საქართველოს დამფუძნებელი კრება - ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება

03 ივლ 2019

29 მაისს საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზმა უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს დამფუძნებელი კრება: ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება“ - ფარგლებში გაიმართა.
პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დამფუძნებელი კრების შესახებ ისტორიული მასალების შეკრება-მოძიებას და გაანალიზებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ხელმძღვანელობს, ხოლო განმახორციელებლები არიან: პროფესორები ოთარ ჯანელიძე, პაატა სურგულაძე, ირაკლი იაკობაშვილი და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების დოქტორანტები: ნათია ზედგენიძე და თამარ ორჯონიკიძე.

კონფერენცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საიუბილეო საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ გახსნა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს და ხაზი გაუსვა პირველი დემოკრატიული პარლამენტის სამწლიანი არსებობის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში: „მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს და განმახორციელებლებს, განსაკუთრებით პროფესორებს მალხაზ მაცაბერიძეს და ოთარ ჯანელიძეს, რომლებიც, ამავე დროს, იყვნენ იმ კომისიის წევრები, რომლებიც ამზადებდნენ პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებს. ისტორიული ფაქტების და მოვლენების მეცნიერული კვლევა და ანალიზი მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს უნდა გავიხედოთ მეცნიერებისკენ და მათ უნდა ვკითხოთ, რას ნიშნავდა ჩვენთვის ის სამი წელი, რა ტრადიცია იქნა შემოღებული და დანერგილი და რა რეალური სიტუაცია გვქონდა იმ პერიოდში. 100 წლის აღნიშვნა განაპირობა იმ უზარმაზარმა ძალისხმევამ და იმ სასახელო ისტორიამ, რაც იმ 3 წელიწადში საქართველოს ჰქონდა. კონსტიტუციას იღებდნენ მაშინ, როდესაც მტერი კარზე იყო მომდგარი და არაერთი ფრონტის ხაზი იყო გახსნილი. გარდა ამისა, იმ პერიოდის სახე არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ჩვენთვის სამაგალითოა. რამდენი სკოლა გაიხსნა, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გაემგზავრა საქართველოდან სასწავლებლად, რათა თავისი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო, რამდენი მაღალი დონის ოფიცერი და გენერალი იქნა გამოვლენილი იმ პერიოდში, რომელიც დღესაც საამაყო და მისაბაძია ჩვენი სამხედროებისათვის. ამ სამმა წელმა გააკეთა ის, რასაც ისტორიის მანძილზე პერიოდული გამონათებები შეიძლება დავარქვათ“, - აღნიშნა მან.
კონფერენციაზე პაატა სურგულაძემ ქართული პარლამენტარიზმის სათავეები მიმოიხილა, ოთარ ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამფუძნებელი კრების საარჩევნო დებულება და არჩევნების პროცესში არსებული დარღვევები გააცნო, მალხაზ მაცაბერიძემ საქართველოს დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო საქმიანობა გააანალიზა, ხოლო ირაკლი იაკობაშვილმა წარადგინა დამფუძნებელი კრების სხდომების სტენოგრაფიული ანგარიშები, როგორც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის წყარო. გამომსვლელთა შორის იყვნენ პროექტის მონაწილე დოქტორანტები. ნათია ზედგენიძემ და თამარ ორჯონიკიძემ დამფუძნებელი კრების საპარლამენტო ეთიკასა და ამავე კრებაში ეროვნული უმცირესობების ჩართულობაზე ისაუბრეს. 
როგორც პროექტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე აღნიშნავს, საკმაოდ რთული პრობლემაა დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმების მოპოვება და ძველი სტენოგრაფიული ჩანაწერების მოძიება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სხდომებისა, როგორიც იყო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის თაობაზე. მალხაზ მაცაბერიძის თქმით, ჯერჯერობით, ამ ოქმს ვერ მიაკვლიეს, თუმცა, გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია სხდომის რეკონსტრუქცია. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ დამფუძნებელი კრების საკითხი ასწლიან პერიოდში ამ კუთხით შეუსწავლელია: „მნიშვნელოვანია, საქართველოს დამფუძნებელი კრების, როგორც ქართული პარლამენტარიზმის დასაწყისის, მონოგრაფიული შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 100 წელი გავიდა, საკითხი ამ სახით შეუსწავლელია, რაც უპატიებელი რამ არის თანამედროვე ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი კვლევა იქნება კომპლექსური ხასიათის. მასში გააანალიზდება არა მარტო ისტორიულ-ფაქტობრივი მასალა, არამედ დამფუძნებელი კრების სხდომებიც“, - ამბობს მალხაზ მაცაბერიძე. 
თსუ-ის პროფესორი მიიჩნევს, რომ დამფუძნებელი კრების სხდომების სტენოგრამების ანალიზი კარგად წარმოაჩენს იმდროინდელ საპარლამენტო კულტურას და იმას, თუ როგორ ახერხებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობას: „ჩვენ შეგვიძლია რაღაცების აღდგენა, გვაქვს უძვირფასესი მონაცემები ქართულ პარლამენტარიზმსა და მასში მყოფ საოცრად განათლებულ ადამიანებზე, რომლებიც ორატორული ნიჭით გამოირჩეოდნენ. მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. სწორედ აღნიშნული პარტია უწყობდა განსაკუთრებულად ხელს დამფუძნებელ კრებაში ადამიანების წარმოჩენას გენდერული და ეროვნული ნიშნით. და ამიტომაც, პარლამენტში როგორც ქალები, ასევე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები შედიოდნენ“, - გვითხრა მან.
სამეცნიერო კონფერენციას პარლამენტარები, აპარატის თანამშრომლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონიაც. აღნიშნული ფონდის დაფინანსებით პროექტი, „საქართველოს დამფუძნებელი კრება: ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება“, 2019 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლობითი ორგანოს დაარსებიდან 100 წლის თავზე დაიწყო და ის სიმბოლურად 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ნინო შუბითიძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი