ასეთ ადამიანებს ეპოქალურ ადამიანებს უწოდებენ

03 ივლ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი ნინო ჯავახიშვილის ყოფილ კაბინეტში განთავსდა, სადაც აკადემიკოსის საზოგადო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი ფოტოები, სხვადასხვა დოკუმენტები, მისი ნახატები და დიპლომები გამოიფინა. ნინო ჯავახიშვილი მორფოლოგიის ინსტიტუტს 1959-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი სამეცნიერო კვლევები გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს ეხება. მეცნიერთა არაერთი თაობის აღმზრდელი მეცნიერი მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე მისმა მოსწავლეებმა, კოლეგებმა და შთამომავლებმა გაიხსენეს. 
„პროფესორი ვიბრაძე ამბობდა, რომ ქალბატონი ნინო უწვრილეს სისხლძარღვებს ისე კერავს, როგორც უმაღლესი დონის ანგიოქირურგი და გადანერგვას ისე აკეთებს, როგორც საუკეთესო კარდიოქირურგი... მართლაც, საოცარი ხელი ჰქონდა. ყველანაირი სიკეთე, რაც კი არსებობს, ამ ადამიანს ახასიათებდა. ასეთ ადამიანებს ეპოქალურ ადამიანებს უწოდებენ. მეამაყება, რომ მისი ასპირანტი ვიყავი“, - აღნიშნა ნინო ჯავახიშვილის მუზეუმის დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მაყვალა წილოსანმა.
„ყველას გვახსოვს ქალბატონი ნინოს ღვაწლი. ეს შენობაც, სადაც მორფოლოგიის ინსტიტუტია განთავსებული, მისი პროექტის მიხედვით აშენდა. ყველა მისი შვილები ვართ, ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან - მორფოლოგია, ეთიკა, ადამიანური ურთიერთობები. ნინო ჯავახიშვილმა მორფოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიო დონის კვლევით დაწესებულებად აქცია“, - ასე გაიხსენა პროფესორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, რომლის მოადგილედ ის წლების განმავლობაში მუშაობდა. 
კვლევითი საქმიანობის გარდა, ნინო ჯავახიშვილი აქტიური საზოგადო მოღვაწეც იყო. წლების განმავლობაში იგი „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ხელმძღვანელობდა. ორგანიზაცია იცავდა ქალთა შრომის უფლებებს, მუშაობდა ბავშვებისა და მოზარდების განათლების მიმართულებით, იბრძოდა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და ა.შ. ორგანიზაციას წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან გაბრუაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი სწორედ ნინო ჯავახიშვილის ღვაწლის დამსახურებაა. 
„არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნება, დედა და ბებია” - ასე ახასიათებენ ნინო ჯავახიშვილს მისი შთამომავლები, კოლეგები და ნაცნობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვისიანიკოვამ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე მეცნიერი გაიხსენა როგორც არაჩვეულებრივი დიასახლისი, მშობელი და თბილი ადამიანი. „ყველას ვუსურვებ, რომ ასეთ მისაბაძ ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა მან. 
„მე და ქალბატონ ნინოს დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური თანამშრომლობა. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მისი ფანტასტიკური იუმორის გრძნობა. მუზეუმის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ახალი თაობა უნდა იცნობდეს ისეთ დიდ პიროვნებას, როგორც ნინო ჯავახიშვილი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ევროპული დონის სამედიცინო სკოლების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
ნინო ჯავახიშვილის მუზეუმს სასემინარო აუდიტორიის დანიშნულებაც ექნება. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის პერმანენტულად გაიმართება ნინო ჯავახიშვილის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებაც. 
„ნინო ჯავახიშვილი მორფოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი არ იყო, მაგრამ იგი გახლდათ მთავარი ხელმძღვანელი, მისი დამსახურებით ეს კვლევითი დაწესებულება საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. მუზეუმის გახსნა ჩვენი მადლიერების გამომხატველი ერთგვარი ჟესტია“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ. 
ნინო ჯავახიშვილის მუზეუმის გახსნის ცერემონია 14 ივნისს გაიმართა.

ნატო ობოლაძე