დისკუსია

რა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდას?

აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თსუ-ს განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო დისკუსია მოეწყო. სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აუტიზმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს – კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე; აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები; აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგებმა თამარ გაგოშიძემ, მარიამ ხვადაგიანმა, შორენა მამუკაძემ და ანა ყარაულაშვილმა.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების აღნიშვნის მთავარი მიზანია – გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ორგანოებისთვის ხელის შეწყობა, რათა მათ შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება – უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. 
თსუ-ში გამართულ დისკუსიაზე აღინიშნა, რომ საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინტერვენციის პროგრამები მხოლოდ 15 წლამდე არსებობს. ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის კი არანაირი სერვისი არ მოქმედებს, რაც, თავისთავად, მათი უფლებების დარღვევაა. 
`აუტიზმთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის (სპეციალისტების, მშობლების, სტუდენტების) თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია მშობლების გათვითცნობიერების ამაღლება, პროფესიონალების მომზადება და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს დიაგნოსტირების გაუმჯობესებას, რაც საკმაოდ აქტუალური საკითხია. უმნიშვნელოვანესია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა. ვფიქრობ, თუ საზოგადოება, სპეციალისტები და მშობლები ერთობლივად იმოქმედებენ და ითანამშრომლებენ, სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს~, – განაცხადა თსუ-ს განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ. 
სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ იმ ფაქტორების დაზუსტება, რამაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნეიროფსიქოლოგების შეშფოთებას იწვევს, გახლავთ ბავშვების მცირე ასაკიდან კომპიუტერულ ტექნიკასთან ხშირი კონტაქტი, არაქართულენოვანი მულტფილმებისა თუ სხვა ვიდეორგოლების ყურება, რაც ბავშვთა განვითარების რეგრესსა და მათ ჩაკეტილობას ხელს უწყობს. ნეიროფსიქოლოგები გეგმავენ საინფორმაციო აქციის დაწყებას მშობლების ინფორმირების მიზნით. 
განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტი გეგმავს, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გამართოს და პროფესიონალებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელოს აქტუალურ საკითხებზე, მოიცვას ყველა მხარე, რომელიც აუტიზმის მკურნალობისას მნიშვნელოვანია – საზოგადოება, მშობლები, სპეციალისტები და მომავალი სპეციალისტები.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 2007 წლიდან აღინიშნება. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს. ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია. აუტიზმით დაავადებულთა მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმ აქცენტითაც, რომ აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიონ და რომ არ მოახდინონ აუტისტთა დისკრედიტაცია.

ვრცლად

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა სამეურვეო საბჭომ 7 მარტს დაამტკიცა. რეფორმა დაიწყო. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან, საინფორმაციო გამოშვების გარდა, მაუწყებლის სამ არხზე არსებული 102 გადაცემა შეჩერდება. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანებს, რომელთა შორისაა ტექნიკური გადაიარაღება, არქივის გაციფრულება და სხვა, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია. 15 მარტისთვის პროგრამული ბადის ფორმირება მოხდება, ანუ შესაბამისი ჟანრები განისაზღვრება; 25 მარტამდე გაირკვევა, თუ რა მიმართულებები იქნება ახალ სეზონზე; 30 მარტს კი ახალი კონკურსი გამოცხადდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის განვითარების კონცეფცია 2018 წლის იანვრიდან შემუშავდება, გაგრძელდება საპარლამენტო სხდომების ტრანსლირება. პირველ ივნისამდე დასრულდება საზოგადოებრივი რადიო 1-ის პროგრამული პოლიტიკის შემუშავება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის დამტკიცებამდე თსუ-ში საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები, პროფესორები, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტი ია ანთაძე, სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ქურდაძე, გენერალური დირექტორის კონსულტანტი ნოდარ ჭიჭინაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ ცვლილებებზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი მთავარი მიზანია ტელევიზიაში არსებული ე.წ. ოქროს ფონდის გადარჩენა, მაუწყებლის რეიტინგის დღეს არსებული 2%-დან 15%-მდე ზრდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ეფექტური განკარგვა. 
„ოპტიმიზაცია, ცხადია, არავის მოსწონს, თუმცა საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული თანხების დაზოგვა მოხდეს და დაიწყოს ამ თანხების მიმართვა იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დგას. ჩვენი პირველი ამოცანაა – არ იყოს ვიწროსეგმენტირებული მედიაპროდუქტი. ყველა ვალდებულებისთვის ცალკე გადაცემის გაკეთება არასწორია. ასეთ რამეს ვერც ერთი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ ნახავთ. რეიტინგებიდანაც კარგად ჩანს, რომ ვიწრო სეგმენტის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ გადაცემებს სამიზნე აუდიტორიაც არ უყურებს. მეორე ამოცანაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოდგენა“, – განაცხადა ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ. 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ არხზე და რადიოში არსებული 102 გადაცემის თითოეულ წარმომადგენელს მკაფიო წარმოდგენა აქვს, თუ როგორ უნდა გახდეს მათი გადაცემა უკეთესი. თუმცა, დარწმუნებით გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს 102 და, თუნდაც, 31 გადაცემას ვერც ფინანსურად, ვერც ტექნიკურად და ვერც ინტელექტუალურად. ყველას აქვს ერთი და იგივე ტიპის პრობლემები – აკლიათ ჟურნალისტი, არ აქვთ კამერა, სამონტაჟო, არ ვარგა ხმა. როდესაც ვამბობთ, რომ გადაცემების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ავტომატურად ვგულისხმობთ, რომ ის იდეები, რაც არსებული გადაცემების წარმომადგენლებსა და ჩვენ გვაქვს, შესაჯერებელია. ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ერთიან, ახალ კალაპოტში, სადაც ყველაფერი ბევრად ხარისხიანი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტმა ია ანთაძემ.
შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რამდენად შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის პროცესში თვითმმართველობის არჩევნების დროს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწერილი ვალდებულებების შესრულებას? რამდენად იქნება დაცული რეორგანიზაციისას საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა შრომის უფლებები და, ასევე, როგორ აპირებს მენეჯმენტი მიუკერძოებელი პოლიტიკის გატარებას და ობიექტურობის დაცვას? 
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის დროს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას საინფორმაციო გამოშვების ფორმატის მცირე ცვლილების შემთხვევაშიც შეძლებენ. ახალი გადაცემების კადრებით დაკომპლექტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ტელევიზიაში დღეს დასაქმებულ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ობიექტურობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მთავარი მიზანი – რეიტინგის ზრდა – მაყურებლისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების გარეშე ვერ განხორციელდება. 
შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს თანამშრომლობის პაკეტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელსაც ტელევიზიის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. 
„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. ეს საკითხი კი, პირველ რიგში, აინტერესებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტიკას ახლა სწავლობენ. ამ ინტერაქციას ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში გადავიყვანთ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს რეფორმა. რათა განვვითარდეთ, გვჭირდება ბევრი პარტნიორი. ჩვენ მზად გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეთავაზებების პაკეტი, თუ როგორ შეიძლება ბევრი საინტერესო პროდუქტი ერთობლივად მოვამზადოთ. მათ შორის საკანონმდებლო პროფილის პროგრამები და ა.შ. ასევე, უნივერსიტეტს ესაჭიროება პარტნიორები, სადაც მომავალი ჟურნალისტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ და ნახავენ იმ სივრცეს, სადაც მომავალში მოუწევთ მუშაობა“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ხმები მაუწყებლის პირველი კორპუსის პრივატიზების პროცესის დაწყების შესახებ. გენერალური დირექტორის კონსულტანტის ნოდარ ჭიჭინაძის ინფორმაციით, მათ გეგმებში აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული არ არის, საუბარია III კორპუსში გადასვლაზე, სადაც ახალი „ნიუსრუმი“ გაკეთდება. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პირველი კორპუსის ავარიულობაა, რომლის რეკონსტრუქცია, ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.

ვრცლად

ლევან საბაური: არიან კი მზად საწარმოები ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოონ?

საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა და განვითარება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამეწარმეო გარემოს სრულყოფას, კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლებას, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და, შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა საქართველოში, რაც განაპირობებს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის პრობლემებსა და პერსპექტივებზე წაიკითხა საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა ლევან საბაურმა. შეხვედრა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის - ,,პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” ფარგლებში 31 ოქტომბერს გაიმართა.

მომხსენებელმა მცირე და საშუალო ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ლექცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ისტორიის მიმოხილვით დაიწყო. მისი აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით შესაძლოა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა, კერძოდ - ეკონომიკური კონიუნქტურის ცვალებადობის დარეგულირება, ეკონომიკის ჯანსაღი საკონკურენტო გარემოს შექმნა და სხვა, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და ორგანიზაციების, წარმოების, მომარაგებისა და დაფინანსების ახალი ფორმების შექმნას.

მან საინტერესოდ ისაუბრა აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის ხარისხობრივ მახასიათებლებზე, როგორიცაა: შემოქმედებითობა, ინიციატივა და დინამიზმი, რისკისადმი ტოლერანტობა და კონკურენტული გარემოსთვის მხარდაჭერა.

„კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათ საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმონ კერძო სექტორის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. მის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას. ამ სტანდარტების გამოყენება ფინანსურ ანგარიშგებაში, თავის მხრივ, განაპირობებს კომპანიების ანგარიშების გამჭვირვალობას და, შესაბამისად, გააუმჯობესებს საინვესტიციო კაპიტალსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა, ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მოძიების თვალსაზრისით.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის ამაღლებას, გაზრდის საქართველოს კრედიტუნარიანობას და გააუმჯობესებს საჯარო და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხარისხს“, - აღნიშნა ლევან საბაურმა.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში ფართო გავრცელების ხელშეწყობისა და გამოყენების ამაღლების საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა. ლევან საბაურის აზრით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის უნდა შემუშავდეს და დაიხვეწოს საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნიკური სახელმძღვანელოები. „ეს არის საერთაშორისო ენაზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ყველა დონორსა და ინვესტორს აძლევს საშუალებას - საერთაშორისო ენაზე მომზადებულ ანგარიშს გაეცნოს, თუ რა მდგომარეობა გააჩნია ამა თუ იმ ორგანიზაციას ფინანსური კუთხით. მაგრამ მთავარი პრობლემაა - არიან კი მზად საწარმოები ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოონ? დღეს ყველა ადგილობრივი მეწარმე, ფაქტობრივად, საგადასახადო აღრიცხვას ახორციელებს და არ ხდება ფინანსური აღრიცხვის წარმოება. მიმდინარე წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონის მიხედვით ვალდებულება ჩნდება, საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აწარმოონ. მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა, რამდენად აღმოჩნდება ადამიანური რესურსის მხრივ ქვეყანა მზად, საწარმოებმა სწორედ ასეთი ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ. ამ ეტაპზე ჩვენთან არ არსებობს სამსახური, რომელიც ამ მოთხოვნას შეასრულებს. ეს კი მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

სახელმწიფო და პროფესიულმა ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ კოორდინირებული მუშაობა, რათა ეს პროცესი არ შეფერხდეს და საქართველოს საწარმოებმა ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების მომზადება დაიწყონ“, - განაცხადა ლევან საბაურმა.

მომხსენებელმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მაღალი შეფასება მისცა პროფესორ ლევან საბაურის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და თემაზე საუბრის გასაგრძელებლად გაზაფხულზე დაგეგმილ სემინარზე მიიწვია. მან აგრეთვე თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება დააფიქსირა საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების კვლევების ნაკლებობასთან დაკავშირებით. „ამ თემის კვლევას სხვა კუთხით შევხედავდი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი და რა როლი და ფუნქცია დაეკისრება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

ვრცლად

შეიცვლება თუ არა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არჩევნების შემდეგ?

„მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პარლამენტი: შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოვიდა იგივე ძალა, თუმცა მისი იგივეობა აღარ არის შენარჩუნებული, რადგან 2012 წელს გვქონდა კოალიცია „ქართული ოცნება“, სადაც იყვნენ სხვადასხვა პარტიები, მათ შორის მკვეთრად ევროპული ორიენტაციით, დღეს ამგვარი მდგომარეობა აღარ გვაქვს. თუმცა, „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები, რომლებიც აღიქმებიან პროევროპულებად“, – ასე დაახასიათა „კავკასიურ სახლში“ 21 ოქტომბერს გამართულ საჯარო დისკუსიაზე მოდერატორმა გიორგი კანაშვილმა ახალი პარლამენტი, რომლის შემადგენლობა ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული, თუმცა ყველამ წინასწარ იცის, რა ძალა იქნება უმრავლესობაში. დისკუსიის მთავარი თემა არ უკავშირდებოდა იმ შიშებს, რომელიც უკვე გაუჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსალოდნელ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, მსჯელობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და იმის შესახებ წარიმართა, მოსალოდნელია თუ არა ახალი ტენდენციები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

თემაზე სამი მომხსენებელი იყო მოწვეული: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია და პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ზვიად ავალიანი. ამჯერად არც ერთი მათგანი არ საუბრობდა ოფიციალური სტრუქტურის სახელით, რაც „კავკასიურ სახლში“ გამართული დისკუსიის უშუალობას განაპირობებდა. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება მიეცა მიუკერძოებელი და ღია მოსაზრებები მოესმინა საგარეო პოლიტიკის მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ.

ანა დოლიძე საგარეო გამოწვევების უკეთ გასაგებად იმ ჩარჩოს გვთავაზობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეუროპეან.გე-ზე საკუთარ ბლოგზეც გამოაქვეყნა: ეს არის ქაოსისა და წესრიგის ზღვარზე მყოფი სისტემების შესახებ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში ცნობილი თეორიის დახმარებით გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების ახსნის მცდელობა. ამ თეორიის მიხედვით, ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რუსეთის გააქტიურება, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქაოსური პროცესები, შანსს აჩენს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც ქაოსის ნაპირას იმყოფება, გარკვეული გარღვევა მოახდინოს, თუმცა, საამისოდ მოქნილობა და კრეატიულობაა საჭირო, რაც უკვე ლიდერებზეა დამოკიდებული. „ქაოსის ნაპირას ყოფნა განვითარებისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოშობს, თუმცა მის გამოყენებას განსაკუთრებული ძალისხმევა და უნარები სჭირდება“, – ამბობს ანა დოლიძე.

ზვიად ავალიანის თქმით კი, წლევანდელი არჩევნები იმით განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისაგან, რომ საგარეო პოლიტიკა ნაკლებად იყო სადაო თემა და პარტიები უფრო მეტად ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებდნენ აქცენტს. ის პარტიები კი, რომელთა მთავარი მესიჯიც სწორედ საგარეო პოლიტიკურ კურსთან იყო დაკავშირებული, პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ. ამის მაგალითად მომხსენებლებმა ორი პარტია: „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაასახელეს: პირველი მათგანი უბაზო სტატუსსა და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე აკეთებდა აქცენტს, მეორე კი სწორედ იმ მოტივით გაემიჯნა თავის დროზე კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსში საფრთხე დაინახა – ამბობს ავალიანი. „ვფიქრობ, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა ვერ აჩვენეს ისეთი შედეგი, როგორიც შეიძლებოდა ჰქონოდა“, - ამბობს ავალიანი. მისი თქმით, ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და პოლიტიკური სპექტრის ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ამომრჩეველი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას, რისი დასტურიც მმართველი პარტიის ბოლო პერიოდის მიღწევებია ევროინტეგრაციის კუთხით და ნაკლებად ხედავს საფრთხეებს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, „არჩევნებმა დაგვანახა, რომ დასავლური კურსიდან გადახვევა მოსახლეობიდან მხარდაჭერილი არ იქნება. თუ მართლა მოხდება რადიკალური ცვლილება საგარეო კურსში, ეს უფრო გარე ფაქტორებით იქნება განპირობებული და არა ქვეყნის შიგნით მოსახლეობასა და პოლიტიკაში არსებული განწყობებით. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, დიდი ალბათობით, ექნება მმართველ პარტიას, მას უქმნის იმის წინაპირობას, რომ „ქართული ოცნება“ არ შევიდეს პოლიტიკურ გარიგებებში არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც პატრიოტთა ალიანსთან, ამიტომ, მმართველი უმრავლესობა განაგრძობს იმ პროდასავლურ კურსს, რომელიც აქვს და, ასევე, შეეცდება თავი აარიდოს ესკალაციას რუსეთთან“, - აცხადებს ზვიად ავალიანი.

კორნელი კაკაჩიას აზრით, მთავარი პრობლემა კონცეპტუალურია და უკავშირდება იმას, რომ დღემდე მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს რეგიონალური კუთვნილების საკითხი. განიხილება რამდენიმე ვარიანტი – სამხრეთ კავკასია, პოსტსაბჭოთა სივრცის რეგიონი, შავი ზღვის რეგიონი, ევროპის, ხანაც ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. მაშინ, როდესაც ბოლო 25 წელია ქართველი პოლიტიკოსები დაჟინებით ცდილობენ - საქართველო ევროპაში მოიაზრონ, თავად ევროკავშირისთვის ის უფრო სამხრეთ კავკასიაა. ასეთი აცდენა რეგიონალურ კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით მრავალ პრობლემას ქმნის როგორც საქართველოსთვის, ისე მისი პარტნიორებისთვის. ამავე დროს, რეალური გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ავალდებულებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას. კორნელი კაკაჩია სწორედ აქ ხედავს ძირითად გამოწვევას, რადგან, მისი თქმით, ყველა ხელისუფლება, ვისაც კი საქართველოში ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვერ ასცდა რუსეთთან კონფრონტაციის ცდუნებას. საინტერესოა, რომ პოლიტოლოგ კორნელ კაკაჩიას მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება ნაკლებად აქტუალურია საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში, სამაგიეროდ, გავრცელებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნებამ“ შეიძლება გადაუხვიოს პროდასავლური კურსიდან. Aამგვარი მოსაზრების არსებობას კორნელი კაკაჩია იმით ხსნის, რომ „ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით, რომელიც მკაფიო ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა, ამჟამინდელი მმართველი პარტია საგარეო ორიენტაციის შესახებ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას ერიდება. „თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით არაფერი შეუცვლია და განაგრძობს იმ საგარეო ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული“, – ამბობს კაკაჩია. მისი თქმით, რეგიონალური იდენტობის პრობლემა კვლავ დარჩება უმთავრეს გლობალურ გამოწვევად, რომელიც სამომავლო საფრთხეების წინაპირობა შეიძლება გახდეს, „ჩვენ არ ვართ არც ერთი რეგიონალური ორგანიზაციის წევრი: დსთ-დან გამოვედით, ნატოს წევრები არ ვართ, ევროკავშირის წევრები კიდევ დიდხანს ვერ გავხდებით, ვართ ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, რომელიც ევროპამ შემოგვთავაზა სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანას რეგიონალურ ჭრილში რაღაც ადგილი მოენახა“.

„ღირებულებითი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვინდა და რას გვთავაზობს რეალობა, გახდება მომდევნო წლების მთავარი სადავო თემა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, სადაც ასევე ძალიან მწვავედ დგას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი. მაშინ, როდესაც დასავლეთი ვერ გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის რეალურ მექანიზმებს, რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში გავლენის შენარჩუნებით, მაგრამ იცის, რომ ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს პრორუსულ პარტიას, შეეცდება კვლავ წაახალისოს ევროსკეპტიციზმი და გააღრმავოს პოლიტიკური დისკუსია თემაზე - რა სჯობია ქვეყნისთვის: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია, რომელიც მთავარ გამოწვევად კვლავ ჩვენი საზოგადოების დასავლურ მისწრაფებებსა და არსებულ რეალობას შორის კონფლიქტს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ამომრჩეველმა გამოსავალი იდეალისტურის ნაცვლად პრაგმატულ პოლიტიკაში დაინახა, რომლის გამტარებლადაც „ქართული ოცნება“ მოიაზრება.

ვრცლად

საქართველოს ბედი, ამჟამად, კვლავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში წყდება ანუ რატომ აიძულეს ბატონი ლადო პაპავა გადამდგარიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან?!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის გაზაფხულის თვეებში გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციების ანალიზისა და შეფასებების შემცველი მოხსენება უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა დენიზა სუმბაძემ საზოგადოებრივი გაერთიანების - „თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის“ „ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის“ ღია სხდომაზე გააკეთა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს გაიმართა თსუ-ის პირველი კორპუსის #214 აუდიტორიაში.

„ძვირფასო საზოგადოებავ!

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

2016 წლის ზაფხულის ამ პაპანაქება დღეებში, ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის - ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გადაუდებელ პრობლემათა სიღრმეების საუნივერსიტეტო დონეზე გასაცნობიერებლად და გასაანალიზებლად, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოა ჩავარდნილი. თბილისის უნივერსიტეტისა და მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, პროცესები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი არ არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა, ხოლო თუ თავად საქართველოს სახელმწიფო არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა, მაშინ ის ვერ იქნება ვერც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ვიმეორებ: „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოს გარდაუვალი იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი დაკავშირებულობის პრობლემას ჩვენ საგანგებოდ შევეხეთ საუნივერსიტეტო განათლებისა და უნივერსიტეტის განვითარების ჩვენეულ კონცეფციაში 2012 წელს, რომლითაც, ფაქტობრივად, წარმოვადგინეთ ქვეყნის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ახალი საუნივერსიტეტო მისია, რის გამოც შეიძლება ჩვენს კონცეფციას პირობითად ეწოდოს სახელმწიფოს „უნივერსიტეტიზაციის“ კონცეფცია.

 

 2016 წლის გაზაფხულის სტუდენტური, სრულიდ არაორდინალური საპროტესტო აქციების სახით, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, უმთავრესი და ყველაზე სიღრმისეული პოლიტიკური პრობლემების ასახვასთან დედა-უნივერსიტეტის წიაღში, ამასთან, ასახვასთან სტუდენტური ცხოვრების ფორმით: კერძოდ, სტუდენტური ჯგუფების უფლებამოსილი და კატეგორიული ჩარევით უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მმართველობის საკადრო საკითხებში. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში არსებობს განხეთქილების ტექნოლოგია, ანუ „ხელოვნება“, როდესაც ამა თუ იმ მხარეს მიაჩნია, რომ გარკვეული მიზნის მისაღწევად აუცილებელია განხეთქილების ჩამოგდება ამა თუ იმ ოჯახის წევრს შორის, ორ პიროვნებას შორის, ან ორ ხალხს შორის, როგორც, მაგალითად, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის, და ა. შ. ცნობილი ბიზნესმენი, ბ-ნი ჯორჯ სოროსი, მაგალითად, აცხადებს, რომ იგი რევოლუციების სპეციალისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სპეციალისტია განხეთქილების ჩამოგდებისა ნებისმიერ ხალხსა და სახელმწიფოს შორის... ბუნებრივია, ლომის წილი განხეთქილებისთვის გაუგებრობის ჩამოგდებაზე მოდის, ანუ ფარული ინფორმაციული ომის მართვაზე... თბილისის უნივერსიტეტში სტუდენტური საგაზაფხულო საპროტესტო აქციების ფორმით, სახეზე გვაქვს გამოძერწილი განხეთქილება უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის სტუდენტობას შორის. და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ახალგაზრდული გულწრფელობით, ახალგაზრდული ენერგიით, ამ ქარიშხალივით ამოვარდნილი განხეთქილების საწყისიერი ოფიციალური მიზეზ-საბაბი ხდება: ფ უ ლ ი! როგორც ირკვევა, უნივერსიტეტის რექტორმა, ბ-ნმა ლადო პაპავამ ხელი მოაწერა, ბაკურიანში გამართულ ტრენინგებზე ერთი გარკვეული სტუდენტური ჯგუფის წარსაგზავნად გამოყოფილ თანხას (24 600 ლარს), რომელიც მეორე მხარის სტუდენტების, ანუ პირობითად , არა“ბაკურიანელების“, ანუ პირობითად „თბილისელების“ აზრით, იმაზე ჭარბი იყო, ვიდრე ამ ტრენინგებისთვის იყო საჭირო. რამდენადაც პრობლემა ბაკურიანის ტრენინგებთან იყო დაკავშირებული, ჩვენი ყურადღება მიიპყრო სტუდენტთა საპროტესტო აქციებზე წარმოჩენილმა უჩვეულო ლოზუნგმა: „ბაკურიანი ჩვენი იერუსალიმია!“ (იხ. გაზეთი: „თბილისის უნივერსიტეტი“ 15 მარტი, 2016 წელი). „ბაკურიანელები“, რომლებიც, „თბილისელი“ სტუდენტების ხედვაში, პრიორიტეტულად ფინანსდებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. „თბილისელთა“ მღელვარება, გამოწვეული ბაკურიანის ტრენინგების თანხით, თანმიმდევრულად წარმოაჩენს იმასაც, რომ საქმე მარტო ფულში როდია?! რომ ფინანსური პრიორიტეტები თსუ-ის თვითმმართველობის მიმართ, აშკარად ნერგავს უთანასწორობის განცდას სტუდენტებს შორის. სტუდენტებმა ისიც იციან, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ეს სახელმწიფო უშიშროების სტუდენტური კონტინგენტია, რომ სტუდენტურ წრეებში გამოვლენილი უთანასწორობა, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება თსუ ადმინისტრაციის მხრიდან, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან იღებს სათავეს. როგორც ჩანს, საქართველოს მთელ სახელმწიფოებრივ სივრცეში დანერგილი, მიზანმიმართულად ტენდენციური ფინანსური პოლიტიკა, თავს იჩენს უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაშიც, როგორც უნივერსიტეტში მოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურებრივი მიმართულება. და ჩვენს მიერ ზემოთ უკვე აღნიშნული 2016 წლის საგაზაფხულო საპროტესტო აქციების სახით, სტუდენტების მიერ გაცნობიერებული ეს უსამართლობა, როგორც გულებში დამწყვდეული სტუდენტური შინაგანი ამბოხი უშიშროების სამსახურის მიმართ, რექტორის, აკადემიკოს ლადო პაპავას ხელმოწერაზე ტყდება, რადგან მორალური პასუხისმგებელი თსუ-ის კანცლერის მეოხებით განხორციელებულ, სახელმწიფოს მიკერძოებულ და, სტუდენტების აზრით, უსამართლო ფინანსურ პოზიციებზე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, იქ, სადაც საქართველოს სახელმწიფო, ამ რამდენიმე წლის წინ, კორუფციას ებრძოდა და კორუფციის საბაბით ანგრევდა მთელ უნივერსიტეტს, აღმოჩნდება ლადო პაპავა. კანცლერის თანაშემწის ფინანსურ მიკერძოებას თვითმმართველობის სტუდენტების მიმართ, სტუდენტებმა თანასწორობის უფლების მოთხოვნით გამოუცხადეს პროტესტი, და, რაღა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი! სახეზე გვაქვს ბრწყინვალე გაბედულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა, რომელთაც სრულიად უბრალო, ელემენტარული ფაქტით, ამხილეს და ფარდა ახადეს არა მხოლოდ საუნივერსიტეტო უსამართლო ფინანსურ პოლიტიკას, არამედ სახელმწიფოებრივ უსამართლო ფინანსურ პოლიტიკას. საოცარი რამ ხდება: სტუდენტებმა ერთმანეთს დაუკავშირეს უნივერსიტეტში სახელმწიფო უშიშროება და ფული! საპროტესტო აქციებით ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობისადმი ფინანსური პრიორიტეტები უნივერსიტეტის კანცლერის მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ კანცლერიც და თვითმმართველობაც, ორივე უშიშროებაა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. საქმე იქამდე მიდის, რომ სტუდენტური მანიფესტაციის მთავარი მოთხოვნა და მთავარი რევოლუციური ლოზუნგი ხდება: „უნივერსიტეტი უშიშროების გარეშე!“, „რატომ გამოუყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 25 000 ლარი სტუდენტურ თვითმმართველობას?“.. „უნივერსიტეტი უნდა მართოს უშიშროებამ, თუ თქვენ და აკადემიურმა საბჭომ?“ „დავიღალეთ!.. ნუ მისცემთ საშუალებას, რომ გარეშე ძალებმა მართონ უნივერსიტეტი!“, - მიმართა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს, ბატონ ლადო პაპავას, ქართული საზოგადოებრიობისთვის თავისი გაბედულებით უკვე კარგად ცნობილმა ახალგაზრდამ, აქციის მონაწილე სტუდენტმა (დოქტორანტმა) ლევან ლორთქიფანიძემ. (გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“ ,15 მარტი, 2016, ნატო ობოლაძის წერილი: „საპროტესტო აქციის პირველი დღე“, გვ.2).

 

„აქ სხედხართ აკადემიური საბჭოს წევრები და უნივერსიტეტის რექტორი. წესით თქვენ ხართ უნივერსიტეტის ღირსების დამცველები. და მინდა გკითხოთ: უნივერსიტეტში მუშაობს ერთი ადამიანი - ივა კავსაძე. შეგიძლიათ, გამცეთ პასუხი - ვინ არის იგი? მე გეტყვით, ეს არის ადამიანი, რომელიც ასრულებს თსუ-ში „ოდეერის“  ფუნქციებს და არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწის პოსტზე. იგი მანამდე იყო ლარსის საბაჟოს უფროსი და შემდგომ დაკავებული იქნა ე.წ. მე- 9 არხის თეფშების დამტვრევის ფაქტების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველანაირი მართლმსაჯულების გარეშე, უცებ, ივა კავსაძე იკავებს უნივერსიტეტში თანამდებობას. ბატონო რექტორო, ეს თქვენ იცით და მე ვიცი, რომ ეს თქვენ იცით! რა პასუხს გასცემთ სტუდენტებს? ამის შემდეგ რა ღირსების დაცვაზეა საუბარი?“ (იქვე, გვ. 3). ეს მიმართვა აკადემიური საბჭოს წევრებისა და უნივერსიტეტის რექტორისადმი ეკუთვნის უკვე სანდროც აგარელს. დოქტორანტი ლევან ლორთქიფანიძე ამჯერად სანდრო ცაგარლისეული საკითხის დაყენებას ეხმაურება: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი (ივა კავსაძე) კანცლერის არჩევის პროცესში აქტიურადაა ჩართული და ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა ის, რომ ზოგიერთი ჯგუფი უნივერსიტეტში ძალიან მაღალ დაფინანსებას იღებს, თქვენ კი უწევთ ამ ყველაფერს წინააღმდეგობას?“ (იგივე გაზეთი, გვ.3.). ვფიქრობ, ეს პირველი ხმამაღალი და ისტორიული ამბოხია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიმართ, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებმა იტვირთეს. როგორც ვხედავთ, ამ გაბედული სტუდენტების ცნობიერებაში უნივერსიტეტის ღირსება და უშიშროება ერთად, გამორიცხულია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ სტუდენტების ტონი არა მხოლოდ თავდაჯერებული მოსამართლის ტონია, რომელმაც დამნაშავე საბრალმდებლო სკამზე განამწესა, არამედ განჩინებისაც რექტორის მიმართ, რომელმაც უშიშროებასთან თანამშრომლობის დაშვებით ვერ დაიცვა პატივი და ღირსება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა. ძალზედ მნიშვნელოვანია აქ ბატონ ლადო პაპავას პასუხი, ლევან ლორთქიფანიძისა და სანდრო ცაგარელის გამოსვლებზე, მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით: გავითვალისწინოთ, რომ უშიშროების სამსახურის მიერ ამა თუ იმ დაწესებულებაში ჩანერგილ საკუთარ თანამშრომელს „ოდეერი“ ჰქვია.

 - „ოდეერის“ სისტემა ქვეყანაში არსებობს და პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა არსებობდეს, - ბრძანებს ბატონი ლადო პაპავა. მე ეს სისტემა (უნივერსიტეტში) დამხვდა. შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. როცა მოვედი რექტორად, ვიცოდი - ვინ იყო. შემდეგ შეიცვალა ის პირი და მოვიდა ეს ახალგაზრდა კაცი - ივა კავსაძე. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემისაგან.“ (იქვე, გვ.3).

 არანაკლებ რევოლუციურია ბატონი ლადოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, სიტყვები. იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებს მთელ მსოფლიოში „უშიშროების სამსახურები“ მართავენ, ბატონი ლადო კატეგორიულად უარყოფს ამ სამსახურის საჭიროებას და მისგან უნივერსიტეტის განთავისუფლებას მოუწოდებს, მაგრამ სტუდენტებისთვის ეს არ კმარა!

მოგეხსენებათ, ყველა მოვლენის ახსნასა და შეფასებას თავისი სუბიექტური მომენტიც ახლავს. მართალი არ ვიქნები, არ ვაღიარო, რომ პირადად ჩემთვის, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, 2016 წლის გაზაფხულზე შემდგარი ეს სტუდენტური საპროტესტო მანიფესტაცია, გამოკვეთილი ერთი მხრივ, უნივერსიტეტის კანცლერის თანაშემწის მიმართ, რომელიც რეალურად რექტორის თანაშემწესაც წარმოადგენს, ჩემს ცნობიერებაში ერთგვარი გაგრძელება იყო ჩემ მიერ 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვრის თვეებში, გაზეთ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებული წერილების ციკლისა: „საქართველო და ქართული ეკლესია აპოკალიპსის კარიბჭესთან, ანუ ინფორმაციული ომი საქართველოს ისტორიული სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად დღევანდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის ჭრილში“. ჩემი გამოკვლევა, რა თქმა უნდა, გარკვეული საპროტესტო მანიფესტაცია და მხილება იყო საქართველოს საპატრიარქოს „ოდეერისა“. ოღონდ მე სრულიად მარტო ვიყავი ამ საპროტესტო მანიფესტაციაში...

 „ბაკურიანის ტრენინგებს“, ცხადია, აქ, საპატრიარქოში, სრულიად სხვა სახე აქვს. თუმცა ფინანსური პოლიტიკის პრინციპები აბსოლუტურად იგივეა, რაც უნივერსიტეტში. ცნობილია, რომ ფინანსურ პოლიტიკას სწორედ „თანაშემწე“ მართავს. კიდევ ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი შევიტყვე სტუდენტებისაგან: საქართველოს უშიშროების სამსახურის მიერ თსუ-ის კანცლერის თანაშემწედ მაინცადამაინც მართლმსაჯულების მიერ დაკავებული და ბრალდებული პიროვნება დაინიშნა! ჩემი პროტესტი „ოდეერი ქალბატონის“ ეკლესიური ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ჩვენი ეკლესია გარკვეული სამსახურების ზეწოლით, ქრისტიანობიდანაც გადახაროს და ეროვნული თვითმყოფადობის გამანადგურებელი მიმართულებითაც წაიყვანოს, ცხადია, ჩემი ეროვნული და მსოფლმხედველობრივი პოზიციებიდან იყო გამომდინარე - ისევე, როგორც მთელი ქართველი ხალხისთვის, ისევე, როგორც ქართული ეკლესიის უდიდესი მამებისათვის - გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მერჩულესთვის, როგორც ტაო კლარჯეთის მთელი საკანონმდებლო სამონასტრო ცნობიერებისათვის, რომელიც ქართველთა სინას მთად იყო აღიარებული თანამედროვეთაგან, ისევე, როგორც უდიდესი ქართველი მეცნიერებისათვის - ივანე ჯავახიშვილისათვის, სიმონ ჯანაშიასთვის, პავლე ინგოროყვასთვის, ექვთიმე თაყაიშვილისათვის და საერთოდ ქართული ისტორიოგრაფიის უმთავრეს წარმომადგენელთათვის. ქართველ ბაგრატიონთა სამეფო ტიტულის „დავითიანის“ გამოცხადება ხორციელი მნიშვნელობის ცნებად, კატეგორიულად იყო მიუღებელი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასევე მიუღებელი არ იქნებოდა საქართველოს პატრიარქისათვისაც. სტუდენტური აქციების წყალობით, მე პირველად დამიდასტურდა ჩემი გუმანი და სრულიად ნათელი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო საქართველოს ეკლესიის საქმეებს განაგებს პატრიარქის თანაშემწის, ანუ საპატრიარქოს „ოდეერი“ ქალბატონის მეშვეობით, ხოლო უნივერსიტეტის საქმეებს - უნივერსიტეტის კანცლერისა და მისი თანაშემწის, უნივერსიტეტის „ოდეერი“ მეშვეობით.

უმნიშვნელოვანესია ერთი გარემოება: ბატონი ლადო პაპავა აღიარებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტი არსებობს და ეს ინსტიტუტი მისთვის მიუღებელია. სტუდენტების აზრით, „ოდეერის“ ანუ უშიშროების სამსახურის არსებობა უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ღირსების შებღალვას ნიშნავს. ლადო პაპას აზრით, დადგა დრო, როცა უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს უშიშროების სამსახურისაგან. ამგვარად, ბატონი ლადო პაპავას აზრი „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობაზე უნივერსიტეტში სტუდენტების პოზიციისავე თანხვედრილია. სტუდენტებს საკუთარი თავისათვის არ დაუსვამთ მხოლოდ კითხვა: შეეძლო (?) ლადო პაპავას წინააღმდეგობა გაეწია უშიშროების კადრის ჩასმაზე თსუ კანცლერის თანაშემწედ?! რა თქმა უნდა, არა! „ოდეერის“ ინსტიტუტი - ეს ხომ ტრადიციად ქცეული სტრატეგიაა სახელმწიფო მმართველობისა?! მაგალითისათვის, თავს ნებას მივცემ, მოვიხსენიო საქართველოს დიდი კათალიკოს-პატრიარქის (1918 წ.), კირიონ მეორის (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილის) მკვლელობის ისტორია, რომელსაც მე უკვე შევეხე ზემოთ ხსენებულ, ჩემ მიერ გაზეთ „საერთო გაზეთის“ 2014 წლის დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის ნომრებში გამოქვეყნებულ ნაშრომში: „ინფორმაციული ომი საქართველოს ისტორიული სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად, ანუ ქართველ ბაგრატიონთა სამეფო ტიტულის - „დავითიანის“ გაგებისათვის დღევანდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის ჭრილში“, ამასთან შევეხე სწორედ სახელმწიფო უშიშროების კონტექსტში. მისი უწმინდესობის, კირიონ მეორის ისტორია სწორედ იმ შეუპოვარი წინააღმდეგობის მაგალითი გახლავთ, რომელსაც სტუდენტები თბილისის უნივერსიტეტის რექტორისაგან, აკადემიკოს ლადო პაპავასგან ითხოვდნენ. კირიონ კათალიკოსის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის მკვლევარმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა კირიონ კათალიკოსზე მიწერილი თვითმკვლელობის ბრალდების მოხსნაში და ამით ჩვენი ეკლესიის მიერ მის წმინდანად შერაცხვაში, ისტორიული მასალებიდან ამოსწია კირიონ კათალიკოსის მკვლელობის გამოძიებაში დადასტურებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება: იარაღი, რომლითაც თვითმკვლელობა ბრალდებოდა საქართველოს პატრიარქს, და ტყვია, რომლითაც ის მოკლული იყო, სხვადასხვა მარკისანი იყვნენ. ამრიგად, საქართველოს პატრიარქს სახელმწიფოს მიერ მისჯილ თანაშემწეზე კატეგორიული უარის გამოცხადების გამო, სახელმწიფომ არამარტო ამქვეყნიური სიცოცხლე მოუსპო, არამედ თვითმკვლელობაც დააბრალა, რომლითაც მის უწმინდესობას სასუფეველშიც გადაუკეტა ეკლესიური გზა და წმინდანობაც აუკრძალა. ასე დასრულდა შეუპოვარი წინააღმდეგობა კირიონ კათალიკოსისა სახელმწიფოს მიერ დანიშნული თანაშემწის, სადღეისო ტერმინით: „ოდეერის“ თავიდან მოშორებისა და საპატრიარქოდან გაძევებისა. კირიონ კათალიკოსის თანამედროვე მწერლის, იოსებ იმედაშვილის გადმოცემით, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, მკვლელი სწორედ პატრიარქის მიერ გაძევებული „ოდეერი“  იყო. ხოლო თუ ჩვენ ასეთი ფუნდამენტური ისტორიული ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ სახელმწიფო არ ეკითხება და ისე უნიშნავს თანაშემწეს თვით ისეთ დიდ პიროვნებას, როგორიც საქართველოს პატრიარქი, კირიონ მეორე იყო, საიდან ვასკვნით, რომ დღევანდელ უშიშროებას შეუძლია იხელმძღვანელოს ლადო პაპავას ნება-სურვილითა და ადამიანური მრწამსით? ცხადია, სახელმწიფო, რომელიც პატრიარქს არ ეკითხება და არ უთანხმდება ავტოკეფალურ ეკლესიაში მისი თანაშემწის ვინაობას, მითუმეტეს, არ ეკითხება ლადო პაპავას, სად უნდა ჩასვას სახელმწიფომ თავისი უშიშროების თანამშრომელი სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვინ უნდა ჩასვას. არ ეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელია არა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოსაგან, არამედ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოსაგანაც, ხოლო უნივერსიტეტი - დამოუკიდებელი, ანუ ავტონომიურია სახელმწიფოსაგან!

ჩვენ მიერ გასაანალიზებელი აქციების პროცესებში, სტუდენტები პირდაპირ ადებენ ხელს უნივერსიტეტის კანცლერის თანაშემწეს, რომელიც განაგებს თსუ-ის ფინანსების განაწილებას ლადო პაპავას რექტორობის დროს. უნივერსიტეტის კანცლერის თანაშემწეს პირდაპირ აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ოფიციალურ თანამშრომლად, და ბატონ ლადო პაპავას მორალურ პასუხისმგებლობას სთხოვენ იმაზედ, რომ უნივერსიტეტში არსებობს უშიშროების სამსახური. სტუდენტების მოთხოვნა ლადო პაპავას წინააღმდეგობის გაწევისა უნივერსიტეტის წიაღში უშიშროების სამსახურის აღკვეთისათვის, ნიშნავს ლადო პაპავასაგან სახელმწიფოს საიდუმლო რეჟიმისა და ტრადიციული სტრატეგიის შეცვლის მოთხოვნას, ანუ შეუძლებლის შესაძლებლობას, რაც, ფაქტობრივად, უსამართლობა იყო ბატონი ლადო პაპავას მიმართ. რატომღაც ეს უსამართლობა მაგონებს ბიბლიური მეფის დავითის ერთ იერუსალიმურ ეპიზოდს, როდესაც მან თავისი ქვეყნის სარდალს თავისივე ჯარისკაცებთან გაატანა წერილი: ისე წარემართათ საბრძოლო პროცესი, რომ მოწინააღმდეგის სარდალი მოეკლათ. ბიბლიის „მეფეთა წიგნების“ ავტორი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური სიზუსტით აღწერს მისტიურ გაუცნობიერებელ გუმანს საფრთხის მოახლოვებისას მეფის ერთგული სარდლის ქმედებებში. სარდალმაც და ჯარისკაცებმაც მეფის ბრძანება პატიოსნად შეასრულეს: სარდალს არ ჩაუხედავს წერილში, ისე გადასცა ჯარისკაცებს. არც ჯარისკაცთაგან გაუმხელია ვინმეს თავისი სარდლისთვის საიდუმლო ბრძანება მეფისა. დავითის ჯარისკაცებმა თავიანთი უდანაშაულო სარდალი მოკლეს. ვგონებ, არავის დაუსვამს კითხვა, ჯარისკაცების გაწირვაზე - საკუთარი მეფის მიერ ესოდენ მძიმე უსამართლობის ჩადენისათვის...

რაოდენ ვირტუოზული ტექნოლოგიითაც არ უნდა იყოს შეფუთულ-შენიღბული ეს სტუდენტური საპროტესტო აქციები, საპროტესტო დინამიკაში ოფიციალურად აღნუსხულ და უნივერსიტეტის გაზეთში დღიურების სახით გამოქვეყნებულ საპროტესტო აქციების ამსახველ მოვლენებზე ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება, რომ პროტესტის მიზანი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ლადო პაპავას სავარძლის განთავისუფლებაა, სტუდენტური აქციების გზით. საიდუმლოებად რჩება მხოლოდ პასუხი კითხვაზე: ვის სჭირდება ეს სავარძელი და რა მიზნით?! ანუ რისთვის?! ვისთვის იდგმება ეს საპროტესტო აქციები?! თუ გავითვალისწინებთ, რომ ლადო პაპავას რექტორობის მისიად წილად ხვდა აღორძინება წინარე ხელისუფლების მიერ დანგრეული თბილისის უნივერსიტეტისა და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იგი, მთელი თავისი შესაძლებლობით ამ ამოცანის სამსახურში იდგა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იმდენად წამოიმართა წელში გასასწორებლად, რომ ბ-ნმა ლადომ უნივერსიტეტის დაარსების სადღესასწაულო დღეს საქართველოს პატრიარქისაგან წმინდა გიორგის ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო სტუდენტური საპროტესტო აქციების წინა პერიოდში უკვე შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტისავე წიაღში დასმულიყო საკითხი, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ზოგად-ეროვნული დანიშნულების განსაკუთრებული სტატუსის ამოქმედებისა, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ზემოთ აღნიშნული აქციების გზით, თბილისის უნივერსიტეტის აღორძინებისათვის და სტუდენტური განათლების ხარისხის ამაღლებისათვის მოღვაწე რექტორი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმავე აიძულეს, გადამდგარიყო. დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ამგვარი დასკვნა გარკვეული გაუგებრობის შემცველია და დამაჯერებლობას არის მოკლებული. განხეთქილება რექტორსა და სტუდენტებს შორის აშკარად ხელოვნურია და გამოგონილის შთაბეჭდილებას ტოვებს... უსათუოდ უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: რამდენადაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის აღნიშნული აქციები საკმაოდ შუქდებოდა სატელევიზიო არხებით და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა თვალყური ედევნებინა მათი მსვლელობისათვის, ბუნებრივია, რომ მათზე, ამ სტუდენტურ აქციებზე, ქართულ საზოგადოებრიობასაც შეექმნა თავისი აზრი, რომლითაც, ამ აქციებმა, როგორც მოვლენამ, მთელი საქართველოს დღევანდელ ცნობიერებაში ფაქტობრივად, ერთმნიშვნელოვანი გაგება დაიმკვიდრა: რომ 2016 წლის სტუდენტური აქციები „ეს იყო თავდასხმა ლადო პაპავაზე, რადგან წესიერი კაცი არ უნდათ! სტუდენტები გამოყენებულნი იყვნენ!“ აღსანიშნავია და ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ სახალხო დასკვნითი ფორმულირება საზოგადოებრივი აზრისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორთა დამოკიდებულება ამ აქციების მიმართ, აქციების საწყისშივე, განცხადებისა და მიმართვის სახით გამოქვეყნებული თბილისის უნივერსიტეტის გაზეთში, ინტერპრეტაცია აქციების ხასიათისა და მიზანმიმართებისა, სრულიად თანხვედრილია: „საგანმანათლებლო სივრცისათვის მიუღებელი პროცესები განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინა შედგას. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები უნივერსიტეტსა და მის რექტორზე. არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ უნივერსიტეტის ჩართვა სხვადასხვა სახის დაპირისპირებაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაგვერდში ვუდგავართ რექტორს, აკადემიკოს ლადო პაპავას იმ მიზნების და იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომლებიც უნივერსიტეტისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

 

მოვუწოდებთ თსუ-ს ყველა სტუდენტს, სამეცნიერო საზოგადოებას, პროფესორს, თანამშრომელს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებსა თუ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს... თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიზნებისათვის უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოყენების მცდელობისაგან...“, - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელსაც ავტორობენ და ხელს აწერენ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორები: აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი როლანდ თოფჩიშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული, აკადემიკო სიგუჩა კვარაცხელია, აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, ბ-ნი ვაჟა ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, აკადემიკოსი აპოლონ სილაგაძე.

როგორც ვხედავთ, უჩინარი თავდამსხმელი ლადო პაპავაზე, როგორც „აბსტრაქტული“ სუბიექტი და ორგანიზატორი საპროტესტო აქციების მართვისა, გაცხადებულია! რას ნიშნავს „სტუდენტები გამოყენებულ იქნენ“?! და ვინ არის ის, ვისაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში „წესიერი კაცი არ უნდა“? რას ნიშნავს სტუდენტების გამოყენება წესიერი კაცის გასაძევებლად? როდესაც ერთი კაცი მეორეს მოსაკლავად თოფს იყენებს, თოფმა არ იცის, მას რისთვის იყენებენ. თოფი უსულო საგანია. თოფმა არ იცის, ვინ უნდა მოკლას და ვინ - არა! მაგრამ, როცა თოფის მაგივრად ადამიანებს იყენებენ, ამასთან ახალგაზრდობას, მათ სუფთა გულსა და გამოუცდელ გონებას, იყენებენ ჭუჭყიანი მიზნისთვის, ახალგაზრდობის შეცდომაში შეყვანის გზით, ახალგაზრდობას ექცევიან როგორც უსულო საგანს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ძალები ახალგაზრდობას შეურაცხყოფას აყენებენ, აჭუჭყიანებენ. საზოგადოება ამას ხედავს, გრძნობს, გმობს და გამოხატავს ამ გმობას, მაგრამ ვერ ებრძვის, უსამართლობისთვის ანთებულ გაბრდღვიალებულ მწვანე შუქს ვერ აქრობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ უმწეობისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უსამართლობაზე საზოგადოებრივი ზემოქმედების შესაძლებლობები აღკვეთილია, ანუ კონტრმანიფესტაციების მექანიზმი საზოგადოებაში ვერ იბადება, საზოგადოებრივი აზრის შექმნით, უსამართლობის ნამდვილი ჩამდენის და დამალული სუბიექტის არსებობა გამხელილი ხდება და ამით, ამ გამხელით, ის „დამალული“ ჩაჭრილია! მოგეხსენებათ, ყველაზე საშინელ, იურიდიულად მიუკვლეველ ტერაქტებზეც კი, დღევანდელ მსოფლიოში, პასუხისმგებლობის მაღიარებელ-გამომცხადებელი ჩნდება! თბილისის უნივერსიტეტში გამართულ 2016 წლის საგაზაფხულო საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად უნივერსიტეტის სტუდენტებზეა განცხადებული. ეს ცილისწამებაა! ცილისწამების პოლიტიკური დანიშნულება ასახსნელია და სტუდენტებისაგან ეს ცილისწამება ჩამოსახსნელია! მითუმეტეს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, რომელიც უკვე ჩვენს თვალწინ იკვეთება, ისინი უფრო დიდი შეცდომებისთვის, ანუ უფრო დიდი უსამართლობისათვის არიან განწირულნი იმ დამალული „სუბიექტისაგან“! გავითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება პროფესორთა ზემოთ მოხმობილ მიმართვა-განცხადებაში, სახელმწიფოებრივი წინასაარჩევნო სპეცოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს! აქ სრულიადი სიზუსტით არის მინიშნებული და ხაზგასმული სტუდენტური აქციების პროცესუალურობა, როგორც წინასაარჩევნო ღონისძიება გარკვეული ძალებისა.

პირდაპირ მინდა განვაცხადო: ჩემი დღევანდელი მოხსენებით მე მსურს გაგიზიაროთ ჩემეული ხედვა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განსაცდელისა, დედა-უნივერსიტეტის, ანუ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დღევანდელ განსაცდელთან კავშირში. სხვარიგად: მე მსურს, გაგიზიაროთ საქართველოს განსაცდელი თბილისის უნივერსიტეტში და პირიქით: გაგიზიაროთ ჩემეული ხედვა თავად ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დღევანდელი განსაცდელისა, საქართველოს, როგორც ერთიანი ქვეყნის განსაცდელთან კავშირში.

ვრცლად

რაში ეთანხმება და რაში - არა პროფესურა სტუდენტებს რექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით?

გამოკითხვა სტუდენტთა ჯგუფების მიერ გახმოვანებულ პრობლემებზე აქცენტით

დასმულია ორი კითხვა:

- რექტორობის სამი კანდიდატი გვყავს: თსუ-ის ყოფილი პროფესორი (2006 წლამდე) გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და თსუ-ის მოწვეული პედაგოგი გიორგი შარვაშიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე. თქვენი აზრით, რატომ არ წარმოადგინა უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორებიდან უფრო მეტმა თავისი კანდიდატურა რექტორის პოსტზე ასარჩევად და რატომ არის კანდიდატთა ასეთი სიმწირე? 
- როდესაც მინისტრის მოადგილე ტოვებს თანამდებობას და რექტორობის კანდიდატად რეგისტრირდება, ამაში ხედავთ თუ არა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვის საშიშროებას (როგორც ამაზე სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი მიუთითებს თავის საპროტესტო გამოსვლებში)?

ზაალ კოკაია, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (შვედეთი):
- ჩემი აზრით, უნივერსიტეტის ავტონომიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად მუშაობდა ადამიანი რექტორად არჩევამდე. მთავარია, კანდიდატს ჰქონდეს სწორი ხედვა, სამოქმედო გეგმა, ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რაც ამ თანამდებობისთვის არის საჭირო. მე გია შარვაშიძეს კარგად ვიცნობ და ამიტომ ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ იგი რექტორად იმიტომ მოდის უნივერსიტეტში, რომ მიზანმიმართულად შეზღუდოს უნივერსიტეტის ავტონომია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის რექტორობის ასე ცოტა კანდიდატი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ მხოლოდ ეს სამი კანდიდატი თვლის, რომ მოცემულ ვითარებაში შეუძლია გაუძღვეს თსუ-ს.

ლევან გორდეზიანი, თსუ­-­­ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- არის ოფიციალური ინფორმაცია, რომ რექტორობის 3-მა მსურველმა შემოიტანა განცხადება, სამივეს ვიცნობ, სამივეს კარგად ვუყურებ, ისიც სრულიად ბუნებრივია, რომ არსებულ ვითარებაში ბევრს არ მოუნდებოდა კანდიდატად დარეგისტრირება (ვგულისხმობ კრიზისულ ფონს და იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება). რაც შეეხება ავტონომიურობის დარღვევის საშიშროების საკითხს, იმის გამო, რომ შარვაშიძე იყრის კენჭს, ამის მიბმა ავტონომიურობის დარღვევის თემასთან აბსოლუტურად არაადეკვატურია. ავტონომია, რატომღაც, ცუდად გვესმის (გვგონია, რომ ეს არის ფეოდალური შეუვალობა), ანუ მთავრობამ ფული მოგვცეს და არ ჩაერიოს. სინამდვილეში ავტონომია არის ის, რომ ლექციაზე ვილაპარაკო, რაც მინდა; სტუდენტმა ისწავლოს, რაც უნდა; ხოლო რექტორი დანიშნული იქნება თუ არჩეული, ამას ავტონომიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბევრ ქვეყანაში ხელმძღვანელი პირი დანიშნულია, მაგრამ წესები არის შეუვალი და ამ წესებს ადგენენ პროფესორები და სტუდენტები. ჩვენთან იყო ფეოდალური ვითარება, როდესაც პირველი პირი წყვეტდა ყველაფერს. ამიტომ ჩემთვის დღეს იმის თქმა, რომ ავტონომიურობა იზღუდება, სრულიად მიუღებელია. უნივერსიტეტს თუ არ უნდა, არ აირჩევს არც გიორგი შარვაშიძეს, არც ცირა ბარამიძეს და არც გიორგი ბარამიძეს (სამივე ღირსეული კანდიდატია), ან აირჩევს იმას, რომელსაც ჩათვლის უფრო მისაღებად.

როლანდ თოფჩიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- ვერაფერს გეტყვით, სახლში ვარ და წიგნზე ვმუშაობ, ინფორმაციასაც ვერ ვუსმენ ტელევიზიით. საერთოდ მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ის უნდა იყრიდეს კენჭს, ვინც უნივერსიტეტის პროფესორია, ანუ ვინც უნივერსიტეტით ცხოვრობს, იცის რა სული ტრიალებს აქ და რა ვითარებაა.
ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის სივრცეში უნდა მოძებნილიყო სახელოვანი მეცნიერი, რომელიც კარგად გაუძღვებოდა ამ საქმეს. რექტორი მაღალი დონის მეცნიერი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ამ კანდიდატებს რა მონაცემები აქვთ ამ თვალსაზრისით. თუ გადავხედავთ - ვინ იყვნენ წინა რექტორები, ამ პოსტზე ყოველთვის (ბოლო პერიოდს არ ვგულისხმობ) ცნობილი ადამიანები ინიშნებოდნენ, ვის მიმართაც სტუდენტებსაც და ლექტორებსაც გარკვეული მოწიწება ჰქონდათ.

კორნელი კაკაჩია, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- ვფიქრობ, შიდა რესურსის პრობლემა ნაკლებად არის, პრობლემაა უფრო გარემო (ვგულისხმობ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რეფორმებთან მიმართებით და მათ შორის საუნივერსიტეტო და განათლების რეფორმებთან დაკავშირებითაც). ძალიან ბევრმა ადამიანმა თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობაზე იმიტომ, ალბათ, რომ მათ არ სჯერათ, რომ რეფორმის გატარების ნება არსებობს როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. თავად საუნივერსიტეტო საზოგადოების უმრავლესობა საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ამ რეალობაში. აქედან გამომდინარე, ისეთი განცდაა, რომ ყველა კმაყოფილია იმ ატმოსფეროთი, რაც დღეს სუფევს უნივერსიტეტში და ამ პირობებში, თუ კონკრეტული ხედვა არ გაქვს, სურვილი ნაკლებად უჩნდება ვინმეს - ებრძოლოს ქარის წისქვილებს. არადა სტუდენტებისა და საზოგადოების მოთხოვნა კატეგორიულია რეფორმების გატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოება გადაიღალა კიდეც რეფორმების მოთხოვნით. რაც შეეხება გიორგი შარვაშიძის კანდიდატურის მიუღებლობას, მე მას ვიცნობდი მანამდეც, სანამ მინისტრის მოადგილე გახდებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის განათლების დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი; მას აქვს გარკვეული საერთაშორისო გამოცდილება და კავშირები; სასურველი იქნებოდა, რომ იგი მინისტრის მოადგილის პოსტიდან პირდაპირ არ მოსულიყო უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის პროფესიულ მიღწევებს ამ დარგში, ალბათ, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შემოიტანა განაცხადი. ვფიქრობ, შემოტანილი კანდიდატებიდან ყველაზე ლოგიკური მისი არჩევა იქნება. ვეთანხმები სტუდენტების აზრსაც, რომ მინისტრის მოადგილის პოსტიდან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირება ბევრ უხერხულ კითხვას აჩენს, კერძოდ, თუნდაც იმას - ხომ არ არის მისი კანდიდატურა ორკესტრირებული ხელისუფლების მხრიდან? ეს ხომ არ არის მთავრობის მხრიდან ჩარევა უნივერსიტეტის საქმიანობაში? დანარჩენი, რაც შეეხება მის კანდიდატურას, ვინც მას იცნობს, გასაგები ხდება - რატომ შემოიტანა ამ ადამიანმა საბუთები კონკურსში მონაწილეობისთვის. იგი ნამდვილად არის პროფესიონალი და განათლების დარგის სპეციალისტი. ვისურვებდი, რომ მან ის კითხვის ნიშნები მოხსნას, რაც მისი მისამართით ჟღერდება...

მერაბ კოკოჩაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, რეჟისორი:
- ალბათ, საქმე იმაშია, რომ, თითქოს, დაკარგულია ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებიც მთელ სიცოცხლეს უნივერსიტეტის თავისუფლების, განათლების განვითარებისთვის ბრძოლაში ატარებდნენ. სხვა პასუხის მოძებნა მიჭირს იმ კითხვაზე, თუ რატომ არის ასეთი მწირი კანდიდატების რაოდენობა. თანაც ჩახედული მთლად არ ვარ საქმეში, რადგან მთელი ზაფხული კინოსტუდიის საკითხებით ვიყავი დაკავებული და არ ვიცი - უნივერსიტეტში რა ხდებოდა. რაც შეეხება მეორე კითხვას, დღევანდელ პირობებში არ მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ხელისუფლება შეიძლება ჩაერიოს უნივერსიტეტის საქმეში. უნივერსიტეტი სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და, მერწმუნეთ, თუ აქ მოდის წესიერი, მებრძოლი ადამიანი, ხელისუფლება ამ საქმეში არ ჩაერევა. ბოლო პერიოდში, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, უკვე ისეთი ნაბიჯებია გადადგმული, რომ თუ გიორგი შარვაშიძე განათლებული, წესიერი ადამიანია, მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობის ფაქტი, არ მგონია, დამაფიქრებელი ან შემაწუხებელი მიზეზი იყოს. შეიძლება ადამიანი მუშაობდეს სახელმწიფო დაწესებულებაში, ამის გამო, რა, მას უფლება არ უნდა ჰქონდეს მართოს უნივერსიტეტი? ჩემთვის ეს არ არის მიზეზი... ვიმეორებ, არ არის ის დრო, ხელისუფლება ასე ერეოდეს. აქედან გამომდინარე, არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მთავრობა რექტორის არჩევნებში ჩაერევა. პრობლემები, რომლებიც განათლების სისტემაშია, უნდა გამოსწორდეს, მოიძებნოს სწორი გზა განვითარებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად გამორიცხულია - სახელმწიფოს რაიმე სახის ჩარევა სჭირდებოდეს. ამ თვალსაზრისით თავისუფლებაა.

პაატა ტურავა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი:
- არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ ისე, რომ შევაფასო. თუმცა საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ სხვებს სურვილი - შემოეტანათ რექტორობის კანდიდატად განაცხადი? ვფიქრობ, საჭიროებს ანალიზს, თუ რატომ არ იყო მეტი აქტიურობა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ავტონომიურობის შეზღუდვას ვერ დავარქმევ იმას, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე იყრის რექტორობისთვის კენჭს - ამის თქმა არც სამართლებრივად შეიძლება. უნივერსიტეტის ავტონომიურობა არის სხვაგვარად უზრუნველყოფილი. რექტორი არ არის თანამდებობის ის პირი, რომ რაიმე შეზღუდოს. სხვა ორგანოებიც ჰყავს უნივერსიტეტს: ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობით საბჭო და ასე ცალსახად იმის თქმა, რომ ავტონომიურობა შეიზღუდება, არ შეიძლება!

აკაკი ყულიჯანიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი:
- რატომ იქნება ავტონომიის დარღვევა გია შარვაშიძის მოსვლა? ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ავტონომიის დარღვევა იქნებოდა ის, თუკი კანონში ან წესდებაში ეწერებოდა, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორი შეიძლება იყოს რექტორი. მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ზეწოლაზე გავრცელებულ ხმებს, ეს ჩემ თავზე მაქვს პირადად გამოცდილი, როცა რექტორად კვიტაშვილი მოიყვანეს. მაშინ აკადემიური საბჭოს წევრი ვიყავი და არ მივეცი ხმა. აი, ზეწოლა და ტერორი მაშინ გენახათ! ახლა მსგავსი არაფერი ხდება. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი. ვინმე თუ რეკომენდაციას გაგიწევს – ამას დაუჭირე მხარიო, ეს ზეწოლა ნამდვილად არ არის. არ იფიქროთ, რომ რომელიმე კანდიდატს პირადად მხარს ვუჭერ, უბრალოდ მინდა, რომ ვიყოთ ობიექტურები. ახლა არის ღია კარის პოლიტიკა. მოდის კაცი, რათა კენჭი იყაროს. დანარჩენი საბჭოზეა დამოკიდებული. მე მხარს დავუჭერდი იაგო კაჭკაჭიშვილის კანდიდატურას, მაგრამ, რატომღაც, თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობისგან.

თემურ შენგელია, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი:
- მიმაჩნია, რომ სამივე კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა. თავად ფაქტი, რომ კანდიდატების ასეთი მწირი რაოდენობაა, არ არის კარგი. როგორც ჩანს, ხალხი ობიექტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს. აკადემიურმა საბჭომ წარმოდგენილი კანდიდატების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის კარგად გათვლის საფუძველზე უნდა შეარჩიოს ღირსეული კანდიდატი. რაც შეეხება ავტონომიურობის თემას, მიმაჩნია, რომ მთავარია დაცული იქნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კანონმდებლობა. თუ კანონმდებლობა დაცულია, ეს ემსახურება თსუ-ის პროგრესს. ანუ აქ ამოსავალი უნდა იყოს კანონმდებლობა. თუ სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობა ირღვევა, მაშინ პროტესტიც გასაგებია, მაგრამ თუ კანონი არ უკრძალავს მინისტრის ყოფილ მოადგილეს კონკურსში მონაწილეობას, მაშინ რაზეა ლაპარაკი?

თინათინ მარგალიტაძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- ბატონ გიორგი შარვაშიძეს პარტიულ მუშაკად მე არ განვიხილავ. არასოდეს მომისმენია მისგან რაიმე პარტიული განცხადებები. ვფიქრობ, უკეთესიცაა, რომ იგი არის განათლების და მეცნიერების სამინისტროს აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელი, რადგან უკეთ არის გარკვეული იმ საკითხებში, რასაც განათლების მენეჯმენტი ეწოდება. მიმაჩნია, რომ მას კარგად აქვს გააზრებული იმ რეფორმების მნიშვნელობა, რაც უნივერსიტეტში უნდა გატარდეს. რამდენადაც ვიცი, ის პროფესორები, რომლებთანაც მქონდა საუბრები და რომლებიც უნივერსიტეტში გარდაქმნების მომხრეები არიან, მხარს უჭერენ გიორგი შარვაშიძეს. 
რაც შეეხება ავტონომიას, ვიტყვი, რომ იგი ძალიან ბევრჯერ შეიზღუდა. არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე და გამოვეკიდო ახალგაზრდებს (ჩვენ გვევალება, რომ მათ გაგებით მოვეკიდოთ, მოვეფეროთ და დავუყვავოთ). ჩემი გადასახედიდან, ავტონომია ძალიან ბევრჯერ შეილახა უნივერსიტეტში - შეილახა იმ არჩევნებით, რომელიც ტარდებოდა (აკადემიური პერსონალის კონკურსებსაც ვგულისხმობ). ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი - რა საფუძველი აქვთ პროტესტანტ სტუდენტებს ამ ჭრილში გია შარვაშიძესთან მიმართებით. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გვყავს ცოტა რექტორობის კანდიდატი, ალბათ, არსებული კრიზისის პირობებში ბევრმა აარიდა თავი კონკურსში მონაწილეობას.

ლალი სურმანიძე, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- უნივერსიტეტის მართვაზე რეალურად ორიენტირებული ხალხი ცოტაა. ახალი იდეებით დატვირთული პიროვნება ნაკლებია ჩვენთან და ამის გამოა, ალბათ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები ცოტაა. შეიძლება ვიღაც სამთავრობო მხარდაჭერას ელოდა, რაც, მე რომ მკითხოთ, არც არავის აქვს, რადგან მთავრობა არ ცდილობს, რომ დღეს ჩაერიოს უნივერსიტეტის საქმეში. ეტყობა, ადამიანები, ჯერ კიდევ, ძველმოდურად აზროვნებენ და მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და არა უნივერსიტეტის შიგნით. მე პირადად არ მჯერა, რომ შარვაშიძე არის სამთავრობო კანდიდატი. დღეს კონტექსტი შეცვლილია და ადამიანებს თავიანთ სფეროებში სრული თავისუფლება აქვთ - თავად მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ კონკრეტულ ადგილებზე თავიანთი საქმეების გასაკეთებლად. შეუდარებლად უფრო თავისუფალი სიტუაციაა, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ვფიქრობ, რომ ხალხი მიდის ინერციით და ჰგონიათ, რომ ისევ ვიღაცამ უნდა უბრძანოს, ზემოდან დაუსვას და ა.შ. და ამ სტანდარტით უდგებიან შარვაშიძის კანდიდატურასაც. შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, რომელთათვის ეს კანდიდატი მისაღებია და ლობირებენ, მაგრამ ამას არ ჰქვია სამთავრობო კანდიდატი.

გიორგი გოგოლაშვილი, თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი:
- წინა კონკურსში 20-მდე კანდიდატი იყო და აქედან რამდენიმე საკმაოდ ღირსეული გახლდათ. ამ კონკურსში კი მხოლოდ სამი კანდიდატია. აქ ორი მომენტი შეიძლება იყოს – ერთი, გაიგეს, რომ რომელიღაც კონკრეტული პიროვნება აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას და მის გვერდით სხვებმა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს თავისი კანდიდატურის წამოყენება, ანუ საკუთარი თავი ღირსეულ კონკურენტად არ მიიჩნიეს. მეორე, შეიძლება ვიღაცა მართავს სიტუაციას და თუ ასეა, ძალიან ცუდია. ამ კითხვის პასუხად სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ავტონომიის შეზღუდვის თემას, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხელისუფლება თუ მოისურვებს ჩარევას, ყოველთვის შეძლებს და მოახერხებს. რაც შეეხება არგუმენტს, რომ გიორგი შარვაშიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა და ამიტომ მისი მოსვლით ავტონომია შეიზღუდება, ვერც ამას გავიზიარებ. სხვათა შორის ჯანდაცვის მინისტრის უნივერსიტეტის რექტორად მოსვლას პროტესტი არ მოჰყოლია. ახლა რექტორის კანდიდატია ადამიანი, რომელიც უმაღლესი განათლების მართვის სპეციალისტია, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ ეს პიროვნება ხელისუფლების მხრიდან მართულია, აუცილებლად გამოჩნდება და მერე, ზუსტად შეიძლება ამის თქმა. ახლა, რაიმე პროგნოზის გაკეთება, ძალიან რთულია. ვთქვათ და მოხსნა კანდიდატურა, მერე რა ხდება? წინასწარ ასეთი საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიბრძვით საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვებისთვის და ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს, ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. უნივერსიტეტი ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს, თუ უნივერსიტეტის რექტორად ისეთ პიროვნებას აირჩევენ, რომელიც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩეული რექტორი მართული იყოს და აკეთოს ყველაფერი, რაც ხელისუფლებას მოუნდება და არა - უნივერსიტეტს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება და, ცხადია, მერე ვიტყვით ჩვენს სათქმელს. წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია.

იური ანანიაშვილი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი:
- ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, ხალხმა ფუჭ შრომად მიიჩნია, კონკურსში მონაწილეობა. რეალურად რა მიზეზით მოხდა ეს ყოველივე, ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება ავტონომიის საკითხს, ჩემი აზრია, რომ არჩევანის თავისუფლებას ვერ წაართმევ ადამიანს. შემდეგი ეტაპია - რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო? თუ გიორგი შარვაშიძეს კანონი არ უკრძალავს – შემოიტანოს განცხადება, მაშინ რატომ ირღვევა ავტონომია? თუმცა, რა პროცესები დგას ამ პიროვნების მიღმა, თუკი ამას გავაანალიზებთ, შეიძლება ვინმეს მიეცეს საბაბი თქმისა, რომ ილახება ავტონომიურობის პრინციპი.

მიხეილ ბახტაძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- უნივერსიტეტიდან, ალბათ, იმიტომ არ წარმოადგინა მეტმა თავისი კანდიდატურა, რომ თვლიან - არ არიან მზად, რომ ღირსეულად და კარგად შეასრულონ ის მოვალეობა, რაც რექტორს აკისრია. რექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა უნივერსიტეტის წინაშე, მითუმეტეს დღევანდელ ვითარებაში, რაც სახეზეა. ანუ გახდე რექტორი, რთულია და ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრმა შეიკავა თავი კონკურსში მონაწილეობაზე. 
ის, რომ მინისტრის მოადგილე გადადგა და მონაწილეობას იღებს არჩევნებში, ეს ფაქტი, ჩემი აზრით, ავტონომიას არ ზღუდავს, ვინაიდან კანონით არის განსაზღვრული, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა რექტორის არჩევნებში. რომც ჩავწეროთ კანონში, რომ მინისტრის მოადგილემ ან რექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს დისკრიმინაცია იქნებოდა. ავტონომია იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუკი ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდება აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლა, ხოლო ის, რომ მინისტრის მოადგილე გადადგა და დარეგისტრირდა რექტორობის კანდიდატად, ეს ავტონომიურობის დარღვევა ნამდვილად არ გახლავთ.

გია ლობჟანიძე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი:
- ყველას თავისი მოსაზრება აქვს; ყველამ აწონ-დაწონა თავისი შესაძლებლობა და გადაწყვიტა - არ იყაროს კენჭი რექტორის არჩევნებში. თუმცა საკვირველია, რადგან წინა არჩევნებზე მომსწრენი ვართ იმისა, რომ 15-ზე მეტი კანდიდატი გვყავდა. ვფიქრობ, დღეისთვის სამივე ღირსეული კანდიდატურაა. რაც შეეხება ავტონომიის ხელყოფის თემას, ვფიქრობ, არ შეიძლება ადამიანს აუკრძალო რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება. ყველას კარგად ახსოვს 2009-2010 წლებში როგორ ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში ხელმძღვანელი პირების არჩევა და იგივეს გამეორება არ შეიძლება. ვისაც აქვს სურვილი, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ხოლო რა არჩევანს გააკეთებს აკადემიური საბჭო, ეს მხოლოდ საბჭოზეა დამოკიდებული. მოისმენენ სამივე კანდიდატის პროგრამა-კონცეფციას და შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვეტენ – ვის მისცენ ხმა. არ მგონია, რომ დღეს ავტონომიის დარღვევა ხდება. გაიხსენეთ ევროპული ან ამერიკული ქვეყნები, სადაც სახელმწიფო მდივნები პოსტის დატოვების შემდეგ ხდებიან რექტორები, კანცლერები... არ მგონია, რომ შარვაშიძე ხელისუფლებისგან თავსმოხვეული კადრი იყოს - ასეთ ნაბიჯს ხელისუფლება არ გადადგამს! ეს ხდებოდა 2009-2010 წლებში, როდესაც ხელისუფლება უხეშად ერეოდა უმაღლესი სასწავლებლების მართვაში. ჩემზე, მაგალითად, როგორც აკადემიური საბჭოს წევრზე, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. რაც შეეხება რეკომენდაციას, შეიძლება ვინმემ შარვაშიძის სასარგებლოდ ეს რეკომენდაცია გასწია – ეს, განა, რამეს ნიშნავს? ვინმე თოფით გვადგას თავზე? ვინმე გვაშინებს? – ეს ხომ ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია... მთავარია არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ იყოს ოპერატიული, გამჭვირვალე; რომ კენჭისყრის შედეგების დათვლა მოხდეს ყველას თვალწინ, რათა არავინ ეჭვი არ შეიტანოს რამეში - ეს მიმაჩნია ყველაზე მთავარ საკითხად.

კახა გაბუნია, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- როგორც ჩანს, ბევრმა იმიტომ არ შემოიტანა კონკურსში განაცხადი, რომ განწყობაა ასეთი - ჭიდილის აზრს ვერ ხედავენ გიორგი შარვაშიძესთან, რადგან, შეიძლება, ეს კანდიდატურა გამსვლელი იყოს. არ მგონია, რომ იყოს შიშის ან აზრის გამოთქმის პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო სიფრთხილესთან, რომ თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდონ.
ჩემი პირადი აზრია, რომ შარვაშიძის კანდიდატურა ქმნის გარკვეულ უხერხულობას, არა იმიტომ, რომ იგი მინისტრის მოადგილე იყო; მიმაჩნია, რომ რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი, კარგად ერკვეოდეს და კარგად უნდა იცოდეს საუნივერსიტეტო პრობლემები. მე ბატონი გიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იგი არის პროფესიონალი, მართვის მენეჯმენტის სპეციალისტი, მაგრამ, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრობლემებთან შეხება აქამდე ნაკლებად ჰქონია.
ვერ ვიტყვი, რომ ავტონომია ასე ცალსახად იზღუდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ოფიციალური კადრი სამინისტროს მხრიდან. ასე რომ, სტუდენტთა მიერ საკითხის ასე დასმა, რომ ავტონომია იზღუდება, სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხნის მანძილზე იგი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - ხომ არ არის იგი სახელისუფლო კანდიდატი, რაც ავტონომიურობის იდეას მეტ-ნაკლებად სხვაგვარად წარმოაჩენს. ასე ცალსახად მე არ ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ, ფაქტია, ჩნდება კითხვები. ამ ეტაპზე მაინცდამაინც სახარბიელო კანდიდატად არც ერთი არ მიმაჩნია.

მანანა ხაჩიძე, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- ზოგადად, არჩევნებისთვის ცუდი პერიოდია შერჩეული. რექტორის არჩევნები რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო დანიშნული, ვფიქრობ, უფრო მეტი იაქტიურებდა კონკურსში მონაწილეობის თვალსაზრისით. ამან გამოიწვია, რომ არ აქტიურობს ის, ვინც, წესით, უნდა აქტიურობდეს. პოლიტიზაცია ხდება ყველაფრის - ამის ფონზე ვამბობ სწორედ, რომ ცოტამ გამოთქვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი. რაც შეეხება სტუდენტური პროტესტის სამიზნეს, ჩემი მოსაზრებაც ერთი ერთზეა: შარვაშიძე შეიძლება მეცნიერია, ჭკვიანია, მაგრამ უნივერსიტეტის რექტორს ერთი მეცადინეობა მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული უნივერსიტეტში. მაჩვენეთ უნივერსიტეტელი, რომელიც იცნობს ბატონ გიას, როგორც პედაგოგს. ემუშავა ცოტა მეტი უნივერსიტეტში და მერე ეფიქრა რექტორობაზე. ის, რომ განათლების სისტემაში ნამუშევარი ადამიანია და რომ ევროპული განათლება აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ იცნობს უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი, რომელსაც უნივერსიტეტი სტკივა.

ინესა მერაბიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- ალბათ უნივერსიტეტის პროფესურა უნდობლობას უცხადებს პროცესს, რადგან მხოლოდ ერთმა შემოიტანა ჩვენიდან განაცხადი. ავტონომიურობის დარღვევის საშიშროების შესახებ კი პასუხი არ მაქვს.

ვრცლად

კიდევ ერთხელ სამხედრო ლექსიკონის გამო

თინათინ მარგალიტაძის პასუხი ქალბატონ ლია ქაროსანიძეს

 

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მე-8 ნომერში (31 მაისი, 2016 წელი) გამოვაქვეყნეთ უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის  განცხადება, რომელშიც გამოვთქვამდით ჩვენს გულისტკივილსა და გულისწყრომას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო. კერძოდ, ეს ინფორმაცია გვატყობინებდა, რომ უნივერსიტეტში გაიმართა სამხედრო-ტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თავდაცვის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და რომ ეს ლექსიკონი პირველი ლექსიკონია ამ მიმართულებით. ჩვენი გულისწყრომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც პრეზენტაციაზე და არც შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი ლექსიკოგრაფიულ ცენტრში შექმნილ ინგლისურ-ქართულ სამხედრო ელექტრონულ ლექსიკონზე, რომელიც 2010 წელს განთავსდა ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ყველასათვის. ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა, 2008 წელს თსუ ლექსიკოგრაფიულ ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ჩვენს განცხადებას მოჰყვა პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლების ხელმოწერით, რომლის ადრესატიც პრაქტიკულად მე ვარ. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ პირადად აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ლია ქაროსანიძეს ვუპასუხო.

 

პასუხი პირველი.პასუხში წერთ, რომ ჩვენს განცხადებაში გამოხატულია აგრესია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიმართ. ჩვენს განცხადებაში არ არის გამოხატული აგრესია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიმართ, ჩვენს განცხადებაში არის მითითება კოლეგების არაეთიკურ საქციელზე. დიახ, არაეთიკური იყო ხსენებული პრეზენტაცია და მასზე გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც არაეთიკური იყო ის, რომ 2014 წელს უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების დროს, არ გიხსენებიათ უკვე ინტერნეტში განთავსებული 10 000-სიტყვიანი ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში. ალბათ ისიც სათქმელია, რომ ლექსიკოგრაფიული ცენტრი მემორანდუმის ხელმოწერაზე არ იყო მიწვეული.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გულისწყრომას იწვევს არა მემორანდუმის გაფორმება, ან ახალი ლექსიკონის პრეზენტაცია, არამედ კოლეგების შრომის უგულებელყოფა.

პასუხი მეორე. ლექსიკოგრაფიული ცენტრი არ არის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ცენტრი, არამედ იგი საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საფაკულტეტო ცენტრის სტატუსი 2008 წელს მოგვანიჭა, რისთვისაც ფაკულტეტის მადლობელი ვართ, 2011 წლიდან კი ცენტრი საუნივერსიტეტო ცენტრი გახდა.

პასუხი მესამე. „დაუჯერებელია, პლაგიატობა და ავტორთა უგულებელყოფა დასწამო ამ მემკვიდრეობის დამცველ ინსტიტუტს“, წერთ თქვენს პასუხში. ეს კი, ქალბატონო ლია, აღარ არის არაეთიკური საქციელი, არამედ ცილისწამებაა!  სად არის ნახსენები პლაგიატი ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში?! როგორ უნდა დაგვეწამებინა პლაგიატი, როდესაც თვალითაც არ გვინახავს თქვენი ლექსიკონი. გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თავად ლექსიკონის შესახებ: განმარტებითია ლექსიკონი თუ თარგმნითი? თუ თარგმნითია, რომელ ენებს მოიცავს? ინგლისურ-ქართულია? რუსულ-ქართულია? რა სახით გამოიცა? წიგნად დაიბეჭდა თუ ინტერნეტშია განთავსებული? თუ წიგნად დაიბეჭდა სად შეიძლება მისი შეძენა? თუ ინტერნეტშია ატვირთული, როგორია ლექსიკონის მისამართი? რამდენი ტერმინი შევიდა ლექსიკონში? არც ერთ ამ კითხვაზე თქვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში პასუხი არ არის! ამდენად, თქვენი ლექსიკონი არ გვინახავს იმიტომ, რომ არ ვიცით სად და როგორ ვნახოთ, შესაბამისად პლაგიატსაც ვერ დაგწამებდით!

პასუხი მეოთხე. თქვენ ვრცლად საუბრობთ თქვენი ინსტიტუტის საქმიანობაზე და ახსენებთ ბატონ ვუკოლ ბერიძისა და ქალბატონი როგნედა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით შექმნილ დარგობრივ ლექსიკონებს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაგჭირდათ ამ თემაზე საუბარი?!  თუ ფიქრობთ, რომ მე მათ პატივს არ ვცემ, ცდებით! ბატონი ვუკოლ ბერიძე და ქალბატონი როგნედა ღამბაშიძე მე მიმაჩნია დიდ მეცნიერებად, ლექსიკოგრაფებად, ტერმინოლოგებად და დიდ მოღვაწეებად და მდაბლად ვიხრი ქედს მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

თუ ამ საუბრით იმის თქმა გსურთ, რომ ინსტიტუტი ყოველთვის ქმნიდა დარგობრივ ლექსიკონებს და მე გიშლით ხელს, არა მგონია ეს ბრალდება სერიოზული იყოს.

პასუხი მეხუთე. თქვენ წერთ, რომ ლექსიკოგრაფიული ცენტრის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მიგვიწვიეთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე, მაგრამ ჩვენ არ მოვედით. თქვენ არ მიგვიწვიეთ ქალბატონო ლია! თქვენ დაგვიბარეთ!!! აქ თავს შევიკავებ და არ გავასაჯაროვებ იმ წერილს, რომლითაც ინსტიტუტში დაგვიბარეთ! აქვე მინდა გირჩიოთ თავი დაანებოთ თითის ქნევას ჩვენს „მხარდამჭერებად“ შერაცხულ ცალკეულ უწყებათა წარმომადგენლებისათვის. ვეჭვობ ამ თითის ქნევით ვინმე შეაშინოთ, ცუდი დროისა და ეპოქის მოგონებებს კი აღძრავთ!

პასუხი მეექვსე. თქვენი პასუხის ბოლოს გაცხადებულია ის მიზანი, რომელიც გამოძრავებთ, კერძოდ: „დაუბრუნდეს ენათმეცნიერების ინსტიტუტს ტერმინოლოგიური პოლიტიკის მართვის უფლება“. ეს არის ის მიზანი, რის გამოც ასე აგრესიულად ებრძვით ყველას, ვინც გაბედავს ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობას. თუ სახელმწიფო დაგაკისრებთ ამ ფუნქციას, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მე არ ვიცი რა რესურსით უნდა შეძლოთ ასეთი მოცულობისა და მასშტაბის საქმის გაძღოლა, თქვენი საქმისა თქვენ იცით! მე ვერასოდეს დავეთანხმები თქვენს ორ მოსაზრებას ტერმინოლოგიურ მუშაობასთან დაკავშირებით: 1. ტერმინოლოგიაზე მუშაობა არ არის სამეცნიერო საქმიანობა. არა მგონია ქალბატონი როგნედა ღამბაშიძე დაგთანხმებოდათ ამ მოსაზრებაზე. ყოველ შემთხვევაში მის მონოგრაფიაში მსგავსი აზრები ნამდვილად არ იკითხება; 2. რუსულ-ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონად გარდასაქმნელად საჭიროა ინგლისური ენის მცოდნე, რომელიც რუსული ტერმინების ინგლისურ შესატყვისებს დაძებნის.

ჩემთვის და ლექსიკოგრაფიული ცენტრის რედაქტორებისათვის ასეთი მიდგომები სრულიად მიუღებელია და არა მგონია ისინი წაადგეს ქართული ტერმინოლოგიის განვითარების საქმეს.

პასუხი მეშვიდე. თქვენ წერთ, რომ თქვენი ინსტიტუტი 80 წელია ლამის ერთადერთი დგას ქართული აკადემიური ტერმინოლოგიის სადარაჯოზე.

რატომ ერთადერთი ქალბატონო ლია?!

2008 წლიდან დღემდე უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა სამი დარგობრივი ელექტრონული ლექსიკონი შექმნა, რომლებიც ჯამურად 50 000 ტერმინს მოიცავს. მანამდე კი იყო 30-წლიანი მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა დარგის ტერმინოლოგიაა შესული და 110 000 სიტყვა-სტატიისაგან შედგება. შემოგთავაზებთ ციტატას ლექსიკოგრაფიული ცენტრის ვებ-გვერდიდან, რომელიც უნივერსიტეტის ინტერნეტ-გვერდზეა განთავსებული: „ინგლისურ-ქართულ დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო გუნდმა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ბატონი არიანე ჭანტურიას ხელმძღვანელობით. დარგობრივ ტერმინოლოგიაზე სამუშაოდ მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო მეცნიერები, რომლებიც თანამშრომლობდნენ  ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორებთან. ლექსიკონის რედაქტორებს კონსულტაციებს უწევდნენ: სერგო ჯორბენაძე (იურისპრუდენცია), ევგენი ხარაძე, ლილი საყვარელიძე (ასტრონომია), გივი ნებიერიძე (ენათმეცნიერება), გურამ თევზაძე (ფილოსოფია), არნოლდ გეგეჭკორი (ენტომოლოგია), ირაკლი ელიავა, რევაზ ჟორდანია (ზოოლოგია), ზაირა ღვინიანიძე, რევაზ გაგნიძე (ბოტანიკა), ნინო ფორაქიშვილი (ბიოლოგია), დარეჯან კაჭარავა (არქეოლოგია), ზურაბ კიკნაძე (ბიბლიური ტერმინოლოგია), ვასო ჯავრიშვილი (გეოლოგია), შალვა ჩახნაშვილი (სპორტი) და სხვანი“. სწორედ ამ გამოცდილებამ და მუშაობამ გახადა შესაძლებელი ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონების შექმნა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შემდეგ, რა თქმა უნდა იმ დიდი ლექსიკოგრაფიული ტრადიციისა და ლექსიკონების ბაზაზე, რაც ჩვენამდე, მათ შორის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა. ჩვენი გუნდი ამას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა და მომავალშიც აღნიშნავს.

ბოლო პასუხი.  კიდევ რომ არ დამწამოთ რამე, გარკვევით მინდა განვაცხადო, რომ ღრმად მწამს, რაც უფრო მეტი აკადემიური ლექსიკონები შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის, ქართული ენისათვის და ქართული მეცნიერებისათვის. უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი არავის არ უშლის და არც მომავალში დაუშლის ლექსიკოგრაფიულ თუ ტერმინოლოგიურ მუშაობას და მხოლოდ მიესალმება, იმ პირობით, თუ გამოცემული ლექსიკონები დააკმაყოფილებს აკადემიური ლექსიკონისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. ვერც ჩვენ ვერ დაგვიშლის ვერავინ ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას. ის გუნდი, რომელიც ამ ცენტრის უკან დგას ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდა ლექსიკოგრაფიულ ცენტრს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე და შექმნა სამეცნიერო სკოლა, რომელსაც უკვე აქვს საერთაშორისო აღიარება.

 

თინათინ მარგალიტაძე

ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი

ვრცლად

კოლეგების „მუჯლუგუნების“ გამო

18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის (ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე) სპეციალური პროექტისა: „სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონი“, რომლის მომზადებაში მონაწილეობდნენ თსუ-ის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიები (იმ მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც დაიდო 2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის).

ამ ღონისძიების შესახებ ცნობის გამოქვეყნებას დაუყონებლივ მოჰყვა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის თანამშრომელთა ერთობ თავშეუკავებელი განცხადება - მიმართული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართით (განცხადება სოციალურ ქსელში ცენტრის ხელმძღვანელის ქ-ნ თ. მარგალიტაძის გვერდზე გამოქვეყნდა).

არანაკლებ სამწუხაროა, რომ ამ განცხადებას დაერთო საკმაოდ არამოზომილი, უაპელაციო გამოხმაურებები, მათ შორის ოფიციალური პასუხისმგებელი პირებისა - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს ხელმძღვანელებისა... მართლაც კურიოზულია, საჯარო პირები ასეთ ტენდენციურ, მკვეთრად უარყოფით შეფასებას აკეთებდნენ იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც 80 წელია ლამის ერთადერთი დგას ქართული აკადემიური ტერმინოლოგიის სადარაჯოზე.

სამეცნიერო საზოგადოებას ნამდვილად არ ესწავლება, ვინ ვის შეიძლება ელაპარაკოს საზოგადოების „ღირსეული ნაწილის“ სახელითა თუ „მუჯლუგუ­ნების“ არგუმენტებით, მაგრამ ენათმეცნიერების ინსტიტუტმა მაინც მიზანშეწონილად მიიჩნია, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე მოეწვია განმცხადებლები და მათი მხარდამჭერები და კოლეგიალურ ვითარებაში აეხსნა მათთვის ბრალდების უსაფუძვლობა. სამწუხაროდ, ასეთი აკადემიური საუბარი არც ერთმა არ ისურვა! სამაგიეროდ, ახლა უკვე გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 2016 წლის 31 მაისის ნომერში გაასაჯაროვა თსუ-ის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა ზემოაღნიშნული უტაქტო გამოხმაურება (მკითხველი იქვე წაიკითხავს ინფორმაციას ზემოაღნიშნული პრეზენტაციის შესახებ).

ამის გამო ჩვენ იძულებული ვართ, ასევე საჯაროდ განვმარტოთ, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიმართ გამოხატული ეს აგრესია თავიდან ბოლომდე უსამართლოა.

ფაქტი პირველი:

ცენტრის თანამშრომელთა განსაკუთრებული გულისწყრომა გამოუწვევია იმას, რომ თითქოს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი შრომის ავტორებს არ გაუთვალისწინებიათ პროექტი, რომლის საფუძველზეც მათ 2008 წელს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შექმნეს სამხედრო ტერმინთა ინგლისურ-ქართული ელექტრონული ლექსიკონი, რაც, ავტორთა აზრით, ,,ცნობილი იყო, როგორც უნივერსიტეტისთვის (იხ. ლექსიკოგრაფიული ცენტრის ვებ-გვერდი უნივერსიტეტის საიტზე), ისე არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისათვის“. 

გასაკვირია ლექსიკოგრაფიული ცენტრის თანამშრომელთა პრეტენზია იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც თითქმის ოცწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს თავდაცვის სამინისტროსთან და ამ სამინისტროს მიერ კვალიფიციური ტერმინოლოგების ცოდნა არაერთგზის ყოფილა გამოყენებული. თვით ზემოაღნიშნული პროექტის პირველსავე წარდგინებაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტში საგანგებოდ იქნა მოწვეული ყველა ის პირი, რომლებიც სამხედრო ტერმინოლოგიაზე მუშაობდნენ, მათ შორის, ქალბატონი თ. მარგალიტაძე და დიდი სამხედრო განმარტებითი ლექსიკონის ავტორი ე. მეძმარიაშვილი (ე. მეძმარიაშვილის პროექტი რუსთაველის ფონდის მიერაა დაფინანსებული). ქალბატონ თინათინს კარგად მოეხსენება ის, რომ „სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონს“ ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ შექმნილ ინგლისურ-ქართულ სამხედრო ლექსიკონთან არავითარი საერთო არა აქვს. ეს არის თავდაცვის სამინისტროს მარაგების ნომენკლატურა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის კლასებსა და ქვეკლასებს. იგი, როგორც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, ამ მიმართულებით ნამდვილად პირველი ლექსიკონია. 

ფაქტი მეორე: 

ცენტრის თანამშრომლები ასევე „შეგვახსენებენ“ ივ. შაიშმელაშვილის „რუსულ-ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის“ არსებობას. 

ივ. შაიშმელაშვილის ლექსიკონი, რომელიც 1987 წელს გამოიცა, მართლაც მნიშვნელოვანი ნაშრომია (თუმცა არა პირველი) ამ სფეროში. ამავე დროს, ამ ლექსიკონის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ მასალის მომზადებაში მონაწილეობდნენ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომლები და მისი რედაქტორი გახლდათ ამ განყოფილების გამგე როგნედა ღამბაშიძე. ლექსიკონზე მუშაობისას ბევრი სიტყვა დაზუსტდა და ქართული ტერმინოლოგიური სიტყვაწარმოების საფუძველზე გაიმართა. მართლაც, უხერხულია, ივ. შაიშმელაშვილის ლექსიკონის რედაქციასთან დაკავშირებულ ჯგუფს უსაყვედურო მისი უგულებელყოფა!

ფაქტი მესამე: 

რა თქმა უნდა, ვეთანხმებით თსუ-ის ლექსიკოგრაფიული ცენტრის თანამშრომლებს იმაში, რომ „რაც მეტი აკადემიური ლექსიკონი გამოვა საქართველოში, მით უკეთესია ენისთვის და ქვეყნისთვის“, თუმცა ვაზუსტებთ: სწორედ ამ აკადემიური ლექსიკონების შესაქმნელადაა საჭირო გამოკვეთილი ერთიანი ტერმინოლოგიური პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველოში აღარ არსებობს. არც ერთ საქმეს ისე არ აზიანებს შეუთანხმებელი და უმართავი მუშაობა, როგორც ტერმინოლოგიას. დღევანდელი ტერმინოლოგიური სიჭრელისა და გაუმართაობის უპირველესი და უმთავრესი მიზეზი ქართული ტერმინოლოგიური სკოლის მიერ დასახული გზის სრულიად დაუსაბუთებელი უარყოფა და „ახლის“ უშედეგო ძიებაა, რასაც საგრანტო ბრძოლის ხერხებიც უწყობს ხელს! თითქმის 8 ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ტერმინოლოგიური სკოლა ეფუძნებოდა მანამდე არსებულ ქართულ ტერმინოლოგიურ კვლევებსა თუ მეთოდებს. სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში, რომელიც 1936 წლიდან არსებობს, ტერმინოლოგიური მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა: 

1. იქმნებოდა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები; 

2. იკვლევდნენ ძველ ქართულ ტერმინებს და მათი წარმოების მოდელებს; 

3. სწავლობდნენ ქართულ დიალექტებში შემონახულ დარგობრივ ტერმინებს და ეს მასალა დაცულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალური ფონდების სახით (სახელმწიფო დაფინანსების გონივრული ხარჯვის შემთხვევაში ამ მასალების ელექტრონული არქივი უკვე იარსებებდა!). 

ვუკოლ ბერიძისა და როგნედა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით შექმნილი რამდენიმე ათეული დარგობრივი ტერმი­ნო­ლო­გი­ა და შემუშავებული პრინციპები მრავალი ახალი ლექსიკონის შექმნის საფუძველია დღემ­დე. უმთავრესი, რაც ქართულ ტერმინოლოგიურ სკოლას ახასი­ათებ­და - ეს იყო სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის პრინციპი. ლექსიკონს არ ქმნიდა ერთი ადამიანი ან თუნდაც ერთი ჯგუფი. ყველა დარგის ტერმინოლო­გიური ლექსიკონების რედაქცია ემყარებოდა კვალიფიციური მსჯელობის შედეგებს. ინსტიტუტის მიერ კოორდინირებული ტერმინო­ლოგიური მუშაობის პროცესი თავისთავად გამორიცხავდა ქაოსსა და სიჭრელეს ტერმინოლოგიაში. 

ტერმინებზე მუშაობის პროცესის წარმოსადგენად ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაცული ფასდაუდებელი ოქმებიდან ერთ-ერთის წაკითხვაც საკმარისია: 

ოქმი #43: „1959 წელი, თებერვალი. სხდომას ესწრებიან: გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე კობახიძე, ლია კაიშაური, თავმჯდომარე - ქეთევან ლომთათიძე, მდივანი - ნუნუ საყვარელიძე. „დღის წესრიგშია: რუს. с ასოზე საკომისიოდ წარმოდგენილ სიტყვათა თარგმანების განხილვა; 1. самоотвод - თვითაცილება. გიორგი ახვლედიანის აზრით, თვით აქ არ გამოდგება, უნდა იყოს „თავისაცილება“. არნოლდ ჩიქობავას შესაძლებლად მიაჩნია დარჩეს „თვითაცილება“, რადგან თვით უკვე დამკვიდრებულია მრავალ სიტყვაში: თვითგანვითარება, თვითმმართველობა და სხვ. 2. აზრი გამოთქვეს სიტყვაზე свёрток: გიორგი ახვლედიანს არ მოსწონს „შეკრულა“. ქეთევან ლომთათიძემ „ხვეულაც“ დავამატოთო. არნოლდ ჩიქობავას უფრო მოხერხებულად მიაჩნია თარგმანი „შეკვრა“, „შეკრული რამ“. დადგინდა: свёрток - „შეკვრა“, „შეკრული რამ“.

ეს ქართველი ხალხის მემკვიდრეობაა, ისტორიაა, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, გაფრთხილება სჭირდება. დაუჯერებელია, პლაგიატობა და ავტორთა უგულებელყოფა დასწამო ამ მემკვიდრეობის დამცველ ინსტიტუტს.

ლექსიკოგრაფიის ისტორია არ იწყება 90-იანი წლებიდან, არც სხვადასხვა სამეცნიერო ფონდის დაარსებიდან. ამისი მტკიცება ქართული მეცნიერების დაკნინებაა. 

გადაარჩინა თუ არა „პროექტულმა ეპოქამ“ ქართული მეცნიერება - ეს მომავალში აუცილებლად შეფასდება. ჯერჯერობით კი ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ: უკანასკნელი პერიოდის ქართული ტერმინთშემოქმედება გაცილებით ჩამორჩება აკადემიური სისტემის არსებობის დროინდელს. ელექტრონული ლექსიკონების შექმნასთან ერთად ბეჭდური ლექსიკონების შევსება-რედაქციაც რომ გაგრძელებულიყო და ამ მიზნით უფრო ყაირათიანად წარმართულიყო დარგის ისედაც მწირი ფინანსები, დღეს რაღაც დონეზე საქართველოშიც იარსებებდა აკადემიური ლექსიკოგრაფიული ინტერნეტ სივრცე (ასე მოხდა რუსეთსა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სხვა ევროპულ ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ), მაგრამ ამაზე დღესაც არავინ ფიქრობს...

ენათმეცნიერების ინსტიტუტი კი კვლავაც ერთგულად განაგრძობს ლექსიკოგრაფიულ მუშაობას, ავსებს და აახლებს დარგობრივ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს. ამ ინსტიტუტის ინიციატივით უკვე სამი წელია იმართება ტერმინოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ეროვნული მეცნიერებისთვის. ბევრი მათგანი ითხოვს კიდეც დაუბრუნდეს ენათმეცნიერების ინსტიტუტს ტერმინოლოგიური პოლიტიკის მართვის უფლება, რადგან, ცხადია, ერთიანი პოლიტიკის უქონლობამ საგრძნობი ზიანი მიაყენა ტერმინოლოგიურ მუშაობას.

თსუ-ის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლები

ვრცლად

უნდა დასრულდეს ხელების ფათური უნივერსიტეტში!

ინტერვიუ ჟურნალისტიკის მიმართულების ყოფილ ხელმძღვანელთან მარიამ გერსამიასთან:

- თქვენი აზრით, რატომ გახდა აუცილებელი ახლა დაწყებულიყო ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის არჩევაზე საუბარი?

- ფაკულტეტის დებულებაში ჩავწერეთ, რომ მიმართულების ხელმძღვანელი 2 წლის ვადით უნდა აგვერჩია. თუმცა, ფაკულტეტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით - რა არის უპრიანი, მაგალითად, 2 წლით აირჩიონ მიმართულების ხელმძღვანელები თუ 3 ან 4 წლის ვადით? აქამდე მიმართულების ხელმძღვანელი იყო ის პროფესორი, რომელიც საბაკალავრო პროგრამას ხელმძღვანელობდა. ახლა ვმსჯელობთ - უნდა დარჩეს თუ არა ეს პირობა და თუ მიმართულების ხელმძღვანელი 2 წელიწადში ერთხელ შეიცვლება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელიც იცვლება? ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს და გვინდა, ყველა ცვლილება განხორციელდეს ისე, რომ ამას რყევები არ მოჰყვეს და საგანმანათლებლო პროცესი არ დაზიანდეს.

თავისთავად, მე სწორედ მიმართულების ხელმძღვანელის არჩევნების მომხრე ვარ და ამას მხარი დავუჭირე კიდეც, თუმცა ფაკულტეტის მხრიდან ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებისას, ჩემი აზრით, სერიოზული სამართლებრივი დარღვევები გამოიკვეთა.

- ანუ არჩევნების პროცესთან გაქვთ პრეტენზია? ზეწოლაზეა საუბარი თუ რა გამოიკვეთა?

- ეს ყველაფერი ფორსირებულად მოხდა რამდენიმე დღეში და დაიწყო მაშინ, როცა მე და ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში ვიმყოფებოდით. ამას წინ უსწრებდა ჩემი ინიციატივა - რაც შეიძლება მალე დაგვეწყო აკრედიტაციისთვის მომზადება. ამ საკითხს აკადემიურ საბჭოზეც ვლობირებდი. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს რეზო ჯორბენაძეს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ 17 ნოემბრის მაგივრად შეხვედრა ვითხოვეთ 10 ნოემბერს, რათა თადარიგი დაგვეჭირა. ანუ, ვიყავით პირველი მიმართულება ფაკულტეტზე, რომელიც შეხვდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. ამ შეხვედრაზე გავწერეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, დავთქვით დედლაინები, თუმცა ამ შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა თამარ დოლბაიამ ჩვენი მიმართულების მისამართით რამდენიმე ტყუილი გააჟღერა, რაც შემდგომ 4-მა პროფესორმა აიტაცა. ეს შეეხებოდა, მაგალითად, იმას, რომ თითქოს საბაკალავრო პროგრამაზე ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მოწვეული პედაგოგი, რაც არასწორია. ეს იქვე დავაფიქსირე, რომ მთელს მიმართულებაზე 4 პროგრამა ფუნქციონირებს - 2 სამაგისტრო პროგრამა, 1 ბილინგვური პროგრამა და 1 საბაკალავრო პროგრამა. პედაგოგის მოწვევა კი არის შეთანხმების საკითხი, რაზეც შეიძლება მსჯელობა სამუშაო პროცესში. ამის შემდეგ პროფესორებმა დავიწყეთ მუშაობა და როგორც კი მე და მაია ტორაძე 2 დღით სამუშაო ვიზიტით წავედით ბაქოში, მივიღე მიმართულების ასისტენტ პროფესორისგან, ქალბატონ ნინო ჭალაგანიძისგან ელექტრონული წერილი, სადაც იგი აფიქსირებდა, რომ საჭიროა სასწრაფო შეხვედრა და გადაწყვეტილებების მიღება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს პროგრამას შეეხებოდა. მას მანანა შამილიშვილი, მარი წერეთელი და ნათია კუპრაშვილი შეხვედრის ურგენტულობას უდასტურებდნენ (მოგვიანებით მათი მხრიდან ითქვა, რომ თუ 4 დეკემბერს პროგრამა მზად არ იქნება, აკრედიტაციას ვეღარ მივიღებთ). მათ დათქვეს შეხვედრის დღე, სადაც უნდა ემსჯელათ პროგრამის ცვლილებებზე. მივლინებიდან ჩამოსვლის შემდეგ პროფესორებს და მოწვეულ პედაგოგებს შევხვდი თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ტატა ვეფხვაძესთან ერთად. ჩავატარეთ ჩვეულებრივი თათბირი, გავწერეთ საგნობრივ ჯგუფებში მუშაობის გეგმა, გავეცანით სტრატეგიას და ა.შ. ქალბატონმა ნინო ჭალაგანიძემ აღნიშნა, რომ ჩვენ უკვე შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ ამ პროგრამაზეო. ჩემი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უკვე წინასწარ იყო მიღებული. 

- კერძოდ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი?

- მათი პირველი შეხვედრის მერე მე შემატყობინეს, რომ გაჩნდა მოარული ინფორმაცია, თითქოს გერსამია პროგრამას აღარ უნდა ხელმძღვანელობდეს, ვინაიდან იგი ასოცირდება ძველ „გუნდთან”, წინა ხელისუფლებასთან და აკრედიტაციას ამის გამო პროგრამა აღარ მიიღებდა. თუმცა, უკვე შემდგომ შეხვედრებზე 4 პროფესორმა უარი განაცხადა ჩემ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სამუშაო ფორმატზე, იმ მოტივით, რომ სასწრაფოდ მენეჯმენტია შესაცვლელი. ვფიქრობ, პროფესორები ძალიან დიდ გაუგებრობაში და შეცდომაში შეიყვანეს. ჩემი სურვილია გაირკვეს - რა მოხდა.

მინდა, რომ დაფიქსირდეს ჩემი სათქმელი: უნივერსიტეტში უნდა შეიცვალოს ამგვარი დამოკიდებულება ყველას მიმართ. ვქმნით მტრის ხატებს, მერე ამ მტრის ხატებს ვებრძვით, შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება, კიდევ მტრის ხატები იქმნება და კვლავ იმათ დავდევთ - ასე იყო და ასე გრძელდება... ეს უნდა შეიცვალოს.

- აკადემიური საბჭოს არჩევნები, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაიმართა და თქვენ საბჭოს წევრად აგირჩიათ ფაკულტეტმა. მაშინ ხომ არ იყო ეს პრობლემა?

- მაშინ ნამდვილად არ მიგრძნია პოლიტიკური შეხედულებების გამო რაიმე დევნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სხვა დეკანი გვყავდა - თამარ მახარაძე, ძალიან კარგი მენეჯერი, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური პიროვნება... დღეს კი ახალი დეკანისთვის, ქალბატონი თამარ დოლბაიასთვის მიუღებელი აღმოვჩნდი იგივე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რადგან ყველაფერში არ ვეთანხმები მას და ამას არა მხოლოდ მე ვაფიქსირებ, არამედ ბევრი სხვა პროფესორიც. ჩემი ვარაუდით, ეს ყველაფერი, რაც განხორციელდა, გაკეთდა თამარ დოლბაიას დავალებით და მასთან შეთანხმებით. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ პროფესორებისთვის, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი მთელი ამ პროცესის მანძილზე, გახდეს ნათელი - ვინ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას უნივერსიტეტში. მინდა, გამოაშკარავდეს ის სამართლებრივი ქაოსი, რაც შექმნეს და რაშიც, ნებსით თუ უნებლიედ, პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა. პროფესორი არ არის ვალდებული - ყველა სამართლებრივი რეგულაცია იცოდეს, მაგრამ ამის ვალდებულება აქვს ფაკულტეტს. ვინ მართავდა ამ პროცესს? - აი, ეს უნდა გაირკვეს და შეიცვალოს შედეგი საჭიროების შემთხვევაში.

- ქალბატონი თამარ დოლბაია ამბობს, რომ „არის დებულება, ჩატარდა არჩევნები, ხმა მისცეს ჯალაგანიძეს და მე არაფერ შუაში ვარ”...

- იგი ფაკულტეტის დეკანია. „მე არაფერ შუაში ვარ” - მენეჯერის ამ პოზიციას ვერ მივიღებ. იცით, პროფესორებმა პირად საუბრებშიც და სხდომებზეც (ამის აუდიო სტენოგრამაც არსებობს) პირდაპირ და ირიბად დამიდასტურეს, რომ პრობლემა ისაა, რომ მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა დეკანთან. 

- ქალბატონი თამარ დოლბაია წუხს, რომ თქვენ მიმართულების ხელმძღვანელად არ აგირჩიეს...

- ეს არის ტყუილი, ჩემი კანდიდატურა არც ყოფილა წამოყენებული და როგორ ამირჩევდნენ? სამართლებრივად ეს არჩევნები კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. მაინტერესებს, უნივერსიტეტის წესდებასთან მიმართებაში, რამდენად სამართლებრივად და სწორად ჩატარდა არჩევნები? მოხდა ჩემი დისკრიმინაცია და მე მივმართავ სახალხო დამცველის ოფისს. ჩემი სურვილია ცივილიზებულად, გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები და არა მალულად, ორ დღეში. 

იმ წერილებში, რომელიც ბატონ რექტორს, ლადო პაპავას მივწერე, ვითხოვ, რომ გაირკვეს - რამდენად გადაამეტეს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა? შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი ნინო დურგლიშვილი, რაც ცალკე განსჯის თემაა. სწორედ ნინო დურგლიშვილმა გააჟღერა თუ უკარნახა პროფესორებს აუცილებლობა პროგრამის ადმინისტრირებაში ცვლილებასთან დაკავშირებით და რეალურად დადგა „იმპიჩმენტის საკითხი”. 

- ამბობენ, რომ დადგენილება 2014 წელს არის მიღებული და რომ ამ დადგენილების საფუძველზე გაიმართა არჩევნები...

- რატომღაც უნივერსიტეტში მიჩვეულნი არიან, რომ როდესაც შედეგი დადგება, შემდეგ აღარ უნდა არკვიო - ეს რატომ მოხდა? ხვალ რომ ლადო პაპავა გადააყენონ, არავინ დაიწყებს იმის გამოკვლევას - თუ რატომ მოხდა ეს? ასე არ არის... ეს უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. 

საინტერესო პარალელები და ქარგაა: მას მერე, რაც ფორსმაჟორულად იკრიბებიან და ჩემგან დამოუკიდებლად მსჯელობენ პროგრამულ ცვლილებებზე, რამდენიმე პროფესორი შეთანხმებულად მეუბნება, რომ არ დაიწყებენ ჩემთან მუშაობას, რადგან აქვთ „კომუნიკაციის პრობლემა”. ერთერთ მოტივად დასახელდა ჩემი „ფეისბუქის” პოსტები და გართულებული ურთიერთობა თამარ დოლბაიას დეკანად არჩევის შემდეგ. რეალურად ეს პრობლემა არ არსებობდა, უბრალოდ, არსებობდა დღის წესრიგი, რომ გერსამია უნდა მოეშორებინათ მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

- რამდენადაც ვიცი, ნინო დურგლიშვილს ჰქონდა პრეტენზია იმაზე, თუ „რატომ არ ვარ უფლებამოსილი, ვთქვა რაიმე - ეს არის ჩემი დიდი შეურაცხყოფაა”...

- იგი ამბობს (სტენოგრამაშიც ჩანს), რომ რექტორის ბრძანებით არის დანიშნული დეკანის მრჩევლად. მაჩვენონ რექტორის ეს ბრძანება. იგი უშუალო მითითებებს აძლევდა პროფესორებს - არჩევნების დანიშვნის, პროგრამაზე 8 ხელმძღვანელის დანიშვნის და მთელი ამ სამართლებრივი პროცედურების განხორციელების თაობაზე. პროფესორებს იგი ეგონათ იურისტი, რადგან მათ იგი სამართლებრივ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევდა და, ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავდა ისინი. თუ რა დარღვევები მოხდა ამ პერიოდში, ამას უნივერსიტეტის აუდიტიც გამოიკვლევს, შემდეგ განათლების სამინისტროც და, შეიძლება, ეს საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

- რას ითხოვთ, იმის მერე, რაც მოხდა? ნინო ჭალაგანიძე, როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე არის ასისტენტ-პროფესორი, რადგან აკადემიური საბჭო, ჯერჯერობით, იმ კონკურსის შედეგებს არ დაეთანხმა, რის საფუძველზეც იგი ასოცირებული პროფესორი უნდა გამხდარიყო. რექტორმა განაცხადა, რომ კურიოზია, როცა ასისტენტ-პროფესორი ხელმძღვანელობს პროფესორებს და ასოცირებულ პროფესორებს. თქვენ რას აპირებთ ამის შემდეგ? 

- რამდენიმე საჩივარია შესული რექტორატში. ერთია დეკანატისა და ადმინისტრაციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კუთხით საკითხის შესწავლა, მეორე - აკრედიტაციის პროცესის ჩიხში შეყვანის მცდელობა იმ მოტივით, რომ ჩემი მოშორება უნდოდათ და მესამე - პროგრამისთვის 8 ხელმძღვანელის დანიშვნის თემა. ყველა ისე შეუდგა საქმიანობას, რომ არ არსებობს აკადემიური საბჭოს დადგენილებაც და ამ პროცესში იძულებული გავხდი - უარი მეთქვა პროგრამის განხორციელებაზე, რადგან ამის საშუალება აღარ მომცეს. ანუ, რეალურად, პროგრამის მდგრადობას შეუქმნეს სერიოზული საფრთხე. არჩევნები უნდა გაიმართოს და მე არ მივიღებ მასში მონაწილეობას, თუმცა იგი უნდა ჩატარდეს ღირსეულად. 

- როგორ ფიქრობთ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხმა მოგცეს აკადემიური საბჭოს წევრად არჩევის დროს, შეიცვალეს პოზიციები?

- არსებული პრობლემების ამ თემასთან კავშირს ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ იმას, რომ ბოლო ერთ კვირაში ამ ადამიანებმა მიიღეს ძალიან არასწორი და არაკანონიერი ინსტრუქციები - რა უნდა გაეკეთებინათ ჩემთან მიმართებაში. ეს, შესაძლოა, ხვალ განხორციელდეს სოციოლოგიის მიმართულებაზე, გეოგრაფიის მიმართულებაზე, თავად რექტორთან მიმართებით და სხვა მმართველ ორგანოს ხელმძღვანელთან მიმართებითაც. პროცესი იყო ძალიან გაუმჭვირვალე. მე ვითხოვ გამჭვირვალე არჩევნებს! ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიცეს შესაბამისი ბრძანება იმის შესახებ, რომ დაინიშნა არჩევნები; ამის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში; ინფორმაცია უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე; უნდა განისაზღვროს ვადები კანდიდატებისთვის, რომლებიც დააფიქსირებენ სურვილს. ამ არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილიც კი არ დამიფიქსირებია, რადგან ღამით ელექტრონული წერილი მომწერა ასისტენტ პროფესორმა, რომ არჩევნები ტარდებოდა და მეორე დღეს უკვე აირჩიეს კანდიდატი. ეს არ არის არჩევნები!

- ფიქრობთ, რომ შედეგი შეიცვლება?

- ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა. უნივერსიტეტის წესდებაში წერია, რომ ყველა არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ, საჯაროდ, კონკურსის სახით და ფაკულტეტს არ აქვს უფლება - დებულებით რაიმე სხვა განსაზღვროს. არჩევნების შედეგებს უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და ეს შედეგი არ უნდა იყოს კულუარებში დაგეგმილი და ამგვარად განხორციელებული. გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო კონკრეტული ადამიანის მოსაშორებლად. სწორედ ეს არის შესაცვლელი უნივერსიტეტში. სულ ეს ქარგა ტრიალებს ჩვენთან! 

2016 წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. მოვა ვიღაცა ახალი ხელისუფლება და, შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას არ მოეწონოს ლადო პაპავა და მერე რაღაც აუგოროს (მაგალითად „კომუნიკაცია დაუწუნოს”). მე ეს ქარგა აღარ მინდა! იმიტომ კი არა, რომ ყველაფერში ვეთანხმებით მე და ბატონი ლადო ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ ეს წრე უნდა გავარღვიოთ; აღარ უნდა შევქმნათ მტრის ხატები - ის ზვიადისტია, ის „იმისტია” და ა.შ. ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მე არ ვკითხულობ - ჩემი პროფესორი რომელ პარტიას აძლევს ხმას... არ მაინტერესებს და არც სხვას უნდა აინტერესებდეს ეს, რადგან ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მინდა, დავფიქრდეთ ამაზე. უნდა დასრულდეს ხელების ფათური უნივერსიტეტში, ყველა პროფესორის და სტუდენტის მისამართით. შევცვალოთ ეს და ვიზრუნოთ მხოლოდ განვითარებაზე!

ვრცლად

უფლებამოსილების საკითხი უდავოდ გასარკვევია...

ბლიც-ინტერვიუ ასოცირებულ პროფესორთან ნინო დურგლიშვილთან:

- როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ გერსამია თქვენთან დაკავშირებით საუბრობს, ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული არჩევნების პროცესში თქვენ სამართლებრივ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევდით პროფესორებს და, მისი თქმით, შეცდომაში შეგყავდათ ისინი. ქალბატონი მარიამ გერსამია აცხადებს, რომ თქვენ გადააჭარბეთ უფლებამოსილებას. საინტერესოა თქვენი კომენტარი...

- ამ ყველაფერზე შეიძლება გამღიმებოდა, საქმე თსუ-ს რომ არ ეხებოდეს! უკომენტაროდ დავტოვებდი, ჩემი, ანუ თსუ-ის რიგითი ასოცირებული პროფესორის მიმართ ლატენტურ „თითის დაქნევას“ რომ არ შეიცავდეს - „ხმის ამოღება არ გაბედო, თორემ სიტყვაში ასოს არ შეგარჩენთო“. ამიტომ, უბრალოდ, თავს ვალდებულად ვთვლი, ხმა ამოვიღო - შიში, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, „დაზღვევის პოლისი არ არის“.

ჩემთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ თსუ-ის ასოცირებული პროფესორობის გარდა, თურმე სხვა „სტატუსებიც“ მჭირდება იმისათვის, რათა კოლეგებს შეკითხვებზე ვუპასუხო. სხვათა შორის, მარიამ გერსამიამ, როდესაც აკადემიური საბჭოს არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, როგორც პირველად, ისე - მეორედ, არა ერთხელ მთხოვა რჩევა, თავი არც დეკანის არჩევნების დროს შეუკავებია. მაშინ ან ჩემი უფლებამოსილების საკითხი „არ გახსენებია“, ან უფლებამოსილებას თავად „მანიჭებს“ იმის მიხედვით, თუ როდის რა არის მისთვის ხელსაყრელი. თუმცა, მაინც განვმარტავ, რომ იმ, ვისთვის არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად საბედისწერო სხდომას ვესწრებოდი როგორც „მრჩეველი“ (ხელშეკრულება N1348107; 05.06.2015 წ.), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ინიციატივით.

მარიამ გერსამიას თანდასწრებით წყლის დალევა რომ გადავწყვიტო, აუცილებლად რექტორს მიმართავს „ოფიციალური წერილით“: ყურადღებით იყავით, ნინო დურგლიშვილმა ეს საქმე რეგულაციების დარღვევით არ გააკეთოსო და ჩემს ნათქვამში რა ქვეტექსტს ან მოტივაციას ეძებს? შესაძლოა, მის მიერ ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა გავიმეორე ქვეცნობიერად, რადგან ცნობიერის დონეზე იმას ვფიქრობ, რომ რექტორს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი და ცუდი არ იქნება, რომ აცალონ, საამისო დრო დაუტოვონ.

შეუძლებელია, ვინმესთვის მერჩია რვა ხელმძღვანელი „დანიშნეთ“ მეთქი, რადგან ჯერ ერთი, ეს პროცესი უფრო არჩევა მგონია, ვიდრე დანიშვნა, მეორე - სხვას რომ ეხსენებინა რიცხვი რვა, მე აუცილებლად ვკითხავდი დასაბუთებას: რატომ რვა და არა შვიდი ან ცხრა? ამასთან გულწრფელად მგონია, რომ აქ რიცხვები არ არის მთავარი და არც იმ შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც რაოდენობრივი ცვლილებები თვისებრივში გადადის. 

ჩემი „უფლებამოსილების“ საკითხი, იმედია, გაირკვევა, მაგრამ მარიამ გერსამიამ არა მხოლოდ „არაუფლებამოსილი პირი“ მიწოდა, ცინიკური ტონით „დეკანის გამხმოვანებელიც“ მეძახა და არც ცილისწამებას ერიდება ჩემს მიმართ - მე არც სამართლებრივ საკითხებს შევხებივარ და არც ვინმეს შეცდომაში შეყვანა მიცდია - მხოლოდ თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის მარეგულირებელი რამდენიმე წესი განვმარტე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ან თავად მარიამია შეცდომაში შეყვანილი ან შეცდომით საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების მარეგულირებელი დოკუმენტები სამართლებრივი ჰგონია. 

ვსარგებლობ შემთხვევით და მოვითხოვ, რომ ჩემი სტატუსის გარკვევასთან ერთად, ისიც გაირკვეს, მარიამ გერსამიას რა სტატუსი ანიჭებს ჩემი ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობის უფლებამოსილებას?

ვრცლად