ვალდებულნი ვართ - თანხა და ცოდნა უკან დავუბრუნოთ ქვეყანას

22 თებ 2016

ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტების წარმატება

18-19 ივლისს ათენში გაიმართება ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ზეპირი მოხსენებისთვის მიწვეულნი არიან თბილისის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე და მისი მაგისტრანტები: დავით ალხანიშვილი, გრიგოლ ფერაძე და დავით ბულისკირია. თითქოს ისეთი არც არაფერი ხდება - ჩვეულებრივი სამეცნიერო კონფერენციაა, რომლის მსგავსზეც არა ერთი სტუდენტი-დოქტორანტი ან მაგისტრანტი (ზოგჯერ ბაკალავრიც) გამოსულა, მაგრამ ამ ამბავს აქვს ერთი საყურადღებო მხარე - ისინი სულ ცოტა ხანია, რაც ხელმძღვანელთან ერთად მუშაობენ სერიოზულ სამეცნიერო კვლევებზე. თითოეულ მათგანს უკვე აქვს საინტერესო მიგნებები, რომელმაც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი სამეცნიერო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის ყურადღება მიიპყრო. 

როგორც აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე ამბობს, იშვიათი შემთხვევაა, როცა სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციაზე ზეპირი მოხსენებისთვის იწვევენ, რადგან თემამ რომ მოწონება დაიმსახუროს, ის უნდა იყოს საინტერესო და აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიახლეს... „რადგან ბიჭები ზეპირი მოხსენებისთვის ათენში მიიწვიეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელებმა ისინი უკვე შემდგარ მეცნიერებად მიიჩნიეს. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და მორიგი სიხარულის საბაბიც. ჩემს მიმართულებას წინაპარი არ ჰყოლია საქართველოში. ეს არის ყველაზე მაღალი დონის ფიზიკა და კარგი ფიზიკოსი რომ დადგე, ეს მიმართულება უნდა იცოდე. ბევრი მოსწავლე მყოლია. დღემდე 43 მეცნიერი აღვზარდე მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ისინი წარმატებით მოღვაწეობენ იაპონიაში, შვეციაში, პაკისტანში, ირანში, ყაზახეთში... მათ შორის არიან აკადემიკოსები და აკადემიკოს-მდივნებიც, მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, როცა ჩემი მოსწავლეები აქ, საქართველოში აღწევენ წარმატებებს“, - ამბობს ბატონი ნოდარი და სიამოვნებით აღნიშნავს მისი მაგისტრანტების წარმატებულ ნაბიჯებს მეცნიერებაში. „ეს ბიჭები თავად დაინტერესდნენ სამეცნიერო კვლევებით და პირველივე ეტაპიდან სერიოზულ კვლევებში ჩავრთე, რადგან დროის დაკარგვა სწორად არ მიმაჩნია. ნიჭიერი ბიჭები არიან, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და შედეგიც გვაქვს. მიხარია, რომ ათენის კონფერენციაზე ოთხივე ვართ მიწვეული, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მათგან ერთი – გრიგოლ ფერაძე - მანამდე პეკინშიც წაიკითხავს მოხსენებას, რომელიც შეეხება კვანტურ ნანოსტრუქტურებს ფერმის სითხეში“, - სიხარულს გვიზიარებს ბატონი ნოდარი.

თავად მაგისტრანტები უკვე ემზადებიან სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსასვლელად და ჩვენთან საუბარში დაწვრილებით აღწერენ იმ თემებს, რომელიც უცხოელ კოლეგებს უნდა გააცნონ:

დავით ალხანიშვილი: „ჩემი თემა შეეხება „ფერმის სითხის კვაზიწრფივ თეორიას“. თავად ფერმის სითხე არის ჰელიუმ სამის, ან ჰელიუმ ოთხის იზოტოპები, რომლებიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თხევადდება და იძენს ზედენადობის თვისებას. უბრალო ენით რომ ვთქვათ – თუ, მაგალითად, წყალი ჭიქაში ჩასხმის შემდეგ ტოვებს წვეთებს, ამ სითხეს ასეთი თვისება არ აქვს, არც ერთ ზედაპირს არ ეკვრება. თავის დროზე ლანდაუმ შეისწავლა ფერმის სითხე და აღმოაჩინა, რომ მასში ვრცელდებოდა განსაკუთრებული სახის ბგერითი ტალღები და მას ნულოვანი ბგერები უწოდა. სანამ ბატონი ნოდარი ამ თემას მომცემდა, მანამ გავარჩიეთ მისივე ნაშრომი, რომელშიც გამოყვანილი იყო კვანტური კინეტიკური განტოლება. ამ განტოლებაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით წრფივი რხევების თეორია ფერმის სითხისთვის და ავაგეთ კვაზიწრფივი თეორია, რომელიც გულისხმობს სასრული ამპლიტუდების მქონე რხევების შესწავლას ფერმის სითხეში, მივიღეთ ახალი, დიფუზიის განტოლება იმპულსურ სივრცეში და შევისწავლეთ მისი ამონახსნი. ასეთი რამ ჯერ არ გაკეთებულა“.

გრიგოლ ფერაძე: „მეც, ისევე, როგორც დავითი, ვიყენებ ახალ კვანტურ კინეტიკურ განტოლებას, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი განტოლებისაგან იმით, რომ მასში არის წევრი, რომელიც განსაზღვრავს უწყვეტ კვანტურ ეფექტებს. ვსწავლობ - რა როლი შეაქვთ ამ კვანტურ ეფექტებს უკვე ცნობილ განტოლებებში და როგორ ცვლის მათ.

ჩემი ნაშრომი, რომელიც ათენის კონფერენციაზე მიმაქვს, შეეხება იონურ ნულოვან ბგერებს. ჩვენ შევისწავლეთ - თუ როგორ ვრცელდება ნულოვანი ბგერები იონებისთვის და გამოვიყვანეთ იონული ბგერები კვანტური წევრის გარეშე, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ლანდაუს თეორია, რომელიც დათომ ახსენა, დაფუძნებულია იმაზე, რომ იონური ბგერების ნაწილაკებს შორის არსებობს ურთიერთქმედება, მაგრამ თუ ეს ურთიერთქმედება არ იქნება, ასეთი ბგერების გავრცელება, კვანტური ეფექტების გამო, მაინც მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტური ეფექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ წორედ ის ვაჩვენეთ, თუ რა როლი შეჰქონდა კვანტურ ეფექტებს განტოლებებში“.

დავით ბულისკირია: „ჩემი თემა შეეხება გადაგვარებულ ფერმიგაზს. ეს გაზი შეიძლება განიხილო, როგორც ელექტრონული სისტემა. მე განვიხილავ მას ძლიერ მაგნიტურ ველში და ვაკვირდები ფერმიგაზის სითბოტევადობის დამოკიდებულებას ძლიერ მაგნიტურ ველზე. მოხსენებას ჰქვია „გადაგვარებული ფერმიგაზის დამოკიდებულება ძლიერ მაგნიტურ ველზე“.

მოწაფეებისა და მასწავლებლის დამოკიდებულება საქმისადმი ახლა უკვე ერთნაირი ხდება. ისინი ერთი მიზნისკენ მიისწრაფვიან – მეტი სიახლე შესძინონ მეცნიერებას. „როცა ბატონ ნოდართან მივედით, პირველად სწორედ ეს გვკითხა - ნამდვილად გვინდოდა თუ არა კვლევები, რადგან, თუ არ გვინდოდა, დროს ტყუილად დავხარჯავდით ჩვენც და ისიც... ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ გვინდოდა სამეცნიერო კვლევებში ჩართვა და ახლაც ამ აზრზე ვართ. ვინც უნივერსიტეტს აქამდე (მაგისტრატურამდე) მოჰყვება, ყველას უნდა კვლევაში ჩართვა და ამ ბოლო დროს აშკარად მოიმატა ასეთი სტუდენტების რიცხვმა... მე, მაგალითად, ზოგჯერ, როცა საიტერესო ადგილზე გავჩერდები, მთელი ღამე არ მძინავს, ვფიქრობ, როდის მოვა დილა, რომ მოვიდე და ვიმუშაო“, - ამბობს გრიგოლ ფერაძე. 

ბიჭების მიზანი არ არის მაინცდამაინც უცხოეთში დამკვიდრება, მათ კარგად იციან, რომ იქ მიღებული გამოცდილების საქართველოში შემოტანაა ყველაზე დიდი საქმე და ამისთვის მზად არიან. „ჩვენ ვსწავლობთ ქართული ფულით. სახელმწიფო ჩვენს სწავლაში ფულს იხდის და მას კი არ გვჩუქნის, უბრალოდ განათლებაში რესურსს აბანდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულნი ვართ, ეს თანხა და ცოდნა უკან დავუბრუნოთ ქვეყანას“, - ამბობენ ისინი.