ინტელექტუალთა ბანკი

რა გზით არის შესაძლებელი იაფი ელექტროენერგიის მიღება საქართველოს პირობებში?

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ მჭედლიძე 2012 წლიდან დრეზდენის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო ინტერესები მრავალმხრივია: არის 120-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალის მოწვეული რედაქტორი და რეცენზენტი; ფლობს რამდენიმე პატენტს. იგი ბოლო პერიოდში თანამედროვე ფოტოვოლტაიკით, ანუ მზის ელემენტების გაუმჯობესებით დაინტერესდა და 29 ოქტომბერს სწორედ ამ თემაზე გამართა სემინარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილებაში. სემინარის თემა იყო: „თანამედროვე ფოტოვოლტაიკა: გლობალური ტრენდები და მიმდინარე პრობლემები“.
მზის ელემენტების გაუმჯობესება, მათი გამოყენების ხანგრძლივობა და ეფექტურობა, ალტერნატიული ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, ქართული საზოგადოების ინტერესსაც იწვევს. რა სიახლეებია ამ კუთხით და რამდენად ეკონომიურია ფოტოვოლტაიკის გამოყენება ქართულ ენერგოსისტემაში - ამ საკითხებზე მეცნიერი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ესაუბრა:

- ბატონო თეიმურაზ, მზის ენერგიის გამოყენება საქართველოში კარგა ხანია დაიწყო. მისი წილი ენერგეტიკაში დიდი არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ მაღალმთიან სოფლებსა და იმ ადგილებში, სადაც მისი გამოყენება რელევანტურია, უკვე ცდილობენ, მზე გამოიყენონ, როგორც ალტერნატიული ენერგიის წყარო. რა განსხვავებაა ჩვეულებრივ მზის ბატარეებსა და ფოტოვოლტაიკურ ბატარეებს შორის?
- საქმე ისაა, რომ წარმოების ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება. მზის ბატარეების გაუმჯობესებასთან ერთად, ძალიან მკვეთრად ეცემა მათი წარმოების ფასიც. ჩემს მოხსენებაში მოყვანილი მქონდა სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, რომ 2010 წლიდან დღემდე დანადგარის ფასი 8-ჯერ შემცირდა. ამჟამად მზის ელემენტებით მოპოვებული ფასები უკვე კონკურენტულია სათბობ-ენერგეტიკული წარმოების - ჰიდროელექტროსადგურების ან, თუნდაც, ბირთვული ენერგიის ფასებთან. ამ ყველაფერთან ერთად, მზის ენერგია არის „მწვანე ენერგია“, რომელიც უვნებელია გარემოსთვის. 
ფოტოვოლტაიკური ელემენტი არის ნახევარგამტარი. ეს არის, დაახლოებით, იგივე სტრუქტურის ნივთიერება - სილიციუმის კრისტალი - რომელიც ტელეფონებში და კომპიუტერებში გამოიყენება. ამ კრისტალში ხდება ე.წ. PM გადასვლა, ანუ გარკვეული ელემენტების მცირედი რაოდენობის დამატება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ისეთ მოწყობილობას, რომელიც მზის ენერგიას შთანთქავს და იწვევს სილიციუმში დენის მატარებლების წარმოქმნას. შემდგომ ეს მატარებლები იყოფა დადებით და უარყოფით მატარებლებად და ვიღებთ ელემენტს. ეს უკანასკნელი უკვე შეგვიძლია, რომ შევაერთოთ ნათურას ან ნებისმიერ ტექნიკას. 
ეს არის გაუმჯობესებული ბატარეები. პრინციპული სიახლე არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, ფართო წარმოებასთან ერთად, მეტი გამოცდილება გროვდება - თუ როგორ გავაკეთოთ უფრო იაფი, ეფექტური და ეკოლოგიურად სასარგებლო ბატარეა. 
- სემინარზე თქვენ ისაუბრეთ ამ ბატარეების მომგებიანობაზე საქართველოს პირობებში...
- საქართველოსთვის ასეთი ელემენტების გამოყენება არის ძალიან კარგი იმ მხრივ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი მზე, გვაქვს მთის ფერდობები, რომლებიც არ გამოიყენება და გვაქვს სუფთა ჰაერი, რაც მზის ენერგიის გამოყენებას უწყობს ხელს. ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს შესაბამისი სტრუქტურა. თვითონ დასახელება - მზის ბატარეა - ამბობს, რომ როცა მზე არ არის, ის არ გამოიმუშავებს ენერგიას: დღისით მუშაობს, ღამით და ღრუბლიანში - არა. ამიტომ, ასეთ პირობებში გვჭირდება ამ ელემენტების ისე შეერთება, რომ შევძლოთ შეცვლა - როცა მზე არ არის, გამოვიყენოთ დაგროვებული ენერგია. ამისთვის გვჭირდება ქსელის შექმნა - ეს არის მთავარი, თორემ ღირებულებით ამ ბატარეების წარმოება და მის მიერ გამომუშავებული ენერგია დღეს უკვე საკმაოდ იაფია. 
- თქვენი ინფორმაციით, რამდენად ინტენსიურად იყენებენ მზის ბატარეებს უცხოეთში?
- ზოგადად, დასავლეთში უკვე აქტიურად მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღებასა და მოხმარებაზე. მაგალითს მოგიყვანთ - შარშან ზაფხულში გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარების 45% ფოტოვოლტაიკურ ელემენტებზე მოდიოდა. 
- რა გვჭირდება იმისთვის, რომ ელემენტები თავად ვაწარმოოთ?
- მისი წარმოებისთვის არის ორი მიმართულება. ერთი არის ფაბრიკების შექმნა, რომელშიც 10 კვადრატულ კილომეტრზეა მოთავსებული მზის პანელები, შემდეგ მიღებული ენერგია მუშავდება და გარდაიქმნება ისე, რომ გამოყენებადი იყოს. ასეთი დიდი ფაბრიკებიდან წარმოებული ენერგია მოხმარდება ქარხნებს, ქალაქებს და სხვ. 
წარმოების მეორე სახე არის მომხმარებლის სახლების ან სხვა შენობების სახურავებზე დამონტაჟებული მზის ელემენტები, რომლებიც საკმარისია ამ სახლის გათბობისა და განათებისთვის. ყველაზე ბოლო მიღწევა ამ სფეროში ისაა, რომ უკვე შესაძლებელია მიღებული ენერგიის შენახვა. შესაბამისად, მზის ბატარეების გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია ენერგიის ნაწილი მოვიხმაროთ, ხოლო ნაწილი მივაწოდოთ ქსელს (შევინახოთ). შედეგად, ღამით, როცა მზე არ არის, ქსელიდან მივიღებთ ენერგიას. ამით, ფაქტობრივად, უფასოდ ვიღებთ ენერგიას და შეგვიძლია მომგებიანად გავყიდოთ კიდეც.
- რამდენად ხანგრძლივია ამ ელემენტების გამოყენების ვადა, ინარჩუნებს თუ არა ის ეფექტიანობას დიდხანს?
- ეს ელემენტები 25-30 წლიან გარანტიას იძლევა. შესაბამისად, იმ თანხის ამოღება, რომელიც მათი წარმოებისთვის იხარჯება, მარტივია. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 5000 დოლარი ჯდება მისი დამონტაჟება მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. თუ არსებობს ქსელი და ენერგიის გაყიდვაც შესაძლებელია, მაშინ ამ ფასის ამოღება კიდევ უფრო მცირე დროში მოხდება. ანუ - დახარჯულ 5000 დოლარს შენ იღებ უკან და ამასთან გაქვს უფასო ელექტროენერგია. საქართველოს პირობებში, რადგან აქ მზე მეტია, თანხის ამოღება კიდევ უფრო მოკლე დროში იქნება შესაძლებელი. 
- ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია ქართველ მწარმოებლებთან, რათა მზის ენერგიის მწარმოებელი ფაბრიკები გაიხსნას?
- მე ვიცნობ ენთუზიასტ მწარმოებლებს, რომლებსაც შემოაქვთ ეს ელემენტები საქართველოში და ცდილობენ, განავითარონ. ვინც პირველი დაიწყებს, ცხადია, ის მეტ მოგებას ნახავს, მაგრამ ჯერ გაგება უჭირთ. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც ამ გზით ელექტროფიკაცია მართლა შეიძლება მოხდეს საქართველოში. მე დათვლილი მაქვს, რომ საქართველოს ენერგომოხმარებისთვის მთლიანობაში 121 კვადრატულ კილომეტრიანი ფაბრიკის შექმნაა საჭირო. წარმოიდგინეთ, ჩვენ ხომ გვაქვს ფერდობები (თან ზუსტად ისე დახრილი, რაც ეფექტურობისთვისაა საჭირო), მათზე უნდა განთავსდეს ეს პანელები და მერწმუნეთ, ძალიან იაფ ელექტროენერგიას მივიღებთ, რაც ქვეყნისთვის მომგებიანიც იქნება.

ვრცლად

ქეთევან ჭკუასელი: უნივერსიტეტი გულსაბნევივით უნდა დაიბნიონ და ყველგან იამაყონ, რომ აქ მუშაობენ

პედაგოგების ოჯახში გაიზარდა, თუმცა მასწავლებლობა მისი მიზანი არასოდეს ყოფილა - ქიმიის მეცნიერებებით იყო დაინტერესებული და ჩააბარა კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე... ახლა ამბობს, რომ თუ დღეს პედაგოგიკაში მოღვაწეობს და მთელი თავისი ცხოვრება მომავალი თაობის განათლებას მიუძღვნა, ეს ღვთის ნება იყო, რადგან ლაბორატორიაში მუშაობის დროს ისე მოიწამლა, სამუდამოდ აეკრძალა ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება და ცდებზე მუშაობა. 
დღეს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ჭკუასელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელია.

პირველი გაკვეთილი

„ოჯახში ქიმიკოსი არავინ გვყოლია, ძირითადად ჰუმანიტარები იყვნენ. რადგანაც ოქროსმედალოსანი გახლდით და ყველა საგანს თანაბრად ვფლობდი, მინდოდა მათემატიკურზე ან ქართულ ფილოლოგიაზე ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ ქიმიის ბუმი იყო, ყველა კარგი მოსწავლე ქიმიურზე აბარებდა და მამამ, რომელიც ქიმიკოსებს უკითხავდა ლექციას უნივერსიტეტში, ეს სპეციალობა მირჩია. ასე გადავწყვიტე ქიმიკოსობა. ჩემს კურსზე მხოლოდ მედალოსნები მოხვდნენ. ძალიან ძლიერი კურსი მყავდა, მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ მე მაინც არ ვიყავი კმაყოფილი - ყველაფერს ვსწავლობდი, ქიმიის გარდა და ზერელედ ვეკიდებოდი ამ საგანს. ალბათ იმიტომაც მოვიწამლე, რომ ლაბორატორიაში მუშაობაც არ ვიცოდი, გულით არ ვმუშაობდი და წესებს არ ვიცავდი. იმ საბედისწერო მოწამვლის შემდეგ ერთი გზა მრჩებოდა - პედაგოგობა, რითაც დავიწყე კიდეც ჩემი ბიოგრაფია და რაშიც ქიმია ძალიან დამეხმარა“, - ასე იხსენებს ქალბატონი ქეთევანი პირველ წლებს და იმ გაკვეთილზე გვესაუბრება, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მომავალი: „უნივერსიტეტში პრაქტიკა სერიოზულად ტარდებოდა. სწავლა წყდებოდა და სკოლებში მივდიოდით, სადაც დილიდან საღამომდე ვმუშაობდით - ნამდვილ პრაქტიკას გავდიოდით. პირველი გაკვეთილი 42-ე სკოლის მე-9 კლასში ჩავატარე. მახსოვს, როგორ ვღელავდი - შეშინებული ვიდექი კლასის წინაშე, მაგრამ, ალბათ, ოჯახიდან გამოყოლილმა მასწავლებლობის ფენომენმაც იმოქმედა და ძალიან კარგი გაკვეთილი გამოვიდა, იმდენად კარგი, რომ მკაცრი შემფასებელი, არაჩვეულებრივი პედაგოგი ქეთევან ტუსკიაც მოიხიბლა. იქ ოთხი გაკვეთილი ჩავატარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუმცა, პირველი შიში მახსოვს“, - გვიამბობს იგი.
შემდეგ იყო უკვე ნამდვილი გაკვეთილები. 22 წლის ახალგაზრდამ მოახერხა და მოსწავლეთა ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა. ახლა ამბობს, რომ კმაყოფილია განვლილი გზით - იყო სკოლის მასწავლებელიც, მეთოდისტიც, სამმართველოს უფროსის მოადგილეც - ყველა ამ სტრუქტურამ თავისი კვალი დატოვა და თუ დღეს კარგად გრძნობს - რა სჭირდება განათლების სისტემას, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიიდან არ დაუწყია საქმიანობა.

პედაგოგიკა გასწავლის, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს სტუდენტთან

სკოლა იმდენად შეუყვარდა, რომ მისი მიტოვება არც უფიქრია, ისე ჩააბარა ასპირანტურაში. ახლა ამბობს, რომ რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ იმდენად მოეწონა პედაგოგობა, ისე ააწყო ურთიერთობები მოსწავლეებთან, რომ მყარად გადაწყვიტა - ოჯახის ტრადიციებს გაჰყოლოდა და თავისი წვლილი შეეტანა განათლების მეცნიერებებში. „იცით ალბათ, რომ დიმიტრი უზნაძეს აქვს სერიოზული ნაშრომები პედაგოგიკაში. ის ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას, როგორც მცირე ერს, არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ მასობრივი განათლება ჰქონდეს - მისი განათლება უნდა იყოს „მასობრივი და ელიტარული“, ანუ ყველამ უნდა ისწავლოს და უნდა ისწავლოს კარგად - ელიტარულად. აი, ესაა ჩემი ამოსავალი წერტილიც - ამდენი წელია, უნივერსიტეტის მასწავლებელი ვარ და არ მინახავს ნაკლებად ნიჭიერი ქართველი ბავშვი. ეს გენეტიკური ნიჭია და რატომ უნდა დავკარგოთ?” - გვეუბნება ქალბატონი ქეთევანი და ამით უკვე ნათელი ხდება, რომ მისი ძალისხმევა - ყველა სტუდენტს ერთნაირად შეუწყოს ხელი ხარისხიანი განათლების მიღებაში, სწორედ უზნაძისეულ თეორიას მიჰყვება, მას ეყრდნობა.
კითხვაზე, თუ რით იყო ადრინდელი უნივერსიტეტი გამორჩეული, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ახლა აღარ აქვს, გვპასუხობს, რომ ადრე აქ თანამშრომლობის, კოლეგიალობის, ერთი საქმის ერთად კეთების სურვილი იგრძნობოდა და ყველა ერთად ისწრაფვოდა განათლების დონის ამაღლებისა და სტუდენტის ხელშეწყობისთვის: „აქ რაც იყო, ის აღარ არის. 53 წელია, რაც ვმუშაობ, უფრო ადრე გავხდი სტუდენტი და მეორე კორპუსში რომ შემოვიდოდი, თითქოს ჩემი სახლი იყო, სახლზე უკეთესიც. შემდეგ იყო ურთიერთობა თანამშრომლებთან არა მარტო კათედრაზე, სხვებთანაც. რაღაც ერთიანი სივრცე და ჰაერი იყო - ერთიანი სუნთქვა, რომელიც 2006 წელს დაინგრა. ყველაზე დიდი ნაკლი, რაც დღეს უნივერსიტეტს აქვს, არის ის, რომ უნივერსიტეტის პროფესორი რამდენიმე ადგილას მუშაობს და ახალგაზრდებს ვერ ვამაგრებთ. ვინც გავზარდე, ყველა სხვადასხვა ადგილებში მუშაობს, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს. არადა, სასწავლო დაწესებულებას არ უყვარს სხვაგან მოსიარულე ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და რაღაცნაირად ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს, რომ აქ დამაგრდნენ - ერთ ადგილზე. ჩემს ინსტიტუტში ეს მოვახერხე. ყოველთვის ვეუბნები მათ - რომ უნივერსიტეტი გულსაბნევივით უნდა დაიბნიონ და ყველგან იამაყონ, რომ აქ მუშაობენ, რადგან საბოლოოდ მაინც ამ უნივერსიტეტით შოულობენ სხვა სამსახურს. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეინარჩუნა კლასიკური ფუნდამენტი და ცდილობს, რომ ამაზე დააშენოს მომავალი. არ შეიძლება ამის დაკარგვა“, - ამბობს ქალბატონი ქეთევანი.

რა სჭირდება განათლების სისტემას?

„ეს ურთულესი თემაა და, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ნება, რომელიც არ ჩანს“, - ქალბატონი ქეთევანი ათეულობით წლების ნაფიქრს გვიზიარებს: „გარდა ნებისა, მთავარი, რაც ამ სისტემას აკლია, არის კლასიკური დიდაქტიკური ჯაჭვი, რომლის პირველი კითხვა არის მიზანი - ვინ გვინდა, რომ აღვზარდოთ? თუ მიზანი არ გამოიკვეთა, არაფერი გამოვა. იაკობ გოგებაშვილს ძალიან მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული, რა სურდა იმ თაობას - აღეზარდათ ახალი ტიპის ქართველი, ანუ ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის საჭიროებას დაინახავდა და იზრუნებდა. დღეს ეს არ ვიცით. შემდეგ მოდის შინაარსი - რა საგნები უნდა ასწავლო სკოლაში. მესამე და უსერიოზულესი საკითხია, თუ როგორ უნდა ასწავლო. ეს ის თემაა, რომელზე პასუხსაც ვერაფრით გადმოიტან უცხო ქვეყნიდან. ის ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს - მოიცავს პრინციპებს, მოიცავს მეთოდებს, შეფასებას - როგორია ქართველი ბავშვის ბუნება და როგორ გამოიწვევ ამ ბავშვის მოტივაციას. და ბოლოს, ვინ უნდა იყოს მასწავლებელი? სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში - ჩვენს სახელმწიფოს მასწავლებლისთვის არაფერი გაუკეთებია 25 წლის განმავლობაში. თუ გაკეთებას ორდღიანი ტრენინგების ჩატარებას ეძახიან და ამ ორ დღეში უნდათ ახალი სისტემა დაანახონ პედაგოგს, ეს არ არის ნება. საინტერესოა, ვინმემ დათვალა, აი, ახლა სად ვართ? ბავშვი რა დონეზეა? პედაგოგი? გამოცდის ჩაბარებას რომ ვთხოვთ, რამე ვასწავლეთ მასწავლებელს? მხოლოდ კვლევების შედეგები ხომ არ არის? ანაც - დავუშვათ, ვენდობი იმ საერთაშორისო კვლევებს, რომელიც მაჩვენებს, სად ვართ, მერე რა გავაკეთე, რომ წინ წავიწიო? ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეისწავლა ეს კვლევები, მერე დაჯდა, იფიქრა და გააუმჯობესა მდგომარეობა. ჩვენ? ვიფიქრეთ? გვაქვს ეს კლასიკური პედაგოგიკა, რასაც უნდა დაეყრდნო და გაათანამედროვო, ოღონდ ის ჯაჭვი არ უნდა დაკარგო, რაც კლასიკურ ფუნდამენტთან გაკავშირებს. ხე მარადიულია, ფოთლები კი ახალ-ახალი ამოდის. განათლებაც ასეა - მთავარ ღერძს უნდა მიაშენო სიახლეები. 21-ე საუკუნეში ქრება ცოდნის სტატუსი და ინფორმაციამდე დადის. ეს უკანასკნელი კი ცოდნა ვერასდროს იქნება. ცოდნა სხვა რამეა. იმ რაღაც უნარებს, რაც ადამიანში უნდა განვითარდეს, სწორედაც რომ ცოდნა იძლევა და არა ინფორმაცია“.

პედაგოგიკა და უნივერსიტეტი

უნივერსიტეტში პედაგოგიკის ინსტიტუტი დაარსების დღიდან - 1919 წლიდან არსებობს. უამრავი პერიპეტიის გავლის შემდეგ კი, 1933 წლიდან, ფუნქციონირება დაიწყო პედაგოგიკის კათედრამ, რომელიც ყველა ფაკულტეტს ცალ-ცალკე ემსახურებოდა და მასწავლებლებს ზრდიდა. 1960-იანი წლებიდან ქალბატონი ქეთევანიც ჩაერთო ამ პროცესში და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ქიმიკოსებთან, ფილოსოფოსებთან და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან. 1990-იან წლებში, რადგან ქვეყანაში ძალიან დიდი არეულობა იყო და უნივერსიტეტისთვის არავის ეცალა, უნივერსიტეტის საზოგადოებამ ამ თავისუფლებით ისარგებლა - მაშინ ძალიან ბევრი თანამედროვე პროგრამა შექმნა. მაგალითად, ვიდრე ბოლონიის პროცესს შევუერთდებოდით, პედაგოგიკის მიმართულებაზე შეიქმნა სამაგისტრო პროგრამები, ანუ მოთელვა - თუ როგორია საგანმანათლებლო სისტემა ქვეყნის გარეთ, უკვე გავლილი იყო. 2001 წელს ქეთევან ჭკუასელმა გახსნა რადიკალურად განსხვავებული მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ეს იყო 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ან ძირითადი სპეციალობის პარალელურად, ან შემდეგ ასწავლიდა პედაგოგობის მსურველთ. ეს იყო ევროპული მოდელის შესაბამისი სწავლება. „წარმოიდგინეთ, რომ ეს ინიციატივა და პროგრამა დიდმა საბჭომ მიიღო. ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, აგვეხსნა, რომ ყველა არ უნდა გახდეს მასწავლებელი და ეს უნდა იყოს არჩევითი. გავიტანეთ ეს 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც 2001 წლიდან არსებობდა უნივერსიტეტში და აბსოლუტურად თანამედროვე პროგრამა გახლდათ“, - ამბობს ქალბატონი ქეთევანი და იხსენებს, რომ დღეს უფრო მეტი წარმატება ექნებოდათ, რომ არა ავადსახსენებელი 2006 წელი...
„ჩემს მიმართულებაზე 12 შტატიდან 4 დატოვეს - ერთი სრული და სამი ასოცირებული პროფესორი. ამ ოთხი საშტატო ერთეულით უნდა აგვეშენებინა ახალი კათედრა. მაშინ დაიწყო ახალი პროგრამების წერის პროცესიც და ეს რესურსი არ იყო საკმარისი ამისთვის. ვერც გაბედავდი მაშინ გეთქვა, რომ შტატი გჭირდება. ამავე პერიოდში შეგვაერთეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან, რომლის დეკანი გახლდათ დარეჯან თვალთვაძე. ფაკულტეტის ქუდქვეშ 27 მიმართულებაა გაერთიანებული და მისი მენეჯმენტი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა დარეჯანმა ზუსტად გათვალა, რა სჭირდებოდა მიმართულებას. მე არც დამჭირდა თქმა, დამიძახა და მითხრა, შტატი უნდა დაგიმატოო. ასე შევივსეთ კიდევ ოთხი თანამშრომლით“, - გვიყვება ქალბატონი ქეთევანი და დასძენს: „ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი ადმინისტრაციის და პირადად ყველა რექტორის თანადგომას იმ დიდი და რთული საქმის განხორციელებაში, რასაც მასწავლებლის მომზადება ჰქვია. ეს უნივერსიტეტს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2014 წელს ბატონ ლადო პაპავას ინიციატივით მოხდა ახალი ფაკულტეტის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნა, რამაც განათლების მიმართულების განვითარების აქცენტირებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამ ორი მიმართულების გაერთიანება უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტია დარგის განვითარების თვალსაზრისით“.
დღეს ამ საშტატო ერთეულებზე ქეთევან ჭკუასელის სტუდენტები მუშაობენ, ასევე მისი მოწაფეა მოწვეული ლექტორების უმრავლესობა. „მადლობა უფალს, რომ ბევრი სტუდენტი გვყავს მიმართულებაზე და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ბევრიდან ისეთები ამოარჩიო, რომლებიც აქ საქმიანობას გააგრძელებენ. მე არცერთ საკითხს არ ვწყვეტ ერთპიროვნულად, ყველაფერი ერთობლივი მსჯელობის და გადაწყვეტილების შედეგია. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებებში არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდულ აზრს. ისინი თავის ზურგზე გრძნობენ, თუ რა პრობლემები აქვს სკოლას და რა უნდა გამოსწორდეს მომავლისთვის“, - გვიყვება იგი.
დღეს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების მიმართულებით მოქმედებს 2 სამაგისტრო და 1 სადოქტორო პროგრამა, ასევე მუშაობს 300-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, 60-კრედიტიანი მაინორ პროგრამა და 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ზრდასრულთათვის, რომლებიც მომავალ პედაგოგებს უზრდის ქვეყანას. ამ ყველაფრის შემოქმედი კი ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი და მისი გუნდია. ეს ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სათანადოდ დააფასა და სულ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.

„გულწრფელობა ადამიანურ ურთიერთობებში არსებითი მგონია“

თავისუფალი დრო არ აქვს, მაგრამ ახლობლებისა და მეგობრებისთვის მაინც გამოძებნის ხოლმე დღეებს. უყვარს მუსიკა და თუ რამეზე წუხს, ისაა, რომ სიმღერა არ იცის: „მოცარტი მიყვარს. წყაროსავით არის - ძალიან მაწყნარებს. სახლში ფირფიტების ძალიან დიდი კოლექცია მაქვს. სტიპენდიას რომ ავიღებდი, პირველი, რასაც ვყიდულობდი, ფირფიტა იყო. პეკინის ქუჩაზე ერთი მაღაზია იდგა - „მელოდია“ და მისი ხშირი სტუმარი გახლდით. მერე, როცა ტელეფონით ან კომპიუტერით დავიწყე მუსიკის მოსმენა, მივხვდი, რომ ეს ცა და დედამიწაა. ვერც ვუსმენდი თავიდან, ახლა უკვე მივეჩვიე“.

* * *
უნივერსიტეტის III კორპუსში შემოხვალთ თუ არა, განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდებით - აქ დეკანი, მიმართულების ხელმძღვანელი და ლექტორი თანამდებობის პირები კი არა, სტუდენტთა მომსახურებისთვის მოტივირებული ადამიანები არიან. ამ გარემოში კი განათლების მეცნიერებების მიმართულება თვალშისაცემად გამორჩეულია - აქ მუდმივად ტრიალებენ ახალგაზრდები, ქალბატონი ქეთევანის აღზრდილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მის გზას. „ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. მადლიერი ვარ ჩემი თანამშრომლების და ამ ბავშვების, რომლებიც მე მოვიყვანე, მათით მიდგას სული. რაღაც ახალგაზრდული მუხტი შემოაქვთ, სიახლეზე არიან ორიენტირებული და თან ინარჩუნებენ იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენ გადავეცით. დიდი იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის სასახელო გზას გააგრძელებენ“, - გვეუბნება ქალბატონი ქეთევანი და კითხვაზე, რამეს ხომ არ შეცვლიდა თავის ცხოვრებაში, გვპასუხობს: „ალბათ, ისევ ისე ვიცხოვრებდი. ღირებულებათა სისტემაში, რასაც დააყენებ წინა პლანზე, ისაა მთავარი და მე ადამიანურ ურთიერთობებს ვამჯობინებ. უკვე იმდენი წლის ვარ, რომ კარგად მესმის, ვის ვიხსენებ და ვინ არ დამავიწყდება. გულწრფელობა ადამიანურ ურთიერთობებში არსებითი მგონია“...

ვრცლად

ევროპის საუკეთესო მეცნიერი, რომელიც დაბერებას ებრძვის

მეცნიერება მხოლოდ აღმოჩენის ინტერესი არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის ახლდა თან ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების, საზოგადოების გაკეთილშობილების და ცხოვრების გაუმჯობესების უზენაესი მიზანი. ამიტომაც მეცნიერისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ მიზნისკენ სვლას შეალია, ყველაზე დიდი ჯილდო იმის აღიარებაა, რომ მან მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ დიდ საქმეში. 
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა გაზეთმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას ერთი სასიამოვნო ამბის შესახებ ამცნო - 23-25 მაისს შვედეთის ქალაქ გეტენბორგში გამართულ გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპის კონგრესზე ევროპის გერონტოლოგთა და გერიატრთა ასოციაციის პრეზიდენტმა ევროპის საუკეთესო მეცნიერის ერთადერთი მედლით ფუნდამენტურ გერონტოლოგიაში თსუ-ის პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა დააჯილდოვა.

მეცნიერება მისთვის ცხოვრების წესია. ბიოლოგიამ, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ბევრი ახალი კარი შეაღებინა და ფიზიოლოგიის ურთულეს ლაბირინთებში ატარა. დღეს, როცა უამრავი წარმატების შემდეგ, კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად, ამბობს, რომ მადლიერია განგებისა, რადგან ის საქმე აკეთებინა, რომელიც უყვარს. 
პროფესორ თეიმურაზ ლეჟავასთვის მეცნიერული და ადამიანური ძლიერების ნიშანი ცოდნას, ტაქტსა და წესიერებას ემყარება. ამასვე ასწავლის სტუდენტებს და ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მათთვისაც მაგალითი იყოს. 
მისთვის მედლები და ჯილდოები უცხო არაა. ჯერ კიდევ თელავის საშუალო სკოლაში გამოიჩინა თავი საუკეთესო სწავლით და 1957 წელს ოქროს მედალიც დაიმსახურა. სკოლის წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ იქ ისწავლა მეგობრობა, მიზნისკენ დაუღალავი სვლა და სხვისი ნაშრომის დაფასება. ოქროსმედალოსანს, ცხადია, ნებისმიერი სპეციალობა შეეძლო აერჩია, მაგრამ მამის, ცნობილი მეცნიერის ალექსანდრე ლეჟავას დამსახურებაა, რომ დღეს ქართულ მეცნიერებას, კერძოდ კი, გენეტიკას თეიმურაზ ლეჟავა ჰყავს. 
უნივერსიტეტში ისე ისწავლა, არავინ იცოდა, რომ ალექსანდრე ლეჟავას შვილი იყო. მას ეს არც სჭირდებოდა - ,,იმდენად კარგი ლექტორები მყავდა, ძნელი არ იყო, მათგან ცოდნა წამომეღო“, - ამბობს ის და იხსენებს, რომ ივანე ბერიტაშვილის ლექციებსაც ესწრებოდა: „ერთხელ მამამ მკითხა: - როგორი ლექტორია ბატონი ივანეო? მე მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი: - დიდი მეცნიერები ხომ ხშირად კარგი მოლაპარაკეები არ არიან! - უსმინე, ის დიდი მეცნიერია, რასაც ამბობს ჭეშმარიტებაა, მისგან ბევრს ისწავლიო“, - ასე დამმოძღვრა მამამ და არც შემცდარა. იმ საგანში ბატონი ივანესა და შემდგომ ბატონი თეიმურაზ იოსელიანისგან მართლაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, - იხსენებს პროფესორი.
მერე იყო ასპირანტურა, საკავშირო აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი და საკავშირო სამედიცინო აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტი, სადაც თეიმურაზ ლეჟავა უდიდესი მეცნიერის ალექსანდრა პრაკოფიევა-ბელგოვსკაიას ხელმძღვანელობით მუშაობდა. „ეს ქალბატონი ნობელის პრემიის ლაურეატ მელერთან თანამშრომლობდა და საბჭოთა კავშირში პირველი ლაბორატორია გენეტიკაში სწორედ მან შექმნა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ლაბორატორიაში მეც მოვხვდი და დღემდე ალექსანდრა პრაკოფიევა-ბელგოვსკაიას „ზურგით” დავდივარ. მასთან მუშაობა ადვილი არ იყო - მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ დიდი ცოდნის მატარებელი მეცნიერი გახლდათ. ასპირანტურაში, საკანდიდატო თემის მოძიება მოსკოვში მომიხდა. მახსოვს, ღამეებს ვათენებდი ბიბლიოთეკაში, რომ საინტერესო საკვლევი თემა შემერჩია. ბოლოს შევჩერდი შტეინ-ლევენტალის სინდრომზე - უნდა გამომეკვლია, ამ სინდრომის დროს რა მდგომარეობაში იყვნენ ქრომოსომები. თემაში ახალი მიმართულებებიც ჩავრთე. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სულ მახსოვდა, რომ მე ქართველი ვარ და ყოველთვის ყველაზე მეტს ვმუშაობდი. საინტერესო დაცვა მქონდა. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვას რომ ორი ოპონენტი ჰყავდა, მე სამი მომიჩინეს. მერე უკვე სამეცნიერო ინტერესის ვექტორი დაბერებისკენ გადაიხარა და სადოქტორო სწორედ ამ მიმართულებით დავიცავი პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში)“, - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.
პირველი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტში (დირექტორი პროფ. ჯ. ციციშვილი) და შემდეგ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. ამბობს, რომ აქაც გაუმართლა, რომ ბრწყინვალე მეცნიერისა და პიროვნების - დიმიტრი გედევანიშვილის ფრთის ქვეშ მოხვდა. გენეტიკის პირველი ლაბორატორიაც, პროფესორ ლეჟავას ხელმძღვანელობით, სწორედ სამედიცინო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრა 1975 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ყველა კვლევა და ცდა ამ უნივერსიტეტის ბაზაზე მზადდება და უცხოეთშიც მშობლიური უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ეწევა.

სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიების აცილების საშუალება

პროფესორ ლეჟავას სამეცნიერო ინტერესები მრავალმხრივია. მათ შორის კი თავად გამოყოფს ბოლო პერიოდის კვლევებს, რომლებიც ადამიანის გენომის კვლევას და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების შეჩერებას შეეხება. 
მის მიერ შექმნილია დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც სამ აღმოჩენას მოიცავს: დადგინდა, რომ დაბერების პროცესში ქრომატინის მოდიფიკაცია პირველადია მუტაციებსა (ხარისხობრივი დარღვევების) და რეპარაციასთან (აღდგენის) მიმართებაში, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიების აცილების საშუალებას ქმნის. 
პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ რიგი სინთეზური პეპტიდური ბიორეგულატორების მოქმედებით შესაძლებელია დაბერების პროცესში მოდიფიცირებული ქრომატინის გახსნა, რაც ჩაკეტილ გენთა გამოთავისუფლების წინაპირობაა და, შესაბამისად, გენთა აქტივობის კორექცია დაბერების პათოლოგიების აცილებისა და მკურნალობის საშუალებას ქმნის; თეიმურაზ ლეჟავას მიერ აგრეთვე ნაჩვენებია, რომ პეპტიდური ბიორეგულატორებისა და მძიმე მეტალების კომბინირებული ზემოქმედებით შესაძლებელია დამოკლებული ტელომერის ნორმალიზაცია, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევებში (როდესაც ტელომერები მნიშვნელოვნად დამოკლებულია) და შესაძლებლობას იძლევა დაისახოს გზები ამ პათოლოგიათა განკურნებისათვის.
დაბერების გენეტიკური თეორია და დაბერების პერიოდში ქრომატინის მოდიფიკაციის პროცესი ფართოდ არის გაშუქებული ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ პროფესორ ლეჟავას მონოგრაფიაში. თეორიის დებულებები შეტანილია წამყვან ამერიკელ მეცნიერთა მიერ ქრომატინზე გაკეთებულ სამაგიდე ნაშრომში, როგორც ძირითადი არგუმენტი დაბერების პროცესში ქრომატინის რემოდელირებისა, რაც თავის მხრივ დაბერების განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს; 
„ეს ძალიან აქტუალური თემატიკაა. ამ მიმართულებით ამერიკასა და ევროპაში ძალიან ბევრი მუშაობს და აქ თავის გამოჩენა ძნელია. ამიტომ, თუ ჩვენ დიდ და თამამ ნაბიჯს გადავდგამთ, გვექნება რაღაც ახალი გზა, რომელიც სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. დაბერების გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მიგნება: ჩვენ შევძელით, რომ შეგვეჩერებინა ძუძუს კიბოს განვითარება. მოგეხსენებათ, ავთვისებიანი სიმსივნის შეჩერება წარმოუდგენლად გვეჩვენება და ამას ძალიან ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ ჩვენ რა ცდაც ჩავატარეთ, ხუთი ტესტ-სისტემა, ყველგან დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლა გავაგზავნეთ მონაცემები სინგაპურში (გენომის დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში) და მგონია, რომ დადებითი შედეგი უნდა მივიღოთ“, - ასე „ორი სიტყვით“ გვიხსნის ბატონი თეიმურაზი იმ კოლოსალურ შრომას, რასაც ეწევა და იქვე სიამაყით გვიზიარებს, რომ ყველა ამ კვლევაში პროფ. თ. ჯოხარიძის და კათედრის ყველა თანამშრომლის დიდი წვლილია. რაც შეეხება სტუდენტებს, ძალიან მომზადებული და მოტივირებული თაობა მოდისო, ამბობს და გვიყვება, როგორ ინტერესდებიან ისინი კვლევებით, როგორ სურთ, რომ განვითარდნენ და თავისი პატარა წვლილი შეიტანონ მეცნიერებაში.

ოჯახური გარემო

კითხვაზე, თუ რა იყო მისი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი, რომელმაც ასეთი წარმატება განაპირობა, ბატონი თეიმურაზი დაუფიქრებლად ასახელებს ოჯახს და მეუღლეს, რომელიც სტუდენტობის წლებიდან უდგას გვერდით. ცხადია, ადვილი არაა დიდი მეცნიერის ცოლობა, მაგრამ არც ისაა იოლი - იყო საუკუნის მწვრთნელის, მხატვრულ ტანვარჯიშში ქართული სკოლის დამფუძნებლის, ყველა დონის ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის - ნელი სალაძის ქმარი და მასთან ერთად ატარო უღელი ისეთი სიყვარულით, როგორზეც ახლა ბატონი თეიმურაზი საუბრობს: „ნელი სტუდენტობისას გავიცანი - ერთად ვსწავლობდით. შეუღლებაზე დიდხანს არ გვიფიქრია - მალევე გადავწყვიტეთ. ერთ დღეს მე, ნელი და ერთი ჩვენი მეგობარი წავედით ხელის მოსაწერად. უკან დაბრუნებულები კაფეში დავსხედით და ერთი ბოთლი შამპანური გავხსენით. აღმოჩნდა, რომ რაღაც ძალიან ძვირს შევეპოტინეთ და ჩემი საათის დატოვება დამჭირდა, რომ შემდეგ დღეს დანაკლისი თანხა მიმეტანა. ასე დავიწყეთ თანაცხოვრება. ჩემი მეუღლე უფლისგან დაჯილდოებული ადამიანია. არის ნამდვილი შემოქმედი და ხელოვნებაც კარგად ესმის. ბრწყინვალედ თარგმნის ქართულ პოეზიას, ფლობს რამდენიმე ენას. მას და მის საქმიანობას ყოველთვის ვგულშემატკივრობ“, - ამბობს ბატონი თეიმურაზი და ოჯახზე საუბრისას განსაკუთრებით ამაყობს შვილებით: ნინო სამი შვილის დედა და ნიჭიერი შემოქმედია, ალექსანდრე კი ჩვენი უნივერსიტეტის და სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ის მამის კვალს გაჰყვა, მეცნიერებათა დოქტორია და წლების განმავლობაში მუშაობდა იაპონიაში. დღეს კი უკვე სინგაპურში გენომის ინსტიტუტის ტრანსლაციური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელია და საქართველოშიც ხშირად ატარებს საჯარო ლექციებს. ალექსანდრე ორი ვაჟის მამაა - ნიკოლოზი სწავლობს, ხოლო თეიმურაზ (თემუკა) ლეჟავა საქართველოს ელჩია იაპონიაში.
ევროპის საუკეთესო მეცნიერი ფუნდამენტურ გერონტოლოგიაში აქტიურ მუშაობას აგრძელებს და ფიქრობს, რომ კიდევ ბევრი რამ შეუძლია შესძინოს გენეტიკის მიმართულებას. ამაში ბატონი თეიმურაზ ლეჟავას აქტიური და მიზანმიმართული საქმიანობა გვარწმუნებს და ვფიქრობთ - რა კარგი იქნება მალე დადგეს ის დრო, როცა ქართველი მეცნიერი სიამაყით გვამცნობს - მე დავამარცხე სიმსივნე! მე შევანელე დაბერების პროცესი!

ვრცლად

ცოცხალი კლასიკოსი

გერმანიაში დაბადებული და განათლებამიღებული,
მამის სამშობლოში (საქართველოში) დაბრუნებული, 
ვაჟას ლექსებით „გაგიჟებული“, 
მერაბ მამარდაშვილის მეგობარი...
ფილოსოფოსი, რომლის თითოეული მოხსენება,
თავის დროზე, სადოქტორო დისერტაციის ტოლფასი იყოო, ამბობდნენ...
წერს რომანებს, თხზულებებს, მინიატურებს, ესეებს...
დღეს ის ჩვენს შორის დაიარება...

ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილისა და მარიამ ხეჩინაშვილის ოჯახში. ისტორიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი ტიტე მარგველაშვილი ემიგრაციაში სათავეში ედგა ბერლინის ქართველთა სათვისტომოს; აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციისაგან საქართველოს გათავისუფლებისათვის მოძრაობაში. 1946 წელს მამა-შვილი საბჭოთა ჩეკისტებმა დასავლეთ ბერლინიდან გაიტაცეს ოკუპაციის საბჭოთა ზონაში. მამა თბილისში გადმოაფრინეს და იმავე წელს დახვრიტეს. შვილი საქბენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული თითქმის ორი წელიწადი. 1948 წელს მას ათავისუფლებენ და თბილისში გადმოჰყავთ. საქართველოში გაეცნო ქართულ ლიტერატურას - „ვეფხისტყაოსანს“, ვაჟა-ფშაველას პოემებს, გალაკტიონის ლირიკას, რომლის პოეტიკას მოგვიანებით, 1973 წელს, მიუძღვნა შესანიშნავი ნაშრომი. ქართული ლიტერატურა გერმანულ ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე აღზრდილი მოაზროვნისათვის ნამდვილი აღმოჩენა და ახალი გამოცხადების ტოლფასი იყო. როგორც თვითონ ამბობს: „ვაჟა რომ წავიკითხე, ნამდვილად გავგიჟდიო“. თვითონ თხზავს ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ინტერტექსტს, ვრცელ გერმანულ რომანს, რომელსაც უწოდა „მუცალი“. 1971 წლიდან ბატონი გივი იწყებს მუშაობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც ის პერიოდულად კითხულობდა მოხსენებებს გერმანული ფენომენოლოგიისა და ექსისტენციალიზმის შესახებ. იმ დროს თბილისში გავრცელებული იყო ხმები ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთი უცნაური მეცნიერ-თანამშრომლის შესახებ, რომლის თითოეული წლიური ნაშრომი, თითოეული მოხსენება სადოქტორო დისერტაციის ტოლფასი იყო. ბატონი გივი ქმნიდა და აქვეყნებდა ნაშრომებს ქართულ და რუსულ ენებზე, ხოლო გერმანულ ენაზე დაწერილი ფილოსოფიური ტრაქტატები და რომანები მხოლოდ მის პირად არქივში ინახებოდა. არაოფიციალურ საუბრებში ქართველი კოლეგა-ფილოსოფოსები მის შრომებს ფენომენოლოგიურ ტრადიციას მიაკუთვნებდნენ. ის მართლაც არის ქართული ფილოსოფიური აზრის სამყაროში აღნიშნული ტრადიციის ერთ-ერთი შემომტანი და გამგრძელებელი ზურაბ კაკაბაძესთან და მერაბ მამარდაშვილთან ერთად. გივი მარგველაშვილი ცხოვრობდა შინაგან ემიგრაციაში, როგორც მარტოსული, საკუთარ ტექსტებში ჩაძირული მოაზროვნე, რომელიც გერმანიაში ქართველი ემიგრანტი იყო, ხოლო საქართველოში გერმანელი ემიგრანტი. თავისი რომანი „კაპიტანი ვაკუში“ გააცნო იმჟამად საქართველოში სტუმრად მყოფ დიდ გერმანელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს ჰაინრიხ ბიოლს, რომელმაც ეს რომანი მსოფლიო ლიტერატურის მოვლენად მიიჩნია და შესთავაზა ხელნაწერი გაეტანებინა გერმანიაში გამოსაქვეყნებლად. იმჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, „შინაგან ემიგრაციაში“ მცხოვრები „საეჭვო“ ავტორისაგან ასეთი საქციელი შეფასდებოდა, როგორც სახელმწიფო ღალატი. მარგველაშვილმა შემოთავაზებაზე უარი თქვა.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გივი მარგველაშვილი დაბრუნდა გერმანიაში, მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობა და დამკვიდრდა ბერლინში. აქ გამოქვეყნდა მისი გერმანულ ენაზე შექმნილი რომანები, პიესები, მოთხრობები, შრომები, ესეები და მრავალრიცხოვანი მინიატურები. მარგველაშვილი თხუთმეტიოდე რომანისა და მრავალი ფილოსოფიური ტრაქტატის ავტორია. გერმანიაში მიიღო მან სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოები და ლიტერატურული პრემიები. მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში საჯარო ლექციების ჩასატარებლად. 2012 წელს გოეთეს ინსტიტუტმა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციასთან ერთად დააწესა გივი მარგველაშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც გაიცემა ქართულ-გერმანულ კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის.
გივი მარგველაშვილის შემოქმედების მთავარი თემაა „ინტერტექსტი“ - ყოფიერება, როგორც ტექსტი, ტექსტში ცხოვრება; წიგნის შიდა და გარე სამყარო. წიგნის შიდა სამყაროს ფიგურანტია პერსონაჟი, ხოლო წიგნის გარე სამყაროსი - პიროვნება (პერსონა). პირველი მათგანი თემატიზდება მხატვრულ ტექსტებში, უფრო სწორედ, მეტატექსტებში; ხოლო მეორე - „პერსონა“ (ჰაიდეგერის ტერმინით „ექსისტენცია“) ფილოსოფიურ რეფლექსიაში. ეს ორი სფერო - ადამიანის ყოფიერება და ტექსტში ცხოვრება (ფილოსოფია და ლიტერატურა) - გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში უშუალო ურთიერთკავშირში იმყოფებიან, ისინი ერთმანეთს კითხულობენ და ერთმანეთს განმარტავენ. აქაა მისი შემოქმედების ათვლის წერტილი. თავის ნაწარმოებებს „პოსტ პოსტმოდერნისტულად“ თვლის. „ავტორის სიკვდილის“ შემდეგ თვითამოძრავებული პოსტმოდერნული ტექსტები და მათი პერსონაჟები ჩემთან უფრო დამოუკიდებელი ხდებიანო. წიგნის გმირები იქცევიან სხვაგვარად, ვიდრე უნდა მოიქცნენ სიუჟეტის მიხედვით. ხდება წიგნში მცხოვრებთა გათავისუფლება სიუჟეტის ტირანიისაგან. ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურში“ პოემის დასაწყისშივე ალუდა კლავს მუცალს, თუმცა „მუცალს არა სწადს სიკვდილი“ და გივი მარგველაშვილის „მუცალში“ ის არც კვდება, აგრძელებს ცხოვრებას. ამგვარად გამოხატულია ავტორის კონცეფცია-მოწოდება: „შეაჩერეთ სიკვდილი ტექსტებში!“ რომანში „დიდი კორექტურა“ მე-20 საუკუნიდან უკუღმა უნდა ვიაროთ პირველ საუკუნემდე, რათა მივუსწროთ ჰეროდე მეფის მიერ ყრმათა ჟლეტას იუდეაში, რათა „კორექტირებული“ იქნეს სიუჟეტის სისასტიკე.
„მარადიული ემიგრანტი“ გივი მარგველაშვილი 2011 წელს ბრუნდება, როგორც თვითონ ამბობს, „მამის სამშობლოში“, „მამულში“ - საქართველოში, ცხოვრობს თბილისში. მისი თხზულებების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია. ავტორი ამჟამად 91 წლისაა. იგი ყოველდღიურად შრომობს საკუთარ პაწია ბინაში თავისი შემოქმედების შემაჯამებელი დიდი ტექსტის სრულყოფისა და გამოსაცემად მომზადებისათვის. 
მარტინ ჰაიდეგერისათვის ადამიანური ყოფიერების მოდელია ძველგერმანული გლეხის სახლი და „სახლში ყოფნა“ (zu Hause sein). მასში რამდენიმე განსხვავებული, მაგრამ ტოლძალოვანი შიდა სივრცე, წახნაგია შეწონასწორებული: ფართო და დამრეცი ჭერი (მიწიერება), ჯვარცმა (ზეციური), სააკვნე და საკუბოვე ალაგნი (წუთისოფლობა, დროებითობა). ყოველი პოლუსი თანაბრად მნიშვნელოვანი და ცენტრალურია, არც ერთს აქვს უპირატესობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახლს არ გააჩნია გამაერთიანებელი ცენტრი. გივი მარგველაშვილი ამაში ხედავს ჰაიდეგერის მოძღვრების უკმარისობას. დრონი მეფობენ; დროულად ხდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება ხან აკვანზე (შობაზე), ხანაც კუბოზე (სიკვდილი), მაგრამ ეს არასდროსაა ხანგრძლივი და ხანიერი. ყოფიერების ფუძე-ცენტრი ყოველთვის (მარადიულად) კვლავ ბრუნდება სახლის სასადილო მაგიდასთან, საერთო სერობაზე, ტრაპეზზე, ევქარისტიაზე, იქ, სადაც ტყდება „პური ჩვენი არსობისა“. „ცენტრის“ ასეთი გაგება განასხვავებს გივი მარგველაშვილის კონცეფციას დიდი გერმანელი ექსისტენციალისტის მოძღვრებისაგან. აქ ისინი ერთმანეთს შორდებიან. მათ სიშორეში შენარჩუნებულია „დისტანციის პათოსი“, რომელიც გამოითქმება ჰერაკლიტეს სიტყვებით, მასთან სახლში სტუმრად მისულ უცხოელებს რომ უთხრა: „ნუ გეშინიათ, ღმერთები აქაც არიან!“

ფილოსოფოსი „შინაგანი ემიგრანტია

ინტერვიუ გივი მარგველაშვილთან

2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოიცა ინგლისურენოვანი წიგნი „ფილოსოფია საქართველოში: ნეოპლატონიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე“, რომლის ერთი თავი გივი მარგველაშვილს ეძღვნება. ამ თავის ავტორები არიან პროფესორები ანასტასია ზაქარიაძე და ირაკლი ბრაჭული, რომლებიც 2019 წლის 11 მარტს ბინაში ესტუმრნენ გივი მარგველაშვილს. ფილოსოფოსთან პროფესორების ცოცხალი ინტერვიუ შედგა, რომელსაც გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ უცვლელად გთავაზობთ. 
- ბატონო გივი, ძალზედ გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც ფილოსოფიამ ძველი ფუნქცია დაკარგა და აღარაფერი აქვს სათქმელი. ამიტომაც აღარ არიან ჩვენს შორის პლატონები და ნეტარი ავგუსტინეები. თითქოს მას შემდეგ, რაც ჰეგელთან დამთავრდა კლასიკური სისტემების შექმნა, ფილოსოფია შექსპირის „მეფე ლირივით“ სამეფოს გარეშე დარჩა; 21-ე საუკუნეში მისი ადგილი სამსახურიდან გადამდგარი ხანდაზმული პენსიონერივით მოხუცებულთა თავშესაფარშია. ნიცშეს ზარატუსტრა შეხვდა პენსიაში გასულ უსაქმოდ დარჩენილ რომის პაპს. რაღაც მსგავსი ხომ არ დაემართა ფილოსოფიას?
- ეს შეხედულება არ არის სწორი. ჭეშმარიტების თანამედროვე გამოვლინებანი კონკრეტულია, ამიტომ მისი გამომხატველიც კონკრეტული ფილოსოფიაა და არა ცნებებით ჟონგლიორობა. ედმუნდ ჰუსერლმა და მარტინ ჰაიდეგერმა შეცვალეს ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე და აზროვნებაზე. ფენომენოლოგიური მიმდინარეობის ნიადაგზე სრულიად ახალი, უცნობი ვითარებანი გამოავლინა XX საუკუნემ. 
- სხვები?
- კი, როგორ არა, არიან სხვა ნამდვილი ფილოსოფოსებიც, საფრანგეთში ფილოსოფიის უახლესი ტალღა; ძალიან საინტერესოა რელიგიური ფილოსოფიის გამოცდილება. საჭიროა გლობალურად შევხედოთ ფილოსოფიას, როგორც საერთო ევროპულ ღირებულებას. ამ „საერთო ევროპული ღირებულების“ ნაწილია ქართული ფილოსოფიური აზრიც იოანე პეტრიწის ნეოპლატონური მოძღვრებიდან დღევანდელობამდე.
- თქვენზე და მერაბ მამარდაშვილზე ამბობენ, რომ შეიძლება მიგაკუთვნოთ პოსტმოდერნისტულ ფილო-სოფიას. ერთერთ ინტერვიუში საკუთარ ტექსტებზე საუბრისას იხმარეთ ტერმინი „პოსტ პოსტმოდერნისტული“. რას ფიქრობთ ამაზე?
- კარგს ვფიქრობ! თვითონ პოსტმოდერნულობა შინაგანად გულისხმობს თავისივე „პოსტ-პოსტ“-ს და ა.შ. 
- ბატონო გივი, რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ ფილოსოფოსებს?
- ვუსურვებდი ყველაფერს კარგს. ვურჩევდი ის აკეთონ, რაც უნდათ. ახსოვდეთ, რომ კლასიკა მნიშვნელოვანია, მთავარი საზრდო იქაა. 
- ურჩევდით, ევროპაში ან ამერიკაში ისწავლონ ფილოსოფია? ეს აუცილებელია? 
- შეიძლება აქ იყო, მაგრამ სინამდვილეში „არ იყო აქ“. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. „შინაგანი ემიგრაცია“ ფილოსოფოსის ბედივითაა.
- გერმანიიდან სამშობლოში თქვენს დაბრუნებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?
- საქართველო ჩემი სამშობლო კი არ არის, არამედ Vaterland-ია, „მამის სამშობლო“, მამაჩემის სამშობლოა. ქართული ენა ხომ უცხო ენაა ჩემთვის. ჩემი ბავშვობა და მოზარდობა გერმანიაში, ბერლინში ორმაგი ემიგრანტობა იყო. ეზოში, სკოლაში ბავშვები, თანატოლები ყიჟინით დამდევდნენ როგორც უცხო, უცნაური გვარის მქონე არსებას. უცხოს არმიღება ზემოდან ინერგება ხალხში. დღესაც ასეა. მაშინ მე ერთადერთი ორმაგი ემიგრანტი ვიყავი გერმანიაში. დღეს იქ ათასობით არიან ჩემი ბედით მცხოვრები ქართველები. 
- იქ, გერმანიაში ქართული წერა-კითხვა იცოდით? ქართული წიგნები არ გქონდათ?
- საიდან?! საქართველოში რომ ჩამომიყვანეს, მერე წავიკითხე რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი...…
- რა შთაბეჭდილება მოახდინა?
- კინაღამ გავგიჟდი (იცინის).
- თქვენ შექმენით რომანი „მუცალი“. ვაჟას პოემის დასაწყისშივე ალუდა კლავს მუცალს. მაგრამ იგი თქვენს ტექსტში აგრძელებს თავის უცნაურ „ექსისტენციას“. მაშასადამე, თქვენი ნაწარმოები ვაჟა-ფშაველას პოემის ინტერტექსტია?
- რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი ვერსიაა.
- „ალუდა ქეთელაური“ დიადი ქრისტიანული ტექსტია. შეიძლება პირობითად ითქვას, რომ ის სახარების ქართული ვერსიაა. ალუდას ისევე მოკვეთენ შატილიონები, როგორც იესო მოკვეთა იუდეველთა თემმა. მართლაც საოცარი პარალელებია. 
- ეგ არის პრივატული საქმე. რას წარმოადგენს ვაჟა ჩემთვის, ესაა ამოსავალი. თუ შენ სულით და გულით ხარ, მაშინ ეს ყოფილა შენი ბედი. ამ მხრივ ეკლესია უნდა გახდეს უფრო კონკრეტული. ეს ხომ არმია არ არის. ანდა არის „არმია“, ოღონდ „პრივატული არმია“; თუ ასე არ არის, მაშინ არასწორია.
- დავუბრუნდეთ თქვენს მარადიულ ემიგრანტობას.
- თვითონ ერიც, თვით ღვთის რჩეული ერიც ემიგრანტობს, - ჯერ ეგვიპტის ტყვეობაშია, მერე უდაბნოში ხეტიალობს. ყველა დიდი ფილოსოფოსი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი ყველგან წუთისოფელში არის „შინაგანი ემიგრანტი“. 
თუ ასე არა ხარ, მაშინ არა ხარ ფილოსოფოსი!

ვრცლად

არნოლდ გეგეჭკორის მორიგი სამეცნიერო აღიარება

მიმდინარე წლის სექტემბერში ლონდონში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია მცენარეთა მეცნიერებებსა და მოლეკულურ ბიოლოგიაში (Plant Science and Molecular Biology (GPMB 2019), სადაც მოხსენების წასაკითხად მიწვეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი. 
ბატონი არნოლდის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართოა - იგი წლების განმავლობაში იკვლევს ისტორიულ გეოლოგიასთან, პალეონტოლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან, პალეოანთროპოლიგიასთან, გეოგრაფიასთან, ბიოლოგიასთან, ეკოლოგიასთან, ეთნოგეოგრაფიასთან, ბიოგეოგრაფიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებებით არა ერთი ღირებული სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორია (საკმარისია დავასახელოთ მისი ფუნდამენტური ნაშრომები „დედაბუნება“ (2003-2005; სასკოლო სახელმძღვანელოების სერია), „ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია“ (2011) და „ბიოგეოგრაფია“, რომელიც 40 წლის განმავლობაში იწერებოდა და 2008 წელს უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა).
პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი პირველი ქართველი ბუნებისმეტყველია, რომელმაც სამეცნიერო მივლინებები საველე პირობებში გაატარა და დედამიწის ხუთი კონტინენტის ყველა ბუნებრივი ზონა შეისწავლა. მისი არც ერთი წიგნი არ ეყრდნობა მხოლოდ თეორიას, ყველა ნიმუში და მაგალითი, რომელზეც წერს (და ეს უიშვიათესი სამეცნიერო მასალაა), საკუთარი თვალით უნახავს და შეუსწავლია. თავად ამბობს, ამ კონტინენტებზე ფლორისა და ფაუნის ნებისმიერი ნიმუში პირველს თუ არა, მეორეს ან მესამეს მაინც მინახავსო... მისი წიგნების და თანდართული ფოტომასალის გაცნობა ამაში ადვილად დაგარწმუნებთ. 
მან შეისწავლა დედამიწის ყველაზე გრძელი მდინარის - ნილოსის და ყველაზე დიდი წყალშემკრები მდინარის - ამაზონის სათავეები, ყველაზე დიდი ტბები: ბაიკალი და ტანგანიკა, მაღალმთის ყველაზე დიდი ტბა – ტიტიკაკა (სამხრეთ ამერიკა), ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალპური ტბა ტაჰო, ყველაზე მლაშე ტბებიდან - ნატრონი (კენია), ყველაზე გრძელი ჩანჩქერებიდან - იოსემიტი, ყველაზე დიდი უდაბნოებიდან – საჰარა (აფრიკა), ყარაყუმი (ცენტრალური აზია) და კიდევ ბევრი რამ არაცოცხალი ბუნებიდან. 
არნოლდ გეგეჭკორმა დაკვირვებები აწარმოვა ცოცხალი ბუნებიდან: რელიქტურ სექვოიასა და სექვოიადენდრონის ტყეებში (კალიფორნია, აშშ), სამეფო ევკალიპტის ტყეებში (ტასმანია), ყველაზე პრიმიტიულ ძუძუმწოვრებზე (ავსტრალია), ტროპიკულ ტყეებზე, ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე.
იგი ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე: აშშ-ში (ატლანტის უნივერსიტეტი), ავსტრალიაში (სიდნეი – ახალი უელსის უნივერსიტეტი, მელბურნი – მონაშის უნივერსიტეტი), ახალ ზელანდიაში (ოკლენდის უნივერსიტეტი), აფრიკაში (კენია - ნაირობის უნივერსიტეტი, ტანზანია – დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი), მექსიკაში (მეხიკო-სიტის აგრარული უნივერსიტეტი), ეკვადორში (კიტოს უნივერსიტეტი).


NOVA და SPRINGER კავკასიის ბიომებსა და რეფიგიუმებზე

ამ ეტაპზე არნოლ გეგეჭკორის ნაშრომები ისეთი დიდი გამომცემლობების ყურადღების ქვეშ მოექცა, როგორებიცაა NOVA და SPRINGER.
„კავკასიის ბიომები“ - ესაა მონოგრაფია, რომელსაც სულ მალე გამოსცემს ამერიკული გამომცემლობა NOVA. რამდენიმე დღის წინ ბატონმა არნოლდმა წიგნის რედაქტორის, ლონდონის უნივერსიტეტის მოკრობიოლოგიის კათედრის გამგის ტრევორ კერტლიჯის (Trevor Cartledge) წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „თქვენი წიგნი - „კავკასიის ბიომები“ არის ყველაზე დეტალური და საინტერესო ნაშრომი, რომელზეც მიმუშავია. ვისწავლე უამრავი ახალი რამ, რაც, როგორც ბიოლოგმა, არ ვიცოდი“. წიგნი 625-გვერდიანია. იგი მოიცავს კავკასიის რეგიონს და 6 წლის განმავლობაში იწერებოდა.
რაც შეეხება გამომცემლობა SPRINGER-ს, მას უკვე მზად აქვს და წლის ბოლოს გამოსცემს არნოლდ გეგეჭკორის წიგნს „კოლხეთისა და ჰირკანის რეფიგიუმები: შედარებითი ანალიზი“. წიგნი მასშტაბურია და მოიცავს კავკასიის ეკორეგიონს (კავკასია - კასპიისპირა ირანი და კავკასია - შავი ზღვისპირა თურქეთი). 
როგორც პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი წიგნზე საუბრისას აღნიშნავს, ოთხჯერადი გამყინვარების (ბოლო ერთი მილიონი წლის განმავლობაში) შედეგად, ევროპასა და დასავლეთ ევრაზიის ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ამოწყდა და გადაშენდა ძველი ორგანიზმები. ისინი გადარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ კლიმატურ თავშესაფრებში (რეფიგიუმებში), რომლებიც მეტნაკლებად ჰგავს 10-15 მილიონი წლის წინანდელ კლიმატურ პირობებს. კავკასიის ეკორეგიონში ორი ასეთი მნიშვნელოვანი თავშესაფარია: კოლხეთის (აქვე განვმარტავთ, რომ თავშესაფარი ყოველთვის ოკეანური კლიმატის მქონე ქვეყნებში არის. შავი ზღვა, ამ შემთხვევაში, ითვლება ოკეანური კლიმატის მქონე ზღვად, რადგან ის გაუყინავი ზღვაა და ზამთარში მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს აძლევს ტენს) და ჰირკანის (კასპიისპირა მიმდებარე ნაწილი). წიგნში პირველადაა შედარებული ეს ორი რეფიგიუმი და გაანალიზებულია, რომელმა რამდენი და რა ფესვების ორგანიზმები გადაარჩინა. მაგალითად, კასპიისპირა რეგიონმა გადაარჩინა უფრო ტროპიკული და სუბტროპიკული ორგანიზმები, რომელიც სამხრეთ აზიიდან თანდათანობით შემოდიოდნენ და კასპიისპირა ამ რეგიონში მკვიდრდებოდნენ (მაგალითად, ცხოველებიდან - მაჩვზღარბა, მცენარეებიდან კი კლედიჩია, ალბიზია და სხვა ტრანსგლობალური ოჯახის წარმომადგენელი პარკოსანი მცენარეები), ხოლო შავიზღვისპირეთმა გადაარჩინა ნაკლებად ტროპიკული და სუბტროპიკული ორგანიზმები (მაგალითად, დედამიწის პირველი ფოთოლმცვივანი მცენარე, ასევე პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი, წყავი, შქერი და სხვ.) ესენი ქმნიან მარადმწვანე ტყეებს. „ამას ჩვენ ვიზუალურად ვუყურებთ და ჩვეულებრივად მივიჩნევთ, მაგრამ მეცნიერებისთვის - ყოვლად არაჩვეულებრივია, რადგან ეს მარადმწვანე ორგანიზმები წავიდნენ და გაშენდნენ ისეთ ლოკალურ ადგილებზე, როგორიცაა იბერიის ნახევარკუნძული (მასაც ატლანტის ოკეანე ესაზღვრება) და აპენინები. ამდენად, ამ ორ თავშესაფარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალთახედვით ეს საკითხი დღემდე არ იყო შესწავლილი“, - ამბობს არნოლდ გეგეჭკორი.


ხუთი სხვადასხვა პრიზი პაკისტანის ტრანსაზიური კონგრესიდან

სამეცნიერო კვლევების ფართო არეალის გამო, პროფესორ არნოლდ გეგეჭკორის ნაშრომებით სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის თუ კონგრესის ორგანიზატორები ინტერესდებიან. ბოლო პერიოდში მისი, როგორც მეცნიერის, წარმატებების ნუსხას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება შეემატა - არნოლდ გეგეჭკორმა პაკისტანის ტრანსაზიურ კონგრესზე ხუთი სხვადასხვა პრიზი (საუკეთესო მოხსენების, პლენარული სხდომის საუკეთესო თავმჯდომარის, საუკეთესო იმპროვიზებული მოხსენების, სტუდენტებთან საუკეთესო კომუნიკაციის და კონფერენციის მონაწილე ქალთა მიერ დაწესებული პრიზი) დაიმსახურა.
რატომ იწყება გამყინვარება, რა არის ამის მიზეზები და რატომ არსებობს გამყინვარებებს შორის დათბობის გლობალური ფაზები? - ეს გახლდათ მოხსენების ძირითადი არსი. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან გლობალური დათბობა სიღრმეში შედის, მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მშრალი რეგიონების კიდევ უფრო გამშრალება, როგორიც არის პაკისტანი. „ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა დათბობა - თუნდაც 3-4 გრადუსით ტემპერატურის მომატება. ამის ფონზე, წყალუხვ ქვეყნებს შეუძლიათ, თუნდაც, სასმელი წყლით მოამარაგონ მრავალმილიონიანი თუ მილიარდიანი ქვეყნები, რომელთაც წლების შემდეგ წყლის დეფიციტი გაუჩნდებათ. საქართველო ამ მხრივ ძალიან მომგებიანი ქვეყანაა. მე მათ მივაწოდე რეალური ციფრი, რომ საქართველოს შეუძლია დიდი კავკასიონის მყინვარებიდან და მცირე კავკასიონის მყინვარებიდან ყოველწლიურად დიდი რაოდენობით სუფთა წყალი დაამზადოს. მოხსენების ლაიტმოტივი ძირითადად ეს იყო, მაგრამ ამას სჭირდებოდა ე.წ. საფუძველი, თუ რატომ არის კავკასია ასეთი და მოხსენების დროს შენ ამას თანდათან უჩვენებ, უდასტურებ. პაკისტანელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ეს მოხსენება“, - აღნიშნა არნოლდ გეგეჭკორმა. 
სწორედ ეს იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ქალთა უნივერსიტეტისთვის, სადაც კონგრესის მეორე დღეს არნოლდ გეგეჭკორი მიწვეულ იქნა საჯარო ლექციის წასაკითხად. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ოთხი მილიარდი წლის ისტორია, დინოზავრების წარმოშობისა და გადაშენების მიზეზები, ძუძუმწოვრების გათავისუფლება ბიოლოგიური წნეხისგან, პრიმატების განვითარება და ორფეხა არსების - ადამიანის წარმოშობა, მისი ევოლუცია, რომელიც 7-8 სახეობას ითვლის, კლასიკური ტრიადის - ჰომო ჰაბილისის (ანუ რომელმაც ქვა დაიჭირა), ჰომო ერექტუსის (რომელიც ხერხემალში გაიმართა) და ჰომო საპიენსის (რომელიც ცნობილია, როგორც გონიერი არსება) განვითარების თავისებურებები თანამედროვე ადამიანამდე, გლობალური დათბობა და მისი შედეგები - ეს იყო ლექციის ძირითადი თემა, რომელმაც სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. 
„პაკისტანს ისე უყურებენ, თითქოს დაბალგანვითარებული ქვეყანაა. სინამდვილეში მათი ტექნოლოგიური განვითარების დონე ძალიან მაღალია. მქონდა საშუალება, ჯერ კიდევ 3 წლის წინ მენახა მათი ლაბორატორიები და სელექციის სადგურები, სადაც მშრალ კლიმატსა და ნიადაგზე მორგებული მცენარეები გამოჰყავთ და უნდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ინტერდისციპლინურობა სამეცნიერო კვლევებში და, ვფიქრობ, ამიტომაც სურთ უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ ჩვენს უნივერსიტეტთან, ფაკულტეტთან და მიმართულებასთან. მე უკვე გავუგზავნე ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს წერილი, სადაც ვაცნობებ ამ ვიზიტის შესახებ და ვწერ, რომ, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შემოთავაზების საფუძველზე, შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს პაკისტანის ქალთა უნივერსიტეტთან, ფაისალაბადის (საუნივერსიტეტო ქალაქია პაკისტანში) უნივერსიტეტთან და ჩინეთის ქალაქ ლანჯოუს უნივერსიტეტთან (Lanzhou University)“, - გვითხრა არნოლდ გეგეჭკორმა. 
როგორც აღვნიშნეთ, წლის ბოლოს გამომცემლობა SPRINGER არნოლდ გეგეჭკორის წიგნს - „კოლხეთისა და ჰირკანის რეფიგიუმები: შედარებითი ანალიზი“ - გამოსცემს, მანამდე კი, ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, სექტემბრში არნოლდ გეგეჭკორი კიდევ ერთხელ წარადგენს საქართველოს საინტერესო სამეცნიერო მოხსენებით.

ვრცლად

მეორე სადოქტორო ხარისხი და ლელა ჯანაშვილის სამეცნიერო ცხოვრების რიტმი

იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში მეორე სადოქტორო ხარისხი დაიცვა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართული სამართლის ისტორიაში, როდესაც ქართველმა მკვლევარმა ესპანური სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო ესპანეთში. ლელა ჯანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიურ საქმიანობას 2009 წლიდან ეწევა და პარალელურად თსუ-ის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

- ქალბატონო ლელა, რატომ გადაწყვიტეთ მეორე სადოქტორო ხარისხის მიღება და რა საკითხს ეხება თქვენი კვლევა?
- პირველად სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს დავიცავი. კვლევის თემა ეხებოდა ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემებს ესპანეთის მაგალითზე. სწორედ აქედან დავუკავშირდი პირველად ესპანეთს, შემდეგ კავშირები გაფართოვდა და გადავწყვიტე მეორე დისერტაციის გაკეთება. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 22 მარტს დოქტორის ხარისხი მომანიჭეს. დისერტაცია ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტში შევასრულე. სადოქტორო პროგრამის სახელია „ადამიანის უსაფრთხოება და გლობალური საჯარო სამართალი“. ეს არის პროგრამა, რომლის ცენტრში ადამიანის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხებია გლობალურ საჯარო სამართლებრივ სივრცეში, ანუ ეს პროგრამა მთლიანად ფოკუსირებულია XXI საუკუნის გლობალიზაციის გამოწვევებზე. მას ადმინისტრაციული სამართლის კათედრის ხელმძღვანელი მანეულ ბალბემ მალოლი ხელმძღვანელობს. ჩემი დისერტაციის თემა ადამიანის უსაფრთხოება და XXI საუკუნის თანამედროვე მონობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პრევენცია გახლდათ და ხელმძღვანელობას გაეროს ექსპერტი, თანამედროვე მკვლელ რობოტთა კომისიის წევრი, პროფესორი როსერ მარტინესი მიწევდა. 
- საინტერესოა, როგორ შეუთავსეთ ერთმანეთს კვლევითი საქმიანობა ესპანეთში და აკადემიური მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
- შეთავსება, რა თქმა უნდა, რთული იყო, განსაკუთრებით პირველი ორი წელი, როდესაც სასწავლო კომპონენტის შესრულება მიწევდა. სწავლა დისტანციურადაც იყო შესაძლებელი, თუმცა დიდხანს გაგრძელდა. 7 წელი დამჭირდა, რომ დისერტაცია სასურველ შედეგამდე მიმეყვანა. შეფასება იყო უმაღლესი. 
- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ სადოქტორო კვლევის შესრულებისას?
- ვფიქრობ, რომ ადამიანის შინაგანი მოტივაციაა მთავარი, განვითარების, მეტის გაგებისა და სწავლის სურვილი. მუშაობის პროცესში საინტერესო ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შინაარსის ინტერდისციპლინური კვლევისათვის. ახლა ვმუშაობ დისერტაციის ქართულ ვერსიაზე. სრული მოცულობით არა, მაგრამ ვაპირებთ ძირითადი ასპექტების ქართულ ენაზე გამოცემას. 
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორ აპირებთ ესპანურ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
- ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტთან, სადაც მეორე სადოქტორო ხარისხი დავიცავი, 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და შედეგად ესპანური სამართლის ინსტიტუტი დაარსდა. მისი აკადემიური დირექტორი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. ვმუშაობთ ერთობლივ პროექტებზე, გამოვეცით მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიათა კრებულები. დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი პროფესორები ჩვენთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თანამშრომლობენ. სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის შედეგები. გამარჯვებულთა შორის არის ჩვენი ფაკულტეტის მიერ მომზადებული კომბინირებული ღონისძიების (სეზონური სკოლა და კონფერენცია) საგრანტო პროექტი თემაზე „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო“, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც ვარ. პროექტში მონაწილეობს 10 უცხოელი ექსპერტი ბარსელონას ავტონომიური, ლა კორუნას და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტების პროფესორები.
- კვლევას რა მიმართულებით გააგრძელებთ?
- რამდენიმე დღის წინ ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების დაზუსტებისა და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შესამუშავებლად სამეცნიერო სემინარი გავმართეთ. იმდენად დავინტერესდი ლინგვისტური პრობლემატიკით, თანაც ჩემი პროფილიც სამართლის თეორიული საკითხებია, რომ ვაპირებ ამ მიმართულებით კვლევა განვახორციელო.

ვრცლად

საჯარო ლექციები ქალთა უფლებებისთვის

რაც უნდა გასაკვირი იყოს, 21-ე საუკუნეშიც, რომელსაც ხშირად „ქალების საუკუნეს“ უწოდებენ, ქალთა უფლებები და მათი დაცვა კვლავ გლობალურ პრობლემად რჩება. საქართველოში, სადაც ქალთა უფლებების დაცვის საკითხი კვლავ აქტუალურია, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ანთელავა წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. მისი კვლევის სფერო მოიცავს ქალთა ისტორიის საკითხებს, ამერიკის კულტურული მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა თანასწორობის საკითხების კვლევას.
2012 წელს ქეთევან ანთელავამ მონაწილეობა მიიღო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროგრამაში „შეერთებული შტატების შესწავლის ინსტიტუტი (SUSI) - ამერიკის კულტურა და საზოგადობა“, რომელსაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ამერიკაში მიღებული გამოცდილების რეალიზაციის პროცესში: 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1830-1930-იანი წლების ამერიკელ მეცენატ ქალთა მოღვაწეობაზე და გახდა პირველი დოქტორი ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. დისერტაცია ეყრდნობოდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და სმითსონიანის მუზეუმში მოპოვებულ საარქივო მასალების ანალიზს. უკვე მრავალი წელია, ქეთევან ანთელავა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებს სტუმრობს და გამოდის მოხსენებებით ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ამერიკელ ქალთა საქმიანობის შემდგომი შესწავლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მან შექმნა ორიგინალური სალექციო კურსები: ინგლისურენოვანი „ამერიკელ ქალთა ნარატივები“ და „ქალთა თანასწორობა, რასიზმი და უმცირესობათა პრობლემები თანამედროვე ამერიკაში“. 
23-24 მარტს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა (NYU) ფლორენციულ ფილიალ ვილა ლა პიეტრაში უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ამერიკული ინსტიტუტები, ფასეულობები და მიდგომები“.
„კონფერენცია ძალიან წარმომადგენლობითი იყო და მასში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკვლევარი, რომლებიც სხვადასხვა დროს, ჩემს მსგავსად, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეები. ჩვენ ყველას ნიუ იორკის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მულტინაციონალური ინსტიტუტი (MIAS) გვაერთიანებს. კონფერენციის თემატიკა გამორჩეულად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ამერიკული დემოკრატიული ფასეულობები, კულტურული მრავალფეროვნება, ლიტერატურა, ქალთა თანასწორობის საკითხები, ენის სწავლების მეთოდოლოგია და სხვა“, - ამბობს ქეთევან ანთელავა.
ამ საერთაშორისო ფორუმზე ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთევან ანთელავამ წარმოადგინა მოხსენება მულტიკულტურალიზმის პრობლემებსა და მათ გადაჭრაში ამერიკელი მეცენატი ქალების როლზე, რომელმაც ცხოველი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია.

* * *
8 და 13 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქეთევან ანთელავამ წაიკითხა საჯარო ლექციები თემაზე: „მაისიც ქალთა ისტორიის თვეა. ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის 100 წელი: ელიზაბეტ ქეიდი სტენტონიდან გერტრუდ ვანდერბილტ უითნიმდე“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე უმაღლესის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. საჯარო გამოსვლა შეეხებოდა, ერთი მხრივ, ამერიკელ სუფრაჟისტ და სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლ ქალებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქალებს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ხელოვნების პროპაგანდით და მეცენატობით 100 წლის მანძილზე, 1840-1940-იან წლებში. პოზიცია, რომელსაც ქეთევან ანთელავა იცავს, იმაში გამოიხატება, რომ ფემინიზმი არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, არამედ, საერთოდ, ყველა იმ ქალს, ვინც იბრძვის სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობისათვის. ლექცია უხვად იყო გაჯერებული ქართული პარალელებით.
„ტრადიციულად, მარტი ამერიკაში ქალთა ისტორიის თვეა და რიგითი თუ ცნობილი, თანამედროვე თუ ისტორიული ფიგურების გახსენებას, მათი საქმიანობის ანალიზსა და პოპულარიზაციას ეძღვნება. მაგრამ ქალთა პრობლემებსა და მიღწევებზე საუბრისთვის ერთი თვე საკმარისი არ არის და ამისთვის ყველა თვე უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნავს ქეთევან ანთელავა.
მკვლევარი გეგმავს ასეთსავე საჯარო გამოსვლებს ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. სამომავლოდ, აგრეთვე განზრახული აქვს ახალი საჯარო ლექციების ციკლით წარდგეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც ამერიკელ ქალთა მოღვაწეობას შეეხება.

ვრცლად

აკადემიკოსები უნივერსიტეტიდან

ახლად არჩეული 5 აკადემიკოსი თსუ-დან

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიის ახალი ნამდვილი წევრები აირჩია. არჩეული აკადემიკოსებიდან 5 მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია: გეოლოგიის მიმართულებით აკადემიკოსის სტატუსი პროფესორ დავით ლორთქიფანიძეს მიენიჭა, დემოგრაფიის მიმართულებით - პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში - პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს, აკადემიკოსი ნოდარ კეკელიძე ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით აირჩიეს, „ენა, ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურის“ სფეროში კი აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი გახდა. შეგახსენებთ, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ წევ­რად (ა­კა­დე­მი­კო­სად) შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩიონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“ (ამონარიდი აკადემიის წევრად არჩევის მოთხოვნიდან). 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, სადაც აკადემიის ახალი ნამდვილი წევრები აირჩიეს, 2018 წლის 26 დეკემბერს გაიმართა.


* * *

„შედეგი მაშინ არის ღირსსაცნობი და თვალსაჩინო, როცა ის საკადრისი პროცესის დასასრულია. ამდენად, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო, რომ ეს პროცესი ზედმიწევნით აკადემიური, ჰუმანური და მართებული ყოფილიყო, დაწყებული აკადემიის ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული აკადემიკოსთა საერთო კრებით, რომელიც 26 დეკემბერს შედგა. ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებული მადლობა აკადემიის იმ განყოფილებას, რომელმაც ერთადერთ ვაკანსიაზე ხმათა უმრავლესობით ამირჩია 18 დეკემბერს. ვსარგებლობ შემთხვევით და პატივისცემას გამოვხატავ იმ თორმეტი მეცნიერის მიმართ, ჩემთან ერთად რომ მონაწილეობდა კონკურსში სპეციალობით „ენა, ლიტერატურა, კულტურა“.
კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოწვევა იყო, მასში გამარჯვება - უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი მიზანია, მეტი სიკეთე შევძინო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და უფრო ფართოდ გავუთქვა მას სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. 
და ბოლოს, გამორჩეული მადლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც მე, როგორც მისი პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი, კონკურსში წარმადგინა“, - აღნიშნა აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა. 
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილად წევრად არჩევა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ის, რომ დემოგრაფიის დარგში გამოიყო სპეციალური ადგილი და ამ მიმართულებით მე ამირჩიეს. აკადემიის წევრად არჩევა დამატებით შესაძლებლობას მომცემს, რომ დემოგრაფიის დარგის განვითარებას ხელი უფრო მეტად შევუწყო. ამ დარგს ეს სჭირდება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა,“ - განაცხადა აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ. 
„ქართველი მეცნიერისთვის ეს ყველაზე დიდი აღიარება და პატივია - იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, მთავარ პრობლემად რჩება ადამიანის ევოლუცია და მისი ბუნებრივი გარემო, ვმუშაობ უძველესი დომესტიკაციის, უძველესი მიწათმოქმედების გაჩენის საკითხებზე. ვხელმძღვანელობ პროგრამას, რომელიც არის უძველესი ღვინის წარმოშობასთან დაკავშირებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების კომუნიკაცია. ეროვნული მუზეუმი გახლავთ ის პლატფორმა, საიდანაც ხდება სამეცნიერო ცოდნის გავრცელება და ვცდილობ, რომ ამან სისტემური ხასიათი მიიღოს“, - აღნიშნა აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ.


ვინ რა დამსახურებისთვის გახდა აკადემიკოსი?

აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1978 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, რომელიც XX საუკუნის ინგლისური და ამერიკული ლექსის ლინგვო-სტილისტიკურ ანალიზს მიეძღვნა. 1980 წლი­დან მუშაობას იწყებს სადოქტორო დისერტაციაზე დიდი რუსი ანგლისტისა და ლექსიკოგრაფის ილია გალპერინის ხელმძღვანელობით. ნაშრომის მიზანია, ინ­გ­ლი­სე­ლი პო­ე­ტის ჯორჯ გორ­დონ ბა­ი­რო­ნის პოეზიის მა­გა­ლით­ზე, ტექ­ს­ტის ლინ­გ­ვის­ტი­კური და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბითი კვლე­ვის ჩატარება. ბაირონით შთაგონებული ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი პარალელურად იწყებს ბაირონის ქარ­თუ­ლ თარ­გ­მ­ანზე მუშაობას და ეტაპობრივად მისდამი მიძღვნილ 5 წიგ­ნს გა­მოს­ცემს. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში საკ­ვ­ლე­ვი ტექ­ს­ტი სცდე­ბა ბა­ი­რო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ს და XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ, ინ­გ­ლი­სურ და რუ­სულ პო­ე­ზი­ას მო­ი­ცავს. კვლე­ვა პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ლინგვო-სტილისტიკური ანა­ლი­ზის ახალი მე­თო­დო­ლო­გი­ის შექ­მ­ნას გუ­ლისხმობს.
ენათმეცნიერების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ინესა მერაბიშვილის კონცეფცია სიტყვის მნიშვნელობის, სემური ანალიზისა და ლინგვისტური ხატის გამოყოფის შესახებ. ეს საკითხი ვრცლად განხილულია მის სადოქტორო დისერტაციაში, რომლის ინგლისურენოვანმა ავტორეფერატმა მსოფლიოს წამყვანი არაერთი დიდი ლინგვისტის მაღალი შეფასება დაიმსახურა. 
1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინე­სა მე­რა­ბიშ­ვი­ლმა დააფუძნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­ი­რო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ბაირონის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ თა­ვის და­მო­უ­კი­დე­ბელ წევ­რად აღი­ა­რა. იქიდან მოყოლებული დღემდე ქალბატონი ინესა მერაბიშვილი საქართველოში ამ საზოგადოების პრეზიდენტი, ხოლო 1995 წლიდან ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრია. 
2005-2009 წლებ­ში ივ. ჯა­ვახიშ­ვი­ლის სახელო­ბის თბი­ლი­სის სახელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე პროფესორი ინესა მერაბიშვილი აფუძ­ნებს სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მას „თარ­გ­მა­ნი და კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“ (ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენე­ბის ბა­ზა­ზე) და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას „თარ­გ­მან­მ­ცოდ­ნე­ო­ბა“, რომელთაც დღემ­დე თავად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. 2011-2012 წლებ­ში სა­თა­ვე­ში ედ­გა თარ­გ­მა­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­ს­ტი­ტუტს, ხოლო 2012 წლი­დან დღემ­დე არის მისივე დაარსებული თარ­გ­მან­მ­ცოდ­ნე­ო­ბის კა­თედ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­სავ­ლე­თევ­რო­პის ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადოქტორო დისერტაცია.
აკა­დე­მი­კო­სი ინე­სა მე­რა­ბიშ­ვი­ლი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 20 წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. იგი სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს როგორც ლორდ ბა­ი­რო­ნი­ს, ასევე თარ­გ­მა­ნისა და ლინგვისტიკისადმი მიძღ­ვ­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მოხსე­ნე­ბე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი წაკითხული აქვს მრავალ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შო­რის ლონ­დო­ნის, ნო­ტინ­გე­მის, ლი­ვერ­პუ­ლის, მან­ჩეს­ტე­რის, ედინ­ბურ­გის, სენტ-ენ­დ­რი­უ­სის, დუბ­ლი­ნის, ათე­ნის, პა­რი­ზის, ვერ­სა­ლის, მადრიდის, რო­ტერ­და­მის, მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გ­რა­დის, ერევ­ნის, კი­ო­ტოს, გდან­ს­კის, ნიუ-იორ­კის, დე­ლა­ვა­რი­სა და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. იგი არის არაერთი საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი და საპატიო წევრი, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პოსტ-კონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის დირექტირთა საბჭოს წევრი. 
მის მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ანა­ლი­ზის მე­თო­დო­ლო­გი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მას, გა­მო­ეკ­ვ­ლია, და რაც მთა­ვა­რია, აეხსნა გა­ლაკ­ტი­ო­ნის უჩ­ვე­უ­ლო შე­სიტყ­ვე­ბე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი, რა­ც მნიშვნელოვან სიახლედ მოგვევლინა ქართულ ფილოლოგიაში. ეს კვლევა ასახულია მის ორ მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში - „გა­ლაკ­ტი­ო­ნის ენიგ­მე­ბი“ (2003 წ.) და „გა­ლაკ­ტი­ო­ნის Meri - პრო­ტო­ტი­პის ძი­ე­ბა­ში“. 
პროფესორი ინესა მერაბიშვილი ავტორია ისეთი პოპულარული მონოგრაფიებისა, როგორიცაა: „პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა“, „თარგმანი - კულტურათა დიალოგი“, „ლორდ ბაირონის თირზა“ და „შეხვედრა ლორდ ბაირონთან“. იგი პოპულარული გახდა, აგრეთვე, მრავალი სხვა ნოვატორული ნაშრომით, რომელიც ეხება ლორდ ბაირონის პოეზიასა და ქართულ ლიტერატურასთან მის კავშირებს. 
2005 წელს ბრიტანელი აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარდგინებით, ამერიკის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა ქალბატონ ინესას საერთაშორისო ელჩის ორდენი და ტიტული HE - „მისი აღმატებულება“ - მიანიჭა.


* * *

აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს 90-იანი წლებიდან კითხულობს. 2007-2014 წლებში გახლდათ გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 2010-2014 წლებში - საპატრიარქოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. დემოგრაფიის კათედრა ვაჟა ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000-2006 წლებში დააარსა. მის სახელს უკავშირდება თსუ-ის დემოგრაფიული კვლევის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიის დაარსებაც (1999-2000 წწ.). ვაჟა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1995 წწ). 1972-1973 წლებში კი თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე მუშაობდა. 2003 წლიდან გახლდათ „აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრის“ (არასამთავრობო ორგანიზაცია) პრეზიდენტი; 2002 წლიდან - აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ვაჟა ლორთქიფანიძე 1998 წლიდან საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტია. მან დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „დემოგრაფია“, რომლის აღდგენაც უახლოეს მომავალში იგეგმება. 
ვაჟა ლორთქიფანიძე გახლავთ ბორისოვის სახელმძღვანელოს - „დემოგრაფია“ - ქართული თარგმანის (ვრცელი კომენტარებითა და საქართველოს მოსახლეობის შესახებ მონაცემების დამატებით) სამეცნიერო რედაქტორი; ასევე წიგნის - „გამოცდილება ხალხთმოსახლეობის კანონის შესახებ“ - პირველი ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი. მისი ავტორობით, 2008 წელს, გამოიცა „დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა“. 
ვაჟა ლორთქიფანიძემ ჩამოაყალიბა საქართველოში დემოგრაფიის სამსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. დემოგრაფთა კადრების დეფიციტი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შესაბამისად, ნელ-ნელა ივსება. სპეციალობა სტუდენტებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 
აკადემიკოსი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული კონცეფციის ერთ-ერთი ინიციატორი და მთავარი ავტორიც არის. დოკუმენტი პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო. კონცეფციის შემუშავების პროცესში უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. შედეგად, შეიქმნა დემოგრაფიული განვითარების ფონდი. ამჟამად, სასწავლო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე, კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების ეროვნული უსაფრთხოების პროგრამაზე მუშაობს.


* * *

დავით ლორთქიფანიძეს საქართველოში, რუსეთში, უზბეკეთში, გერმანიასა და საფრანგეთში არქეოლოგიური გათხრებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მოწყობილ გამოფენებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გახლდათ ადამიანის ევოლუციის ამსახველი ექსპოზიციების სამეცნიერო კომიტეტის წევრი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში. დავით ლორთქიფანიძე არის რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის წევრი, მათ შორის: ევროპის აკადემიის (Aademia Europaea), მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური აკადემიის უცხოელი წევრი. მას მიღებული აქვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი, გოეთეს მედალი; ჰუმბოლდტის პრემია; საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია პალეობიოლოგიაში; ლინჩეის ეროვნული აკადემიის ჯილდო „ფაბიო ფრასეტოს“ საერთაშორისო პრიზი, (იტალია); საფრანგეთის ღირსების ორდენი; როლექსის ჯილდო ინიციატივისთვის; საქართველოს ეროვნული ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში; საფრანგეთის ორდენი „Plmes Academiques“; საქართველოს ღირსების ორდენი; მონაკოს პრინცის პრემია; 
დავით ლორთქიფანიძე 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია. 2004-2005 წლებში იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 2009 წლიდან - საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფერარას უნივერსიტეტსა და ტარაგონას უნივერსიტეტში; 1997-2002 წწ. გახლდათ სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების გამგე; 2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და პალეოანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელია. დავით ლორთქიფანიძეს მოპოვებული აქვს არაერთი სამეცნიერო გრანტი, მათ შორის: 2010-2012 წლებში - ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი „ზედა პლიოცენისა და ქვედა პლეისტოცენის პალეოგარემოს აღდგენა და ადრეული ჰომო კავკასიაში (სამხრეთ საქართველო, დმანისის ნაკრძალი და იორის ხეობა)“; 2010-2012 წლებში – შვეიცარიის მეცნიერებათა ნაციონალური ფონდის გრანტი (,,დმანისის ახალი აღმოჩენების ციფრული დოკუმენტაცია და შედარებითი ანალიზი“); 2010 წლიდან დღემდე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერას პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდთან თანამშრომლობით; 2006-2018 წლებში მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სხვადასხვა გრანტი.

 

* * *

რევაზ გაჩეჩილაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროებია სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოგრაფია, გეოპოლიტიკა და დიპლომატიის ისტორია. როგორც მომხსენებელი ან მოდერატორი, მონაწილეობდა 50-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმსა და სემინარში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო ქართულ-ბრიტანული (1993, 1995, 1997 წწ.), ქართულ-რუსული (1995 წ.), ქართულ-პოლონური (1996, 1999 წწ.), ქართულ-ისრაელური (2000, 2002 წწ.) სამეცნიერო-გეოგრაფიული სემინარები და დაიბეჭდა მათი მასალები. 2015 წლიდან ყოველწლიურად ხელმძღვანელობს საერთაშორისო კონფერენციას - „პოლიტიკა კავკასიის გარშემო“ (თსუ). არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1968 წლიდან მოღვაწეობს; ასევე, ლექციებს კითხულობდა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ), გახლდათ მიწვეული პროფესორი (1996 წ.) ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). რაც შეეხება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მონაწილეობას: მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი - „საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული ისტორიულ-გეოგრაფიული რუკისა და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა“ (პროექტის ხელმძღვანელი). იყო საზღვარგარეთული გრანტის (“Coping with marginality and exclusion: can refugees communities successfully integrate into mainstream urban societies in Georgia”) უფროსი მკვლევარი. მას მიღებული აქვს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია (2002 წ.) მონოგრაფიისათვის: The New Georgia: Space, Society, Polititics UCL Press, London, 1995; Texas A&M University Press, Station Vagon, Texas. ასევე, მინიჭებული აქვს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია მონოგრაფიისათვის - „ახლო აღმოსავლეთი. სივრცე, ხალხი და პოლიტიკა“.
რევაზ გაჩეჩილაძე 2014-2016 წლებ-ში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. 2016 წლიდან დღემდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ფლობს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, თურქულ, პოლონურ, სლოვაკურ, ესპანურ, გერმანულ, სომხურ და ებრაულ ენებს.


* * *

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ კეკელიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროა ნახევარგამტარების და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, მაღალტემპერატურული ზეგამტარობა, ფიზიკური მეთოდები ეკოლოგიაში. იგი გახლავთ 21 საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე. 2000 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის მედალი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციების საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია, მათ შორისაა 19 გამოგონება და სახელმძღვანელო. ხელმძღვანელობდა მრავალ ათეულ საკურსო, სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომებს, რისთვისაც დაჯილდოებულია რესპუბლიკური და საკავშირო სიგელებით. 
ნოდარ კეკელიძე 2000 წლიდან დღემდე NATO, CRDF, STCU, EU, OSCE, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდების პროექტების ხელმძღვანელია. არის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. გახლავთ 150-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმის და სემინარის მონაწილე, მათ შორის ვენის, რომის, პარიზის, ლონდონის, ბერლინის, ლაიპციგის, იენის, შტუტგარდის, ტოკიოს, რედინგის, დუბროვნიკის, იერუსალიმის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ნოვოსიბირსკის, ბაქოს, ერევნის, აშხაბადის, თბილისის, ოსტინის, სტაბმულის, ბრიუსელის, ასევე ნახევარგამტარების და მონათესავე მასალების რადიაციული ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციის ინიციატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 
ნოდარ კეკელიძე 19 პატენტს ფლობს. 1961 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტებში ნახევარგამტარების ფიზიკაში, ზოგად ფიზიკასა და მაღალტემპერატურული ზეგამტარების ფიზიკაში. მის მიერ აღზრდილია 22 მეცნიერებათა დოქტორი, მათ შორის, ბოლო წლებში - 6.
Google Scholar-ის მონაცემებით, პროფესორ ნოდარ კეკელიძის ციტირების ჰირშის ინდექსია (h-index) 9. ამავე მონაცემებით მკაფიოდ ჩანს მეცნიერის განსაკუთრებული აქტიურობა და პროდუქტიულობა ბოლო წლებში: მხოლოდ 2013 წლიდან მისი ჰირშის ინდექსია (h-index) 5. Thomson Reuters-ის Web of Science-ის მონაცემებით, მისი ციტირების ჯამური რიცხვი (Sum of the Times Cited) არის 9715, h-index = 42. ეს სიდიდე, შესაბამის ჰ-ინდექსთან ერთად ასახავს ავტორის შრომების გლობალურ წვლილს/გავლენას შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარებაზე.

ვრცლად

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ თანამედროვე რუკების სახით

7 დეკემბერს გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა რომან მაისურაძემ პროექტის - „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე“ - პრეზენტაცია გამართა.

პროექტი, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია, 2016 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსდა და გულისხმობდა XVI საუკუნის პერიოდის ოტომანთა მიერ მომზადებული დოკუმენტის - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გეოგრაფიულ-ლანდშაფტური, საზოგადოებრივ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური სურათის აღდგენას. „შემიძლია ვთქვა, რომ ორი წლის განმავლობაში მთელი ენერგია მოვახმარე ამ პროექტს, რადგან ეს გახლდათ საინტერესო გამოწვევა ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის. დოკუმენტში - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ - უნიკალური და გამორჩეული ფაქტები, მოვლენები და, შეიძლება ითქვას, ეპოქის სულია დაფიქსირებული, რასაც აუცილებლად სჭირდებოდა შემონახვა“, - აღნიშნა რომან მაისურაძემ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, პროექტი, თითქმის დასრულებულია. მისი განხორციელების პროცესში შეიქმნა დაახლოებით 100-მდე რუკა, რომელიც 4-5- საუკუნის წინანდელ საქართველოში, კონკრეტულად კი, სამცხე-ჯავახეთში, არსებულ სურათს ასახავს. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადებულია თემატური მონაცემთა ბაზები და გეოინფორმაციული სისტემა.
პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ პროექტზე მუშაობისას თავი იჩინა წინააღმდეგობებმაც, რადგან ძალიან რთული აღმოჩნდა მაღალი დეტალურობის მქონე სამეცნიერო პროდუქტის შექმნა და ინფორმაციის მთელი სისრულით გადმოცემა წვრილმასშტაბიანი რუკების სახით.
შედგენილი რუკების თემატიკა მრავალფეროვანია. ისინი შეეხება ადმინისტრაციულ მოწყობას, სასოფლო დასახლებების განაწილებას, სასოფლო და საქალაქო დასახლებებს, არქიტექტურულ მრავალფეროვნებას, ფულადი და ნატურალური გადასახადების ოდენობას, მიწის ფონდის სტრუქტურას, სოფლის მეურნეობის დარგებს, მოსახლეობას, მის ეთნიკურ-სოციალურ სტრუქტურას და მსგავს თემებს, რომლითაც XVI საუკუნის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ხასიათდებოდა.
„პერსპექტივაში შესაძლებელია ამ პროექტის გაგრძელება, რადგან არსებობს წყაროები, რომლებიც მიგვითითებენ, თუ როგორ წარიმართა ამ რეგიონში ადამიანის საქმიანობა და საზოგადოებრივი ცხოვრება, მიმდინარე პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით. ასევე, როგორ შეიცვალა ბუნებრივი და საზოგადოებრივი გარემო XVI საუკუნიდან დღემდე. კვლევა ჩატარებულია საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ „გურჯისტანის ვილაიეთი“ მოიცავდა საქართველოს გარეთ მდებარე ოლქებსაც, რომლებიც დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ტერიტორიებისთვისაც მომზადდეს ანალოგიური ნაშრომი, რადგანაც ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის“, - აღნიშნა რომან მაისურაძემ ჩვენთან საუბარში.
პროექტმა დაინტერესება გამოიწვია როგორც მეცნიერ-გეოგრაფებში, ასევე სტუდენტებში. „პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ეს არის სიახლე. პროექტში გამოყენებულია ალექსანდრე ასლანიკაშვილის რუკა და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, მაგრამ რომანმა მათ ძალიან ბევრი რამ შემატა - შექმნა, ფაქტობრივად, კომპლექსური ტიპის ატლასი, რომელიც, როგორც აღინიშნა, დაახლოებით 100-მდე რუკისგან შედგება. ეს არის საკმაოდ სოლიდური კაპიტალური კარტოგრაფიული ნაწარმოები“, - გვითხრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თენგიზ გორდეზიანმა.
პროექტი „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ საფუძველზე“ წელს სრულდება. პროექტის შედეგების მიხედვით იგეგმება სამეცნიერო ნაშრომების მომზადება და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნება.

ვრცლად

სამმაგი სავარცხლის სპექტროსკოპია – ბაჩანა ლომსაძის მორიგი გამოგონება

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა, თსუ-ის კურსდამთავრებულმა ბაჩანა ლომსაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია. მისმა გამოგონებამ, რომელიც შეეხება სამმაგი სავარცხლის სპექტროსკოპიას, მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 22 ოქტომბერს სტატია - „სამმაგი სავარცხლის სპექტროსკოპია“ („TRI-COMB SPECTROSCOPY”), ბაჩანას პირველი ავტორობით, ზღვრული იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალ „Nature Photonics“-ში გამოქვეყნდა. ნაშრომის აქტუალობიდან გამომდინარე, წარმომადგელობითი კონკურსის საფუძველზე და რედაქტორის გადაწყვეტილებით, ბაჩანას ნაშრომი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზეა გამოტანილი.


რა არის სამმაგი სავარცხლის სპექტროსკოპია?

თანამედროვე ლაზერული სპექტროსკოპიის მომავალი სიხშირული სავარცხლის გარეშე წარმოუდგენელია. სიხშირული სავარცხლები განეკუთვნებიან სინათლის წყაროებს, რომელთაგანაც თითოეული შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც უამრავი ულტრა-სტაბილური ლაზერების ერთობლიობა და რომელთა სპექტრის სურათი შედგება ათიათასობით (თუნდაც მილიონი), თანაბრად დაშორებული სპექტრული ხაზებისგან. ამ სინათლის წყაროს შექმნა/განვითარება, როგორც ეს ხაზგასმული იყო 2005 წლის ნობელის პრემიით ფიზიკაში, განეკუთვნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას. მას გააჩნია უდიდესი ფუნდამენტური მნიშვნელობა - მაგალითად, ადრე შეუძლებელი ატომური და რთული მოლეკულური აღგზნების დონეების განცალება-გარჩევა, ასევე პრაქტიკული გამოსავალი - მაგალითად, უცნობი ნარევისაგან შედგენილი ნივთიერებების ინდენტიფიცირება დიდი გარჩევისუნარიანობით. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, თითოეულ ნივთიერებას აქვს თავისი მახასიათებელი შთანთქმის სპექტრები, ისევე, როგორც ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მახასიათებელი თითის ანაბეჭდები. სიხშირული სავარცხელი საშუალებას იძლევა ამ ნივთიერებების იდენტიფიცირებას მათი „თითის ანაბეჭდების“ სკანირებით.
სიხშირეთა სავარცხლების შექმნიდან რამოდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა ორმაგი სავარცხლის სპექტროსკოპიის მეთოდი (dual-comb spectroscopy), რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ზემოთ აღნიშნული კვლევები არა მარტო დიდი გარჩევის უნარიანობთ, არამედ მოკლე დროებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მიზნებისთვის, მაგალითად მედიცინაში, სხვადასხვა დაავადების დასადგენად (ვთქვათ, ადამიანის ამონასუნთქ ჰაერში არსებული შემადგენლობის დეტექტირება). ამავდროულად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას მომწამვლელი ნივთიერების დასადგენად გარემოში.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომით მოხერხდა მრავალი ფიზიკური ამოცანის წარმატებით გადაწყვეტა, მას აღმოაჩნდა რიგი ნაკლოვანებები: კერძოდ ამ მეთოდით შეუძლებელი იყო ნარევში არსებული ნივთიერებების დადგენა დიდი საიმედოობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა ნივთიერების სპექტრები გაგანიერებულია (სხვადასხვა გარემოს ფაქტორების გამო) და ერთმანეთზეა გადაფარული. ზემოთ აღნიშნულ მაგალითს რომ შევადაროთ, ეს იგივეა, რაც ადამიანების (10-100 ადამიანის) იდენტიფიცირება რომ გვინდოდეს მათი თითის ანაბეჭდებზე დაყრდნობით იმ პირობებში, როცა მათი ეს ანაბეჭდები ერთმანეთზეა ზედდებული.
ამ სირთულეების ფონზე ბაჩანა ლომსაძის მიერ შეთავაზებული იქნა ნოვატორული მიდგომა, რაც გულისხმობდა - ორმაგი სიხშირული სავარცხელის მეთოდის შერწყმას მრავალგანზომილებიან კოჰერენტულ სპექტროსკოპიასთან (MDCS). ასეთი ახალი მეთოდის შექმნის იდეამ, კვლევის ამ სფეროში, რევოლუციური ნახტომი გამოიწვია, რადგან ბაჩანას მიერ შეთავაზებული მეთოდი, ნივთიერების სხვადასხვა ფიზიკური პროცესების შესწავლაზე დაყრდნობით, საშუალებას იძლევა ერთმანეთზე ზედდებული სპექტრების განცალკევებისა და, შესაბამისად, უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით და საიმედოობით იდენტიფიცირებისა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პრაქტიკული მიზნებისთვის. ეს მიგნება აღიარებულ იქნა დარგის სპეციალისტების მიერ და აისახა სხვადასხვა სამეცნიერო სიახლეში. მათ შორის, რამოდენიმე თვის წინ, ბაჩანა ლომსაძის პირველი ავტორობით, გამოქვეყნდა ნაშრომი უმაღლესი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალ „SCIENCE“- ში.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მიღწევას, როგორც ჩვენთან საუბარში ბაჩანა ლომსაძემ აღნიშნა, ის შეეხება სამმაგი სიხშირული სავარცხლის სპექტროსკოპიის შექმნას: „ჯერ კიდევ ამ კვლევათა წარმართვის დროს დაისვა საკითხი - რატომ უნდა გავჩერებულიყავით ორზე და რა უპირატესობას შესძენდა მესამე სიხშირული სავარცხელი ჩემ მიერ გამოგონებულ მეთოდს? როგორც ჩემი გათვლები აჩვენებდა, სამი სიხშირული სავარცხლით შესაძლებელი იქნებოდა ნივთიერებათა იდენტიფიცირება არა მარტო მაღალი სიზუსტით და საიმედოობით, არამედ უმოკლეს დროებში, კომპაქტური აპარატურით და, რაც მნიშვნელოვანია, დისტანციურად. Science-ში სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში მოვახერხე ახალი, სამი-სიხშირული სავარცხლის მეთოდის შექმნა და დემოსტრირება, მათ შორის, პრაქტიკული მიზნებისთვის. ამ მეთოდის გამოყენებით ამიერიდან შესაძლებელი ხდება მომწამვლელი და ასაფეთქებელი ნივთიერების დეტექტირება მოხდეს წყაროსგან ძალიან მოშორებით, სულ რაღაც ნახევარ წამზე ნაკლებ დროში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ჩემი ეს უდიდესი მიღწევა, ასევე პირველი ავტორობით, აღიარებულ იქნა ზღვრული იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალ „Nature Photonics“-ში შრომის გამოქვეყნებით“, - აღნიშნა ბაჩანა ლომსაძემ. 
აქვე ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „Nature Photonics“-ის რედაქციის მიერ მიწვეულ იქნა ექსპერტ-მეცნიერი, რომელსაც დაევალა ბაჩანა ლომსაძის შრომის შესახებ პოპულარულ ენაზე დაეწერა მიმოხილვითი სტატია, რაც ასევე დიდი წარმატებაა, რადგან ამ ტიპის სტატიის დაწერა რედაქციის მიერ მხოლოდ გამორჩეულ ნაშრომებს ერგებათ წილად.
მიუხედავად გამოქვეყნებიდან მოკლე დროის გასვლისა, შრომამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული დაახლოებით 25-მდე მილოცვა. ეს ფაქტი მასშტაბურად აღინიშნა სანტა კლარას უნივერსიტეტშიც (კალიფორნია, აშშ), სადაც ბაჩანა ლომსაძე პროფესორად აირჩიეს რამდენიმე თვის წინ.
„მართალია ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ სამახსოვრო ტორტიც კი გამოაცხვეს ამ ფაქტის აღსანიშნავად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბევრი მილოცვა მივიღე ჩემი ქვეყნიდან - მეგობრებიდან, ნათესავებიდან და ჩემი თსუ-ის პედაგოგებისგან, რისთვისაც ყველა მათგანს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, - აღნიშნა ბაჩანა ლომსაძემ ჩვენთან საუბარში.

ვრცლად