენდენციებს, დასავლეთში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. მათი განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის დადებითი შედეგები და, ამასთანავე, საფრთხეები, რომელიც გლობალიზაციას მოაქვს და მომავალშიც შეუძლია მოუტანოს საქართველოს. სწორედ ეს საკითხები განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამართულ მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, ასევე, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები. მსოფლიოს 12 სახელმწიფოდან წარმოდგენილი იყო 100-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით მუშაობდა 14 სექცია.
პლენარული სხდომა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. კონფერენციის პლენარულ სხდომას უძღვებოდა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისი აზრით: „მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკა იმ კუთხით წარიმართოს, რომ თავისი ადგილი ნახოს გლობალურ ეკონომიკურ მასშტაბებში, რაც არც თუ ისე მარტივია. მსოფლიო განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ირკვევა, თუ საით უნდა განვითარდეს ეკონომიკური ახალი პარადიგმები და ასეთი თემატიკის კონფერენციები მნიშვნელოვანია, რათა სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები მსოფლიოში. საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეოთხეჯერ ტარდება და მას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება აქვს. ყოველწლიურად იზრდება პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვიც, ვისთანაც აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური საზღვრების გაფართოებას“.
კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.
„კონფერენციის მთავარი თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ მასშტაბის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ საკუთარი ადგილი უნდა ვიპოვოთ ეკონომიკის გლობალური განვითარების პროცესში. ამ საკითხის მნიშვნელობაზე და პრობლემათა იდენტიფიცირებაზე უკვე ოცდაათი წელია საუბრობენ. ახლა მთავარია მუშაობა პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიებაზე. ეკონომიკის გლობალურ განვითარებაში ჩვენი ქვეყნის მსგავს ქვეყნებს რაიმეს დამოუკიდებლად შეცვლა არ შეუძლიათ, სწორედ ამ საკითხს ეხება კონფერენცია, რომელზეც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება შემუშავებული. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმ ძირითად თემებს, რომლებიც ზემოქმედებს გლობალიზაციის პროცესებზე. ასევე მნიშვნელოვანია კულტურული ფაქტორის გათვალისწინებაც. მთავარი პრობლემა გლობალიზაციისა გახლავთ მისი ინსტიტუციონალიზაცია, ასევე, ინკლუზიურობის იმ მასშტაბით განვითარება, როგორიც საჭიროა, რადგან დღეს დედამიწა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა ქვეყნის სიკეთე, რაც უდავოდ აქვს გლობალიზაციის პროცესს, მაგრამ ყველა ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ამავე პროცესის განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ. 
პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა გლობალიზაციის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე; თსუ-ის პროფესორმა ავთანდილ სილაგაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიხსნა პლენარული სხდომა. მოხსენებით გამოვიდნენ: პოლ ჰეარი (აკადემიკოსი, ჰელიოტ-ვოტის უნივერსიტეტი, ედიმბურგი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო; თემა - „ზრდა და განვითარება, საქართველოს მაგალითზე“); რაინერ ვენერი (პროფესორი, ვურცბურგ-შვეინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; თემა - „გლობალიზაციის ეფექტები ევროპის ავიაკომპანიების ბაზრებზე“); ელინა გაილე-სარკანე (დეკანი, პროფესორი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლატვია; თემა - „უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის კოოპერაცია: ბალტიის რეგიონის გამოწვევები“) და გიუნტერ ჰოფბაუერი (პროფესორი, ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია; თემა - „ბლოკჩეინ პროგრამები ბიზნეს პროცესებში შესყიდვებისათვის“). 
Kკონფერენციის ბოლოს უცხოელმა ეკონომისტებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ კოლეგებს თანამშრომლობისათვის და აღნიშნეს, რომ ქართველი მეცნიერების კვლევის შედეგები მსოფლიო ეკონომიკურ წრეებში დიდ ყურადღებას იმსახურებს, რომ ქართველი კოლეგების მოსმენა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია გლობალიზაციის პროცესში ჩართული ქვეყნების ეკონომიკური ვექტორის განსაზღვრისათვის. 
„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და საინტერესოა აქ არსებული ტრანსფორმაციული პროცესები, არამედ იმიტომ, რომ თვითონ საქართველო და მისი ინტელექტუალური პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას, რომ განვითარდეს. კონფერენციის თემა ძალიან კარგად არის შერჩეული - გლობალიზაციის გამოწვევები, ის პრობლემები, რაც მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, ეკონომიკის და ბიზნესის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ინგოლშტატის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა.
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა სექციებში განაგრძეს, სადაც საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.

თამარ დადიანი