რედაქტორის სვეტი

ვისაც უნდა, რომ ხედავდეს, ის აუცილებლად დაინახავს... ვისაც არა – მისთვის ნათელიც კი ბნელია...

საინფორმაციო ომი დასრულდა, მშვიდობა გიხაროდეთ! – ასე შეცვალა სიტყვათა წყობა („ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“) ახალმა დროებამ უნივერსიტეტში... 2017 წელი მშვიდობიანი იყო – ახალი სასწავლო წელი სტუდენტური პროტესტის გარეშე, ალბათ, წელს, პირველად დაიწყო... ამის მთავარ მიზეზად სტუდენტური პროექტების ყველასათვის ხელმისაწვდომობას მოვიაზრებ. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განსაკუთრებულობა და პრივილეგირებულობა წარსულს ჩაბარდა, რადგან უნივერსიტეტის ყველა სტუდენტური ჯგუფისთვის გახდა შესაძლებელი იმ ფინანსების ათვისება სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, რომელიც, ზოგადად, სტუდენტური აქტივობებისთვის იყო განკუთვნილი. ეს უდავოდ არის იმ კონფლიქტების დასასრულის დასაწყისი, რაც აქამდე ახალგაზრდებს შორის, სამწუხაროდ, არსებობდა. ის, რომ უნივერსიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტია, იმ ჰუმანურმა მიდგომებმაც ცხადყო, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სასწავლო წლის დასაწყისში გამოავლინა სოციალურად დაუცველი თუ ხელმოკლე ოჯახების შვილი-სტუდენტების მიმართ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ხელმოკლე ოჯახების წარმომადგენელ სტუდენტებს მინიმალური თანხის გადახდის შემთხვევაშიც მისცა სწავლის გაგრძელების შანსი. მართალია, ამით უნივერსიტეტის ბიუჯეტმა იზარალა, მაგრამ ის, რომ სტუდენტი პრიორიტეტია და ის, რომ ამ კერას ჯერაც შემორჩენილი აქვს სოლიდარობის განცდა, ნათლად გამოჩნდა ამ „ჟესტში“.
გაიხსნა კვების ობიექტები და, რამდენადაც ვიცი, კიდევ იგეგმება რამდენიმე ასეთი ობიექტის გახსნა უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში – ეს არის ის ერთ-ერთი ფაქტი, რამაც წარსულში სტუდენტური ამბოხისას ხშირად გაჟღერებული სურვილები დააცხრო.
თუმცა, ახლა, ვნებათაღელვამ პროფესურაში გადაინაცვლა და, ჯერჯერობით, კულუარულად ბრაზობს ზოგიერთი მათგანი აკადემიური კონკურსების ჩასატარებლად ახალი საკონკურსო კრიტერიუმების დაწესების გამო. სწავლის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ყველა – სტუდენტიც და პროფესორიც – თანაბრად საუბრობს, ამიტომ შეიძლება იყოს გაუგებარი ის პროტესტი, რაც პროფესორის შეფასების ახალი კრიტერიუმების დაწესებას შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, გაცხადდა, რომ არავინ აპირებს ერთმნიშვნელოვნად ახალი წესის მიღებას და ამ მიმართულებით დისკუსია ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
რაც სტუდენტსაც და პროფესორსაც – ყველას, წესით, უნდა ახარებდეს, ეს უნივერსიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების რეალური პერსპექტივაა. იგეგმება II კორპუსის სრული რეაბილიტაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აანონსებს... „ეს ერთი და სხვა მრავალი“ – გაიფიქრებს კეთილისმსურველი და, ალბათ, მართლაც აღარ ვისაუბრებთ ამ კორპუსებში მაინც მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე, გათბობის სისტემის გაუმართაობაზე, სალექციო აუდიტორიების გაპარტახებულობაზე და ა.შ. ეს პერსპექტივა უდავოდ შექმნის განწყობას – რომ უნივერსიტეტი შესაფერის იერსახეს იბრუნებს...
2017 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა კი მაინც „უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენაა, რაც წარსულის გაიდიალების მცდელობას გვაშორებს (ამ სიტყვის კარგი გაგებით) და იმედიან რეალობაში გვაბრუნებს. ტრადიცია და პრინციპი შენარჩუნდა, რადგან 100 წლის წინ „უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაარსების მიზნებს ახალი საზოგადოების ამოცანები მართებულად ერწყმის. მთავარია, თსუ-ის კურსდამთავრებულებმა იგივე პასუხისმგებლობა იგრძნონ მშობლიური უნივერსიტეტისადმი, რასაც ადრე მისი დამაარსებლების თანამებრძოლნი გრძნობდნენ... შემოწირულობებით გახსნილ უნივერსიტეტს ახლაც სჭირდება ქველმოქმედთა სიმრავლე, რადგან ფინანსები წყვეტს დღეს, პირველ რიგში, ხარისხსაც და თსუ-ის მომავალსაც... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი სახეა ეროვნული განათლების და სულიერების კერისა, რის შესახებაც სადღეგრძელოებში უფრო ხშირად ვსაუბრობთ... კონკურენციის პირობებში რეფორმას ფულის გარეშე ხომ განხორციელება ნაკლებად უწერია... საუნივერსიტეტო რეფორმის ნება, როგორც გაცხადდა, არსებობს... სტუდენტის მოტანილი ფულით ყველა ღირებული ამბიციის დაკმაყოფილება კი ძნელია...
მოკლედ, 2017 წელს მშვიდად ვემშვიდობებით და მშვიდობის არ გვეშინია... 2018 წლისთვის საკეთებელი მართალია ბევრია, მაგრამ პრობლემათა დაძლევის იმედს აძლიერებს რეალური გეგმები, რომელთა ნაწილიც, პრაქტიკულად, დასახული და განხორციელებადია (დანაპირების თანახმად)... ჩვენ კი დანაპირების ასრულების გვჯერა, რადგან გვინდა, რომ გვჯეროდეს... ვისაც არ ჯერა, ახლაც გავატაროთ... წინ ახალი 2018 წელია...

გილოცავთ!
პრობლემებზე წერა და მსჯელობაც ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ არ დაინახო დადებითი მოვლენები შენს გარშემო, ესეც უკვე პრობლემაა... პრესის „ავხმიანობის მოდას“ უნივერსიტეტის გაზეთი არ მისდევს, რადგან ამ წიაღში კეთილ სიტყვას უფრო დიდი ფასი აქვს...

ნინო კაკულია

 

 Nino Kakulia„თბილისის უნივერსიტეტი” – თქვენი გაზეთი!

   „გავაკეთოთ ერთად კეთილი საქმე” – ეს ფრაზა უნივერსიტეტის გაზეთის განახლების მაუწყებლად შესაძლოა ნაკლებად გამოგვადგეს, თუმცა პათოსისთვის რომ გამოვიყენოთ, ალბათ  ბევრი არ დაგვძრახავს.
    გაზეთის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის, საუნივერსიტეტო რეფორმის, უნივერსიტეტის მრავალმხრივი საქმიანობის საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საუნივერსიტეტო საზოგადოების (აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების) პოპულარიზაცია გახლავთ. რედაქცია ორიენტირებულია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ არსებული პრობლემებისა და ახალი ინიციატივების გაშუქებასთან ერთად, წარმოაჩინოს უნივერსიტეტის წიაღში მოღვაწე პროფესორ-ექსპერტთა, სტუდენტთა პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე.
   გაზეთს, რომელიც საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდში საქართველოს ეროვნული სულისკვეთების მატარებელი და, შეიძლება ითქვას, პირდაპირ თუ ირიბად, თავისუფალი სიტყვის „ცნობის ფურცელი” გახლდათ, დღეს ტრადიცია არ უნდა დაუკარგო. გაჩუმებულ უნივერსიტეტს არავინ ცნობს _ რადგან ქართველ კაცს წარმოდგენაც არ სურს „მისი უნივერსიტეტის” როლის დაკნინების. უნივერსიტეტი კი ყველა თაობას, თითქმის უკვე საუკუნის მანძილზე, მეცნიერების მწვერვალებს შეჭიდებული,  დაუდგრომელი და ერის ინტერესების დაცვის გზაზე მუდამ წინ მდგომი ახსოვს. უნივერსიტეტის ისტორიას წერდნენ ის პროფესორები და სტუდენტები, რომელთაც სწავლებისა და სწავლის გარდა თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ ხმამაღალი პროტესტის გამოხატვა ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გეგმებისა და მოქმედებების წინააღმდეგ, რაც საბჭოთა ეპოქაში დამპყრობელი რუსეთისა თუ მაშინდელ საქართველოს ხელისუფალთ ამოძრავებდათ. ქართველმა კაცმა სწორედ ასეთ უნივერსიტეტს შეაფარა თავი, ჩააბარა მას საკუთარი ღირებულება, ფასეულობა... ამიტომ აღარ სურს საზოგადოების დიდ ნაწილს მის ცნობიერებაში ფესვგადგმული უნივერსიტეტის იდეის მოშლა, ამიტომ აქვს მას დღემდე მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივს, არამართებულს, უსამართლოსა თუ არაღირებულს უნივერსიტეტი წინ აღუდგება და ამით კვლავ თითოეულს დაიცავს.
   დღეს ჩვენი ეროვნულობის გადარჩენის პრობლემა ჩვენსავე თავშია მოსაძებნი. პარტნიორი ქვეყნებისგან რა შემოთავაზებას მივიღებთ, ხოლო შემდეგ რას დავიცავთ და შევინარჩუნებთ – ეს ჩვენი განსასაზღვრია. ამდენად, თვითგადარჩენა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების განათლების ხარისხს, გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ადაპტაციის უნარსა და ღირებულებების სწორად გადაფასების ნიჭს უკავშირდება. ამ პრობლემატიკის გაშუქებაზეც იქნება ჩვენი გაზეთი _ ,,თბილისის უნივერსიტეტი” ორიენტირებული.
    გვინდა, პირველ რიგში, არა მხოლოდ ერქვას მას უნივერსიტეტის გაზეთი, არამედ თავისი არსით გამოხატავდეს უნივერსიტეტის იდეისადმი მსახურებას!“

ნინო კაკულია

გაზეთის რედაქტორი