წარმომადგენლობითმა საბჭომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის ანგარიში დაამტკიცა

13 აპრ 2019

ინტერვიუში ასახული ფაქტები (შედეგები, მიღწევები, გამოწვევები)

26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ, მიმდინარე საკითხებთან ერთად, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნუნუ ოვსიანიკოვას 2018 წლის ანგარიში მოისმინა. 
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ანგარიშში ნაჩვენები ძირითადი ასპექტებია წარმოდგენილი:

- რა მიმართულებებით წარიმართა 2018 წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საქმიანობა?
- 2018 წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობა ეფუძნებოდა უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის განხორციელების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების უზრუნველყოფას და მოიცავდა: საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის სრულყოფას, ინსტიტუციურ განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების შემდგომ მხარდაჭერას.
- აღნიშნული მიზნის მიღწევა სათანადო ფინანსური რესურსების გარეშე, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა...
- გეთანხმებით, სწორედ მყარი ფინანსური ბაზა იძლევა უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ-სპორტულ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას, მაგრამ, ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში სირთულეები შეიქმნა ფინანსური რესურსების მობილიზების მიმართულებით, რაც შესაბამისად აისახებოდა კიდეც უნივერსიტეტის ბიუჯეტებზე. როგორც ბიუჯეტის შედეგების ანალიზი ცხადყოფს - მცირდება უნივერსიტეტის შემოსავლები, იზრდება გასაწევი ხარჯები და, შესაბამისად, მცირდება გარდამავალი ნაშთი. უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში (მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რაც გარდამავალი ნაშთის ჩათვლით 55 953 507 ლარს, ხოლო გადასახდელები 52 720 102 ლარს შეადგენდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწერილი იყო ხარჯების 77,8%, კომუნალურ გადასახადებზე 5,2%, თანამშრომელთა დაზღვევასა და გადასახადებზე 3,4%. ეს ის ხარჯებია, რომელთა გაუწევლობა ან შემცირება ყოვლად დაუშვებელია უნივერსიტეტის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. ამ გადაუდებელი ხარჯების გარდა, გასანაწილებელი დარჩა ხარჯების 13,6% (7,1 მლ ლარი), რაც საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკატორის მუხლების შესაბამისად, 100-მდე პოზიციაზე იქნა გადანაწილებული. აღნიშნული ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ უნივერსიტეტს ძალზე მცირე თანხა რჩება, რათა წლის განმავლობაში უზრუნველყოს: სარემონტო სამუშაოების, კომპიუტერების, წიგნების, საწვავის შეძენის, სტუდენტთა აქტივობების, პრაქტიკის, ექსპედიციებისა და სხვა მრავალი ხარჯის სრულყოფილი დაფინანსება.

როგორც ბიუჯეტის შედეგების ანალიზი ცხადყოფს - მცირდება უნივერსიტეტის შემოსავლები, იზრდება გასაწევი ხარჯები და, შესაბამისად, მცირდება გარდამავალი ნაშთი. უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში (მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რაც გარდამავალი ნაშთის ჩათვლით 55 953 507 ლარს, ხოლო გადასახდელები 52 720 102 ლარს შეადგენდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწერილი იყო ხარჯების 77,8 %, კომუნალურ გადასახადებზე 5,2%, თანამშრომელთა დაზღვევასა და გადასახადებზე 3,4%

- და მაინც, რამ განაპირობა უნივერსიტეტის შემოსავლების შემცირება?

- ბიუჯეტის შემოსავლების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია პროგრამული დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილება. თუ „უფასო“ ფაკულტეტებზე სტუდენტებს სწავლის საფასურთან (2250 ლარი) ერთად ეძლეოდათ მოპოვებული სასწავლო გრანტის თანხაც, 2017/2018 სასწავლო წლიდან ერიცხებათ მხოლოდ სწავლის საფასური და სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში მოპოვებული სასწავლო გრანტის შევსება ხდება პროგრამული დაფინანსებით მხოლოდ 2250 ლარამდე. შედეგად, პროგრამული დაფინანსების წესის ცვლილებით გამოწვეულმა ფინანსურმა დანაკარგმა 2018/2019 სასწავლო წელს შეადგინა 2 მლნ ლარამდე, რაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში 4 მლნ ლარამდე გაიზრდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა სტუდენტთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია. შესაბამისად, მცირდებოდა შემოსავლებიც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს თითქმის 1000 სტუდენტით მეტი მივიღეთ, მაგრამ მათი სემესტრული სწავლის საფასურის მატება - 1,2 მლნ. ლარი - მაინც ვერ ფარავს პროგრამული დაფინანსების შემცირებით მიღებულ დანაკლისს.
- ასეთ პირობებში რა ნაბიჯები გადაიდგა ადმინისტრაციის მიერ?
- უპირველეს ყოვლისა, დავიწყეთ ზრუნვა ბიუჯეტის შევსების ალტერნატიული რესურსების ამოქმედებაზე. ამ მხრივ ბიუჯეტის შევსების შიდა წყაროდან აღსანიშნავია ის ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც განხორციელებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გაზრდით. კერძოდ, გაიზარდა მეცნიერების კომერციალიზაციიდან, ქონების ქირავნობიდან და საჯარო მომსახურებიდან, უწყვეტი განათლების, გამომცემლობის და სხვა სტრუქტურების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. განხორციელდა ადმინისტრაციული, წარმომადგენლობითი, მივლინების ხარჯების ოპტიმიზაცია. შემუშავდა ეფექტიანი სისტემა სტუდენტების სწავლის გადასახადის მობილიზებისა და დავალიანების მქონე სტუდენტების მხრიდან თანხის გადახდის მიმართულებით, მაგრამ აღნიშნული არაა საკმარისი ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელად. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გვეზრუნა ფინანსების დამატებითი მოზიდვის წყაროების მოძიებაზე. წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან უნივერსიტეტისათვის სახელმწიფოსაგან შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოპოვების წესის შემუშავების მიმართულებით. აღნიშნულის ინიციატორი, თავის დროზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი იყო. სამუშაოები დასრულების სტადიაშია და იმედია, მომავალი წლიდან ახალი დაფინანსების წესი შევა ძალაში, რითაც უნივერსიტეტს მიეცემა შესაძლებლობა - გაზარდოს საკუთარი შემოსავლები. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, სახელმწიფო პროექტებიდან მოზიდული თანხების მოცულობა და ა.შ.
- რა ღონისძიებები გატარდა უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების განსახორციელებლად?
- უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად იქნა მიჩნეული. ამ მიმართულებით ავამოქმედეთ როგორც საკუთარი რესურსები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება. საკუთარი რესურსებით შევძელით მთელი რიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, გარემონტდა თსუ-ის ბიბლიოთეკის და მაღლივი კორპუსების კიბეები, სტუდქალაქის სველი წერტილები, ბიოლოგიის სასწავლო კორპუსის იატაკი, მაღლივი კორპუსის მეორე სართული და ა.შ. სარემონტო სამუშაოებზე, საკუთარი სახსრებით, სულ გაწეული იქნა 1,1 მლნ ლარის ხარჯი. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა 4,8 მლნ ლარი. თანხების მოზიდვა რექტორის უშუალო ძალისხმევის შედეგია. აღნიშნული თანხა მოხმარდა მეორე კორპუსის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის და რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოებს.
ასევე, მნიშვნელოვანი სახსრები - დაახლოებით 800 000 ლარი - იქნა მიმართული შემდეგი პრიორიტეტის - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამ კუთხით განხორციელდა ბაკალავრიატის სასწავლო პროცესის ავტომატიზირებული სისტემის გადაყვანა ახალ, საერთო პლატფორმაზე (ლმს.ტსუ.გე). დასრულდა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ინტერნეტ-სერვისის ოპტიკურ ბოჭკოვან პლატფორმაზე გადაყვანის პროცესი. შეიქმნა სატელეფონო საინფორმაციო სამსახური (ქოლ-ცენტრი). გაფართოვდა ელექტრონული საქმის წარმოების არეალი და ფუნქციონირება დაიწყო ბრძანებების შექმნის მოდულმა. ექსპლუატაციაში შევიდა ორი კომპიუტერული კლასი. განხორციელდა კომპიუტერული ტექნიკის, სერვერული მოწყობილობების და ქსელის ინფრასტრუქტურის შესყიდვა „საინფორმაციო ტექნოლოგიების“ სასწავლო პროგრამის ლაბორატორიისათვის. ლისის საერთო საცხოვრებელში მოეწყო კომპიუტერული ცენტრი. შესყიდული და ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილებული იქნა 150 ცალი პერსონალური კომპიუტერი, 40 ცალი პროექტორი, 150 ცალი პრინტერი. უნივერსიტეტის მასშტაბით მოხდა VoIP სერვერზე მასობრივი გადასვლა, დამონტაჟდა 700 აპარატი და ა.შ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 54 პროექტიდან 28 პროექტი (52%) უნივერსიტეტის დოქტორანტებმა მიპოვეს. 600 000 ლარით დაფინანსდა უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასური, დოქტორანტებს 800 000 ლარის შეღავათი გაეწიათ სწავლის საფასურის გადახდაში, 500 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში, პრაქტიკა-ექსპედიციებსა და სხვა ღონისძიებებში სტუდენტების მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. უცხოეთში მობილობისათვის სტიპენდია მიეცა 204 სტუდენტს.

- მოგეხსენებათ, მძიმე მდგომა-რეობაა შექმნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებაში, რადგანაც უძრავ-მოძრავი ქონება თითქმის ამორტიზირებული, ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილია. ამ მიმართულებით რას გვეტყოდით თქვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე?
- გეთანხმებით, რომ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. სახსრებიც არასაკმარისია ამ მიმართულებით ქონებისა და ტექნიკის რადიკალური განახლების განსახორციელებლად, მაგრამ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, საერთაშორისო გრანტებიდან და სხვადასხვა პროექტებიდან უსასყიდლოდ გადმოგვეცა 600 000 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება (კომპიუტერული ტექნიკა, ლაბორატორიული მოწყობილობები და სხვა აღჭურვილობები). ექსპლუატაციაში შევიდა უსასყიდლოდ გადმოცემული 5 მლნ ლარის ღირებულების, ევროპული სტანდარტების მქონე 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსი. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციაში მიმდინარეობს უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების გადმოცემის პროცედურები, გასულ წელს საკუთრებაში გადმოგვეცა 20 ათასამდე კვ.მ ფართი. აქამდე არ იყო და მომზადდა და ამჟამადაც მიმდინარეობს კუთვნილი შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის შიდა აზომვითი და საკადასტრო ნახაზების შემუშავება და სხვა.
ამასთან, ვმუშაობთ ქონების ჩანაცვლების პროექტებზეც. მომზადდა წინადადებები ენათმეცნიერების ინსტიტუტის და კონსტიტუციის ქუჩაზე არსებული შენობების ჩანაცვლების შესახებ (ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნების გათვალისწინებით).
- რას გვეტყვით სტუდენტური ღონისძიებების მხარდაჭერაზე?
- როგორც ყოველთვის, გასულ წელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა სტუდენტური ღონისძიებების წარმართვისა და დაფინანსების საკითხებს. დაფინანსდა სტუდენტთა ჩართულობით განხორციელებული, შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი, კულტურული და სპორტული 130 პროექტი. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 54 პროექტიდან 28 პროექტი (52%) უნივერსიტეტის დოქტორანტებმა მიპოვეს. 600 000 ლარით დაფინანსდა უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასური, დოქტორანტებს 800 000 ლარის შეღავათი გაეწიათ სწავლის საფასურის გადახდაში, 500 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში, პრაქტიკა-ექსპედიციებსა და სხვა ღონისძიებებში სტუდენტების მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. უცხოეთში მობილობისათვის სტიპენდია მიეცა 204 სტუდენტს. გაფართოვდა და განახლდა ორმხრივი თანამშრომლობის 39 ხელშეკრულება ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან. სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის პროცესის გამარტივების, გამჭვირვალობის გაზრდისა და დოკუმენტირების ელექტრონულ მოდელზე გადასვლის მიზნით, უნივერსიტეტის დაკვეთით, ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შეიქმნა პროცესის მართვის ელექტრონული პორტალი.
სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დიდი ყურადღება დაეთმო სახელმძღვანელოების გამოცემის საკითხს. ჩვენი გამომცემლობის მიერ სულ გამოიცა 53 სახელმძღვანელო, მათ შორის - 7 ნათარგმნი და 22 ელექტრონული სახით.
ასევე, აქტიური იყო სტუდენტთა სპორტული ცხოვრება. თითქმის ყოველი მეხუთე სტუდენტი ჩართული იყო სპორტულ ღონისძიებებში. პირველი ადგილები დაიკავა უნივერსიტეტის ფუტსალის და კალათბურთის გუნდებმა, უნივერსიტეტის სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს: ფრენბურთში, ქვიშის სპორტულ თამაშებში, კალათბურთში, ზაფხულის „უნივერსიადა 2018-ის“ 17 სპორტულ დისციპლინაში.

უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნა 100-მდე პუბლიკაცია. უნივერსიტეტის ავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნდა 500-ზე მეტი სტატია. ერთობლივ კვლევაში ჩართული იყო 3 000-მდე უცხოელი მეცნიერი. უნივერსიტეტში მუშავდება 224 საგრანტო პროექტი, მათ შორის 193 ეროვნული სამეცნიერო ფონდის და 31 საერთაშორისო გრანტი

- 2018 წელი საიუბილეო წელი იყო უნივერსიტეტისთვის. ამ მხრივ რა ღონისძიებები განხორციელდა?
- გამორჩეული იყო 2018 წელი. წინა წლებში დაწყებული საიუბილეო მოსამზადებელი სამუშაოების რეალიზება 2018 წელს წარმატებით შევძელით. მარტო ის ფაქტია საგულისხმო, რომ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოსა და უცხოეთის 50-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ასევე, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 200-მდე ღონისძიება, მათ შორის, უნივერსიტეტის ორგანიზებით - 60. უნივერსიტეტმა ღირსეული ადგილი დაიკავა საერთაშორისო რეიტინგში, სადაც იგი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორის არის და მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.
- მიუხედავად იმ პრობლემური საკითხებისა, რაზეც ისაუბრეთ, ბოლო წლებში საგრძნობლად ამაღლდა უნივერსიტეტის ავტორიტეტი, რასაც ადასტურებს სწორედ საერთაშორისო რანჟირების სისტემაში მოპოვებული ადგილი. კონკრეტულად რა ფაქტორებმა იქონია გავლენა ამაზე?
- ამ მიმართულებით მთელი რიგი საიმიჯო აქტივობები გატარდა. კერძოდ, ჩატარდა გაცვლითი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლების 1000-ზე მეტი აქტივობა. მასპინძლობა გაეწია 197 უცხოური დელეგაციის ვიზიტს უნივერსიტეტში. თვეში საშუალოდ 400-700 საინფორმაციო მასალა ვრცელდებოდა უნივერსიტეტის შესახებ. პროექტ „უნი-ვერსიის“ ფარგლებში მომზადდა 37 გადაცემა. წლის განმავლობაში გაზეთ „კვირის პალიტრაში“ მომზადდა ოთხგვერდიანი 11 საგაზეთო ჩანართი, თითოეული გავრცელდა 25 000 ტირაჟით. სოციალურ ქსელში 140 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო ზაფხულის სკოლის ფარგლებში მასპინძლობა გაეწია ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მოეწყო „ახალგაზრდა ნატურალისტთა“ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი. „საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა 21 საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა და სხვა.
- რას გვეტყვით სამეცნიერო-კვლევით, ინოვაციურ და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაზე?
- ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მოპოვებული. კერძოდ, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნა 100-მდე პუბლიკაცია. უნივერსიტეტის ავტორობით მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნდა 500-ზე მეტი სტატია. ერთობლივ კვლევაში ჩართული იყო 3 000-მდე უცხოელი მეცნიერი. უნივერსიტეტში მუშავდება 224 საგრანტო პროექტი, მათ შორის 193 ეროვნული სამეცნიერო ფონდის და 31 საერთაშორისო გრანტი. 2018 წელს ინოვაციური საქმიანობის და ინოვაციური იდეების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტში შეიქმნა დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი. მოეწყო „აკადემია ევროპეას“ სამუშაო სივრცე და ა.შ..
რაც შეეხება საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას, უნივერსიტეტი, 7 ფაკულტეტის ფარგლებში, ახორციელებდა 231 საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. აქედან 21 საგანმანათლებლო პროგრამა უცხოენოვანი იყო. გასულ წელს აკრედიტებული იქნა 4 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა. საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა 5 საგანმანათლებლო პროგრამას. განახლდა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და შეფასების რეგულაციები. მიმდინარეობდა სისტემური სამუშაოები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
- თანამშრომელთა შორის დიდ ინტერესს იწვევს უნივერსიტეტის ორგანიზაციული მართვის სისტემის სრულყოფა. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ თქვენს კომენტარს.
- უნივერსიტეტმა მოიპოვა 6-წლიანი სრული და უპირობო ავტორიზაცია. `უნივერსიტეტი გამოხატავს ღირსეულ ამბიციას, რათა გააძლიეროს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები და დაამკვიდროს ჭეშმარიტი ხარისხის კულტურა, რაც მართლაც მნიშვნელოვანია არა მარტო განათლებისა და კვლევისათვის, არამად მთელი მმართველობითი პროცესისათვის“, - აღნიშნულია ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში.
ავტორიზაციის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაწყებულია სამუშაოები, რათა ნაკლები ბიუროკრატიისა და ხარჯების შემცირების გზით მიღწეულ იქნას: ადმინისტრაციული და მმართველობითი სამსახურების საქმიანობის მეტი ეფექტიანობა; ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა და მართვის პროცესის მოდერნიზაცია; ამოცანაზე ორიენტირებული მენეჯმენტი; ფუნქციური დეცენტრალიზაცია და „მცირე ადმინისტრაციის“ მოდელის შემუშავება-დანერგვა. უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, რექტორის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეკომენდაციების მომზადება მმართველობითი სტრუქტურების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, რექტორის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეკომენდაციების მომზადება მმართველობითი სტრუქტურების ოპტიმიზაციის მიმართულებით

- რისი გაკეთება ვერ მოასწარით და რა სამუშაოა დაწყებული სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად?
- მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მწირი ბიუჯეტითა და შეზღუდული ფინანსური რესურსებით, რექტორის უშუალო მხარდაჭერით, ადმინისტრაციის მიერ დიდი მოცულობის სამუშაოები განხორციელდა, უკმარისობის გრძნობა ნამდვილად არსებობს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და გათავისებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რაც ადმინისტრაციას აკისრია. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მოხდება ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით და, რა თქმა უნდა, სტუდენტების ჩართულობით, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვით. 
ავტორიზაციის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის რეალიზაციაც მიმდინარეობს ცენტრალური ადმინისტრაციისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სფეროების შესაბამისად. გრძელდება აუდიტორული კომპანია `Pრეიცე ჭატერ ჰოუსე ჩოოპერს“-ის მიერ ჩატარებული ორგანიზაციული ეფექტიანობის ანალიზისას შემუშავებული რეკომენდაციების და ავტორიზაციის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის უზრუნველყოფა და ეფექტიანობაზე დამყარებული ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრძელდება სამუშაოები სახელმწიფოსგან შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელის სრულყოფის მიმართულებით. საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიზნით, მზადდება უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის ახალი წესი. მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის დასადგენად და თითოეული პროგრამის საფასურის განსასაზღვრად. მუშავდება გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის სრულყოფილი სახელფასო პოლიტიკის გატარებას უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და სტრუქტურულ ერთეულებში. მიმდინარეობს ღონისძიებები სტუდენტთა მომსახურების სერვისების გაუმჯობესების, სტუდენტური საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-სპორტული პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერისთვის.

* * *

წარმომადგენლობით საბჭოზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: ალექსანდრე გაბაშვილმა, თამარ ლაშხმა, ბახვა კვირიკაშვილმა, დაჩი ჩიტაიამ, მიხეილ რუხაიამ, ლუკა ონიანმა, შოთა კეჟერაშვილმა, არჩილ ჯავახიშვილმა, ნაზირა კაკულიამ, ბეჟან თუთბერიძემ და კახაბერ ლორიამ. 
საბჭოს წევრებმა კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს სასწავლო პროცესის ორგანიზებაში არსებული ნაკლოვანებების, ლექციების გაცდენის ფაქტების, ადმინისტრაციის ოპტიმიზაციის პროცესის რეალიზების, ზოგიერთ ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების მდგომარეობის თაობაზე. დაისვა კითხვები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაშუქებისა და საუნივერსიტეტო ახალი ამბების სოციალურ ქსელში მეტად ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ.
საბჭოს წევრები, ასევე, შეეხნენ კონკრეტული პროექტების დაფინანსების საკითხს. ითქვა, რომ უნივერსიტეტის მონიტორინგის სამსახური მეტად უნდა დაინტერესდეს ლექციების გაცდენის მიზეზებით და, საჭირო შემთხვევაში, მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს დისციპლინარული გადაცდომების მიმართ.
დასმულ კითხვებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს. უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ მზადყოფნა გამოთქვა - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებთან და სტუდენტებთან ერთად დეტალურად განიხილოს პრობლემური საკითხები, რათა დაისახოს მათი გადაჭრის რეალური და რაციონალური გზები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის ანგარიში ერთხმად დაამტკიცა.